Menu
RSS

სააპელაციო სასამართლომ თემურ ბასილია გაამართლა

რა ბრალდება დარჩა შევარდნაძის ყოფილ მრჩეველს და როდის დაბრუნდება საქართველოში

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თემურ ბასილია უდანაშაულოდ სცნო. შევარდნაძის ყოფილმა მრჩეველმა საქართველო 2004 წელს დატოვა, 2008 წლის 27 ოქტომბერს, ქრთამის აღების ბრალდებით, სასამართლომ მას დაუსწრებლად, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თემურ ბასილიას მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, თუმცა ორიოდე წლის წინ, ინტერპოლის წითელი ცირკულარი მოუხსნეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, თემურ ბასილიას ,,ვერსია'' აშშ-ში დაუკავშირდა. 6 წლის წინ, ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბასილიამ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ, მის მიმართ, სამართლებრივი დევნის დაწყების ამბავი დეტალურად გაიხსენა. შეგახსნებთ, რომ ბასილიას საქმეში ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია... თემურ ბასილიამ ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, პოლიტიკურად მოტივირებული და ,,შეკერილი'' საქმე. 

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ თემურ ბასილია უდანაშაულოდ სცნო, დავინტერესდით, როგორია მისი სამომავლო გეგმები? აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას და როდის? რას ფიქრობს საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემას ეხება? ,,ვერსია'' თემურ ბასილიას აშშ-ში დაუკავშირდა.

 

_ ბატონო თემურ, აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას, შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ? 

_ ეს ის კითხვაა, რომელზეც ახლა ჩამოყალიბებული პასუხი არ მაქვს. ახლა გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რათა საქართველოში უსაფრთხოდ ჩამოსვლა შევძლო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან, ორი კვირა უნდა გავიდეს, რათა ოფიციალური საბუთი ავიღო, ამის შემდეგ გარკვეული პროცედურები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაშიც უნდა გატარდეს, რომ შიდა სივრცესა და დსთ-ს მასშტაბით, ჩემი ძებნა შეწყდეს. ამას დაახლოებით, ერთი-ორი თვე დასჭირდება. შეგახსენებთ, ჩემს წინააღმდეგ აღძრულია მეორე საქმეც, რაც იარაღის ტარებას უკავშირდება და ეს საქმე ჯერ არ დახურულა. ამიტომ ჩემს ადვოკატებს ვთხოვე, სრულად გადაერთონ ამ საქმეზე და გაარკვიონ, რა ხდება. ამ ნაწილშიც არანაკლები აბსურდია, მედავებიან, თითქოს კანონი დავარღვიე და, 1993-1994 წლებში, იარაღს უკანონოდ ვფლობდი. ჯერ ერთი, ეს უაზრო ბრალდება იყო, რადგან იარაღი საერთოდ არ მქონია. ბრალდებას კი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განკარგულებით ამყარებდნენ, თითქოს ამ განკარგულების საფუძველზე მომცეს იარაღი. რეალურად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის იანვარიდან უკვე საქართველოს პრეზიდენტი აღარ იყო და 1993-1994 წლებში, მისი განკარგულების საფუძველზე, იარაღს როგორ მომცემდნენ? 

_ ჯერ კიდევ 6 წლის წინ, როდესაც ,,ვერსიაში'' თქვენი ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა, დავაფიქსირეთ, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, იარაღის არა მარტო ფლობის, არამედ ტარების უფლებაც კანონიერად გქონდათ. 

_ დიახ, ასე იყო, რადგან 1992 წლიდან 1994 წლის აპრილამდე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. ზუსტად მაშინ მიიღო პარლამენტმა იარაღის შესახებ კანონი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს არა მარტო იარაღის ფლობის, არამედ მისი ტარების უფლებაც აქვს! ეს იარაღი მართლაც რომ მქონოდა, როგორც პარლამენტის წევრს, კანონი არ დამირღვევია. თუმცა 1999 წელს, მაშინდელმა შს მინისტრმა კახა თარგამაძემ, სამინისტროს რომელიღაც ინსტრუქცია შეცვალა და ბრალი ამ ინსტრუქციის საფუძველზე წამიყენეს. უკაცრავად, კანონი უფრო მაღალია საქართველოში, თუ შს მინისტრის ინსტრუქცია? სიტუაცია ისე წარმოაჩინეს, თითქოს 1999 წლიდან, ჯიუტად და ცუდად ვიქცეოდი, რადგან იარაღს არ ვაბარებდი, თითქოს შს სამინისტროს წარმომადგენლები მეძებდნენ და ვერ მიპოვეს... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან შს მინისტრი, მისი მოადგილეები, სხვა მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები, სწორედ 1999 წელს, ჩემთან, კანცელარიაში მოდიოდნენ ხოლმე და ნეტავ, სად ვიყავი დამალული ისეთ ადგილას, რომ ვერ მიპოვეს? თან ეს იარაღი 2009 წელს იპოვეს, ხომ ხვდებით, ეს რა პერიოდია? ახლა ჩამოვიდე საქართველოში და მერე მომადგნენ, რომ იარაღის უკანონო ტარებისთვის, თქვენს წინააღმდეგ საქმეა აღძრული და უნდა დაგაპატიმროთო, ამის არავითარი სურვილი არ მაქვს. მირჩევნია, ეს ყველაფერი გაირკვეს, მერე კი მშვიდად ჩამოვალ. 

_ იარაღის ტარების ნაწილში, თქვენმა ადვოკატებმა მიმართეს უკვე სასამართლოს, ამ ბრალდების გასასაჩივრებლად? 

_ ამ შემთხვევაში, უფრო მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან ეს საქმე თბილისის პროკურატურაშია. შესაბამისად, ბრალის მოსახსნელად, სასამართლო პროცედურები საჭირო არაა. მთავარია, თბილისის პროკურატურამ სწორი დასკვნა გააკეთოს და თუ გამოსაძიებელია საქმე _ გამოიძიოს, თუ ვინმეა დასაკითხი _ დაკითხოს. მეც მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. დაახლოებით, ერთი წლის წინ, ჩემმა ადვოკატებმა პროკურატურას მიმართნენ, საქმის პროკურორსაც შეხვდნენ და მაშინვე გამოიკვეთა პროკურატურის პოზიტიური დამოკიდებულება ამ ნაწილში. ეს არაოფიციალური საუბარი იყო და რეალური შედეგი არ მოჰყოლია. აქცენტი მაინც მთავარ საქმეზე გვქონდა გადატანილი. ეს საქმე წარმატებით დასრულდა, ახლა ჩემი ადვოკატები ოფიციალურად მიმართავენ პროკურატურას და ყველა საჭირო პროცედურას გაივლიან. 

_ თქვენს მიმართ ყველა კითხვის ნიშანი რომ მოიხსნება, საქართველოში დაბრუნდებით? 

_ მადლობა ღმერთს, ნამდვილად არ ვიმყოფები იმ სიტუაციაში, რომ მხოლოდ ერთ ფაქტორზე ვიყო დამოკიდებული. ჩემი მიმართულებით, საკმაოდ საინტერესოდ ვსაქმიანობ აშშ-ში, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანაა! თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩემნაირი გამოცდილების, ცოდნისა და კავშირების მქონე ადამიანი სჭირდება და თუ ამგვარი შემოთავაზება იქნება, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ნამდვილად, გულისყურით მოვეკიდები და განვიხილავ ამგვარ წინადადებას. ჩამოსვლით კი ნამდვილად ჩამოვალ, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს უნდა შევხვდე, რომლებიც ამ წლების მანძილზე, გვერდში მედგნენ და ეს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია. ყველას სათითაოდ უნდა შევხვდე და მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის! 

_ ბატონო თემურ, საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებზეც ვისაუბროთ. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში 7 მაისიდან ძალაში შევიდა, რომ თუ ფიზიკური პირი საკუთარი შემოსავლების დადასტურებას ვერ შეძლებს, საბანკო სესხს ვერ მიიღებს? 

_ ვფიქრობ, ეს იმდენად ელემენტარული საკითხია, რომ ეროვნული ბანკის რეგულაცია არც კი უნდა დასჭირვებოდა. თავად კომერციული ბანკები უნდა დაინტერესებულიყვნენ და ეს სისტემა შეემუშავებინათ, თანაც აქამდე. ნებისმიერ სესხს აქვს თავისი წინაპირობა, რის საფუძველზეც გაიცემა, მაგალითად, თუ ადამიანს ტელევიზორის შეძენა სურს, მაგრამ არ შეუძლია, თანხა მაშინვე გადაიხადოს, ცხადია, განვადებით იყიდის, რისთვისაც სამომხმარებლო სესხს აიღებს. შესაბამისად, ამ ადამიანს იმის ფინანსური შესაძლებლობა გააჩნია ანუ აქვს სამსახური და ხელფასი, რათა პირობითად, 700 აშშ დოლარი, რომელიც ტელევიზორი ღირს, ერთი წლის მანძილზე დაფაროს და თვეში, 80 აშშ დოლარი გადაიხადოს. ამით მის არსებობას საფრთხე არ შეექმნება და არც საცხოვრებელს დაკარგავს. ცხადია, სესხის გაცემის დროს, ასეთი დასაბუთებები უნდა იყოს. თუ კომერციულ ბანკებში აქამდე ასე არ გაიცემოდა სესხები, ძალიან ცუდია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ ბანკები სესხებს ,,ტენიდნენ'' (ბოდიშს გიხდით, ჟარგონისთვის) ხალხს, რათა ორმაგად და ათმაგად ამოეღოთY და აღარ აინტერესებდათ, შეეძლო ხალხს სესხის დაფარვა, თუ არა. თუ ვერ დაფარავდნენ, დაუყადაღებდნენ ქონებას, გაასახლებდნენ სახლებიდან, რაც სერიოზულ სოციალურ პრობლემაში გადადიოდა. ამიტომ ამ რეგულაციის შემოღებას პოზიტიურ და წინგადადგმულ ნაბიჯად ვაფასებ. 

_ ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტის სამუშაო ვარიანტი მოამზადა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა კიდეც, რათა 2018 წლის აგვისტომდე, ყველა დაინტერესებულმა პირმა გამოთქვას შენიშვნა. ამის შემდეგ მომზადდება დებულების საბოლოო ვარიანტი, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ფიზიკური პირების ხელფასის ოდენობის მიხედვით, დებულებაში დეტალურადაა გაწერილი, რამდენი უნდა იყოს სესხის საპროცენტო განაკვეთი... 

_ ამ დოკუმენტს უკვე გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი პროექტია. იმდენად კარგია, ეჭვი მეპარება, რომ ეროვნულ ბანკში მომზადდა. ეს იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი ორი, დომინანტი ბანკის მომსახურების სააგენტოდ იყო გადაქცეული. შესაბამისად ვვარაუდობ, რომ ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მითითება მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (სსფ). მათთან მეც ვკონტაქტობ, გარკვეული ინფორმაციებიც მაქვს და ზუსტად ვიცი, მათი პოზიციები ამ საკითხზე. დიდი ალბათობით, ეროვნულმა ბანკმა რჩევა-რეკომენდაცია მიიღო, რათა უკეთესად ჩაეხედა საბანკო საქმიანობაში და ისეთი გადაწყვეტილებები მიეღო, რაც შეესაბამება, როგორც საფინანსო სისტემის მდგრადობას, ასევე ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას. ჩემი ვარაუდი იმითაა გამოწვეული, რომ როდესაც ეროვნულ ბანკს უნდოდა, ყოველგვარი განხილვების გარეშე მიიღო ისეთი ინსტრუქციები, რაც მაინც და მაინც არ უწყობდა ხელს ფინანსურ სტაბილურობასა და საზოგადოების ინტერესების დაცვას. შესაბამისად, კითხვა მიჩნდება, რატომ გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა ეს დოკუმენტი სამსჯავროდ და რატომ არ მიიღო ეს დებულება პირდაპირ, რატომ არ დაამტკიცა, რატომ არ შევიდა ძალაში, რას ელოდება ეროვნული ბანკი და რატომ ელოდება აგვისტომდე შენიშვნების მიღებას, განა, ნათელი არაა, რომ ეს მართლაც კარგი პროექტია? 

_ თქვენ როგორ გგონიათ, რატომ? 

_ ვეჭვობ, სამსჯავროდ იმიტომ გამოიტანეს, რომ მაქსიმალურად დაირაზმონ ლობისტური ჯგუფები, რათა ეს პროექტი ჩააგდონ. ამის შემდეგ, ეროვნული ბანკი საერთაშორისო ორგანიზაციებთან Yთავს გაიმართლებს, რა ვქნათ, ჩვენ დებულება მოვამზადეთ, განსახილველადაც გამოვიტანეთ, მაგრამ საზოგადოება მისი მიღების წინააღმდეგიაო. ვფიქრობ, ამ მიზნით გამოიტანეს სამსჯავროდ, თორემ რად უნდა ამ დოკუმენტს ამდენი განხილვა, აქამდე არ იცოდნენ, რომ კომერციულმა ბანკებმა გაანგარიშებები უნდა გააკეთონ, ვიდრე სესხებს გასცემენ? არ იციან, რომ ადამიანს იმ ოდენობის სესხი უნდა მისცენ, რომ მისი დაფარვისას, საჭმლის ფულიც უნდა დარჩეს? რა წერია ამ დებულებაში ისეთი, რასაც ბოლო 4-5 წელია, მე და კიდევ უმრავი ადამიანი საქართველოში, არ ვსაუბრობთ? ამიტომ ამ დებულებას სამსჯავროზე გამოტანა კი არა, მაშინვე გადაწყვეტილების მიღება და ძალაში შესვლა სჭირდებოდა! პენსიონერებთან დაკავშირებით, ამ დებულებაში საინტერესო ჩანაწერია: ,,სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი არ შეიძლება გათვალისწინებული იყოს სესხის დაფარვის წყაროდ''. ეს მართლაც კარგი ჩანაწერია, 14 წელია, აშშ-ში ვცხოვრობ და აქაც კი, თუ ვიღაცები ფინანსურ მაქინაციებში ეხვევიან, პირველ რიგში, ისინი პენსიონერები და ასაკოვანი ადამიანები არიან, ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანებს მაქსიმალური დაცვა სჭირდება, შესაბამისად, ამ ჩანაწერს მართლა მივესალმები, რათა პენსიონერები ფინანსური მაქინაციებისგან დავიცვათ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში