Menu
RSS

სისხლიანი გარჩევა

ვინ არის ლომერ ჟორჟოლიანი და რა მოხდა აღმაშენებლის გამზირზე?!

ერთი თვის წინ, ძიუდოს ფედერაციის გარშემო დაწყებული ეპოპეა, ერთი შეხედვით, დასრულდა. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა 2 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. უფრო კონკრეტულად კი, ის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს და ჯერაც უცნობია, დატოვებს თუ არა ძიუდოს პარაოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს. რაც შეეხება მესამე თანამდებობას _ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს _ ქევხიშვილი იქიდან წასვლას არ აპირებს და, სავარაუდოდ, ყვარელს უფრო მეტ დროს დაუთმობს.

წესითა და რიგით, ამ განცხადების შემდეგ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რეალურად, ყველაფერი ახლა იწყება. 31 მაისის ღამეს, აღმაშენებლის გამზირზე, ქევხიშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, რაც შემდეგ სროლაში გადაიზარდა და საბოლოოდ ვეტერანი ძიუდოისტის _ იოსებ წელაურის დაჭრით დასრულდა. 

ყველაფერი კი თბილისში მომხდარ ჩხუბამდე, ახმეტაში დაიწყო. ახმეტის სპორტული სკოლის დირექტორი, ზურაბ ზვიადაურის მეგობარი _ მამუკა აბრამიშვილი ქევხიშვილის მომხრეებმა სცემეს, აქაოდა, აჯანყებულ ძიუდოისტებს მხარს რატომ უჭერსო. ამას ცემაც არ ჰქვია, სპორტსკოლის დირექტორს ლამის თვალი დააკარგვინეს, 

აღნიშნულ ჩხუბში ლაშა ყიზილაშვილი და გრიშა გუმაშვილი მონაწილეობდნენ. ისინი პანკისის მკვიდრები არიან და ქევხიშვილის გუნდში მოიაზრებიან. 

ჰოდა, სწორედ ყიზილაშვილი და გუმაშვილი იყვნენ თბილისში ჩამოსული და მათ განაცხადეს, რომ აჯანყებულ ძიუდოისტებს დააშოშმინებდნენ, სწორედ მათ დაურეკეს იოსებ წელაურს, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ძიუდოისტებს და შეხვედრა სთხოვეს. როგორც ჩანს, ძიუდოს ნაკრების წევრები მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ და ამიტომ შეხვედრაზე წელაურთან ერთად რამდენიმე ძიუდოისტიც წავიდა. მათ ორის ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი და სხვები. მარტო არც მეორე მხარე მოსულა _ მათ ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლომერ ჟორჟოლიანი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ახლდათ. შელაპარაკება ჩხუბში მალე გადაიზარდა და როგორც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე გვიყვება, ქევხიშვილის მომხრეები სასტიკად სცემეს. თავად ფედერაციის პრეზიდენტმა ძალთა თანაფარდობა როგორც კი შეაფასა, თავს გაქცევით უშველა. 

სავარაუდოდ, ღამის 12 საათზე ატეხილ ხმაურზე ვიღაცამ საპატრულოში დარეკა და ადგილზე ეკიპაჟიც მივიდა, თუმცა მათ არავინ მოერიდა და სწორედ ეკიპაჟის მისვლის შემდეგ მოახდინა ჟორჟოლიანმა გასროლა. 

„ჟორჟოლიანმა იმ მიმართულებით ისროლა, სადაც ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილი იდგნენ. პირველი გასროლა მიზანს ასცდა, მეორე ტყვია კი წელაურს მოხვდა. ამის შემდეგ, ჰაერში პატრულმა გაისროლა. ეს მათი მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა იყო და ლომერს იარაღი რომ არ დაეგდო, დიდი იყო შანსი იმისა, რომ პოლიციელებს მისთვის ესროლათ. შედეგად, დაჭრილი წელაური საავადმყოფოში გადაიყვანეს და ასევე საავადმყოფოში წაიყვანეს ცემისგან უგონოდ მყოფი გუმაშვილი და ყიზილაშვილი'', _ გვიყვება ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე. 

ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა წელაურიც დაკითხეს, ყიზილაშვილიც და გუმაშვილიც, თუმცა ბევრი ვერაფერი გაიგეს. ნაცემმა სპორტსმენებმა ყველაფერი შელაპარაკებას დააბრალეს, ხოლო წელაურმა პირდაპირ განაცხადა, არ დამინახავს, ვინ მესროლაო. შესაბამისად, ჟორჟოლიანი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის არის დაკავებული, წელაურთან მიმართებაში სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებით არის საქმე აღძრული, თუმცა იმის მიუხედავად, რომ პატრულმაც კარგად დაინახა, ვინ ისროლა, ჟორჟოლიანს მხოლოდ იარაღს ედავებიან. მიზეზი მარტივია _ ჟორჟოლიანი პარლამენტარ თამაზ ნავერიანის დის შვილია და მეორეც, ქევხიშვილის მხარეს მდგომ ბიჭებს, როგორც ამბობენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე მფარველობს. სხვათა შორის, ძიუდოისტები არ მალავენ, რომ ჩუბინიძე მათ პირადად შეხვდა და გაჩერება სთხოვა, თუმცა სპორტსმენებისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ, ჩუბინიძემ ქევხიშვილს უთხრა, რომ ნაკრებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი სასწრაფოდ მოეძებნა და ნაკრები ახალგაზრდა ძიუდოისტებისგან დაეკომპლექტებინა. ფედერაციის პრეზიდენტმა ჰოლანდიიდან ლუის ვანდერბოში ჩამოიყვანა, ახალგაზრდული ნაკრების წევრების ვარჯიშსაც დაასწრო, მაგრამ მალევე ძიუდოს ახალგაზრდული შემადგენლობა ეროვნულ ნაკრებს დაუდგა გვერდით. 

ამის მერე იყო, პარლამენტში ერთმანეთს შოთა ხაბარელი და თამაზ ნავერიანი რომ დაეტაკნენ. მართალია, ოფიციალურად მომხდარი ინციდენტი ორივემ უარყო, მაგრამ სპორტული კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ ვეტერანმა ძიუდოისტებმა ლამის ერთმანეთზე გაიწიეს. ნავერიანი ამტკიცებდა, ქევხიშვილი არ უნდა გადადგესო, ხაბარელი კი პირიქით _ არსებული დარღვევების გამო, პრეზიდენტის წასვლას ითხოვდა. 

„მეტი რაღა უნდა თქვას ქევხიშვილმა?! მან აღიარა, რომ მწვრთნელებს ჩარიცხული ხელფასის ნაწილი უკან მიჰქონდათ და მათ სხვა მწვრთნელებს უნაწილებდა, თუმცა დოკუმენტურად ეს არსად არ არის გაფორმებული. თუ ეს დარღვევა არ არის, მაშინ ვინმემ ამიხსნას, რას ჰქვია დარღვევა?!“ _ თქვა ხაბარელმა, თუმცა... 

ძიუდოისტები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ძიუდოს ფედერაცია ფულის საჭრელ მანქანად არის ქცეული და მილიონობით ლარი ერთეულების ჯიბეებში მიედინება. აი, რა გვითხრა ერთ-ერთმა ძიუდოისტმა. 

„ქევხიშვილს ყველაფრის უფლება ჰქონდა და ყველაფერში შედიოდა ყველაფერი. როგორ შეიძლება, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს პარალელურად ამავე ორგანიზაციაში რაიმე პოსტი ეკავოს? მაგრამ ქევხიშვილისთვის ეს შეიძლებოდა და ის პარაოლიმპიელთა ნაკრების მწვრთნელობისთვის ცალკე ხელფასს იღებდა. ის აყენებდა შემადგენლობას მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატისთვის, ის წყვეტდა, ვინ უნდა წასულიყო ტურნირებზე, ის წყვეტდა, მოგებული საპრიზო თანხიდან ვის რამდენი უნდა მიეღო და ეს არამარტო ქართულ ტურნირებს ეხება, ქევხიშვილი უცხოეთში მოგებულ საპრიზოებსაც ართმევდა ძიუდოისტებს. ტერორში ჰყავდა ახალგაზრდა ძიუდოისტები, ხშირ შემთხვევაში მათ მოგებული თანხის ას პროცენტს ართმევდა და ეუბნებოდა, რომ პროტესტის შემთხვევაში, ნაკრებში ადგილს დაკარგავდნენ. რატომ ჰქონდა ამდენის უფლება ქევხიშვილს?“ 

სხვათა შორის, ჩუბინიძეზე მინიშნება ხაბარელმაც გააკეთა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მოუწოდა, ქევხიშვილის დაცვას შეეშვიო. სამაგიეროდ, ჩუბინიძეს ვერ გადაახტა სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აღნიშნა, რომ ქევხიშვილის მოხსნის საფუძველს ვერ ხედავდა. ახლა კი ძიუდოისტები ქევხიშვილის გასამართლებას ითხოვენ, რადგან უკვე სისხლია დაღვრილი და... ყველა ერთხმად აღიარებს, იარაღზე დაკავებული რომ პარლამენტარის დის შვილი საპყრობილეს მალე დატოვებს. 

დაკავებული ლომერ ჟორჟოლიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ 3 ივნისს იმსჯელა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა _ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში