ღორის ძვალი - მკვლელობის მთავარი სამხილი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მოხდა ბიზნესმენის აგარაკზე და რატომ ფიგურირებს საქმეში დამლაგებელი

პირადი მცველები, სახლების დაცვა, სათვალთვალო კამერები - ახლა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იყო დრო, როცა დაცვა მინისტრებსაც კი არ ჰყავდათ, არც მათი სახლი კონტროლდებოდა ვიდეოთვალებით და არც ესკორტი დაჰყვებოდათ უკან. მერე და მერე, არა მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის, არამედ, ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი ჰქონდა, დაცვის აყვანა პრობლემა აღარ იყო და მითუმეტეს ახლა, როცა დაცვის არაერთი სამსახურია. მდიდარი ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით იცავენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ქონებას და ეს ყველაფერი არც თუ მცირე თანხა უჯდებათ. შეზღუდვების მიუხედავად, ადრე საქმოსნები მაინც ახერხებდნენ პირადი დაცვა თუ არ ეყოლებოდათ, მათი სახლის ტერიტორიაზე შემთხვევითი ადამიანები არ მოხვედრილიყვნენ. ამისათვის, საუკეთესო გამოსავალი საკუთარი სახლი იყო - მაღალი გალავნით, რკინის მასიური ჭიშკრით, ავი ძაღლებით და რაც მთავარია, ე.წ. კარისკაცით, რომელსაც, რეალურად, დაცვის ფუნქცია ჰქონდა. ეს კარისკაცი საქმოსნის საწარმოში დარაჯად ან რიგით მუშად იყო გაფორმებული, მცირე ხელფასს იღებდა, მთავარი შემოსავალი კი ის იყო, რასაც „ხაზეინი“ ხელზე უხდიდა. ამ ადამიანებს ჰყავდათ შინამოსამსახურეები, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, მათი ქონება თვალს მოფარებული ყოფილიყო. რაღა თქმა უნდა, მათ ყოველთვიურად მიჰქონდათ ქრთამი „ზემოთ“, რათა ჩინოვნიკებს „ფხიზელი თვალი“ დაეხუჭათ.

„ჩვენთან ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა და გვითხრა, დახმარება მჭირდება, მოკვლას მიპირებენო. ასეთი განცხადება მაშინ მეხის გავარდნას ჰგავდა, ამიტომ ქალი დავამშვიდეთ და ყურადღებით მოვუსმინეთ. მისი თქმით, ის მარტოხელა გახლდათ, წლების განმავლბოაში, შვილს მარტო ზრდიდა, დღე და ღამ მუშაობდა და სამიოდე თვის წინ, ბედმა გაუღიმა - ერთ-ერთი ჩინოვნიკის სახლში დამლაგებლად მოეწყო. დილით, სანამ სამსახურში წავიდოდა, იქ მიდიოდა და სახლს ალაგებდა, შემდეგ, ასევე დამლაგებლად, ერთ-ერთ ბაზარში გარბოდა, საღამოს სახლში ბრუნდებოდა და შემოსავალიც საკმაოდ გაეზარდა. ქალის თქმით, დილით ჩინოვნიკის სახლში მხოლოდ კარისკაცი ხვდებოდა, რომელიც ჭიშკარს მას შემდეგ უღებდა, რაც რკინის ჭიშკრის ჭუჭრუტანაში გამოიხედებოდა. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ, ქალს შინ უცხო მამაკაცი ეწვია, კარგად ჩაცმული, მაგრამ აგრესიული. მან უთხრა, რომ იმ სახლიდან რაღაც უნდა გამოეტანა და სანაცვლოდ, 5 ათას მანეთს მიიღებდა. ის რაღაც კი, არც მეტი, არც ნაკლები, სახლის სარდაფში მდგარი მაცივრის საყინულეში შენახული... ძვლის ნატეხი იყო. ჰო, ძვლის ნატეხი. ქალმა საკუთარი თვალით ნახა, რომ საყინულეში მართლაც ინახებოდა ძვლის ნატეხი და მისი აზრით, ის ღორის ან ცხვრის ბარძაყის ნაწილი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცი ქალს შვილის მოკვლით ემუქრებოდა, მოსაფიქრებლად კი სამ დღეს აძლევდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

საქმე გავლენიან საქმოსანს ეხებოდა, ამიტომ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს და დამლაგებლის სახლთან მორიგეობა დაიწყეს. მისი თქმით, ძვლის წასაღებად მამაკაცი სამი დღის შემდეგ უნდა მისულიყო და თვალთვალი არა მარტო სახლზე დაწესდა, არამედ, დამლაგებელს სახლიდან სამსახურებამდე სამი ოპერმუშაკი მიაცილებდა. სამი დღე გავიდა და მამაკაციც გამოჩნდა. მისმა დანახვამ ოპერჯგუფის ხელმძღვანელი გააოცა - ისიც ცნობილი საქმოსანი გახლდათ და რაც მთავარია, იმ კაცის უახლოეს მეგობრად ითვლებოდა, სადაც ქალი დამლაგებლად მუშაობდა. აყვანის სპეცოპერაცია წამებში დასრულდა - კაცმა გაქცევა კი სცადა, მაგრამ ადგილზე შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული (ყოველი შემთხვევისთვის) და გამოცდილმა მებრძოლებმა ეჭვმიტანილის დაკავება მარტივად მოახერხეს. განყოფილებაში მიიყვანეს მეორე საქმოსანიც და რაც მთავარია, ადგილზე მიიტანეს ძვალიც, რომელიც ექსპერტიზაზე გააქანეს. ორივე დაკავებულმა სიცილი დაიწყო, უბრალოდ ვხუმრობდით, გვაინტერესებდა, დამლაგებელი რამდენად ერთგული იყო, თორემ რა ძვალი, რის ძვალი, ჩვეულებრივი ღორის ბარკლის ნაწილიაო. ექსპერტმა შეუიარაღებელი თვალითაც თქვა, ძვალი ადამიანის ნამდვილად არ გახლავთ, უფრო ღორის უნდა იყოსო, მაგრამ ექსპერტიზა მაინც ჩატარდა და დადასტურდა - ძვალი ღორის იყო, წამახვილებულ მხარეს არსებული სისხლი - ადამიანის.

„ცხადი გახდა, ეს ძვალი საიდუმლოს ინახავდა და საიდუმლო ორივე საქმოსანს ეხებოდა. როცა მათ ექსპერტიზის შედეგები გავაცანით, მხრები აიჩეჩეს, რა სისხლი, ქუჩაში ნაპოვნი ძვალია, რა ვიცით, ვისი სისხლი აცხიაო, თუმცა ექსპერტმა ისიც თქვა, საუკეთესო შემთხვევაში, ეს ძვალი 2-3 წლისაა და მთელი ამ დროის განმავლობაში, საყინულეში ინახებოდაო. გამოდიოდა, რომ ეს უბრალო ძვალი კი არა, კონკრეტული დანაშაულის სამხილი გახლდათ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამომძიებლები ძველ საქმეებს ჩაუსხდნენ და მარტივად იპოვეს საქმე, რომელიც სამიოდე წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხებოდა. მაშინ, ორი დაკავებული და მათი ერთი მეგობარი სანადიროდ იმყოფებოდნენ. სამონადირეო სახლი სწორედ იმ მესამის კუთვნილება იყო და უბედური შემთხვევაც იქ მოხდა. როცა ნადირის საძებნელად სამივე ტყეში გაიფანტა, მალე მეპატრონე ყვირილით გამოვარდა, საძილე არტერიასთან ხელს იკიდებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. სისხლი შადრევანივით ასხამდა და მეგობრებმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ტყე საგულდაგულოდ მოჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, თუმცა ნახეს გარეული ტახის კვალი და ჩათვალეს, რომ  ტახმა ეშვით, მამაკაცს საძილე არტერია გაუგლიჯა და გაიქცა. საქმე „ფულიან ბიძებს“ ეხებოდათ და მალე ჩაიფარცხა. ექსპერტიზას სამი დღე დასჭირდა სისხლის ჯგუფის დასადგენად და როგორც იქნა, გაირკვა, რომ ის გარდაცვლილისას ემთხვეოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სამი წლის წინ, მამაკაცი უბედურ შემთხვევას კი არ ემსხვერპლა, მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელი ის საქმოსანი იყო, რომელიც ძვლის მოპარვას ცდილობდა, მეორე კი, უბრალოდ, აშანტაჟებდა. მოგეხსენებათ, მკვლელობის აღიარება რთულია, შანტაჟის - უფრო მარტივი, მით უმეტეს, როცა დიდი ფული გაქვს და გავლენიან სანაცნობოსაც არ უჩივი. ამიტომ, სამართალდამცავებმა იმ საქმოსნის დაკითხვა გადაწყვიტეს, რომელთანაც ძვალი ინახებოდა. მან აღიარებითი ჩვენება მანამ არ მისცა, სანამ გარანტია არ მისცეს, რომ ციხეში არ ჩასვამდნენ და მართალია, ძველ თანამდებობას ვეღარ შეინარჩუნებდა, უსამსახუროდ მაინც არ დარჩებოდა და არც პურის ფული გაუჭირდებოდა.

„ჩვენ მართლა სანადიროდ წავედით და ვინმეს მოკვლა დაგეგმილი არავის ჰქონდა. მასპინძლის სახლში ერთი დღე ვიქეიფეთ, საღამოს კი, როცა მასპინძელი წავიდა, პური შემოგვაკლდა. მისი სახლის დათვალიერება დავიწყეთ და სრულიად შემთხვევით, კარადის უჯრა გამოვაღეთ. უჯრაში კონვერტი იდო, კონვერტში - სურათები. ამოვიღეთ, დათვალიერება დავიწყეთ და გავშრით - რამდენიმე ფოტოზე, ჩემი მეგობრის ცოლის, პრაქტიკულად, შიშველი ფოტოები იდო. ინტერიერით მივხვდით, რომ ამ სახლში იყო გადაღებული ანუ გამოდიოდა, რომ სახლის მასპინძელი მეგობრის ცოლს ჰყვარობდა. ეს უბედური შოკში ჩავარდა, ჯერ ღრიალი დაიწყო, მერე ყვირილი, ბოლოს კი თქვა, უნდა მოვკლაო. მე ვუთხარი, ახლა მოკვლა არ გამოვა, ტყეში, ვითომ შემთხვევით მოკალი-მეთქი და კარგიო, დამთანხმდა. მისი ტყვიებიდან ჟაკნები ამოვიღე და მარტო წამალი დავტოვე, ვიფიქრე, რომ გაისვრის, რისხვა გადაუვლის-მეთქი. ტყისკენ წავედით, სახლის პატრონი წინ მიდიოდა, გზას გვიჩვენებდა, მერე ეს რქებდადგმული მიჰყვებოდა, ბოლოს კი მე. მოულოდნელად, ამან საიდანღაც ძვალი ამოიღო და პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარჭო. სახლის პატრონმა უაზროდ დაიწყო სირბილი, ძვალი გამოაგდო, მაგრამ სისხლი ვერ გავაჩერეთ და მოკვდა. ლეგენდაც იქვე მოვიფიქრეთ, ძვლის დამარხვა კი მე ვითავე, მოშორებით წავიღებ, რომ არ იპოვონ-მეთქი. ჰოდა, დამარხვის ნაცვლად, შევინახე, მთელი ის დრო ჯიბეში მედო, მაგრამ არავის გავუჩხრეკივარ, ვიცოდი, არ მაკადრებდნენ. რატომ გამახსენდა ახლა ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ამ ძუნწმა ჩემი ადგილი მოინდომა, ზემოთ მითხრეს, ჩალიჩობსო. მეც ძვალს ფოტო გადავუღე და გავუგზავნე, ვუთხარი, ერთ ადგილს თუ არ დააყენებ, ამ ძვალს მილიცია მიიღებს-მეთქი. გაჩერდა, მაგრამ მე გაბრაზებული ვიყავი და 10 ათასი მანეთი გამოვართვი სიჩუმის სანაცვლოდ. მარტივად გადაიხადა და მერე კიდევ ათი, მერე კიდევ... როგორც ჩანს, სურათზე ჩემი სარდაფი იცნო და მიხვდა, ძვალი სადაც მქონდა, ამიტომ დამლაგებლის ხელით, მისი მოპარვა გადაწყვიტა“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა.

მკვლელმა ყველაფერი აღიარა, თუმცა იმდენი მოახერხა, რომ სასამართლოზე ნაწილობრივი აფექტი დაუდგინეს და სასჯელის ზომად მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აკმარეს. რა თქმა უნდა, კომუნისტების დროს, არცერთ მათგანს მაღალ თანამდებობაზე აღარ უმუშავია, მაგრამ... კომუნისტების დროს და არა შემდგომ...

 

ბათო ჯაფარიძე