Menu
RSS

„თეთრი სიკვდილის“ სკანდალური ანატომია

საიდან შემოდის საქართველოში „წამალი“ და როგორ შოულობდნენ ფულს ნაციონალები ნარკობიზნესით

საქართველოში პანიკაა და ეს ის შემთხვევაა, როცა პანიკისთვის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს _ ბოლო დღეებში, ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, არსებობს ცნობა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაშია და სიკვდილს ებრძვის. 

მკვლელი, რომელსაც ნარკოტიკი ჰქვია, ჩვენს ქვეყანაში ახლა არ გამოჩენილა ანუ წამალდამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, უძველესი დაავადებაა, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილი კოშმარია!

რა ხდება და ვინ ყიდის სიკვდილს? _ ამ კითხვას პასუხი, რასაკვირველია, სამართალდამცავებმა უნდა გასცენ, თუმცა იმისათვის, რომ პრობლემის სათავეს მივაგნოთ, ალბათ, უმჯობესია, თვალი ქართული ნარკობიზნესის ანატომიას გადავავლოთ -ანატომიას, რომლიდანაც ნათელი ხდება, რომ ნარკოვაჭრობის უკან იმთავითვე „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ დგანან. ახლა ეს, შესაძლოა, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ თავისთავად საყურადღებოა, რომ იგივე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ჩვენი ქვეყანა არაერთხელ მოხვედრილა ანუ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ხშირად აღუნიშნავთ, რომ საქართველოში ნარკომანიისა და, შესაბამისად, ნარკობიზნესის აყვავება-აღმავლობისთვის ნოყიერი ნიადაგი არსებობს. 

ასე, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებზე საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის 2005 წლის ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რომ „სუბოტექსის“ კონტრაბანდის ხარჯზე, საქართველოში ნარკომანთა რიცხვი 275 000-მდე გაიზარდა. 

სიტყვამ მოიტანა და, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუციის“ ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში „ვარდოსნები“ მოვიდნენ, ღვითსმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ნარკომანია ერთგვარად ელიტური გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნაციონალებმა ნარკომანიასთან ფასადური ბრძოლა დაიწყეს და... წამალდამოკიდებულთა უმეტესობა ისეთი ძვირი ნარკოტიკის შეძენას, როგორიც, მაგალითად, „სუბოტექსია“, ვეღარ ახერხებდა ანუ „სუბოტექსი“, „ჰეროინი“ თუ „მორფი“ მხოლოდ შეძლებულთა „დელიკატესად“ იქცა. დანარჩენები კი, იძულებულნი გახდნენ, ე.წ. კუსტარულ ნარკოტიკზე გადასულიყვნენ. 

სწორედ ნაციონალების ზეობის დროსვე გაჩნდა საქართველოში ნარკოტიკის, ასე ვთქვათ, ახალი სახეობა _ „კრაკადილი“. როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, ხელოვნურად შექმნილი სინთეზური ნარკოტიკი „კრაკადილი“ საქართველოში რუსეთიდან შემოდიოდა. 

„ქართველები ,,კოკაინს'' ვეღარ წვდებიან, რადგან ძალიან ძვირია. შემცირდა ისეთი პრეპარატის მოხმარებაც, როგორიცაა ,,სუბოტექსი''. ფაქტობრივად, აღარ გვყავს ,,ჰეროინის'' მომხმარებელიც. დღესდღეობით ნარკომანები ხმარობენ კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს _ ე. წ. ჯეფს და ვინტს. „სუბოტექსი“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველმა შეიყვნა ნარკოტიკთა სიაში. თავიდან, როდესაც სუბოტექსის შემოტანა დაიწყეს, ერთი აბი შედარებით იაფი _ 100 ლარი ღირდა და მას 4 ადამიანი იღებდა. დღეს კი შავ ბაზარზე სუბოტექსის ერთი აბი 800-900 ლარი ღირს. განა, რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ნარკომანს, რომ შავ ბაზარზე სუბოტექსი შეიძინოს? დღეში, მინიმუმ, 200 ლარი სჭირდება, რომ ეს პრეპარატი მოიხმაროს. 

საერთოდ, სამკურნალოდ სჯობს, ნარკომანი ნამდვილ ნარკოტიკს იღებდეს, ვიდრე _ სინთეზურს. ერთი შემთხვევა იყო ქუთაისში, ნარკომანი ,,უტკას'' 

მომხმარებელი იყო. ეს ახალი საშინელებაა, რომელიც რუსეთშია. 

,,უტკას'' უნიტაზების გასაწმენდად ხმარობენ, იხვის ფორმა აქვს და ჰქვია ,,კროტი''. 

,,უტკა'', იგივე ,,კროტი'' რუსეთში ძალიან მოდებულია ,,კრაკადილს'' ეძახიან, რადგან ტუალეტის საწმენდ ამ საშუალებაში არის ნივთიერება, რომელიც გამოჰყავთ, ამუშავებენ, ვენაში იკეთებენ, პირველივე გაკეთების შემდეგ დამოკიდებული ხდებიან და ორ კვირაში ნიანგივით უხდებათ კანი, უხმებათ კიდურები, უსკდებათ კუნთები და ქირურგი და რეანიმატოლოგიც ვეღარ შველის. ვინც ამ ე.წ. ნარკოტიკს იკეთებს იცის, რაც მოუვა, მაგრამ მაინც იკეთებს, რადგან ნამდვილი ნარკოტიკის საყიდლად ფული არ აქვს და ალქიმიკოსობს,“ _ ესაა ამონარიდი ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მამუკა ლეჟავას ინტერვიუდან, რომელიც ქართულ ბეჭდურ მედიაში 2012 წლამდე, ესე იგი, ნაციონალების ზეობის დროს გამოქვეყნდა. 

„ხელისუფლებაში ნარკობარონები არიან,“ _ ეს განცხადება კი 2010 წელს მწვანეთა პარტიის ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ გააკეთა, თუმცა ნარკობარონთა გვარები არ დააკონკრეტა. სამაგიეროდ, ბატონმა გაჩეჩილაძემ, გაერო-ზე დაყრდნობით გვამცნო, რომ ამიერკავკასიაში, წელიწადში, 11 ტონა ჰეროინი შემოდიოდა. 

„შემოსვლა, ძირითადად, ორი მარშრუტით ხდება: ავღანეთი-იარანი-აზერბაიჯანი _ 9 ტონა და ავღანეთი-შუა აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი _ 2 ტონა. აქედან, 7 ტონა საქართველოს საზღვაო პორტებიდან, ძირითადად, ფოთის პორტიდან ევროპაში გადის. რეგიონში კი სულ 4 ტონა ჰეროინი რჩება. აშშ-ს ადმინისტრაციიის მონაცემები, საქართველოზე რეგიონში მოხმარებული ნარკოტიკების, მინიმუმ, 59% ანუ 2,4 ტონა ჰეროინი მოდის. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოში 9-10 ტონა ჰეროინი მოძრაობს. 

საქართველო 100 მოსახლეზე, ჰეროინის მოხმარებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამ მხრივ იგი უსწრებს რუსეთს, ესტონეთსა და დიდ ბრიტანეთს... 

გაერო-ს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 7 ტონა ჰეროინი შედის. საქართველოდან ევროპაში ჰეროინი შავი ზღვის პორტების გზით გადის: საქართველო-ბულგარეთი _ 6 ტონა, საქართველო-უკრაინა _ 1 ტონა. 

აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, საქართველოში დღეისთვის ნარკოტიკების 240 000-დან 350 000-მდე მომხმარებელია. 2003 წელს კი საქართველოში 150 000 ნარკოდამოკიდებული იყო. 

ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია საზოგადოების შრომისუნარიან ნაწილში ანუ 21-დან 40-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის ექსკლუზიური უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში რეგისტრირებული 4 989 ნარკოტიკული დანაშაულიდან მხოლოდ 4-ია ნარკოტიკების კონტრაბანდა, 9 კი -რეალიზაცია. 

კიდევ უფრო გასაოცარია ჰეროინის ამოღების დონე: 2008 წელს ამოღებული და განადგურებულია 8,3 კგ. ჰეროინი. გაერო-ს მონაცემებით, საქართველოში ერთი გრამი სუფთა ჰეროინის ე.წ. ქუჩის ფასი 350 აშშ დოლარია. 

საინტერესო დეტალი: ევროპაში ჰეროინის რეალიზაცია 240%-იან მოგებას იძლევა. საქართველოში კი წლიური მოგება 0,5 მილიარდი აშშ დოლარია. 

საქართველო ჰეროინის წლიური ფასით მსოფლიოში პირველ ადგლზეა, რაც პირდაპირ ამ კრიმინალური ბიზნესის მონოპოლიურობაზე მიანიშნებს. 

ჰეროინის ტრანზიტიდან შემოსავლის ანგარიში შეუძლებელია, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი რაოდენობის ჰეროინის საზღვარზე გადატანა კორუფციული გარიგების გარეშე ვერ მოხდება და, სავარაუდოა, რომ ტრანზიტის განხორციელების ფასი ქვეყანაში დატოვებული ჰეროინია. ასე რომ, ქართული ნარკოკარტელის შემოსავალი შეიძლება არა მარტო ჰეროინის გაყიდვით მიღებული მოგება იყოს, რადგან მისი მთლიანი ღირებულება 840 მლნ აშშ დოლარია წელიწადში,“ _ აცხადებდა 2010 წელს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე და დასძენდა, ნარკოდამოკიდებული ადამიანი მხოლოდ დიდი შემოსავლის წყარო კი არა, ხელისუფლების პოლიტიკური დასაყრდენიცააო. 

სხვათა შორის, მოარული ინფორმაციით, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, მმართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კრიმინალური წარმოშობის იყო. ნაცმოძრაობის დამხმარე მეორე კატეგორიას 2008 წლის არჩევნებზე კრიმინალური ელემენტები წარმოადგენდნენ, რომლებისგანაც პოლიცია მოითხოვდა მათი ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებას ამომრჩეველზე. სამაგიეროდ, მათ სთავაზობდნენ სხვადასხვა შეღავათს მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარებასა და სხვა დანაშაულზე თვალის დახუჭვის ან მეგობრის ციხიდან გათავისუფლების სახით. მათ მუშაობას თვალს ადევნებდნენ სოდ-ის თანამშრომლები. 

2010 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემალმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა შს ყოფილმა მინისტრმა და, ასევე ყოფილმა პრემიერმა, ივანე მერაბიშვილმა დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო, რომ „კოკაინის“ გადამტანი ხუთკაციანი ჯგუფი დააკავა, რომელსაც ორგანიზებას ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი უწევდა. 

არაოფიციალურად კი ითქვა, რომ ამ ჯფუფის ერთ-ერთ წევრს, ვინმე თენგიზ გურჩიანს კავშირი პოლიციის იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ჰქონდა. 

დაახლოებით, ოთხი წლის წინ, უშიშროების ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გავიცანი, რომელიც პრივატული საუბრისას 90 კილოგრამი კოლუმბიური „კოკაინის“ საქმესაც შეეხო და აღნიშნა, ყველაფერი ეს „ნაციონალურ კლანებს“ შორის გარჩევებს უკავშირდებოდაო: 

,,_ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მე-20 საუკუნის 90-იან წლებშიც ამოიღეს, მაგრამ მაშინ საუბარი არც „ჰეროინზე“ იყო და არც _ „კოკაინზე“. საერთოდ, ჩვენს, ასე ვთქვათ, არეალში ანუ ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში „კოკაინი“ იშვიათობაა და დიდი რაოდენობით „კოკაინი“ ერთადერთხელ, 2010 წელს ამოიღეს... ჩვენთან, ძირითადად, ავღანური ნარკოტიკი ტრიალებს... 

_ ნარკოტიკი ირანშიც იწარმოება? 

_ ნაკლებად, რადგან ირანი ფუნდამენტალისტური ქვეყანაა, ფუნდამენტალისტური ისლამი კი, ნარკოტიკის მხოლოდ მიღებას კი არა, წარმოებასაც კრძალავს, დასჯის მეთოდებიც სასტიკია... 

90-იან წლებში, თუ არ ვცდები, ჯემალ გახოკიძის უშიშროების მინისტრობისას, საქართველოს ტერიტორიაზე „მარიხუანის“ დიდმა პარტიამ გაიარა, რომელიც თურქეთში დააკავეს. 

_ ქართველებმა დააკავეს? 

_ დიახ, ქართველებმა, თურქ სამართალდამცავებთან ერთად. კარგად მახსოვს, ამ ოპერაციას დიდი გამოხმაურება მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არა, დასავლეთშიც მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ეს ქართველი და თურქი სპეცსამსახურების თანამშრომლობის პირველი შემთხვევა იყო. ამის შემდეგ, ნარკოტრანზიტის კიდევ რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მაგრამ ამხელა, ასე ვთქვათ, ტვირთთან შეხება ქართველ სამართალდამცავებს ხშირად არ აქვთ. 

მოკლედ, საქართველო ნარკოტრანზიტია და, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ირანზე გამავალი მარშრუტია. 

_ ანუ, ნარკოტიკი ირანიდან მოდის? 

_ არა, ავღანეთიდან ნარკოტიკი ჯერ ირანში მიდის, მერე _ აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან _ საქართველოში. საქართველოდან კი ორი გზა არსებობს: ერთი რუსეთში მიდის, მეორე _ თურქეთში, თუმცა თურქეთიც ტრანზიტული ქვეყანაა,“ _ მითხრა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ვარაუდობდა, რომ ნარკოტრაფიკში, შესაძლოა, გადამზიდავი კომპანიები ყოფილიყვნენ ჩართულნი.

„თავის დროზე ერთი გადამზიდავი კომპანია ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული, მეორე კი, _ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებთან. ამ მაღალჩინოსნებიდან ერთი დღესაც მაღალ თანამდებობაზეა და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს... როცა გადამზიდავი კომპანიის სატრანსპორტო საშუალება ნარკოტრაფიკშია ჩართული, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ნარკოტრაფიკის კარგად ჩამოყალიბებულ სატრანზიტო სქემასთან გვაქვს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ საუბარი ბარტერზე იყოს. 

_ რას გულისხმობთ? 

_ ამ მარშრუტით, აზიაში შეიძლება, იარაღი მიდის, აზიიდან კი, რუსეთში ნარკოტიკი შეაქვთ. 

კარგად მოგეხსენებათ, რომ ნაცმოძრაობის დროს, შსს-ში ორი მიმართულება ერთმანეთთან იყო დაპირისპირებული ანუ არსებობდა მერაბიშვილისა და კოდუა-თარგამაძის მიმართულებები. თუ გახსოვთ, 2010 წელს, მიწაში ჩამარხული „კოკაინის“ ამოღებისას ითქვა, რომ დაკავებულ ხუთკაციან ჯგუფს კავშირი ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვთან ჰქონდა. არაოფიციალურად კი ცნობილი გახდა, რომ ამ ხუთკაციანი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, „კრიმინალური ავტორიტეტი“ თენგიზ გურჩიანი ერეკლე კოდუასთან იყო დაკავშირებული. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ნარკოტიკებით ვაჭრობასაც ის ლობირებს, ვინც იარაღის უანონო ბიზნესშია ჩართული. 90 კილოგრამი კოლუმბიური „კოკაინის“ ამოღებიდან მალევე, კოდუა, ასე ვთქვათ, ჩამოალაბორანტეს და ისეთი დეტალებიც გამოიკვეთა, რაც ფულის გადანაწილებას ეხებოდა. სწორედ ფულმა განაპირობა შსს-ს კლანების დაპირისპირება. მართალია, სააკაშვილი ცდილობდა, ეს კონფლიქტი ფართო ასპარეზზე არ გამოსულიყო, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დათა ახალაიამ, როგორც მაშინ ითქვა, კოდუას ესროლა და დაჭრა. საერთოდ, დეპარტამენტის უფროსები ერთმანეთს სასიკვდილოდ სამსახურეობრივ ნიადაგზე არ იმეტებენ. ეს ინციდენტი, დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ ფულისა და შავი ბიზნესის გამო მოხდა, რომელშიც ყველა მხარე იყო ჩართული. 

პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ ნარკოტრაფიკს მერაბიშვილი ლობირებდა, მაგრამ ჩვეულებრივი პრაქტიკაა: როცა ქვეყანაზე ამდენი ნარკოტიკი გადის, ამ ქვეყნის საზღვარზე და ძალოვანებში ლობისტები უნდა გყავდეს, თან ნუ დაგავიწყდება, თუ როგორ იყო საქართველოს შსს-ს მაშინ მოწყობილი, როცა მინისტრი მერაბიშვილი გახლდათ. 

_ ისე, ნაცმოძრაობა ნარკომანიას ხმალამოღებული ებრძოდა... 

_ ეს ფასადური ბრძოლა იყო, თორემ გაიხსენეთ, ნაცმოძრაობა ნარკომომხმარებლებს როგორ მართავდა და ყველაფერი ნათელი გახდება. 

_ 2005 თუ 2006 წელს, თბილისში კამპანია დაიწყო _ ადამიანები ცალკეული სუბიექტების სახლებზე წარწერებს აკეთებდნენ: ,,აქ ცხოვრობს ნარკობარიგა!” თავის დროზე ითქვა, რომ ამ კამპანიის უკან ,,ნაციონალები'' იდგნენ... 

_ ამ კამპანიის უკან სხვა დინებები იყო... 

_ „ნარკობარიგების გამოვლენის“ კამპანია ვიღაცების „დავერბოვკებას“ ხომ არ ემსახურებოდა, ან ერთი კლანი მეორის ჩაძირვას ხომ არ ცდილობდა? 

_ გამორიცხული არაფერია... სხვათა შორის, ყველა არჩევნების წინ, ნაცმოძრაობა ნარკომანებს, რომლებიც აღრიცხვაზე იყვნენ, აიძულებდა, რომ მათ ოჯახებს არჩევნებზე, მინიმუმ, 100-100 ხმა მიეტანათ ანუ ნარკომანიასთან ბრძოლას ნაციონალები პოლიტიკურ ასპექტში იყენებდნენ.“ 

მახსოვს, უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა ისიც მითხრა, ნარკო და იარაღის ბიზნესი ურთიერთკავშირშიაო. ცხადია, ჩავეძიე, რას გულისხმობთ-მეთქი. მან პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და 2009-2010 წლები გაიხსენა, როცა იარაღის რამდენიმე ბარონი დაიჭირეს: 

„ამ დაჭერით ამერიკელებმა იარაღის ტრაფიკის ალჟირის, იორდანიისა და არაბული ქვეყნების მიმართულება გადაკეტეს. ერთადერთი ხაზი, რომელიც ამ დრომდე არსებობს, ამიერკავკასიაა, საიდანაც ირანში იარაღის ტრაფიკის განხორციელებაა შესაძლებელი. ლაპარაკია ჩვეულებრივ შეიარაღებაზე, რომლის გაკონტროლებაც გაერო-სა და სპეცსამსახურების მიერ ძალიან ძნელია. 

2010 წელს, აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება საქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ანუ ეს ამერიკელებისთვის სიგნალი იყო და გადაწყვიტეს, რომ ეს არხი, ადრე თუ გვიან, გადაეკეტათ. ჩემს ხელთარსებული მასალების გაანალიზებით, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება სწორედ ამ ნარკო და იარაღის ტრაფიკის გადაკეტვას ემსახურებოდა. 

_ ნარკოტიკი საქართველოში რომ რჩებოდეს, გასაგებია, ამით ვინც იხეირებდა, მაგრამ ტრანზიტისშემთხვევაში, ფული როგორ ნაწილდება? 

_ ტრანზიტის დროს, მოგებას გადამზიდავი კომპანიები და ელიტურ კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნები ნახულობენ. ავტორიტარული ხელისუფლებით ნაციონალები ისე გაირყვნენ, რომ ამ სიბინძურეში თავიდან ფეხებამდე ჩაეფლნენ. ჰოდა, ჩემი აზით, ნაციონალებს ყველაზე მეტად კოდუას ალაპარაკების უნდა ეშინოდეთ, რადგან თუ კოდუა ალაპარაკდა, სააკაშვილი სერიოზულად დაზარალდება... ასევე, გივი თარგამაძის ალაპარაკებისაც უნდა ეშინოდეთ. როცა ამხელა არალეგალურ ბიზნესში ხარ ჩართული, შენს თავს კი არა, უკვე ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სინდიკატს ეკუთვნი, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია და ეს მცდელობა ადამიანს, შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. 

იარაღით უკანონო ვაჭრობის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოგება ნარკობიზნესს მოაქვს. ავღანეთი ამ ორივე ინტერესის, ასე ვთქვათ, ჯამია _ იქ ნარკოტიკი იწარმოება, თან კონფლიქტური რეგიონია და იარაღია საჭირო. ხვდებით, საქმე რასთან გვაქვს და ავღანეთში რა რაოდენობის თანხაზეა ლაპარაკი?!“ 

როგორ შემოდის ე.წ. კლუბური ნარკოტიკი საქართველოში, რომელსაც ბოლო დროს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა? _ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა იგივე სოციალურ ქსელში იწერება, რომ ერთ-ერთი არხი, საიდანაც „მეფედრონი“ თუ სხვა მომაკვდინებელი სინთეტიკი თბილისამდე აღწევს, ჩვენი ოკუპირებული რეგიონებია. 

სხვათა შორის, „სეპარატისტული ნარკოტიკების“ ტერმინი უცხო არაა. ყოველ შემთხვევაში, კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე 2010 წელს მედიასთან სწორედ ამ ნარკოტრასაზე საუბრობდა. 

„ოკუპირებულ რეგიონებში ნარკობიზნესის აყვავება იმდენად პრობლემატური გახდა, რომ ამას არც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მალავენ. ედუარდ კოკოითიმ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ოფიცრები თავად მფარველობენ ნარკოდილერებს. აფხაზეთის „პრეზიდენტი“ სერგეი ბაღაფში კი ნარკოტიკით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების საჭიროებაზე საუბრობ: „ყველამ იცის, თუ სად მოჰყავთ ნარკოტიკი რესპუბლიკაში და საიდან შემოდის ის. პოლიციის მუშაობა ამ მიმართულებით თვალსაჩინო სულაც არაა“. 

„ეს განცხადება თვითონ ბაღაფშისთვის არის შირმა. არა მარტო პოლიცია, არამედ სეპარატისტული ლიდერებიც ძალიან კარგად ითბობენ ხელს ამ ბიზნესით, _ ამბობს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ბესიკ სილაგაძემ, _ არაა გასაკვირი, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი ბაღაფშთანაც მიდიოდეს. ბაღაფშის ეს განცხადება შეიძლება გახდეს ე.წ. ძალოვანებში მისი მოწინააღმდეგეების წმენდის ერთ-ერთი მიზეზი.“ 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში ადგილზე მოჰყავთ მარიხუანა და ჰაშიში. ისეთი ნარკოტიკები კი, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი, აფხაზეთში შემოაქვთ თურქეთიდან რუსეთში ტრანზიტისათვის: 

„ნარკოტიკების იმპორტი ხდება თევზსაჭერი გემებით. რეგიონში ნარკობიზნესის ცენტრებად ითვლება სოხუმი და გუდაუთა. სოხუმში ძირითადი სატრანზიტო ცენტრი საზღვაო პორტია, გუდაუთაში კი ყოფილი რუსული სამხედრო ბაზა.“ 

გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში ხდება ყაყაჩოსა და ველური კანაფის მოშენება (ე.წ. პლანი), სოხუმში ამ ბიზნესით დაკავებული არიან ეთნიკური სომხები, გუდაუთაში _ აფხაზები. ნარკოტიკებს ისინი ყიდიან როგორც რუსეთში, ისე _ ჩეჩნეთში, ასევე, გემებით გააქვთ თურქეთში. ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აფხაზეთში ჩრდილოკავკასიიდან, კერძოდ, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან შედის. 

საქართველოს შსს-ს ცნობით, რუსეთის სახმელეთო და საზღვაო ძალებისთვის, რომლებიც იყენებენ გუდაუთაში მდებარე პორტსა და აეროდრომს, ნარკოტიკის გადატანა მეტად მოსახერხებელია. რუსეთის საჰაერო ძალებს ადვილად შეუძლიათ მისი ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან გუდაუთის აეროპორტში. ამის შემდეგ ნარკოტიკი მიემართება ევროპისაკენ. 

„აფხაზეთში კუსტარულ ლაბორატორიებში წარმოებული ნარკოტიკი დამნაშავეებს გამართული არხებით შეაქვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მდინარე ფსოუს გავლით. ნარკოტიკის გავრცელების აღნიშნულ მარშრუტს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ აფხაზეთისა და რუსეთის სამხრეთ რეგიონში მცხოვრები სომხები. მათ მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების საზღვარზე გადატანა ძირითადად აგვისტო-თებერვლის პერიოდში ხდება. მოთხოვნილება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მნიშვნელოვანწილად აფხაზეთიდან და ცხინვალიდან კმაყოფილდება,“ _ ამბობს შსს-ს ერთ-ერთი ანონიმი მაღალჩინოსანი. 

ნარკობიზნესი საკმაოდ წარმატებით ვითარდება ცხინვალის რეგიონშიც. როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის კორიდორი (როკის გვირაბი) დღემდე ღიაა იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისათვის: 

„ცხინვალის რეგიონში ნარკობიზნესით არა მარტო ხელისუფლება, არამედ რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფებაცაა დაკავებული. ამ საქმეში ჩართულია თავად დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ძმა და ადგილობრივი ძალოვნები.“ 

ბესიკ სილაგაძის განცხადებით, აფხაზეთი როგორც პოლიტიკური, ასევე კრიმინალური თვალსაზრისით უკონტროლო ტერიტორიაა: 

„არა მარტო ნაკრობიზნესზეა საუბარი, არამედ საკმაოდ აქტიურია იარაღით ვაჭრობის საკითხიც. ნარკოტიკები იქ ხვდება რუსეთიდან და ამას საოკუპაციო ძალები ლობირებენ. მათ გარეშე იქ არაფერი არ ხდება. შესაბამისად, ეს არის რუსული საოკუპაციო ძალებისა და სეპარატისტული რეჟიმის ერთობლივი პროექტი. 

ზუსტად ამიტომაც ითხოვს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ აქტიური მხარდაჭერა გაუწიონ იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდეს მონიტორინგის განხორციელება, შევიდეს საპოლიციო მანდატით აღჭურვილი ძალები, რომლებიც გააკონტროლებენ პოლიტიკურ სტაბილურობას და დაარეგულირებენ კრიმინოგენულ სიტუაციას.“ 

„ახალგაზრების უმრავლესობა ნარკომანია. ბარამიამ თქვა, რომ 500-მა აფხაზმა აიღო საქართველოს მოქალაქეობა და იცით რა, ამ ხალხის გარკვეული რაოდენობა არის ავადმყოფი. დაავადებული ადამიანები, რომლებიც აქ მკურნალობენ სხვა და სხვა დავადებებს, მათ შორის არიან შიდსით დაავადებულები. კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ აფხაზეთში, ეს ძალიან კარგად იცის “ხელისუფლებამ” მაგრამ თვალს ხუჭავენ. 

ნარკოტიკების შესვლა იქ პრობლემა არაა. საკმაოდ დიდია ნარკომანების რიცხვი, ანალოგიური ვითარებაა სამხრეთ ოსეთშიც. რაც შეეხება იმას, ვინ მფარველობს ამ ბიზნესს, მინდა გითხრათ, რომ საოკუპაციო ძალებიც მონაწილეობენ ამ ბიზნესში და მათ გარეშეც აქვთ აწყობილი საქმე. საერთოდ აფხაზეთშიც და ცხინვალში კრიმინალები და ძალოვანები ისე არიან გადაჯაჭვული ერთმანეთს, რომ ძალიან რთული გასარჩევია სად იწყება ძალოვანები და სად მთავრდება კრიმინალი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ჩართული არიან ამ საქმეში სხვა და სხვა ფორმით,“ _ ციტირებდა მამუკა არეშიძის სიტყვებს ერთ-ერთი ქართული გაზეთი, რომელმაც აღნიშნული სტატია 2010 წელს გამოაქვეყნა. 

სხვათა შორის, 2014 წელს, ქართველმა სამართალდამცავებმა უპრეცედენტო სპეცოპერაცია ჩაატარეს _ 3 ტონამდე თხევადი ჰეროინი ამოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც 93 ერთეული 30-კილოგრამიანი კასრით იყო დატვირთული, აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. შსს-ს ინფორმაციითვე, საქმე ნარკოტიკულისაშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე აღიძრა, თუმცა როგორ დამთავრდა გამოძიება, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ორი დღის წინაც ჩატარდა _ ვარკეთილში ახლაგაზრდა გოგონა დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. ბიოთი ვაჭრობდა. 

საერთოდ, ნარკომანიის და, შესაბამისად, ნარკობიზნესის დამარცხება, ალბათ, შეუძლებელია, რადგან ყველა ხვდება, რომ ამ საქმით ვიღაცები ძალიან დიდი ფულს „ჭრიან“, მაგრამ დროა, ერი და ბერი გაერთიანდეს და „თეთრ სიკვდილს“ ბრძოლა ერთიანი ძალით გამოუცხადოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გენოციდის წინაშე აღმოვჩნდეთ _ დიახ, ორ კვირაში „აბაზანის მარილით“ სამი-ოთხი ადამიანის გარდაცვალება, მართლაც, გენოციდის ტოლფასია! 

ასე რომ, ქალბატონებო და ბატონებო, ფრთხილად, ქა¬ლაქში მკვლელია, მკვლელი, რომლის განეიტრალებასაც საზოგადოების ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცი¬აში ხედავს. ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და, ცხადია, ვერ გეტყვით, ლიბერალიზაცია რა შედეგს მოიტანს, თუმცა წამლის მოხმარების გამო ადამიანები ციხეში რომ არ უნდა გავუშვათ, ცხადია. ასევე, ცხადია, რომ წამალდამოკიდებუ-ლებს ანუ მათ კი არ უნდა ვებრძოლოთ, ვინც ავადმყოფები არიან, არამედ, მკაცრად ,,ბარიგები'' და ნარკობარონები უნდა დავსაჯოთ! ყველაფერს კი, უდავოა, ცხოვრების ჯანსა¬ღი წესი სჯობია. ჰოდა, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, რაც არსებული სიტუაციიდან, ალბათ, ერთ-ერთი რეალური გამოსავალია!

ნათია დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში