Menu
RSS

ზაზა სარალიძე: „არ უნდა დარჩეს გარეთ არც ერთი მკვლელი და დამნაშავე!“

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ბრიტანელი ექსპერტები ჩაატარებენ

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე არასრულწოვნების ჩხუბის 5 თვითმხილველი გამოიკითხა და ბრალდების მხარემ წარადგინა იმ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაცვისა და დაზარალებული მხარე მე-5 თვეა ელოდება. სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით _ ,,ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი!'' აქციაში გარდაცვლილი მოზარდის დავით სარალიძის მამა _ ზაზა სარალიძეც მონაწილეობდა.

საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა განცხადეს, რომ პროკურატურას გამოძიება არასწორი გზით მიჰყავს და მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ახალგაზრდები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ იმ შემთხვევაში, თუ საქმე სამართლიანად არ იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე შესაბამისად დასჯილი... 

24 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ, ექსპერტიზის პასუხის შესახებ მხარეებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ დასკვნის შედეგად, ბრალდებულების ბრალეულობა არ იკვეთება, ხოლო პროკურორის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა ორი ბრალდებულის მიმართ წაყენებულ ბრალს ამტკიცებს. აქვე ისიც გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარის მოწვევით, საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ. 

წარმოდგენილი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო მომდევნო სხდომაზე განიხილავს, თუმცა 24 აპრილის სასამართლო პროცესის შემდეგ ,,ვერსია'' ზაზა სარალიძე ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დასკვნით ვერ დასტურდება, თუ ვინ და რომელი დანით მიაყენა დავით სარალიძეს 12 ჭრილობიდან ერთი მომაკვდინებელი ჭრილობა: ,,გადავხედე საექპერტო დასკვნას და, სამწუხაროდ, ვერ დადგინდა, თუ ვინ მიაყენა ჩემს შვილს მომაკვდინებელი ჭრილობა. ეს ორი ბრალდებული ნამდვილად დამნაშავეა და მიესჯებათ საკადრისი სასჯელი, მაგრამ ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლებელია, სხვა იარაღიც იყო გამოყენებული, რადგან დანები, ტანსაცმელი აქვთ, ჩემი სხეული ჰქონდათ და ვერ დაადგინეს, საქმეში არსებული ორი დანიდან იყო თუ არა რომელიმე გამოყენებული, ეს ხომ აბსურდია, მაშინ რაღა ექსპერტიზაა?! ჩემი აზრით, გამოიკვეთა სხვა იარაღიც, მაგრამ გამოძიებამ შეცვალა ყველაფერი და ეს ექსპერტიზის დასკვნა მოარგო იმ მოწმეების ჩვენებებს, ვინც დღემდე დაიკითხა. ბრალდებულების მიერ მიყენებული ჭრილობები დასტურდება, მაგრამ მთავარი მომაკვდინებელი ჭრილობის შესახებ, რომელიც ჩემს შვილს ჰქონდა, არც ერთი დანა არაა მითითებული და არც სხვა იარაღია მითითებული. როგორც თვითონ უნდოდათ, ზუსტად ისეთი დასკვნა დადეს.'' 

სარალიძე ვარაუდობს, რომ თუ ვერ დადგინდა, მკვლელობა რომელი დანით მოხდა, სავარაუდოდ, ბრალდებულებს მუხლი გადაუკვალიფიცირდებათ და სხეულის განზრახ დაზიანებით გაასამართლებენ: ,,რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ დადგინდა ამ ორი დანის მონაწილეობა იმ კონკრეტულ ჭრილობასთან, რომელიც მომაკვდინებელი იყო ჩემი შვილისთვის, შესაბამისად, მკვლელობის მუხლი მოიხსნება და სასამართლო ისე დასრულდება, მკვლელები არ დაისჯებიან.'' 

_ ბატონო ზაზა, თითქმის ხუთი თვე გავიდა მომხდარი ტრაგედიიდან და პროკურატურის მიერ დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზა ახლა წარადგინა ბრალდების მხარემ. თქვენი აზრით, რატომ გაჭიანურდა პროცესი და შესაბამისად დასკვნის წარმოდგენა სასამართლოში? 

_ პირველ დეკემბერს მოხდა ინციდენტი და სადღაც თებერვლის შუა რიცხვებში დასვევს კომპლექსური ექსპერტიზის კითხვა, ანუ თითქმის ორთვენახევრის შემდეგ. ძალიან დააგვიანეს ამ ექსპერტიზის მოთხოვნა. პროკურატურას აწყობდა, რაც შეიძლება გვიან დასმულიყო ეს კითხვა. ვვარაუდობ, რომ სპეციალურად გააჭიანურეს პროცესი, რათა ექსპერტიზის დასკვნა მოწმეთა ჩვენებებისთვის მოერგოთ. 

_ ,,ვერსიისთვის“ ცნობილია და ახლა თქვენც განაცხადეთ, რომ პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაზუსტებული კითხვები, რომელზე პასუხიც გამოძიებას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში უნდა დაეხმაროს, მომხდარიდან ორი თვის შემდეგ გაუგზავნა. ისიც მას შემდეგ, რაც ბრალდებულთა დაცვის მხარემ გამოთქვა უკმაყოფილება და პროკურატურა ექსპერტიზისთვის ბუნდოვანი ამოცანის დასახვაში დაადანაშაულა. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე – არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ქმედებასთან? 

_ დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა. მიდის მოწმეებზე ზეწოლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოვისმინე ლევან დადუნაშვილი ოჯახის ადვოკატის განაცხადი, თითქოს საზოგადოებას ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, რომ ეს ორი მოზარდი, რომლებიც ბრალდებულის სკამზე სხედან, დამნაშავეები არ არიან. ეს მართალი არაა, ეს ორი ბრალდებული დამნაშავეა, ორივეს აქვს მონაწილეობა მიღებული დაჭრაში, ორივე არის მკვლელი, მაგრამ კიდევ არის გარეთ მინიმუმ ორი მკვლელი, რომლებიც დაჭრაში მონაწილეობდნენ. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ვიღაცას აინტერესებს ამ ფაქტების დამალვა, მიჩქმალვა, რისი მიზანიც პირველივე დღიდან იყო დასახული. ამ ინციდენტის ორგანიზატორები არიან მირზა სუბელიანის შვილი და მიხეილ კალანდია, ანუ მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი. აქედან გამომდინარე, გამყარებული საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ახდენენ ზეწოლას გამოძიებაზე, მოწმეებზე, რათა არასწორი ინფორმაცია მივიდეს მოსამართლემდე და მან გამოიტანოს ზუსტად ის განაჩენი, რა მოცემულობაც პირველივე დღიდან ჰქონდა პროკურატურას _ დაისაჯოს მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი ბრალდებული. 

_ ,,ვერსიისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დანები, რომლებიც საქმეში მტკიცებულებებად დევს, გაცილებით მოკლე სიგრძისაა, ვიდრე გარდაცვლილთა სხეულზე არსებული სასიკვდილო ჭრილობები. ასევე, ექსკლუზიურადაა ჩვენთვის ცნობილი ოთხიდან ერთი კითხვა, რომელიც პროკურატურამ ექსპერტიზას ორი თვის დაგვიანებით გაუგზავნა: ,,გთხოვთ დაგვიდგინოთ, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სხეულზე არსებული რომელიმე ჭრილობა აღემატება თუ არა დანების პირის სიგრძეს და ჭრილობების პარამეტრების გათვალისწინებით, ძლიერად დარტყმის შედეგად რომელიმე დანის ტარი შესაძლებელია თუ არა შესულიყო სხეულში? აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ არა, სხეულზე არსებული რომელიმე ჭრილობის არხის სიგრძე აღემატებოდეს დანის პირის სიგრძეს?“ თქვენი აზრით, ხომ არ აქვს ადგილი პროკურატურის მცდელობას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს დაუმტკიცოს დანაშაული და როგორც თქვენ ამბობთ, ნამდვილი მკვლელები დაუსჯელნი დარჩნენ? 

_ ის ორი ბრალდებული დამნაშავეები არიან, ორივემ იხმარა დანა ჩემი შვილის მიმართ, ხოლო ერთ-ერთმა _ ლევან დადუნაშვილის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ არიან გარეთ მკვლელები, რომლებიც თავისუფლად დადიან. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ერთ-ერთ ექსპერტს დაუსვეს კითხვა, რამდენად შესაძლებელია, 7 სანტიმეტრიანი დანის პირით მიაყენო ჭრილობა 12 სმ-ზეო. როგორც ექსპერტმა განმარტა, ეს თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა. როგორც მეც ვიკითხე, ეს თეორიულად დასაშვებია, რადგან მოზარდის სხეულია და იოლად განიცდის შეკუმშვას. ეს კითხვები მასთან იყო, ვინც ლევანს ჩაუტარა ექსპერტიზა. სამწუხაროდ, დათოს ექსპერტის გამოკითხვა რომ დაიწყო, 10 წუთზე მეტი ვეღარ გავჩერდი პროცესზე, რადგან ისეთ ჭრილობებზე იყო საუბარი, ფსიქოლოგიურად ვეღარ შევძელი, მომესმინა. ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ვერ შევძელი. რაც შეეხება ჭრილობებს, 12 ჭრილობა აქვს დათოს მიყენებული, აბსოლუტურად გამოვრიცხე, რომ იმ გარემოებაში, რასაც მიხეილ კალანდიამდე დაკითხული მოწმეები საუბრობენ, გამორიცხულია, მარტო ეს ორი ყოფილიყო დამნაშავე. 

_ როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარემ სასამართლო განხილვების დაწყებისას დააანონსა, ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების გარდა, ისინი აპირებენ პროცესში უცხოელი სპეციალისტებიც ჩართონ. თქვენი აზრით, რამდენად წაადგება ეს სიმართლის დადგენას? 

_ მივესალმები მათ პოზიციას, რადგან ფაქტია, სამხარაულის ექსპერტიზა პროკურატურის გავლენის ქვეშაა და როგორც უნდოდათ, ისეთი პასუხი დადეს. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩართავენ უცხოელ და დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. ჩემი მიზანი არაა მხოლოდ და მხოლოდ ორი დამნაშავის დასჯა, რომლებმაც ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული, ჩემი მიზანია, ყველა დამნაშავე დაისაჯოს. არ უნდა დარჩეს გარეთ არც ერთი მკვლელი და დამნაშავე. 

_ თქვენ ხომ არ გექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, შეხვდეთ ამ უცხოელ ექსპერტებს? 

_ რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნები, ჩავერთო ამ საქმეში, რათა დავინახო ჭეშმარიტება. რამდენად მიიღებს პროკურატურა იმათ დადგენილ დასკვნას, საეჭვოა, მაგრამ იმედია, სიმართლეს ფარდა, ადრე თუ გვიან, აეხდება. თუ ეგრეა დაცვის მხარის მიზანი დასახული, რომ კონკრეტული ექსპერტები ჩართონ ამ საქმეში, ესეც მაფიქრებინებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი დროზე სპეციალურად არ მოვიდა, რომ ნივთმტკიცებები _ ტანსაცმელი და დანები დაგვიანებით გადასცემოდათ კერძო ექსპერტებს. 

სხდომის შემდეგ ,,ვერსია'' ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს ადვოკატსაც ესაუბრა. ინგა შარაშენიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდების მხარე ორივე გარდაცვლილის მკვლელობაში ადანაშაულებს: ,,წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტს არ შეუძლია, უპასუხოს კითხვას, რასაც ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ველოდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე გამამართლებელ განაჩენს, ვინაიდან მეც წარმოვადგენ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე დანაშაულზე, რასაც მას დღეს ედავებიან, უდანაშაულოა და ამას ექსპერტიზის დასკვნით დავამტკიცებ. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება დაუმძიმდა და მას ჯგუფურ მკვლელობაში ედება ბრალი. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ კიდევ ერთი მოზარდია დაჭრილი და არაა გამოძიებული, ვინ დაჭრა ის. ეს მოზარდი არის ბრალდებულების ჯგუფიდან და გამოდის, რომ დანა მეორე ჯგუფიდანაც იყო, სხვა შემთხვევაში ის მოზარდი ვერავისგან დაიჭრებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ერთი პირის მკვლელობაში არ მიუღია მონაწილეობა და არანაირი დანა არც ერთისთვის არ დაურტყამს, იმიტომ ვერ წარმოადგინეს დასკვნა, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა.''

საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ ადვოკატის ნათქვამს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება დეტალები, რაც თანხვედრაშია გამოძიების ეტაპზე და ასევე სასამართლოში გამოკვლეულ ინფორმაციასთან: ,,კერძოდ, საქმეზე გამოკითხული მოწმეები, მათ შორის, გარდაცვლილების მეგობრები ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც პირდაპირ ასაბუთებს, რომ დანაშაული ჩადენილია (უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტით ვსაუბრობ) იმ მოზარდების მიერ, რომლებიც დღეს ბრალდების სკამზე სხედან. აღნიშნული გარემოებები დასტურდება სასამართლოში ჩვენ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც, სადაც საუბარია, თუ რა ჭრილობები და რომელი დანით იქნა მიყენებული. საუბარია მხოლოდ ორ დანაზე, რომლებიც ამოღებულია გამოძიების მიერ. დასკვნა წარმოვადგინეთ სასამართლოში, გადაეცა დაცვისა და დაზარალებულ მხარეებს. 

აქვე მინდა დავადასტურო, რომ არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ ადასტურებს, რომ გარდა ბრალდებულებისა, ხსნებული დანების გამოყენებით გარდაცვლილებს ჭრილობები მიყენებული აქვთ სხვა პირის მიერ. სიცრუეა, ის გარემოება, რომ თითქოსდა, ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება ჭრილობების მიყენების საქმე. მომაკვდინებელი ჭრილობა იდენტიფიცირებულია. თუ რომელი დანით და რომელი ბრალდებულის მიერაა მიყენებული, ამას ვერ დავაკონკრეტებ. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია, საქმე სხვა მუხლზე გადაკვალიფიცირდეს'' 

მეორე ბრალდებულის გ.ჯ-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, კონკრეტულად, რომელი დანით, რომელი ჭრილობაა მიყენებული: ,,არც ის დგინდება, კიდევ არის თუ არა სხვა დანები გამოყენებული ჭრილობების მიყენების პროცესში. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უმთავრეს კითხვებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, დაზარალებულ მხარესა და სასამართლოს, კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა პასუხს ვერ სცემს. ჩვენ აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას რამდენიმე თვეა, ველოდებით და სწორედ იმის გამო, რომ საკმაოდ გვიან მოვიდა პასუხი, დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა ჯერ-ჯერობით მზად არაა. ვინაიდან ჩვენ ველოდებით ნივთმტკიცებებს და აღნიშნულ კითხვებს, რომელსაც ვერ პასუხობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, უპასუხებს დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა და ექსპერტები, რომლებიც უცხოეთიდან მოვიწვიეთ. ბრიტანეთიდან ჩამოსული ექსპერტები კატეგორიულად უპასუხებენ კითხვებს, რამდენი დანა იქნა გამოყენებული, რომელი დანით რომელი ჭრილობაა მიღებული და საქმეში არსებული დანების გარდა, კიდევ რამდენი დანა არსებობდა. 

მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დანიშნული ექსპერტიზით გაეცემა პასუხი მნიშვნელოვან კითხვებს. განაჩენი უნდა დაეფუძნოს სანდო, კატეგორიულ და უტყუარ მტკიცებულებას, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით საერთოდ არ დგინდება ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია დავით სარალიძის გარდაცვალება და რომელი დანით იქნა მიყენებული ის. აღნიშნული შეკითხვა ექსპერტიზის დასკვნაში პასუხგაუცემელი რჩება, თუმცა, დაცვის მხარე ვაკეთებთ ყველაფერს, ამ კითხვას გაეცეს კატეგორიული პასუხი. რაც შეეხება, მუხლის შესაძლო გადაკვალიფიცირებას, ის ბრალდება, რაც წაყნებული აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, საქმეში არსებული არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით არ დასტურდება, პირიქით, ჩვენ გამოვიკვლიეთ არაერთი მტკიცებულება, რომლითაც გამოირიცხება ის ბრალდება, რომელიც მას წაყენებული აქვს. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრის პროცესში და ის პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემული. 

დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც ძალიან განსხვავდება ჭეშმარიტებისგან. ჩვენ მიერ მოწვეული ექსპერტები კვალიფიციურნი არიან და ევროპაში საუკეთესოდ ითვლებიან აღნიშნულ სფეროში. შესაბამისად, მათ მიერ დადებული დასკვნები ღია შეკითხვას არ დატოვებს. ისინი ამ დღეებში ჩამოდიან საქართველოში და, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს 4 თვეზე მეტი დასჭირდა, ექსპერტიზის პასუხი წარედგინა, ისინი სულ რამდენიმე დღეში დადებენ დასკვნას და პასუხს გასცემენ ყველა შეკითხვას.''

 

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში