Menu
RSS

მიიღებს თუ არა პარლამენტი კანონს ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესახებ?

11 მაისს ღამით, პოლიციამ ერთდროულად ორი სპეცოპერაცია ჩაატარა. ორივე შემთხვევაში სამართალდამცავები ღამის კლუბებში -„ბასიანსა“ და „გალერიში“ შეიჭრნენ. შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. უფრო სწორედ, კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ძალოვნებს ნარკოტიკების გავრცელებაში ეჭვმიტანილი პირები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილზე უკვე აყვანილი ჰყავდა. მაშინ, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება კლუბებზე და... და მთავარ კითხვას ბოლოს დავსვამთ.

კლუბური ცხოვრების მოყვარულებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად, ხელისუფლებას მოუწოდეს, ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაეჩქარებინათ. თითქოს ჯადოსნური ჯოხი დაიქნიესო, ორ დღეში, პრაქტიკულად, ყველაფერი დასრულდა -აქციაზე გიორგი გახარია მივიდა და ბოდიში მოიხადა, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ გუნდში ყველა ერთსულოვანია იმ საკითხზე, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამ ყველაფრის გვირგვინი ის გახლდათ, რომ ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, კანონპროექტი ორ კვირაში მზად იქნებაო. რეალურად, სამივე მათგანმა ტყუილი თქვა -გახარიას არაფერი ჰქონდა საბოდიშო, რადგან კლუბებიდან ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ აღნიშნული კანონპროექტი დიდი ხანია პარლამენტში ინიცირებულია, ხოლო კალაძის მიერ ნათქვამ ერთსულოვნებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ უპასუხა:„კანონი პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება. პროექტი საკმაოდ დიდი ხანია შემოტანილია და ყველას მოვუწოდებ, გაგრძელდეს განხილვა. კანონპროექტით არც ერთი ნარკოტიკული საშუალება გამოყოფილი არ არის და ყველა ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება. არც ერთი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, არც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს არ ვუჭერ -დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი...“ 

ამ აზრზეა უმრავლესობის უმრავლესობა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის ბოლომდე გატანა ხელისუფლებას გაუჭირდება, თუმცა მთავარი ეს არ გახლავთ. ოფიციალური ინფორმაციით, შსს-მ ნარკოტიკების რეალიზაციაზე რვა პირი დააკავა. ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკს ყიდდნენ, იმდენად უმნიშვნელო ფიგურები არიან ნარკობიზნესში, რომ ასეთები კიდევ მრავლად არიან. ინტერნეტ-ტოტალიზატორებით თანხის ჩარიცხვა და მერე ნარკოტიკის ყიდვა, დიდი ხანია პრობლემაა. ეს იცის ხელისუფლებამაც, მაგრამ სათამაშო ბიზნესი დახურული სივრცეაო, ვერ თუ არ იჭერდა წვრილფეხობას. ალბათ, არც ამათ დაიჭერდნენ, რომ არა რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილი, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა. ჩვენ ერთ-ერთი დაკავებულის მეგობარს შევხვდით და ვესაუბრეთ. მან არ დამალა, რომ რაღაც ეჭვი ჰქონდა, თუმცა... 

„ჩემს მეგობარს მოულოდნელად გაუჩნდა დიდი ფული. თან სერიოზულად დიდი ფული. რომ ვკითხეთ, აგდებულად გვითხრა, ვჩალიჩობო. მანამდე არ აინტერესებდა ტოტალიზატორი, მერე კი მოულოდნელად რამდენიმე ინტერნეტ-ტოტალიზატორში დარეგისტრირდა. რომ გვეფიქრა, ფულს თამაშებზე იგებს-თქო, აბსურდი იყო, რადგან სტადიონზე არაა ნამყოფი, არაფერი გაეგება. ნარკოტიკზე რომ ჩალიჩობდა, მაშინ დავრწმუნდი, როცა ერთხელ მაგრად დავთვერით და ახლაც არ ვიცი, დაახლოებით 4 ათასი ლარი რაში გავფლანგეთ. დილით თქვა, ეს რა დამემართა, საღამომდე ფული თუ არ ვიშოვე, მომკლავენო. ანუ, მივხვდი, რომ სხვისი ფული დახარჯა და ის სხვა არაფერს აპატიებდა. ახლა რომ ვკითხულობ საახლობლოში, ეჭვით ყველა ამბობს, რომ იცოდნენ, მაგრამ გადაჭრით თქმა არავის უნდა იმიტომ, რომ ეგეც შარია. ერთი რამ ზუსტად ვიცი, მას აქვს სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ის ადამიანი დაუსახელოს, ვისგანაც ნარკოტიკს იღებდა“. 

ის, რომ აღნიშნული პიროვნება გამოძებასთან თანამშრომლობას აპირებს, მისმა ადვოკატმაც დაგვიდასტურა, თუმცა განაცხადა: „ვერ გეტყვით რა ხდება. საქმე ისაა, რომ გაუთქმელობაზე ხელი უკვე მოგვაწერინეს. არ მინდოდა ხელის მოწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს თქმის უფლება მაქვს. ანუ, აღნიშნული საქმის მასალებს უკვე გრიფი იცავს და, დარწმუნებული ვარ, სასამართლოსაც დახურავენ. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ეს ხდებოდეს, არის იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვის დასახელებასაც აპირებს არამარტო ჩემი კლიენტი, არამედ კიდევ ორი დაკავებული. ხელისუფლებას არ სურს, რომ მთავარი შემომტანის სახელი საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი“. 

ის, რომ ხელისუფლების უმაღლეს პირებს ნარკოტიკების მთავარი შემომტანის გახმაურება არ აწყობთ, არახალია. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ზოგადად, ნარკოტიკებს ბაზარზე სახელმწიფო არეგულირებდა მუდამ. სხვა შემთხვევაში, ნარკოტიკები უბრალოდ ქრებოდა ბაზრიდან და... თუ გახსოვთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბევრი ცნობილი თუ უცნობი სახე დაიჭირეს ნარკოტიკების შემოტანაზე, ანუ ძველმა ხელისუფლებამ ბაზარი დათმო, ახალმა ხელში აღება ვერ მოასწრო და ამით წვრილფეხობამ ისარგებლა და არც თუ ურიგოდ. თავად განსაჯეთ, ერთი აბი სუბოტექსი ერთი ევროც არ ღირს ევროპაში, საქართველოში კი მისი ფასი 700 ლარია. ჰოდა, იმ ცნობილ სახეებსა თუ სახელებს, 1000 აბი რომ დაუჭირეს, ხომ ხვდებით< რა თანხის იმედი ჰქონდათ?! 

„ნარკოტიკების ლეგალიზება კრიმინალს გაზრდის. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რა მოხდება ლეგალიზების შემდეგ. ყველა ფულზე დაიწყებს ჩალიჩს. ასე იყო შევარდნაძის დროს და მანქანებზე მოხსნილი აკუმულატორები თუ საბურავები სწორედ იმიტომ იყიდებოდა, აღებული ფულით უმრავლესობას წამალი ეყიდა. ახლა კი, ლეგალიზებულზე, ნახავთ, რას იზამენ“,-გვითხრა ერთ-ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გვითხრა, რომელიც ამჟამად იტალიაშია და არ მალავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხალისით აკვირდება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში