Menu
RSS

ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 აპრილს, საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და თანამდებობის დაკავება 3 წლის ვადით აუკრძალა.

ბაჩო ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალიდან ეს მე-6 საქმეა. ოთხ საქმეში, ახალაია გამტყუნდა, ორში - გამართლდა. 2011 წელს, სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით, სამ პირთან ერთად დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ თეთრაძე საპყრობილეში წამებისა და სექსუალური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. წამებისა და ძალადობის ორგანიზებაში პროკურატურა სწორედ ბაჩო ახალაიას სდებდა ბრალს, რაც სასამართლომ გაიზიარა და ბაჩო ახალაია დამნაშვედ სცნო. სხდომას არ ესწრებოდნენ თავად ახალაია, მისი ადვოკატი და ოჯახის წევრებიმ რადგან ისინი სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ. 

სასამართლო სხდომას დაესწრო სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე, რომელმაც განაჩენის მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა: 

,,დღეს 6 წელი და 7 თვე გავიდა, რაც ჩემი მეუღლე გამოასალმეს სიცოცხლეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეული დღე ჩვენთვის. არანაირი განაჩენი არ შეცვლის იმ მდგომარეობას და ვერ შეგვიმსუბუქებს იარებს, რომელიც მივიღეთ. მიუხედავად ამდენი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, კორიანტელი იმ უბედურებისა, რაც დატრიალდა ჩემი მეუღლის თავზე, იგი ძალიან ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან _ მან არ აღიარა ,,შეკერილი საქმე'', რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აბსურდული. არანაირად არ შემიძლია, შევცვალო კანონმდებლობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რაც ბაჩო ახალაიას მიესაჯა.'' 

პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული განაჩენით, სასამართლომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ სცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე მათ ედავებოდა: ,,სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში; სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებაში; ბაჩანა ახალაია ასევე დამნაშავედ სცნეს დავით ლონდარიძის მიმართ განხორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე; გიორგი გორელაშვილის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ორგანიზებაში; ბაჩანა ახალაია დღევანდელი განაჩენით დამნაშავედ სცნეს სამსახურეობრივი სიყალბისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. თითოეული ქმედებისთვის ბაჩანა ახალაიას განესაზღვრა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლისა და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.'' 

პროკურორის განმარტებით, ბაჩანა ახალაიასთან ერთად, დამნაშავედ სცნეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილი ორივე ეპიზოდში: ,,სამსახურეობრივ სიყალბეში -დახმარება-მითვისებაში. მასაც საქართველოს სისხლოს სამართლის კოდექსის 59-ე მუხლისა და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.'' 

პროკურორის თქმით, სასამართლომ განაცხადა, რომ ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს სერგეი ჩაპლიგინის წამების ეპიზოდში: ,,ეს არის სამართლებრივი განმარტება. მას ბრალდებიდან ამოერიცხა კონკრეტულ პირთან მიმართებაში კონკრეტული ქმედება, თორემ იგი დამნაშავედ არის ცნობილი ე.წ. ჯაშუშების საქმეზე დაკავებული ყველა პირის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისათვის. რაც შეეხება ეპიზოდს, რომელიც გულისხმობს გრიფით საიდუმლო საქმეს, ამ საქმის მიმდინარეობისას ბრალდების მხარე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, ვისაუბროთ დეტალებზე. მოგეხსენებათ, ბრალდების ეს ნაწილი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, დეტალების კონკრეტიკას ვერ მოვახდენ, თუმცა კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ ბაჩანა ახალაია ამ ნაწილშიც დამნაშავედ სცნეს. მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ მეგის ქარდავას დაეხმარა, გაეფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სამხედრო პოლიციის კუთვნილი 60 ათასამდე ლარი. ბაჩანა ახალაიასთვის ეს გახლავთ მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენი. ერთ-ერთ ეპიზოდზე იგი შეიწყალებულია საქართველის პრეზიდენტის შეწყალების აქტით -ე.წ. ბუნტის საქმეზე. ბაჩანა ახალაია მსჯავრდებულია ე.წ. გირგვლიანის ეპიზოდში სამოხელეო დანაშაულისათვის. იგი მსჯავრდებულია ე.წ. ნავთლუღის საქმეში, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და ექვსი თვით. გამართლებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე.'' 

პროკურორი განმარტავს, რომ ნიკოლოზ ძიმცეიშვილი იმ დროისთვის, როდესაც განხორციელდა კონკრეტული დანაშაული, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე; უშუალოდ მისი მითითებითა და დავალებით მოხდა სამსახურეობრივი სიყალბის განხორციელება: ,,მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს პირებმა, რომლებიც არ იყვნენ დანიშნულები თანამდებობებზე კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული აქტი გამოიცა 26 სექტემბერს, ხოლო გამომძიებლები თანამდებობებზე დანიშნულად ჩაითვალნენ 10 აგვისტოდან. შესაბამისად, აღნიშნული მოქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ ეს არის დანაშაული. დღევანდელი განაჩენით, ის მსჯავრდებულია მითვისებასა და სამსახურეობრივი სიყალბისთვის.'' 

რაც შეეხება სასჯელის ათვლას, პროკურორი განმარტავს, რომ ე.წ. ნავთლუღის საქმე გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და საქმეებზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაეთვლება თუ არა სასჯელის მოხდაში საპყრობილეში გატარებული წლები ბაჩანა ახალაიას.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში