Menu
RSS

„გულუ“ ლატვიაში _ ზურაბ შამუგიას კონტროლის ზონაში შეიჭრა!

დიდი გადანაწილება ქურდულ სამყაროში 

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში, საფრანგეთსა და საქართველოში ერთობლივი სპეცოპერაცია ჩატარდა და ათეულობით ადამიანი იქნა დაკავებული, შსს აცხადებს, რომ დაკავებულთა საქართველოში ექსტრადირება არ იგეგმება, თუმცა იმის გამო, რომ გამოძიება გრძელდება და ევროპელი სამართალდამცავები ინფორმაციის გავრცელებას ერიდებინა, შსს-ც სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

 

დაკავებულთაგან მხოლოდ ორია სომხეთის მოქალაქე, დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ შორის არის ლაშა შუშანაშვილიც, ყველაზე გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი, თუმცა ლაშას ექსტრადაცია კი არა, გასამართლებაც გამორიცხულია _ გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ არც საბერძნეთისა და არც საფრანგეთის პოლიციას სამხილი არ აქვს. რამდენად მოახერხებს ქართული მხარე ბერძენი კოლეგების დარწმუნებას, რომ შუშანაშვილი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით უნდა გასამართლდეს, სხვა საქმეა, თუმცა როგორც ბერძენი ჟურნალისტები, ისე შუშანაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამის შანსი ნულის ტოლია. 

შაქრო კალაშოვის, ტარიელ ონიანისა და ლაშა შუშანაშვილის (ჯერჯერობით) პატიმრობაში ყოფნის ფონზე, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, კანონიერი ქურდი და ისედაც აქტიური ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ“ კიდევ უფრო გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც „გულუმ“ საკუთარი გავლენა რუსეთზე არნახულად გააძლიერა, ბალტიისპირეთს მიადგა. უფრო კონკრეტულად კი სალიფოვის ხალხი ლატვიაში გამოჩნდა, ქვეყანაში, სადაც მთავარი კრიმინალი, აგერ უკვე 15 წელზე მეტია, ასევე ქართველი კანონიერი ქურდი, ზურაბ შამუგია, იგივე „ადუ ზუგდიდსკი“ გახლავთ. ზოგადად, სალიფოვისა და მისი მარჯვენა ხელის, ასევე საქართველოს მოქალაქის, მინდია გორაძის (იგივე „ლავას ოღლი“) მოქმედებას თვალს აქტიურად ადევნებს ქართული მხარე, თუმცა, როგორც გვითხრეს, მათ გავლენების გაფართოებაში ხელს არ უშლიან. 

„ვერსიის“ კონფიცენციალური წყარო კულუარულ დეტალებს გვიმხელს და აცხადებს: 

„არავისთვისაა დამალული, რომ კანონიერი ქურდები არამარტო ქართული მხარის, არამედ ზოგადად, მთელი ევროპის პრობლემაა, ამიტომ ერთობლივად ვმუშაობთ მათ განეიტრალებაზე. მეტიც, ევროპული მხარე აფინანსებს ყველა ხარჯს, ოღონდ კი ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშაოთ და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებდნენ თვალს ბალტიისპირეთის ქვეყნები, რადგან მათ აღნიშნული პრობლემა არ აწუხებდათ. ბალტიისპირეთში რეალურად ერთადერთი ქურდი ჰყავთ შამუგიას სახით. მან, ამ მხრივ, წესრიგი დაამყარა ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოში, თავად ლატვიაში დაფუძნდა და მშვიდად აკონტროლებდა კრიმინალურ სამყაროს. აბა დაფიქრდით, ბოლოს როდის გაიგეთ, რომ რაიმე სერიოზული დანაშაული მოხდა? 

ორი წლის წინ, ესტონეთში რუსი კანონიერი ქურდი, ნიკოლაი ტარანკოვი გამოჩნდა და ვითარება აირია, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, ტარანკოვი უცნობებმა ქუჩაში ჩაცხრილეს. სამართალდამცავებს არაფერი გამოუძიებიათ და ყველა დარწმუნებულია, რომ ეს შამუგიას ხალხმა გააკეთა. ამის შემდეგ, ბალტიისპირეთში ფეხის მოკიდება ჯემალ მიქელაძემ, იგივე ჯემომ გადაწყვიტა, თუმცა მას უთხრეს, რომ სამი დღე ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა მომკვდარიყო. ჯემომ ბალტიისპირეთი დატოვა. 

ჰოდა, ასეთ დალაგებულ ქვეყანაში აპირებს შესვლას სალიფოვი. მისი ხალხი ბიზნესმენებს უკვე ატერორებს და ისინიც შველას შამუგიას სთხოვენ. ლატვიელმა სამართალდამცავებმა უკვე მოითხოვეს ინფორმაცია „გულუს“ შესახებ. ბალტიისპირელებს საკუთარი ინტერესები აქვთ, ჩვენ _ ჩვენი. საქმე ისაა, რომ სალიფოვის გაძლიერება გვაწყობს, რადგან ბოლოს და ბოლოს, ერთ კაცთან გვექნება საქმე, კაცთან, რომელიც ყველა კანონიერ ქურდს გააკონტროლებს. მითუმეტეს, ეს კაცი საქართველოსა და ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ის თურქეთში მყარად დამკვიდრდა და იქიდან არც თავად აპირებს წასვლას და არც ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს მის გაგდებას. 

მეტიც, სალიფოვმა თურქეთში ოფისი მოიწყო, თურქულ-აზერბაიჯანული ორგანიზაცია დაარქვა და ოფისში ყოველდღე დადის. ამ ოფისს იმაზე მეტად იცავენ, ვიდრე ერდოღანის რეზიდენციას და სალიფოვიც ბიზნესმენის იმიჯის მორგებას ცდილობს. ზუსტად ისე, როგორც საბერძნეთში შუშანაშვილმა გააკეთა. ბერძნები ლაშას მეცენატად მიიჩნევენ და ამ „ტიტულისგან“ შორს არც სალიფოვია. იგი ინვესტიციებს დებს თურქულ ეკონომიკაში და ეს ინვესტიცია ასეულობით მილიონი დოლარია. რუსეთი, პრაქტიკულად, სალიფოვისაა და იქიდან დაძრული მილიონობით დოლარი თურქულ ეკონომიკაში მიდის, რაც თურქეთს ძალიან აწყობს. 

აი, რამდენად აწყობს ლატვიას სალიფოვის გამოჩენა, სხვა საქმეა. შამუგია წყნარ, მშვიდ ცხოვრებას ეწევა, ზედმეტად არავის აწუხებს და მის მიმართ პრეტენზიაც არავის აქვს, სალიფოვის ხალხი კი აგრესიულად მოქმედებს, ცემა-ტყეპაზეა გადასული. წინა შემთხვევის დარად, მათ დახოცვას აზრი არ აქვს, რადგან სალიფოვი ახალ გუნდს გამოუშვებს, თავად კი თურქეთს არავითარ შემხთვევაში არ დატოვებს. ჩემი ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს უკვე უთხრა, რომ სალიფოვზე მოლაპარაკებები არც კი წამოიწყოს, რადგან მას არ გადმოგვცემენ. თუმცა, ფაქტი ის არის, რომ როგორც თურქული, ისე ბალტიისპირული მხარე და მთელი ევროპა სწორედ საქართველოს სთხოვს დახმარებას კანონიერი ქურდების იდენტიფიცირებაში“. 

არამარტო ძალოვნები, არამედ კრიმინალური სამყაროს წევრებიც ამბობენ, რომ თუ სალიფოვის საპირწონე დროზე არ გამოჩნდება, დმანისელი ქურდი მთელ კრიმინალურ სამყაროს დაიმონებს და ხარკს გადაახდევინებს. ასეთი საპირწონე ლაშა შუშანაშვილი იყო, რომელიც ჯერჯერობით ციხეშია, ხოლო ტარიელ ონიანი ციხიდან ერთ წელიწადში გამოვა. 

რადგან ონიანი ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ მას ადგილსამყოფელს ორ თვეში ერთხელ უცვლიან, რადგან ციხეში, სადაც ის მიჰყავთ, მაყურებლები ადმინისტრაციას დაუმორჩილებლობას უცხადებენ _ აქაოდა, ონიანი როგორც სხვა პატიმრები, სამარტოო საკანში ნუ გყავთ გამოკეტილი და ზონაზე შემოუშვითო. ამას კი რუსი სამართალდამცავები არ აპირებენ და, აგერ უკვე მეათე წელია, ონიანი სამარტოო საკანში იხდის სასჯელს. 

 

ერთიცაა _ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რუსები ონიანის ქვეყნიდან გაძევებას აპირებენ და სურთ, რომ მისი ექსტრადირება ესპანეთში მოახდინონ. ესპანური მხარე კი მის მიღებას არ აპირებს _ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, თავის დროზე ყალბი, საბუთებით მოიპოვა და უკან აღარ მივიღებთო. ონიანს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა მისი ექსტრადირება შესაძლოა თურქეთში მოახდინოს. როგორც წესი, თურქეთი არასდროს ამბობს უარს ცნობილი კანონიერი ქურდების მიღებაზე, რადგან მათში პოტენციურ ინვესტორებს ხედავს. 

ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია _ ქართულ მხარეს კანონიერი ქურდების არსებობა აწყობს, თუმცა არა თავის ტეტიტორიაზე. ასწყობს თუნდაც იმიტომ, რომ ევროპა ქართველ ძალოვნებს პრაქტიკულად ყველა ინიციატივას უფინანსებს და ეს დაფინანსება მილიონობით ევროა.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში