Menu
RSS

გასართობი ადგილი თუ სასაკლაო

თბილისური ღამის კლუბები და ნარკოტიკებით დაღუპული ახალგაზრდები

საგანგაშო ვითარება, რომელიც ბოლო დღეებში თბილისში შეიქმნა, იმდენად შოკისმომგვრელია, რომ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო სტრუქტურები ხვდებიან, რა უნდა დაუპირისპირონ მას. მხოლოდ სტატისტიკის თვალის გადავლებაც კი, რომელიც სინთეტიკური ნარკოტიკით ახალგაზრდების მკვლელობების სერიას ასახავს, უმწეობისა და დაუცველობის დამღუპველ განცდას აჩენს. თუმცა ეს ნამდვილად არის მომენტი, როცა დუმილი დანაშაული და მეტიც, კიდევ ბევრი ახალგაზრდის სასიკვდილოდ გამეტებაა.

რა ხდება, რატომ ვერავინ და ვერაფერი აჩერებს პროცესს? ვინ და როგორ უნდა აღუდგეს მას? გაექცა თუ არა სადავეები ხელიდან სახელმწიფოს და ბოლოსდაბოლოს, სად არის საშველი? 

ეს და კიდევ უამრავი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, ბოლო დროს, თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად. რამდენიმე გარდაცვლილი და კომაში მყოფი ახალგაზრდა – მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – მათი მკვლელი სინთეტიკური ნარკოტიკია, რომელიც ღამის კლუბებში მიიღეს!!! 

თბილისში კლუბური ცხოვრება განსაკუთრებით აყვავებას ბოლო სამი-ოთხი წელია რაც განიცდის. ,,ბასიანი“, ,,ხიდი“, ,,მტკვარი“, ,,კაფე გალერი“ და სხვა კლუბები ელექტრონული მუსიკისა და ღამის ცხოვრების მოყვარულ ახალგაზრდებს გართობის მრავალფეროვან საშუალებას სთავაზობენ. უცხოელი და ადგილობრივი დიჯეები, გართობა დროისა და ასაკის შეუზღუდავად და ე.წ. კლუბური ნარკოტიკი – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც თბილისურ ღამის კლუბებს ადგილობრივთან ერთად არც უცხოელი მომხმარებელი აკლია. ცხოვრების ამ სტილისა თუ წესის პოპულარიზაციაში ხშირად სახელმწიფოც აქტიურად არის ჩართული, რასაც ტურიზმის განვითარებითა და, შესაბამისად, შესაძლო ფინანსური ეფექტით ხსნის. თუმცა არის თუ არა ამ თანამომონაწილეობის მიერ მოტანილი ეფექტი იმ რისკების საპირწონე, რასაც ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი კლუბური ბიზნესის მხარდაჭერა ქვია? – ამ საკითხს ,,ვერსია“ აუცილებლად შეისწავლის. 

სიმართლე კი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც კლუბურ ბიზნესს იმ სავალდებულო ჩარჩოებში მოაქცევს, რომელიც განვითარებულმა ქვეყნებმა დიდი ხნის წინ დაამკვიდრეს. 

თბილისურ კლუბებში ვიზიტორები მკაცრ ფეისკონტროლსა და მეტალოშემოწმებას გადიან, თუმცა არც ერთ კლუბში არ არის ასაკობრივი კონტროლი და არ არის დროის შეზღუდვა, ღამის განმავლობაში არ ხდება სტუმრების პერმანენტული შემოწმება, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოებში კლუბური ცხოვრების რეგულაციების მთავარი მოთხოვნებია. თვით ისეთი საკლუბო გამოცდილებისა და მაღალი კულტურის ქალაქებშიც კი, როგორებიცაა ლოს-ანჯელესი, ამსტერდამი, ნიუ-იორკი და სხვა, ღამის კლუბის მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა დილის 5 საათამდეა დაშვებული. ფაქტია, რომ ზედოზირებით გამოწვეული ფატალური შედეგების უმეტესობა სწორედ გამთენიისას, იმ დროს დგება, როცა ცივილიზებულ ქვეყნებში ღამის კლუბებს უკვე შეწყვეტილი აქვთ მუშაობა. განვითარებულ ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება ვიზიტორთა ასაკიც. ისეთ ლიბერალური კანონმდებლობის შტატშიც კი, როგორიც კალიფორნიაა, სისხლის სამართლის წესით ისჯება ყველა, ვინც ამ რეგულაციებს დაარღვევს. საათობრივი გადაცდომის ან ასაკობრივი შეზღუდვის დარღვევის პირველივე შემთხვევაში კლუბი ავტომატურად კარგავს ლიცენზიას. 

თბილისურ კლუბში შესვლა და დილამდე დროის გატარება კი არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ., მიუხედავად იმია რომ კლუბების მფლობელები ამას კატეგორიულად უარყოფენ. 

შესაბამისად, იგივე სტანდარტი მოქმედებს კლუბ ,,ბასიანშიც“, რომელიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი კვირის მანძილზე, რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალება და კომაში ჩავარდნა სწორედ მათ კლუბ ,,ბასიანში“ ყოფნას უკავშირდება. 

ამ ინფორმაციას თავად ,,ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ადასტურებს: ,, ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM-ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ, ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ. თუმცა ვადასტურებ, რომ კლუბის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ, ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ“. 

ფაქტია, რომ კლუბის ადმინისტრაცია იმდენად ვერ უზრუნველყოფს ვიზიტორთა უსაფრთხოებას, რომ მკვლელი ნარკოტიკი მის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შედის და ვრცელდება. ცნობილია, რომ სინთეტიკური მკვლელი ნარკოტიკი მეფედრონი სხვა საშუალებების სახელით ვრცელდება, რასაც ფატალური შედეგები ახლავს. 

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ნარკოტიკების ბიზნესი მაშტაბურ ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება და ჯერჯერობით საქართველოში მათ ბრუნვას კანონი მკაცრი სანქციებით უპირისპირდება, ჩნდება ეჭვი – ხომ არ გვაქვს საქმე შეგნებულ ხელშეწყობასთან და შესაბამისად დანაშაულებრივ ქსელთან. 

ვის ეკუთვნის კლუბი ,,ბასიანი“, ვინ არიან მისი დამფუძნებლები და ხელმძღვანელები? კლუბის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, რომ ის 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა ,,და მოკლე დროში შეძლო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს საკლუბო კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილის მოპოვება“. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის ოფიციალური მონაცემებით კლუბის დამფუძნებლები არიან აკაკი ხურციძე – 50%, ნიკო ნიკოლაძე – 10%, ნათია ორაშვილი – 10%, ზვიად გელბახიანი – 10%, ივანე გეთია – 10%, ვახტანგ გოცაძე – 10%. ამასთან, აკაკი ხურციძე კლუბის დირექტორიცაა. კლუბის საქმიანობაში მონაწილეობს ხურციძის დაც – ანა ხურციძე. 

ვინ არის აკაკი ხურციძე, რომელიც დაწესებულების ყველაზე მსხვილი წილის მფლობელია. იგი ყოფილი პოლიციელია და სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობა, თავის დროზე, შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის მოადგილის შენგელი ფიცხელაურის დახმარებით დაიწყო, რომელიც მისი ბიძაა. ხურციძემ ჯერ უშიშროებაში, შემდეგ კი პოლიციაში გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეგობარია ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სკანდალური პერსონა დავით ჩხიტუნიძე, რომელიც გირგვლიანის საქმის ფიგურანტია. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჩხიტუნიძეს ბრალად გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულთა ციხეში პრივილეგირებულად ყოფნის უზრუნველყოფა ედება და მასზე ინტერპოლითაც კი იყო ძებნა გამოცხადებული. თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, აკაკი ხურციძე კლუბის 50 %-იან წილის ნომინალური მფლობელია. სინამდვილეში ვინ დგას მის უკან, უცნობია. უცნობია როგორ შეძლო რიგითმა სახელმწიფო მოხელემ იმ ფინანსური რესურსის მობილიზება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ბიზნესში ჩადო. 

,,ბასიანის“ დამფუძნებლები აქტიურად არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნის კამპანიაში. მათი განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს ,,თეთრი ხმაურის“ მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებისგან პერმანენტულად ითხოვს ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას. კარგად გაწერილი და განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობით მათ შეძლეს საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის მიმხრობა. მეტიც, ისინი კატეგორიულად ითხოვენს საკანონმდებლო ცვლილებებს. აანონსებენ საპროტესტო გამოსვლებს და მათივე კლუბებში ნარკოტიკებით დახოცილ ახალგაზრდებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ე.წ. სუფთა ნარკოტიკი ცუდი არ არის. რომ მარიხუანა სასარგებლოც კია და რომ კლუბური ნარკოტიკი და კლუბური ცხოვრების თანამედროვე სუბკულტურა ქვეყნის განვითარების პოზიტიური მაჩვენებელია. სოციალური ქსელებით, მედიის სხვადასხვა საშუალებებით, მათივე თანამოაზრე (ხშირ შემთხვევაში დაინტერესებული) ექსპერტების გამოსვლებითა და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილის მეშვეობით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა რიტორიკა მძლავრ პროპაგანდაში გადაიზარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა ყველა, ვინც არ ეთანხმება ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას. დუმილის მიზეზი სხვადასხვაა – საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფომ თავად შექმნა პრობლემა, როცა არასდროს თქვა უარი ნარკოტიკების ჩადების მავნე ჩვევაზე. იმ ნაწილის აზრით კი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, არასდროს არავინ დაინტერესებულა. არის კიდევ ერთი, არანაკლებ სერიოზული მიზეზი იმისა, თუ რატომ იკავებენ თავს აზრის ხმამაღლა გამოთქმისგან ნარკოლიბერალიზაციის მოწინააღმდეგენი. ყველა, ვინც საწინააღმდეგო აზრს გაამოთქვამს ოპონენტთა თავდასხმისა და აგრესიის მსხვერპლი ხდება. განსაკუთრებული სიმწვავით ეს წინააღმდეგობა სოციალურ ქსელებშია თვალსაჩინო. 

მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი მარჯ ხანდოსი, ორი დღის წინ, ფეისბუკში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: ,,მე და ჩემი თანამშრომელი ვისხედით და ვსაუბრობდით ახლახანს გარდაცვლილ 12 ახალგაზრდაზე ე. წ. მარილით. ერთ–ერთი მისი ბავშვობის მეგობარიც იყო. მერე დავჯექი კომპიუტერთან და ვნახე ორაშვილის განცხადება ,,ახალგაზრდები ბასიანის ტერიტორიაზე არ გადრაცვლილან, ძილში გარდაიცვალნენ თავიანთ სახლში“. ჰოდა, ცოტა ძაან თემას აცდენილი და პასუხისმგებლობას გაქცეული ფრაზაა, როცა შენს ტერიტორიაზე მიღებული საწამლავით 12 ახალგაზრდა იღუპება. კლუბის ზღურბლს გადააბიჯა და ვსიო, მოგვეხსნა პასუხისმგებლობა. როცა შენს სივრცეში უამრავი სახის ნარკოტიკი ტრიალებს...“. ფეისბუკმომხმარებელი წერს, რომ ამ პოსტმა კლუბის დამფუძნებელის ნაჯა ორაშვილის აგრესია გამოიწვია. 

როგორ იქცევა სახელმწიფო, როცა საზოგადოება სხვადასხვა მოსაზრებებით არ იმაღლებს ხმას, პრობლემა კი უფრო და უფრო მწვავდება? 

ბოლო დროს დატრიალებულმა ტრაგედიებმა, როგორც ჩანს, სახელმწიფო მოხელეებიც შეაშფოთა. სახეზეა უკონტრლო ვითარება და უმძიმესი ტენდენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორთვიანი სპეცოპერაციის შედეგად, ინტერნეტით ნარკორკოტიკების გამავრცელებელთა ჯგუფი გაშიფრა და 7 მაისს დააკავა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი იმაზე ალაპარაკდა, რომ ნარკოტიკი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება უვნებელი: ,,ვხედავთ, რომ ლამის პოპულარიზაცია მიდის გარკვეული ჯგუფის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერება. ვერანაირი შსს, ჯანდაცვის სამინისტრო ათ-ათჯერ გამრავლებული მთლიანობაში ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას, თუკი არ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა და სწორი გაცნობიერება იმისი, რომ ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო გასართობი ნარკოტიკები. მათ შეუძლიათ ისეთივე ფატალური შედეგები გამოიღონ, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკებმა.“ ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებმა ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებში სახელმწიფო, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტრო დაადანაშაულეს. 

„ჩვენ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რა გახდა ამ ადამიანების მოწამვლისა თუ გარდაცვალების მიზეზი. ეს არის ტიპური ჯანდაცვითი პრობლემა, როდესაც ადამიანების მასიური მოწამვლა ხდება ან გარდაცვალება. ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება ჩვენ დღეს არ მოგვისმენია,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა დავით სუბელიანმა. 

იგივე რიტორიკა გაჟღერდა 8 მაისს, საკლუბო ბიზნესის წაარმომადგენელთა ერთობლივ პერსკონფერენციაზეც. თბილისური კლუბების 30-მდე წარმომადგენელმა მედიასთან შეხვედრა კლუბ ,,ბასიანის“ ეზოში გამართა და განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ პრორუსული და რეგრესული ძალები იბრძვიან. დარჩა შთაბეჭდილება -ნაცვლად იმისა, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა გაიზიარონ, მისგან თავის არიდებას თემის პოლიტიზირებით შეეცადნენ. ფაქტია, ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირ პროცესზე უმაღლესი პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოს აკისრია. დღეს ისე, როგორც არასდროს, კანონის ადეკვატური რეგულაციები და მისი ზედმიწევნით აღსრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დაჩი შალიკაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში