Menu
RSS

მიხეილ რამიშვილი: „ქორეპისკოპოსმა განაცხადა, პრეტენზია არ მაქვს, პრეზიდენტმა დეკანოზი შეიწყალოს, მაგრამ ჩუმად უნდა იყოს მამა გიორგიო!“

საუკუნის სკანდალად შეფასებული, ,,ციანიდის საქმე'' თითქოს აქტუალური აღარაა. აღარ საუბრობენ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, რომელსაც ორმა ინსტანციის სასამართლომ 9 წლით აღუკვეთა თავისუფლება და, როგორც მისი ძმა აცხადებს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. რომ გაგვერკვია, რას აპირებს, როგორი განწყობა აქვს დეკანოზს საპყრობილეში, ხშირად ნახულობენ თუ არა სულიერი ძმები და როდის განიხილავს უზენაესი სასამართლო ,,ციანიდის საქმეს'', მამა გიორგის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ვესაუბრეთ:

_ უზენაეს სასამართლოში შეტანილი გვაქვს საკასაციო საჩივარი და მიღებიდან ერთი თვის ვადაში ჩაინიშნება პროცესი. 

_ ბატონო მიხიელ, თორნიკე მამალაძემ, თავის ძმასთან, მამა გიორგი მამლაძესთან, საპყრობილეში ხანგრძლივი პაემნის შემდეგ განაცხადა, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. საფრთხე სერიოზულია? 

_ სანამ მამა გიორგის დააკავებდნენ, მანამდეც ჰქონდა პრობლემები და თურქეთში სამკურნალოდ იყო, ოპერაციები ჩაუტარდა. როცა დააკავეს, ჩაფიძის სახ. კლინიკაშიც იწვა გულის პრობლემის გამო. ახლა კი აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის ეს საკმარისი არაა. არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ძალიან კრიტიკულიც _ არა. 

_ რამდენად ხშირად ნახულობთ მამა გიორგის და როგორ გრძნობს თავს მორალური თვალსაზრისით? 

_ თითქმის კვირაში ორჯერ დავდივარ მასთან. განწყობა საბრძოლო აქვს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. უბრალოდ, ბევრ რამეზე სხვანაირი, მაგრამ სამართლიანი შეხედულება აქვს. ვგულისხმობ სასულიერო პირებისგან უყურადღებობას, არადა, კანონიკური, რჯულის სამართალი მათ სულ სხვა რაღაცას ავალებს. 

_ არ ნახულობენ მას სასულიერო პირები საპყრობილეში? 

_ ინტენსიურად არ შედიან განსხვავებით სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისგან. მამა გიორგისთან ყველაზე ინტენსიურად დადიან მისი ადვოკატები და მათ შორის, პირველი მე ვარ. თუმცა, ორი დღის წინ იყო მასთან მეუფე ნიკოლოზი. საკმაოდ დიდხანს უსაუბრიათ. ვესაუბრე მამა გიორგის და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საპატრიარქოში არსებობს გარკვეული ჯგუფი, სადაც მიიჩნევენ, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა. ეს არაიან სარად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიჯნავს რეალობას სიცრუისგან. ეს არ არის მხოლოდ მამა გიორგის მხარდაჭერა, ესაა ჩვენი რწმენის მხარდაჭერა. აქ მარტო ერთი ადამიანით არაფერი წყდება, ჩვენ _ ხალხმა უნდა ვირწმუნოთ მათი სიტყვა, რადგან უმრავლესობა ვხედავთ, რომ უდანაშაულოდაა ადამიანი განწირული. 

_ დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია, დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ სკანდალურ ინფორმაციებს გააჟღერებდა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მაგრამ ასე არ მოხდა. ის დეკანოზთან შეხევდრის შემდეგ საპატრიარქოშიც იმყოფებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააჟღერა ის ინფორმაცია, რაც დააანონსა? 

_ ნებისმიერი ჩვენგანი _ ნიკა გვარამია, გიორგი ფანცულაია თუ მე, გონიერებით ვუდგებით ამ საკითხს. ფაქტი ფაქტად რჩება, აშშ-ში ქორეპისკოპოსმა განაცხადა, პრეტენზია არ მაქვს, პრეზიდენტმა დეკანოზი შეიწყალოს, მაგრამ ჩუმად იყოს მამა გიორგიო. ეს ყოველგვარ გონიერებას სცდება. აჩუმებ, რისთვის _ სიმართლისთვის?! 

_ ადვოკატები ერიდებით სიმართლის თქმას, რათა საპატრიარქოს იმიჯი უფრო არ შეილახოს? 

_ ყველას თავისი შეხედულება აქვს ამ საკითხზე, მე პირადად ასე მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არაერთხელ მითქვამს, საპატრიარქოში შიდა სამზარეულო ასეთი ანგრეულ-დანგრეული რომ აქვთ, სჯობდა თავიდანვე თავად დაელაგებინათ. დროება მოიტანს ყველაფერს, თორემ ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება, უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ვინმეს ჰგონია. 

_ საუბარი საპატრიარქოში მიმდინარე უკანონო და არასწორ ქმედებებზეა და რატომ არ სურს დეკანოზს ამის გახმაურება? რა გამოდის, საპატრიარქომ დეკანოზი გაწირა და კიდევ ის უფრთხელდება მათ? 

_ ზუსტად ამაში ვხედავ განსხვავებას ღირსეულთა და უღირსთა შორის. დიახაც, მამა გიორგი უფრო მეტად უფრთხილდება მათ, არ საუბრობს არასახარბიელო მდგომარეობაზე და ჩვენც გვთხოვს, თავი შევიკავოთ ამაზე საუბრისგან. 

_ ,,ციანიდის საქმეს'' მალე უზენაესი სასამართლოს კოლეგია განიხილავს. რა მოლოდინი გაქვთ ამ ინსტანციისგან? 

_დარწმუნებული ვარ, ძალაში დატოვებს წინა ინსტანციების გადაწყვეტილებას, მაგრამ მცირე იმედს ვიტოვებ, რომ იმ სამი მოსამართლიდან, ერთ-ერთს მაინც ეყოფა გამბედაობა, ღირსება და არ იქნება ორიენტირებული ერთი დღით ცხოვრებაზე. სჯობს, გონიერება მოიკრიბონ. არავინაა ამ ქვეყნად მარადიული და უვადოდ, ყველას ჩვენი ვადა გაგვაჩნია სიცოცხლისაც კი და უპრიანი იქნება, მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც იმედს დაუბრუნებს ადამიანთა უმრავლესობას. 

_ თორნიკე მამალაძემ აცხადებს, რომ დეკანოზს სტრასბურგში გამარჯვების იმედი აქვს, რას ემყარება თქვენი იმედი? 

_ დიდი იმედი გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი 360 გრადუსით შემოტრიალდება, ყველას მოუწევს რეაგირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, რაც დიდი სირცხვილი იქნება. 

_ ბატონო მიხიელ, სამოქალაქო და საეკლესიო სასამართლოებში მეუფე იაკობ იაკობაშვილს უჩივლეთ ცილისწამებისთვის, როცა მან დათა ახალაიას აგენტ-პროვოკატორი გიწოდათ. ამ საკითხზე საქმის წარმოება ხომ არ დაწყებულა? 

_ საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა სხდომა, რომელიც 21 ივნისს 10 საათზე გაიმართება. დარწმუნებული, ვარ სასამართლოში არ მოვა თავად მეუფე იაკობი. ამდენი თვეა, ვეუბნები, შემხვდეს და არ მხვდება და სასამართლოში მოვა?! 

_ საპატრიარქოდან საბოლოოდ რა პასუხი მიიღეთ, წმინდა სინოდი განიხილავს თუ არა თქვენს საჩივარს მეუფე იაკობის წინააღმდეგ? 

_ საპატრიარქოში თავისი იურიდიული სამსახურის პოზიციიდან ნონსენსი შექმნეს, კანონიკური სამართალი, რჯულის კანონი ლამის სახელმწიფო კანონმდებლობას დაუქვემდებარეს, რისი პრეცედენტიც არ არსებობს და აბსურდია. საეკლესიო სასამართლო ერთადერთი ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება არსად საჩივრდება. წმინდა სინოდის წვერები წყვეტენ, საერო თუ სასულიერო პირის მხრიდან, განხორციელებული ქმედება დანაშაულია თუ არა, სამოქალაქო კანონმდებლობა ამისგან რადიკალურად განსხვავდება და ამის მიუხედავად იმიზეზებენ, რომ საქმე ჯერ სამოქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოსო. ამავდროულად, წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა საერთოდ საქმის კურსშიც არაა, რას და რისთვის ვითხოვ. არაუშავს, ყველაფერს მოვითმენ, მაგრამ არავის არაფერი შერჩება.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში