Menu
RSS

კანონიერი ქურდი ციანიდით მოწამლეს!

საბერძნეთის ექსპერტიზის ბიუროს სკანდალური დასკვნა, რომელიც ქურდულ სამყაროს ააფეთქებს

იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით გამოაცხადა, ბერძენ და ფრანგ პოლიციელებთან ერთად ერთობლივი ოპერაცია ჩავატარეთ და 40-მდე კრიმინალი დავაკავეთო. დაკავებულთა შორის ყველაზე წონიანი ლაშა შუშანაშვილი გახლდათ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი მსოფლიოში, თუმცა...

მაშინვე ითქვა, რომ საბერძნეთის პოლიცია საქართველოსთვის შუშანაშვილის გადაცემის თემას ძალზედ მკაცრად მოეკიდებოდა, რადგან რეალურად, ლაშაზე ქართულ მხარეს ერთადერთი ბრალდება ჰქონდა _ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, ანუ მუხლი, რომლითაც მსოფლიოში მხოლოდ საქართველოში ასამართლებენ და დანარჩენი მსოფლიო სკეპტიკურად უყურებს. სწორედ ამიტომ ქართული მხარის მოთხოვნაზე ბერნულმა მხარემ ოფიციალური უარი უკვე თქვა, თუმცა, როგორც წესი, ქართველმა სამართალდამცავებმა მორიგი კრახი მიაჩუმათეს და არაფერი თქვეს. სამაგიეროდ, ფრანგი ჟანდარმები გააქტიურდნენ და განაცხადეს, რომ ლაშასთან კითხვები აქვთ. საბერძნეთში უკვე სამი სასამართლო ჩატარდა და... 

„ვერ ვხვდები, რა ბრალდებას მიყენებს საფრანგეთი. მგონია, რომ მათ უკვე გამასამართლეს და ახლა მხოლოდ ამ სასჯელის აღსრულება სურთ. მე კი ჩემს ოჯახზე ვფიქრობ, ჩემი გოგონა მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს და არ მინდა მთელი ცხოვრება ეგონოს, რომ მისი მამა მსოფლიო მასშტაბის მაფიოზია. მე ბიზნესმენი ვარ, კანონს არ ვარღვევ და ეს ყველამ იცის“, _ განაცხადა სასამართლოზე შუშანაშვილმა. 

ის, რომ საბერძნეთის ხელისუფლება შუშანაშვილის მიმართ კარგად არის განწყობილი, იქიდანაც ჩანს, რომ სხვა კანონიერი ქურდებისგან განსხვავებით, ის სასამართლოზე ხელბორკილის გარეშე მიჰყავთ. 

„ლაშას საბერძნეთის ხელისუფლება პატივს სცემს და ამის საფუძველიც აქვს. იმის მიუხედავად, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა და საბერძნეთში არსებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ შუშანაშვილი კანონიერი ქურდი და სინდიკატის ლიდერია, რეალურად, მტკიცებულებები ვერც ერთხელ ვერ წარადგინეს. ამის პარალელურად, შუშანაშვილი საბერძნეთში საქმეს აკეთებს, ხალხი ჰყავს დასაქმებული, გადასახადებს იხდის, ყველაფერი ოფიციალურად აქვს და ეს ხელისგულზე დევს. შესაბამისად, საბერძნეთის ხელისუფლებას არანაირად არ სურს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კაცი ვინმეს ან გადასცეს, ან კრიმინალად გამოაცხადოს და აღიაროს, რომ ამ ხნის განმავლობაში კრიმინალს მფარველობდა. შესაბამისად, საფრანგეთის პოლიციას ძალიან ცოტა შანსი აქვს იმისა, რომ შუშანაშვილი მიიღოს“,_ გვითხრა საბერძნეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც ლაშას სასამართლო პროცესებს ესწრება. 

შუშანაშვილისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, ციხეს ვერ გადაურჩება კიდევ ერთი დაკავებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“, რომელიც სასამართლოზე ხელბორკილით დაჰყავთ და დიდი ალბათობით, წარდგენილ ბრალდებებსაც დაუმტკიცებენ. 

ეს რაც შეეხება მართლმსაჯულების მხარეს. აი, კრიმინალური მიმართულებით საქმე უფრო ჩახლართულია. არაერთმა კანონიერმა ქურდმა კულუარულად უკვე თქვა, რომ ლაშას ბევრი რამის ახსნა მოუწევს. ის რომ შუანაშვილი ხმამაღლა აცხადებს, ბიზნესმენი ვარ, რას მერჩითო, ქურდული კარაბადინის მიხედვით, სტატუსზე უარის თქმის ტოლფასია. პრობლემა მხოლოდ ის არის, ვინ წაუყენებს ოფიციალურ პრეტენზიას შუშანაშვილს, ვინ გაუბედავს ამის თქმას, თუმცა დიდი შანსია, ეს „ვიღაც“ ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ“ იყოს. აზერბაიჯანელი ქურდი კრიმინალური სამყაროს მეფობისთვის იბრძვის და ამ გზაზე მთავარი წინაღობა სწორედ შუშანაშვილის სახელი და ავტორიტეტია. 

„ერთადერთი, ვინც ლაშას რამეს გაუბედავს, სწორედ სალიფოვია, თუმცა ახლა სალიფოვს ყველაზე ნაკლებად სწორედ ამისთვის სცალია. იგი ნელ-ნელა იპყრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიას, ცდილობს გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი, ძველი მეთოდებით მოქმედებს, მისი ბიჭები იარაღს ატრიალებენ, მაშინ, როცა შუშანაშვილს, პრაქტიკულად, ყველაფერი ოფიციალურად აქვს. აი, როცა ძალთა გადანაწილება დასრულდება, მერე შეიძლება პრეტენზიების წამოყენება. თანაც, შუშანაშვილიც და სალიფოვიც ქვემო ქართლიდან არიან, ლაშა რუსთაველია, „გულუ“ _ დმანისელი და საკუთარ რეგიონში გავლენას არცერთი არ დათმობს. ეს გავლენა მათ პოლიტიკურადაც სჭირდებათ, რადგან სახელმწიფოსთან სავაჭრო ჰქონდეთ“,_ გვითხრა ერთ-ერთმა გავლენიანმა კრიმინალმა. 

არის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი _ დაახლოებით ერთი წლის წინ, საბერძნეთში მოულოდნელად ერთ-ერთი კანონიერი ქურდი გარდაიცვალა (მის სახელს და გვარს, ამ ეტაპზე, შეგნებულად არ ვასახელებთ). მაშინ ითქვა, რომ გარდაცვლილს გულის შეტევა დაემართა, მერე თქვეს _ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად დაიღუპაო და ეს მაშინ, როცა გარდაცვლილი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და არც ნარკოტიკებს ეტანებოდა. 

ჰოდა, ორიოდე კვირის წინ, საბერძნეთის ექსპერტიზის ბიურომ საქართველოში დასკვნა გამოაგზავნა, სადაც გარდაცვალების მიზეზად მოწამვლა წერია და მომწამვლელ ნივთიერებად ციანიდია მითითებული. ადვილი მისახვედრია, რომ ციანიდს საკუთარი ნებით არავინ მიიღებდა. გამოდის, მას ციანიდი შეურიეს და მოკლეს. ცნობილია იმ ორი ადამიანის ვინაობაც, ვინც გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მასთან იმყოფებოდა. აქედან ერთი მალევე წავიდა, მეორე კი სიკვდილის წუთებშიც მასთან იყო. სწორედ ეს უკანასკნელი მაშინ კანონიერმა ქურდებმა სასტიკად სცემეს, თითებიც კი დააჭრეს, მაგრამ მან გარდაცვალებაზე ვერაფერი თქვა. გამოდის, ქურდებს მაშინვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ მათი კოლეგა შემთხვევით არ მოკვდა და სიმართლის გაგებას შეეცადნენ, თუმცა ამაოდ. ახლა კი ირკვევა, რომ ადამიანი მოწამლეს. 

„ექსპერტიზის დასკვნა ნამდვილი შოკი იყო. ახლა ყველა იმის გახსენებას ცდილობს, ვისთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა გარდაცვლილს. მისმა მეგობრებმა ასეთი სამი ქურდი გაიხსენეს და ისიც თქვეს, რომ „სხადნიაკის“ შემთხვევაში, ის სამი ქურდი ტიტულის გარეშე დარჩებოდა. ჰოდა, დიდი შანსია, მკვლელობაში ერთის, ორის, ან სამივეს ხელი ერიოს. თუ ეს დამტკიცდა, ყველა წესით, ქურდის მკვლელს სიკვდილი ეკუთვნის, რაც კრიმინალურ სამყაროში კიდევ ერთ ომს გამოიწვევს“,_ გვითხრა საბერძნეთში მცხოვრებმა გარდაცვლილის მეგობარმა. 

საინტერესოა, რომ გარდაცვლილის ოჯახი ამ საქმის გამოძიებას არა სამართალდამცავებს, არამედ შვილის მეგობრებს სთხოვს. ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია არაფერს გამოიძიებს და თუ ვინმეა დასასჯელი, ამას ყველაზე კარგად სწორედ გარდაცვლილის მეგობრები გააკეთებენ. კრიმინალურ სამყაროში ამ ამბავს ბომბის ეფექტი ჰქონდა და ახლა ამ ბომბის აფეთქების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლს ელოდებიან.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში