Menu
RSS

მიზანი ამართლებს საშუალებას?!

ზვიადაძის საფლავი ქუთაისში და ფარმაცევტული აფერა ციხეში!

დიდი ხანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ სიტუაციაზე არაფერი დაგვიწერია, თუმცა, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ერთი თვის წინ, თურქეთში ჩაცხრილულ ქართველ კანონიერ ქურდზე, გაიოზ ზვიადაძეზე ვთქვათ.

საქმე ისაა, რომ წესითა და რიგით (ქურდული კანონებითაც), ზვიადაძის მკვლელობის შემდეგ, ქურდები უნდა შეკრებილიყვნენ, ვერსიებზე ემსჯელათ და უნდა ეთქვათ, ვისზე ჰქონდათ ეჭვი, ვის შეეძლო მოეკლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი, თუმცა ასეთი რამ არ მომხდარა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ქურდი შეკრების გამართვას ითხოვს, ბობოლა ქურდებს არ სცალიათ. მერაბ ჯანგველაძე იტალიაშია და ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს, ლაშა შუშანაშვილი ჯერ-ჯერობით ისევ საბერძნეთის ციხეში ზის და გამოსვლას ელოდება, ნადირ სალიფოვი თურქეთის დატოვებას არ აპირებს. მოკლედ, გარდაცვლილისთვის არავის სცალია და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ზვიადაძის მკვლელი დაუსჯელი დარჩეს. მითუმეტეს, თურქეთის პოლიციამ ამ საქმეზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა _ აქაოდა, მათ წინააღმდეგ სამხილი არ მაქვსო. 

ცნობისათვის, ზვიადაძე მშობლიურ ქუთაისში, მშობლების გვერდით დაკრძალეს და ახლა ხელიდან ხელში (ან ტელეფონიდან ტელეფონში) გადადის ფოტო ზვიადაძის საფლავიდან, რომელიც აღდგომასაა გადაღებული. ქურდის სამარე ყვავილებით მოქსოვილი ქურდული ვარსკვლავებით არის შემკობილი... სხვათა შორის, სურათებში ისიც ჩანს, ვისი გამოგზავნილია ეს ქურდული ვარსკვლავები. 

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ჩვენი ინფორმაციით, პატიმრები მედიკამენტების ნაკლებობაზე წუწუნებენ და ოჯახის წევრები იძულებული არიან, წამლები გარედან შეაგზავნონ. მოგეხსენებათ, წამალი იაფი არ ღირს და ყველას მისი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა ვისაც ამის ფული არ აქვს, განუსაზღვრელი ფანტაზია გააჩნია. ისტორიას, რომელსაც ახლა მოგიყვებით, რუსთავის #17-ე დაწესებულებაში 2012 წელს მოხდა. 

პატიმარი #0578 ზონაზე ახალი მიყვანილი იყო და თანამოსაკნეებს ახლოს არ იცნობდა, თუმცა ყველასთან დამეგობრებას არც ცდილობდა, რადგან კამერაში ერთი ბავშვობის მეგობარი დახვდა და ეს სავსებით აკმაყოფილებდა. ჰოდა, სწორედ იმ ბავშვობის მეგობარმა უთხრა, ლაშას არაფერი ათხოვო, თუ ათხოვებ, გადააგდეო. როცა #0578 მიზეზით დაინტერესდა, ძმაკაცმა ჩუმად უთხრა, ცეროზი აქვს, ტუბერკულოზიც ქრონიკული და გადაგდებს, აწყობს. 

_ რას ჰქვია აწყობს და რატომ გადამდებს?! _ გაოცდა #0578. 

_ იმიტომ, რომ წამლების ფული არ აქვს. ერთს აკიდა აქ და ტუბის გამო, ტუბზონაზე წაიყვანეს ქსანში, _ აუხსნა მეგობარმა. 

_ როგორ აკიდა, სექსი ჰქონდა!_ გაეცინა #0578-ს. 

_ სექსი კი არა, რასაც გეუბნები დამიჯერე, არაფერი ათხოვო და თუ ათხოვებ, მერე გადააგდე, _ გაბრაზდა ძმაკაცი და პატიმარმაც აღარაფერი უთხრა. 

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ლაშა #0578-თან მილასლასდა, ნარზე ჩამოუჯდა და ჩუმად უთხრა _ „თუ ჩემი ძმა ხარ, ფრჩხილების საკვნეტი დამემტვრა და შენი მათხოვე რა, სანამ ახალს ამოიტანენ, დაღამდება და მე კიდევ იმხელა ფრჩხილები მაქვს ფეხზე, ლამისაა კატასავით დავკაწრო იატაკი“,_ უთხრა ლაშამ. 

#0578-ს მეგობრის გაფრთხილება საერთოდ არ ახსოვდა, ამიტომ ლაშას ფრჩხილების საკვნეტი მაშინვე ხელში ჩაუდო და ისიც მადლობითა და თავის კანტურით გაეცალა. დაახლოებით, ერთ საათში, ლაშამ ნივთი დაუბრუნა, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და გაბრუნდა. #0578-ის მეგობარმა დათომ ეს ყველაფერი შემთხვევით დაინახა და მაშინვე ეცა: 

_ რა მოგცა ლაშამ?! 

_ ფრჩხილების საკვნეტი ვათხოვე, _ უთხრა #0578-მა და დათომაც მაშინვე მოკიდა საკვნეტს ხელი, ჯიბეში ჩაიდო და მეგობარს მშვიდად უთხრა _ ახალი იყიდე, ლარი ღირს. 

_ არ მეტყვი, რა ხდება?_ ვეღარ მოითმინა #0578-მა. 

_ რა ხდება და იდიოტი ხარ. ეს ჩინური ფრჩხილების საკვნეტი ლარი ღირს და აქვს ყველას. ვისაც არ აქვს, ნებისმიერს სთხოვს და უყიდის, მაგრამ ლაშა და მისნაირები მათხოვრობენ და მათხოვრობენ იმიტომ, რომ გათვლა აქვთ _ ახლა მაგ საკვნეტით ლაშა ფრჩხილებს კი არა, ხორცს მოიკვნეტდა, სისხლს გამოუშვებდა, ამასაც წაუსვამდა და ისე დაგიბრუნებდა. ეს ხომ ჩინურია, ანუ ცუდია და ფრჩხილი რომ მოიჭრა, კარგად უნდა იწვალო. ჰოდა, შენც ათიდან რვა შემთხვევაში, ფრჩხილებიდან სისხლი წამოგივა და აქედან თუ ინფექცია შეგეჭრა, ტუბის ჩხირი და „ცე“ ჰეპატიტი ზედ გაქვს. მერე, როცა ამ ყველაფერს აღმოაჩენ და შენები წამლების ზიდვას დაიწყებენ ზონაზე, ლაშა საკამერნიკია, მოვა, გეტყვის, მეც ეგ მჭირს, ცოტა მეც მომეციო და თავს უმკურნალებს შენს ხარჯზე. გაიგე ახლა?! _ ლამის ყვირილით დაამთავრა დათომ. 

#0578-მა მეგობარს უნდობლად შეხედა და საკნიდან გასულ ლაშას აედევნა. მშვიდად დაუთვალიერა თითები და დაინახა, რომ ლაშას ორი თითიდან სისხლი სდიოდა. მიხვდა რომ გადარჩა, თუმცა საკანში დაბრუნდა და დათოს ფრჩხილების საკვნეტი გამოართვა, ცელოფანში ჩადო და უჯრაში შეინახა. 

_ რას აკეთებ? _ გაოცდა მეგობარი. 

_ ლაშა არ მოისვენებს, კიდევ მთხოვს საკვნეტს და ამას მივცემ ხოლმე, ჩემთვის კი ახალს ვიყიდი, _ თვალი ჩაუკრა #0578-მა. 

* * * 

ეს ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტუბერკულოზისა და „ცე“ ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა, თუმცა, ამის მიუხედავად, არის წვრილ-წვრილი მედიკამენტები, რომელიც პატიმრებს მაინც სჭირდებათ და სწორედ ამიტომ, „ლაშას მეთოდს“ არც თუ იშვიათად მიმართავენ, გამოუცდელი მსჯავრდებულები კი ამ ფანდზე ეგებიან.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში