Menu
RSS

ვინ არის ზაზა ბაირამოვი და რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილთან?!

გასულ კვირას თბილისში, დიღმის მასივში ბიზნესმენ ზაზა ბაირამოვის „ტოიოტა პრადო“ დაიწვა. ცეცხლი გვერდით მდგომ მისი შვილის მანქანასაც გაუჩნდა და ისიც ისე დაზიანდა, გადასაგდებია. პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო, თავად დაზარალებულმა კი ხელი თურქეთისკენ გაიშვირა და განაცხადა, ეს ყველაფერი კანონიერი ქურდის _ ნარიდ სალიფოვის (იგივე გულუ) ორგანიზებული და გაკეთებულიაო.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ სალიფოვი ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, რომ მისი ბიჭები საქართველოშიც გამოჩნდნენ, რომ განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, გულუს ხალხი არაერთ ბიზნესმენს ატერორებს, თუმცა სამართალდამცავებს, როგორც ჩანს, პრობლემის აღიარება ხმამაღლა არ სურს. კულუარებში კი ამბობენ, რომ სალიფოვი უდიდეს პრობლემად ექცა ქართულ პოლიციას და ბაირამოვს ათქმევინეს ის, რაც თქვა. მოდით, თავიდან მივყვეთ და ჯერ ის ვთქვათ, ვინ არის ზაზა ბაირამოვი?! 

ნაციონალების ზეობის პერიოდში, ბაირამოვი მარნეულში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი გახლდათ და ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ამ საბაჟოზე რა თანხებიც ტრიალებდა, კარგად მოგეხსენებათ. პარალელურად, ბაირამოვის მამა, ირაზგულ ბაირამოვი გადამზიდი კომპანიის ხელმძღვანელი იყო და აზერბაიჯანსა თუ სომხეთში ტვირთებს ეზიდებოდა. 

არსებობდა ვარაუდი, რომ ზაზა მამამისის ტვირთს შეღავათებს უწესებდა, საქონელს მთლიანად არც გატანისა და არც შემოტანის დროს არ ანბაჟებდა და ათეულ ათასობით ფულს შოულობდა. რაღა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და როგორც კი ირაზგულ ბაირამოვმა გივი თარგამაძის გადამზიდ კომპანიას გადაურბინა, ზაზა ბაირამოვი დაიბარეს და პირდაპირ მოსთხოვეს, რომ მამამისს ფირმა უნდა დაეთმო და დაეთმო თარგამაძის სასარგებლოდ. მამა-შვილმა ამაზე უარი თქვეს და, რამდენიმე დღეში, ქრთამის აღების ბრალდებით ზაზა ბაირამოვი დააკავეს. 

შესაბამისად, რამდენიმე დღეში მამამისმა ფირმა დათმო, შვილი გაათავისუფლებინა, თუმცა მანამდე იყო ერთი საინტერესო მომენტი _ მაშინ, როცა ბაირამოვები ჯიუტობდნენ და არც ფირმის დათმობას აპირებდნენ, ისინი დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა სახლიდან ოქროული, ძვირფასი ნივთები და ფული წაიღეს, თუმცა ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ ისინი უსასტიკესად გაუსწორდნენ ბაირამოვის მშობლებს _ უბრალოდ აწამეს. მართალია, საქმე დღემდე გამოუძიებელია, მაგრამ თავად ოჯახიცა და მათი საახლობლოც დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი წინა ხელისუფლებამ მათ დასაშინებლად დადგა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ბაირამოვმა ქვემო ქართლისა და კახეთის ტერიტორიაზე სასაკლაოები მოაწყო. ცოტა ხანში, მისი ბიზნესი აყვავდა და ის წინა ხელისუფლებას კვლავ თვალში გაეჩხირა. 

ბაირამოვი კიდევ ერთხელ დაიბარეს და როგორც თავად ამბობს, თითო კილო ხორცზე 50 თეთრი პირადად მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა მოსთხოვა. საბოლოოდ მხარეები 20 თეთრზე შეთანხმდნენ და ისე გამოვიდა, რომ ბაირამოვი სააკაშვილს 4 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 4-5 ათას ლარს უხდიდა. რა თქმა უნდა, ამ გათვლით, თავად ბაირამოვიც სერიოზულ თანხას შოულობდა, მაგრამ შემდეგ თელეთისა და ნატახტარის სასაკლაოები გაიხსნა, ხელისუფლებამ ეს ბიზნესიც „დაითრია“ და ბაირამოვმა საშველად სააკაშვილს მიმართა. პრეზიდენტის ძმამ ვერაფერი გააწყო, ბიზნესმენმა ხარკი შეუწყვიტა და ისევ დაიჭირეს. ამ ყველაფერს თავად ბაირამოვი ყვება, მაგრამ... 

ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი ფინანსურმა პოლიციამ, ახალთახალი „ლენდ კრუიზერი“ აჩუქებინა და თავისუფლებაზე გაუშვა, იგი კვლავ დააკავეს და დამატებით კიდევ ორი ავტომობილი აყიდინეს. ეს პირადად გივი თარგამაძის შურისძიებად მოინათლა, თუმცა ამ თემაზე ბაირამოვი უბრალოდ არ საუბრობს. თავისუფლებაზე დარჩენილმა ბიზნესმენმა კვლავ სასაკლაოს ბიზნესი გააგრძელა, თუმცა მას ის შემოსავალი აღარ მოჰქონდა. 

აი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბაირამოვი ისევ გამოჩნდა. ის მარნეულში აქტიურად იყო ჩართული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მხარს თამაზ ნავერიანს უჭერდა. უფრო მეტიც, მან არაერთხელ სიტყვიერი თავდასხმა განახორციელა ნაციონალებზე და ბოლო ხმაზე უყვიროდა, რომ ნაციონალებმა ის, როგორც ბიზნესმენი, გააკულაკეს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რომ მისი მშობლები აწამეს და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ნაციონალები მშვიდად ისმენდნენ. შემდეგ იყო ვიდეო, რომელიც ნაციონალებმა მარნეულის არჩევნების შემდეგ გაავრცელეს და რომელშიც ისმის, როგორ ყვება ბაირამოვი, თუ როგორ მოათავსა 400 ბიულეტენი ნავერიანის სასარგებლოდ საარჩევნო ყუთში, მაგრამ მაშინ ეს ვერ დადასტურდა. ახლა კი მივიღეთ ის, რაც ყველამ ნახა _ ბაირამოვის ავტომობილი ააფეთქეს და მან ხელი ყველაზე გავლენიან ქურდს, ნადირ სალიფოვს დაადო. 

„ის, რომ ბაირამოვი ამ ეტაპზე იტყუება, მარტივად დავამტკიცებ. ბიზნესმენი ამბობს, რომ მობილურზე დაურეკეს და თურქეთში „გულუსთან“ სასაუბროდ ჩასვლა სთხოვეს. ამას არავინ იზამდა, რადგან თვეზე მეტია, სალიფოვი საამიროებში გადაბარგდა და ახლა იქ ცხოვრობს. აი, ბაირამოვის ჩამოყვანას თურქეთში, მერე იქ სალიფოვის ჩასვლას, ნამდვილად არავინ იფიქრებდა და არც თავად „გულუ“ გაუყადრებდა თავს. ჩვენი აზრით, ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ოპერაცია. მათ უბრალოდ თავისტკივილად ექცა სალიფოვი და ცდილობს, ვინმემ მასზე რამე ჩვენება მისცეს. როგორც ჩანს, ბაირამოვის გარდა ვერავინ დაითანხმეს და ისიც იმიტომ, რომ ეს კაცი სასაკლაოების მიმართულებით საქართველოში მონოპოლისტია. მის სასაკლაოებში ყოველკვირეულად ასი ტონა საქონელი იკვლება და იცით, ეს თანხა სად ურტყამს?! ეს ოთხჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც ნაციონალების დროს იყო. მართალია, ხარკს ბაირამოვი ახლაც იხდის, მაგრამ არა იმ ოდენობით და რაც მთავარია, ახლა ბევრად კომფორტულ სიტუაციაშია _ მისი ბიზნესი ყვავის და აბა ვინმემ გაბედოს, საქართველოს უდიდეს მარკეტებს მის გარდა ხორცი მიაწოდოს. ფინანსური პოლიცია თუ ზედამხედველობა იმ სასაკლაოს სისხლს გაუშრობს. 

საქართველოში მოვიკითხეთ და ჩვენი ბიჭები მაგ საქმესთან კავშირში არ არიან. მაშინ, ვინ დაწვა ბაირამოვისა და მისი შვილის მანქანა? ჩვენი ვერსიაა, რომ ბიზნესმენმა ეს თავად გააკეთა. ამით ორი კურდღლის დაჭერა სურს _ ერთი, ნათქვამი აქვს, რომ მას ქურდები აწუხებენ და მეორე, ხელისუფლებას უკე შეუძლია სალიფოვზე საქმე აღძრას და ნებისმიერ ქვეყანას მისი გადმოცემა მოსთხოვოს. რა თქმა უნდა, ეს „გულუსთვის“ დამატებითი თავისტკივილია და ბაირამოვმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ ასე ადვილად ვერ გამოძვრება ამ საქმიდან“,_ გვითხრა თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა კრიმინალმა. 

ვერსიაზე იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ძვირადღირებული ავტომობილი დაზარალებულმა თავად დაწვა, ქალაქში ბევრი საუბრობს, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით არაფერს ამბობს სალიფოვთან დაკავშირებით. არადა, უკვე მერამდენედ ვიმეორებთ, რომ კანონიერ ქურდს, ნადირ სალიფოვს, მეტსახელად „გულუს“ ძალიან, ძალიან ბევრი ბიზნესმენი უხდის ხარკს. 

პ.ს. ის, რომ „გულუ“ ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდია და სერიოზული კავშირები აქვს, კიდევ ერთხელ გასულ კვირას დამტკიცდა. როგორც ჩანს, მან ბაირამოვს გამოხტომა არ აპატია და იმ ადამიანებს, ვინც თავს სწორედ ხორცის ბიზნესით ირჩენს, ბაირამოვის სასაკლაოებზე საქონლის შეყვანა აუკრძალა. შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ბიზნესმენი იძულებული გახდა, ორი სასაკლაო უბრალოდ გაეჩერებინა. 

„დღეში 50-60 სული მსხვიფეხა პირუტყვი იკვლებოდა. თითო სულზე გადასახადი 40 ლარია, თუმცა ბაირამოვის განცხადებიდან მესამე დღეს, საქონელი უბრალოდ გაქრა, არცერთი არ შემოვიდა და ასე გაგრძელდა მთელი კვირა. ანუ, დღიური 2 ათასი ლარიდან, გავედით ნულზე. შესაბამისად, ორი სასაკლაო დაიკეტა და დიდი შანსია, მისი ბედი სხვა სასაკლაოებმაც გაიზიარონ“,_ გვითხრა ბაირამოვის სასაკლაოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. 

ფაქტი ერთია _ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ საქართველოში კანონიერი ქურდების გავლენა არ არის, რეალურად, კრიმინალური სამყაროს ბოსები სიტუაციას უცხოეთიდანაც აკონტროლებენ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში