Menu
RSS

„ამ ბიჭებს აუცილებლად გამოვიყვანთ და ვაი იმის თავს, ვინც ამას წინ დაუდგება!“

გია ჟორჟოლიანმა, დავით ჭიჭინაძემ და გედი ფოფხაძემ „ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს სასამართლოში უშუამდგომლეს

,,ქართული მარშის'' დაკავებული წევრები შიმშილობას განაგრძობენ. როგორც ,,მარშის'' წარმომადგენელი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, მათგან ორი უმძიმეს მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას შემდეგ, რაც ,,რუსთავი 2''-თან სკანდალის შემდეგ, ,,მარშის'' 7 წევრი დააკავეს, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წინა კვირას კი საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც დაკავებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. სასამართლომ ,,ქართული მარშის'' ყველა დაკავებული პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დაკავებულების ადვოკატი, ილია ლომია, განმარტავს, რომ ,,ქართული მარშის'' აქტივისტებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით წაუყენეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მათგან ორ პირს ბრალი დაუმძიმდათ, ერთ-ერთს დამატებით სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, ხოლო მეორეს _ სხეულის მსუბუქი დაზიანება ედებათ ბრალად: ,,ხულიგნობა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში შედის, რაც სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე. ზოგიერთმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ ეს სსკ-ით არ ისჯება. გამოძიება ჯერ დასრულებული არაა და ვადა 7 ივნისამდე გაგრძელდა. ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია მათი პატიმრობაში ყოფნა. 

როცა დააპატიმრეს, ბრალდების მხარის მოტივაცია და არგუმენტი ის იყო, რომ გამოსაკითხი ჰყავდათ პირები და ბრალდებულებმა, შესაძლოა, ხელი შეგვიშალონო და ა.შ. მას შემდეგ 2 თვე გავიდა, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა, ათეულობით მოწმე დაიკითხა, არაერთი სახის ექსპერტიზა ჩატარდა. ფაქტობრივად, გამოძიება დასრულებულია და ბრალდებულებს ხელის შეშლა რომ სდომებოდათ, ადვოკატის ან ვინმე სხვა პირის მეშვეობით მიაწვდიდნენ ხმას. არანაირი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა არ ჰქონიათ და არც კი უფიქრიათ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ჩაატარონ გამოძიება და გაათავისუფლონ ეს დაკავებულები მათი წარსულის გათვალისწინებით, ისინი ნასამართლევი არ არიან. გამოძახებისთანავე გამოცხადდებიან და ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას''. 

,,ქართული მარშის'' წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პატრიარქს შეხვდნენ: ,,საპატრიარქოს მხარდაჭერა გვაქვს, მიიჩნევენ, რომ დაკავებულები უკანონო პატიმრები არიან. პოლიტიკურ პარტიებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, არა მხოლოდ ,,პატრიოტთა ალიანსთან'', არამედ ,,ოცნების'' ბევრი დეპუტატთან. გია ჟორჟოლიანმა, დავით ჭიჭინაძემ, გედი ფოფხაძემ სასამართლოს დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობითაც კი მიმართეს. ღმერთისა და უწმინდესის იმედი გვაქვს, რადგან უწმინდესმა ითხოვა ამ ბიჭებისთვის ყურადღების მიექციათ და, როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობენ. 

ვფიქრობ, სასამართლოზე იმ ძალებმა მოახდინეს ზეწოლა, რომლებსაც ლობირებს ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები. პატიმრობაში დატოვების შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს, რადგან ამ ადამიანებს შეიძლება, ადმინისტრაციული დანაშაული დაუმტკიცდეთ, ბრალი კი სისხლის სამართალში აქვთ წაყენებული. რაც არ დაუშავებიათ, იმაზე აგებინებენ პასუხს. გიგი უგულავა რომ 48 მილიონს მოიპარავს და ერთ საათში გავარდება ხონში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ამ ბიჭებს გინების გამო ციხეში სვამენ, ეს ადეკვატურია?! თუნდაც ,,გირჩის'' მოქმედება და ამათი მოქმედება ერთმანეთთან თანაფარდია?! გაბუნიას კი არა, მთელ შსს-ს აგინა ,,გირჩმა'' ანბანის მიხედვით და ისინი 10 დღით დააკავეს. ის კი არ მინდა, ,,გირჩი'' 10 წლით დააკავონ, ეს არასდროს იქნება ჩემი მიზანი, მაგრამ ფაქტია, იმ ხალხს ჯარიმები დაუწერეს და ამათ კი პატიმრობა მიუსაჯეს. არ მგონია, ეს ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს. ამ ბიჭებს აუცილებლად გამოვიყვანთ და ვაი იმის თავს, ვინც ამას წინ დაუდგება. ველოდებით იმას, რომ უწმინდესის თხოვნა ყურად იღონ და თუ ასე არ მოხდება, ამ ქვეყანაში სხვა პროცესები დაიწყება.'' 

პარლამენტის დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ სასამართლოს შუამდგლომლობით მართლაც მიმართეს, თუმცა ,,ქართულ მარშთან'' სხვა ნებისმიერ თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს: ,,მივმართეთ სასამართლოს, რომ სანამ გამოძიება დასრულდება, ეს ადამიანები გარეთ ყოფილიყვნენ. ამის გარდა, ,,ქართულ მარშთან'' არაფერზე საუბარი არ გვქონია. დაკავებულების დედები მოვიდნენ ჩვენთან, თან ბრწყინვალე შვიდეული იყო და, თუ არსებობს გირაოს სანაცვლოდ გამოშვების პრაქტიკა, თან ,,ქართული მარშის'' გარკვეული ნაწილიც გარეთაა და თუ მიმალვის ან სხვა დაშაუალის ჩადენის ხიფათი არ არსებობს, გამოიყენება სასამართლომდე გარეთ ყოფნის ინსტიტუტი. ქალბატონებს ვერ ვუთხარი უარი, თორემ არ მგონია, რომ ზოგადად, დეპუტატების ხელმოწერებს ითვალისწინებდნენ.''

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში