Menu
RSS

დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს!

ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც აფხაზეთის ომის მონაწილესა და თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს, თვალწინ შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით მოუკლეს. საზარელი მკვლელობა 7 თებერვალს მოხდა, მკვლელმა დოდო გუგეშაშვილსაც ესროლა, თუმცა გადარჩა. დღეს იგი შვილის მკვლელის მოძებნასა და დასჯას ითხოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება და რა ინფორმაციას ფლობს მკვლელობის შესახებ თავად დოდო გუგეშაშვილი...

_ უამრავი ექსპერტიზა ჩატარდა, ზოგის პასუხი არის, ზოგის _ არა. დნმ-ი გამოიკვეთა, გამოძიება ინტენსიურად მიდის, დღე-ღამეში 25 საათს მუშაობენ, მაგრამ მაინც მინდა, ეს საქმე პირად კონტროლზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აიყვანოს. იმიტომ კი არა, რომ გამოძიება მაეჭვებს ან უკმაყოფილო ვარ, არამედ იმიტომ, რომ ის არის სამართალდამცავი სტრუქტურის პირველი პირი და მინდა მასთან შეხვედრა, გასაუბრება. ამ განცხადებაზე შს მინისტრისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მინდა, შეგვხვდეს და შემდეგ ჩვენს მოთხოვნებში ჩამოვყალიბდებით. 

_ ქალბატონო დოდო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. ხომ არ ფლობთ, თუნდაც პირად კონტაქტებზე დაყრდნობით, რაიმე სახის ინფორმაციას? 

_ საერთოდ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ვინ რა დატოვა. თუ ვინმე ამბობს, რომ დატოვა მკვლელმა საქართველო, როგორც ჩანს, ინფორმაციაც აქვს, ვინ არის მკვლელი, ჩვენგან განსხვავებით, ალბათ მან იცის. თუმცა დღევანდელ სამყაროში თუ გამოიკვეთება მკვლელიცა და შემკვეთიც და, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება, არ არსებობს, ქართული მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგეს. ახლა ყველაზე მთავარია, ვიცოდეთ, ვინ არის ამ დანაშაულის შემსრულებელი. თუ იქნება უტყუარი მტკიცებულება, დარწმუნებული ვარ, ყველგან მიაგნებენ. 

_ როგორც მედიასთან განაცხადეთ, პირადად იცნობდით მკვლელს და რადგან მისი გარეგნობა იცით, ხომ შექმნილა ფოტორობოტი, რითაც მისი ამოცნობა იქნება შესაძლებელი? 

_ სამჯერ მყავს ნანახი. ის გამეცნო, როგორც ვეტერანი მოგონილი სახელით ,,ზურა''. ის ყოველთვის ,,ფუთავდა'' თავის ვიზუალს, რაც არასასიამოვნოდ მეჩვენებოდა. სიმართლე გითხრათ, მისი ნაკვთებიც კი არ ვიცი, რადგან ყოველთვის შუბლზე ჩამოფხატული ნაქსოვი ქუდით იყო. როცა 6-ში და 7-ში მოვიდა, კიდევ უფრო სხვანაირად იყო ,,შეფუთული'', უფრო გაურკვევლად, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვით. 

_ რას უკავშირებთ მკვლელობას, მოტივი ხომ არ გამოიკვეთა, გაქვთ თქვნი ვერსია? 

_ მოტივაცია რომ ვიცოდე, ნაპოვნი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი ვიცი. ფაქტი ერთია, მას ვიღაცისთვის სჭირდებოდა ,,სელფის'' გადაგზავნა, 6 რიცხვში ,,სელფის'' გადაღება მთხოვა, მოსული იყო ყუთით, რომელშიც, როგორც ჩანს, იყო იარაღი, მაგრამ 6-ში ვერ ჩაგვხოცა მე და ჩემი შვილი, რადგან მანქანა მელოდება ქვემოთ, ეზოში და მისთვის ეს ხელსაყრელი არ იყო. 6-ში, როცა ქვემოთ ჩავდიოდით ლიფტით, სადაც მელოდებოდა ჩემი თანამებრძოლი და მისი ოჯახის წევრები, მან გაურკვეველი მიზეზით, თითქოს ცალი ხელთათმანი დარჩა ჩემთან ბინაში, მოინდომა უკან დაბრუნება, თან მთხოვა, ,,სელფი'' გადამეღო. მე უარი ვუთხარი, არანაირი ,,სელფი'' არ გადამიღია, მაგრამ ეს საფუძვლიან ვარაუდს მიჩენს, რომ მას ვფოტო იღაცისთვის უნდა გადაეგზავნა და ეცნობებინა, რომ უკვე სამიზნესთან ახლოს იყო.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში