Menu
RSS

მოსალოდნელი მოულოდნელობა _ ლაშა შუშანაშვილს პოლიციამ ბრალი ვერ წაუყენა

16 აპრილს, საქართველოში, საბერძნეთსა და ესპანეთში ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამი ქვეყნის ძალოვანი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ათეულობით ადამიანი იქნა დაკავებული და მათ შორის ყველაზე მთავარი _ 56 წლის კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი, კაცი, რომელიც დღეს ქურდულ სამყაროში ყველაზე გავლენიან ლიდერად ითვლება. ამის შესახებ ქართველმა სამართალდამცავებმა ზარ-ზეიმით გვამცნეს და საზეიმო მართლაც ჰქონდათ _ ამ დონის კრიმინალი ქართველ სამართალდამცავებს ძალიან, ძალიან დიდი ხანია აღარ დაუკავებიათ.

მართალია, შუშანაშვილი ამჯერად საბერძნეთმა დააკავა, მაგრამ ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული და, როგორც გავიგეთ, მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ შუშანაშვილის დაკავება გახლდათ. სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალთ, იმ დაკავებულების სახელებს გაგაცნობთ, რომელთაგან ნაწილს საბერძნეთი გაასამართლებს, ნაწილს _ საფრანგეთი, რამდენიმე ადამიანს კი საქართველოში ექსტრადირება ელის. 

მაშ ასე _ დაკავებულია ოთხი კანონიერი ქურდი _ ლაშა შუშანაშვილი (მეტსახელად ლაშა რუსტავსკი), ნოდარ შუკაკიძე (მეტსახელად ნოდო გლდანსკი), ალექსანდრე კობალაძე (იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად სიუ) და მერაბ ასანიძე (მეტსახელად ჩიკორა). აქედან შუშანაშვილი სალონიკში დააკავეს, ასანიძე და შუკაკიძე _ ათენში, ხოლო კობალაძე საფრანგეთის ქალაქ მონტობანში. საფრანგეთის ქალაქ რენში დააკავეს ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც ფრანგული ჟანდარმერიის ცნობით, „ქურდული ობშიაკი“ ებარა. 

საფრანგეთშივე დააკავეს ელგუჯა შუკაკიძე (ნანა მათიაშვილი, მეუღლე), პაატა ახალაძე (ნინო იოსელიანი, მეუღლე), დავით ხოდელი, ლევან გოჩიაშვილი, კახა აბუაშვილი (იგივე „კაბუ“), გოჩა ფოცხიშვილი, ბექა ახვლედიანი, ვახტანგ ახვლედიანი, ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, არსენ ხაჩატრიანი, ზურაბ აჯამოვი, კარენ არუთიუნიანი, მიხეილ ოჩიგავა, ალექსი სანაძე და ელმირა მუსტაფაიევა. 

რაც შეეხება საბერძნეთში დაკავებულთა გვარებს _ ელადაზე რუბენ მხითარიანი, გიორგი წიკლაური, გურგენ იეგიზარიანი, დავით ნათობიძე, გიორგი ჟლანტიაშვილი, ლადო დოლიძე, თორნიკე პაპავა, გიორგი კერესელიძე, ზაზა გელაშვილი, ბიძინა ფარეშიშვილი, ლევან წულაია, ვახტანგ ანდრიაძე, მიხეილ ბეჟუაშვილი, გიორგი ფოლადიშვილი, გიორგი დამოცევი, ირაკლი გაბელაია, ოთარ ბეჟუაშვილი, თეიმურაზ სეთური, გივი იმნაიშვილი და ვეფხვია პირმისაშვილი დააკავეს. 

საინტერესოა, რომ დაკავებულთაგან მხოლოდ ერთია სომხეთის მოქალაქე, დანარჩენები კი საქართველოს მოქალაქეები არიან. ლოგიკურად, მათი ექსტრადაცია საქართველოში თუნდაც იმ მიზეზით უნდა მოხდეს, რომ ჩვენთან „ქურდული სამყაროს“ წევრობა დასჯადია და ყველა მათგანს მხოლოდ ამისთვის ელოდება სასჯელი, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ამაზე ქვემოთ. მანამდე კი... 

ამ საერთაშორისო სპეცოპერაციიდან სამიოდე დღეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეა. თბილისში, მახათას აღმართზე დიმიტრი ჭრელაშვილი დააპატიმრეს, მუხიანში _ კახა ბეჟიტაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში კი გივი ბეგიაშვილი. ამ სამეულს ევროპაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირებთან კავშირი და შესაბამისად, ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ ბრალად... 

სხვათა შორის, არც ბერძენ პოლიციელებს, არც ფრანგ ჟანდარმებს და არც ქართველ სამართალდამცავებს არ უთქვამთ, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარება 16 აპრილის ნაცვლად, რამდენიმე დღით ადრე სურდათ, მაგრამ გადაიფიქრეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კონკრეტული მომენტისთვის ევროპელი ძალოვნები ქართველი პოლიციის თხოვნას არ გამოეხმაურნენ და მოუმზადებლად არ დაიწყეს სპეცოპერაცია... 

თურქეთში მოკლულ ქუთაისელ კანონიერ ქურდს, გაიოზ ზვიადაძეს მისმა კოლეგებმა, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანასა და ხშირ შემთხვევაში, ერთი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გადაუხადეს გასვენება. გასვენების ცერემონია ჩატარდა ათენშიც, სადაც სხვა ქურდებთან ერთად, ზვიადაძის სულის მოსახსენებლად ალბერტ მაგომედოვი, იგივე „ლეკი რუსტავსკი“ მივიდა. ქუთაისელმა კანონიერმა ქურდებმა მას აგრძნობინეს, რომ მისი ხილვით ბედნიერები არ იყვნენ და ჯერ რბილად უთხრეს ტერიტორია დაეტოვებინა, შემდეგ კი მკაცრად მოსთხოვეს. „ლეკიმ“ ორივე თხოვნაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ქურდი იყო და სურდა ქურდის გასვენებაში ყოფილიყო. 

 „აი, ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. ემზარ ჯაფარიძემ, იგივე „კვატიამ“, „ლეკის“ ძველი ცოდვები გაუხსენა, გაუხსენა, თუ როგორ ამოიღო იარაღი „ლეკი რუსტავსკიმ“ მაშინ, როცა მას ორი კანონიერი ქურდი, „ტახი“ და კახა ფარფალია ესაუბრებოდა. მაშინ „ლეკის“ ცოტა დააკლდა და კინაღამ გაისროლა. ქურდებისთვის იარაღის მიშვერის შემდეგ კი „რუსტავსკი“ ქუთაისელმა ქურდებმა არაქურდად გამოაცხადეს, რასაც სხვა ქურდები (მათ შორის შუშანაშვილიც) არ დაეთანხმა. დაძაბული საუბრის შემდეგ, „კვატიამ“ „ლეკის“ გაგდება ძალით სცადა და მას შვიდი სული ქურდი დაესია, მაგრამ მაგომედოვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ვერ გალახეს, ვერ დააგდეს და კაცურად იჩხუბა“, _ ეს ისტორია ზვიადაძის გასვენებაში მყოფმა ერთ-ერთმა კრიმინალმა მოგვიყვა. 

სწორედ ამ შეკრების დროს სურდათ პოლიციელებს სპეცოპერაციის ჩატარება და ამ შემთხვევაში, ოთხი კანონიერი ქურდის ნაცვლად, მინიმუმ ორ ათეულ ქურდს დააკავებდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ კანონიერი ქურდობა არც საბერძნეთის და არც საფრანგეთის კანონმდებლობით არ ისჯება, ევროპულმა მხარემ სპეცოპერაციაზე უარი თქვა. შესაბამისად, კრიმინალების აყვანა გეგმის მიხედვით ჩატარდა და ორწლიანი დაძაბული მუშაობა დასრულდა, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, ქართველ სამართალდამცავებს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელით - მათ ლაშა შუშანაშვილს არავინ გადმოსცემს. 

„ქართველ სამართალდამცავებს სურთ, რომ შუშანაშვილის ექსტრადაცია მოხდეს და ის საქართველოში გაასამართლონ, მაგრამ ამის შანსი ნულის ტოლია. ზუსტად ნულს უდრის იმის შანსიც, რომ ის საფრანგეთს გადასცენ და ასევე განულებულია იმის ალბათობა, რომ ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდი ბერძნებმა მისცენ პასუხისგებაში. საქმე ისაა, რომ საფრანგეთი შუშანაშვილს არ ეძებს, მის წინააღმდეგ საქმე არ არის აღძრული, რასაც სხვა ქურდებზე ვერ ვიტყვით. ფრანგები ადასტურებენ, რომ შუკაკიძესაც, კობალაძესაც და ასანიძესაც სასჯელი ელით, მაგრამ არა შუშანაშვილს, რადგან მის წინააღმდეგ სამხილი არ აქვთ. თავის მხრივ, ბერძნები ამბობენ, რომ შუშანაშვილს ელადაზე არაფერი დაუშავებია და ის მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართველი სამართალდამცავების მიერ გაგზავნილი საბუთები ნახეს, ექსტრადაციაზე უარი განაცხადეს. 

ქართველი სამართალდამცავები შუშანაშვილს კანონიერ ქურდობას ედავებიან, რაც საქართველოს გარდა, არცერთ ქვეყანაში დასჯადი არ არის. შესაბამისად, ლაშას ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ეს მის კლიენტზე ანგარიშსწორების მცდელობაა და ქართულ მხარეს შუშანაშვილი მძევლად სურს, რაც ბერძნეთათვის სავსებით მისაღები დასაბუთებაა, ამიტომ ყველა ელოდება, რომ აპრილის ბოლოს თუ არა, მაისის დასაწყისში, შუშანაშვილს გაუშვებენ. თანაც, ლაშას საბერძნეთში მეცენატის სახელი აქვს, მის სახელს რამდენიმე გრანდიოზული ბიზნესპროექტი უკავშირდება, ხალხია დასაქმებული, ბიუჯეტში ფული შედის და ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საბერძნეთს, ასეთი კაცის ქვეყნიდან გაგდება უბრალოდ არ აწყობს“ , _ გვითხრა ჩვენმა წყარომ. 

შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ყველაზე ცნობილი კანონიერი ქურდი საქართველოს ციხეში მოხვდება, მინიმალურია და ეს იმის ფონზე, რომ ქართული მხარე აქცენტს სწორედ შუშანაშვილზე აკწეთებდა და, პრაქტიკულად, სხვა არაფერი აინტერესებდა. ჩვენი ინფორმაციით, „ლაშა რუსტავსკის“ ებრაელი ადვოკატები იცავენ.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში