Menu
RSS

ზაზა სალარიძე: „სპეციალურად მიკეთებენ, მდგომარეობიდან რომ გამომიყვანონ, დანაშაული ჩავიდინო, დამიჭირონ და გამაჩერონ!“

19 მაისს, ,,რუსთავის 2''-ში გავიდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრის საკანალიზაციო ჭაში სისხლიან ტანსაცმელს მიხეილ კალანდიას ძმა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფირში ჩანს, რომ 1 დეკემბერს კალანდიების სახლში მირზა სუბელიანი მაშინ იმყოფებოდა, როცა იქ ბრალდებული გ.ჯ და მიხეილ კალანდია იმყოფებოდნენ, რომლებიც მალევე გადამალეს. 

გარდაცვლილი მოზარდის _ დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურას მიმართა და მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, თუმცა, მის ჩივილს პასუხად პროკურატურის განცხადება მოჰყვა: 

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში. 

 

რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, საგამოძიებო მოქმედებას _ დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. 

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები _ ორი დანა და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო არასრულწლოვანი მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა. 

ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს, საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში, პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი განცხადება. '' 

,,ვერსია'' ამ თემაზე ზაზა სარალიძეს ესაუბრა, რომელმაც მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მასზე ფარული თვალთვალი ხორციელდება, თუმცა სამართალდამცავები ამ ფაქტზე არც კი რეაგირებენ: 

_ რადგანაც ზვიად კუპრავა მიდგას გვერდით და ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, აქედან გამომდინარე აკეთებენ იმ განაცხადს, თითქოს პოლიტიკურ პარტიებს სურთ ამ საქმის პოლიტიზირება. ამ განაცხადს აკეთებენ სპეციალურად, რათა საზოგადოებამ ჩათვალოს, თითქოს მე ,,გავყიდე'' ჩემი შვილი და ,,მივყიდე'' პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური მარაზმი!!! 

_ ბატონო ზაზა, იქნება იმას გულისხმობენ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს თქვენი მძიმე მდგომარეობა, რათა საქმეს პოლიტიკური ელფერი შეეძინა? 

_ გამორიცხულია, ასეთი რამ მომხდარიყო. ჩემი დავალებითა და მოთხოვნით დამიდგა ზვიად კუპრავა გვერდით, მე ვთხოვე, გამოეძიებინა ეს საქმე. თუ ასე ძალიან აწუხებს ეს საკითხი პროკურატურას, მაშინ ,,ოცნების'' წარმომადგენლები დამიდგნენ გვერდით! რომელიმე მოვიდა და დამიდგა გვერდით?! პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და გენერალური პროკურორი რომ გამოვიდნენ თავიდანვე და წინდაუხედავი განცხადებები გააკეთეს _ პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა _ შსს-მ და პროკურატურამ პირნათლად იმუშავეს და საქმე გახსნესო, რომელი საქმე გაიხსნა?! პროკურატურამ ნამდვილად იმუშავა იმისათვის, რომ დაემალა სრული ჭეშმარიტება და ის დანაშაული, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა. ეგენი ყველანი არაადამიანები არიან. სახელმწიფოში კი არა, სანაგვეში ვცხოვრობთ უკვე! 

_ ბატონო ზაზა, თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? 

_ დიდი იმედი მაქვს კერძო ექსპერტიზის პასუხებისა და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ ბრალდებულების დაცვის მხარეები. ამასთან, ჩვენ ვაწარმოებთ ,,პირველ არხთან'' ერთად ჟურნალისტურ გამოძიებას, ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებებია მოპოვებული _ თუ ამ ფილმის გაშვებაშიც ხელი არ შეგვიშალა ე.წ. მთავრობამ. უნდოდათ, პოლიტიკური სახე მისცემოდა? _ ამას მართლა გავაკეთებ ახლა, რადგან უნამუსოები არიან პროკურატურის წარმომადგენლები! 

_ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ხომ არ გიცდიათ? 

_ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოვითხოვე 2 თვის წინ და ყურიც არ შეიბერტყა არავინ. ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას რა აზრის აქვს? დამთავრებული არ იყო ამ საქმის გამოძიება, რომ განაცხადა, დამნაშავეთა რიცხვი არ გაიზრდებაო. 

_ ბატონო ზაზა, პროკურატურის განცხადების საფუძველზე დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყანებენ, არა? 

_ რა თქმა უნდა, არ დადგება და ამით პოლიტიკურ სახეს ამ საქმეს თვითონ აძლევენ. შეიძლება, სპეციალურად მიკეთებენ, მდგომარეობიდან რომ გამომიყვანონ და რაღაც დანაშაული ჩავიდინო, შემდეგ რომ დამიჭირონ და გამაჩერონ. მითუმეტეს ვიღაცები დამდევენ ჩუმად და ვიდეოს მიღებენ. პროკურატურაში რომ განაცხადი შევიტანე, ვიღაც პიროვნება ტელეფონით ჩუმად ვიდეოს მიღებდა. 

_ და ამ თვალთვალს რას უკავშირებთ? 

_ არავინ იცის, რა ჩანაფიქრი აქვს პროკურატურას. მკვლელობის საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს მივწერე _ ვინც დამდევს და ვიდეოებს მიღებს, მომაშორე-მეთქი. მან კი ეს ყველაფერი რეაგირების, პასუხის გარეშე დატოვა. 

,,ვერსიამ'' ასევე გაარკვია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ბ-ს დაცვის მხარემ დამოუკიდებელი ექსპერტიზა 15 მაისს ჩაატარა და ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კვლევის დასკვნაზე მუშაობს. არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტი ჩვენთან საუბარში კვლევის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დასკვნა გარკვეულ ნაწილში კატეგორიული იქნება, გარკვეულში კი _ სავარაუდო.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში