ქართული ყველის რუკა, რომელიც საყვარელი სახეობის აღმოჩენაში დაგეხმარებათ - ინტერვიუ ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი 

საქართველოში ყველი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია. ქართული სუფრა ყველის გარეშე წარმოუდგენელია.  ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია ყველის სახეობებით,  სხვადასხვა ადგილმდეობარეობიდან გამომდინარე, მაგრამ  საზოგადოებამ მათი უმარვლესობა არ იცის. ბოლო წლებში ქართული ყველის საკითხის წინ წამოწევამ და პოპულარიზაციამ ბევრი სახეობა აღმოაჩენინა მოსახლეობას, რომლებზეც აქამდე არც კი გვსმენოდა. ქართული ყველის რუკა ინფორმირების ერთ-ერთი წყაროა. მისი მეშვეობით ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ  გაიგონ, რომელ კუთხეში, რომელი ყველის სახეობაა გავრცელებული. დაინტერესებულ გურმანს, ტურისტს ან თუნდაც სპეციალისტს კი შესაძლებლობა ექნება  ამ რუკის დახმარებით აღმოაჩინოს მომავალში მისთვის საყვარელი ყველის სახეობა. ქართული ყველის რუკა ერთ-ერთი წყარო გახდება, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს სხვადასხვა კუთხის სახეობის რძის პროდუქტებს. ამ რუკის შექმნის ისტორიაზე გაზეთ „ვერსიას“ რუკის ავტორი და შემქმნელი ანა მიქაძე- ჩიკვაიძე ესაუბრა:

_ ქალბატონო ანა, ვის ეკუთვნის და როგორ გაჩნდა ქართული ყველის რუკის შექმნის იდეა?

_ იდეა ჩემს მეგობარ სოსო გალუმაშვილს ეკუთვნის.  როდესაც უყურებდა, როგორ ვმუშაობდი ქართულ ყველზე, მითხრა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგალითად: საფრანგეთს, იტალიას, ჰოლანდიას, შვეიცარიას და ა.შ. რომელთაც ყველის ცნობილი და ისტორიული წარმოება გააჩნიათ, თითქმის ყველას შექმნილი აქვს თავისი ქვეყნის ყველის რუკა. სოსო ჩემთვის, ყოველთვის სიახლის შემომტანი და ღირებული ადამიანია, სწორედ მან მირჩია და შემომთავაზა, რომ გამეკეთებინა ყველის რუკა. ჩვენ ერთი პატარა გუნდი გვყავს, ქალბატონი ნინო კუნჭულია არაჩვეულებრივი გრაფიკული დიზაინერია, წლებია ჩვენ ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ, ჯერ კიდევ ჟურნალის რედაქტორი, რომ ვიყავი იქიდან მოდის ჩვენი მეგობრობა, სწორედ ნინოს ვთხოვე დახმარება. იგი ნამდვილი პროფესიონალია, ძალიან  სრულყოფილად და კარგად აკეთებს თავის საქმეს, ამიტომაც მან გაიზიარა ეს იდეა და რამდენიმე ვერსია შევქმენით. თავიდან შეცდომა დავუშვით და არ მივაქციეთ ყურადღება იმას, რომ ძროხის ჯიშები დავსვით მხოლოდ შავ-ჭრელი, გვეგონა, რომ უფრო შესამჩნევი იქნებოდა, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ შავ-ჭრელი არ არის ჩვენი ჯიში. მაგალითად: ხევსურეთში წაბლა, სამეგრელოში კვარაცხელიას ჯიში. ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა, გიული გოგოლიმ, რომელიც ამ დარგის პატრიარქი, პროფესორი და აკადემიკოსია, მითხრა ძალიან მოკრძალებულად, რომ შავ-ჭრელი ძროხები ჩვენი არ არის და იქნებ შეცვალოთ ადგილობრივებითო. ეს ადამიანი იმდენად დაგვეხმარა, რომ სწორედ საკუთარი ხელით შეცვალა ეს ძროხები. მას შემდეგ ვსარგებლობთ, ამ რუკით, მაგრამ ის რუკა, რომელიც თავდაპირველად გავაკეთეთ, მაინც დარჩა ინტერნეტში და ბევრი ადამიანი ხანდახან იყენებს. მას შემდეგ საქპატენტთან ერთად არაერთი რუკა გავაკეთეთ, არა მარტო მეყველეობის. საქპატენტი ზოგადად აკეთებს, ყველაფრის რუკას, რაც კი დაპატენტებული აქვს, ჩვენც შემოგვთავაზა ყველის რუკა და კიდევ ერთხელ გავაკეთეთ, სხვა სტილის და სხვა მონაცემების, ასე ნელ-ნელა დაგვიგროვდა რუკების საკმაოდ დიდი რაოდენობა სხვადასხვა მიზნებისთვის.

_ რამდენი სახის ყველია გამოსახული რუკაზე?

_პირველ რუკაზე დაახლოებით 26-ზე მეტი ყველის სახეობა იყო გამოსახული, შემდეგ უკვე ცხადია იმატებდა, საქპატენტმა 14 დარეგისტრირებული ყველი განათავსა. ჩვენი ინიციატივით, რომელიც გავაკეთეთ, იმ რუკაზე არის დაახლოებით 30-35 მდე რაოდენობის. მაგალითად: ყველი წყალდასხმულა, შარშანწინ ტურიზმის დეპარტამენტის ტურში მონაწილეობის დროს დავაფიქსირეთ, აღმოჩენილი იყო, მაგრამ მისი მწარმოებელი არ გვყავდა ნაპოვნი და სოფელ ღებში ვიპოვეთ. ეს ყველი ჯერ არცერთ რუკაზე არ არის დატანილი, ანუ კიდევ ბევრი ყველია, რომელსაც მომავალში დავიტანთ.

_ ქალბატონო ანა, სად შეუძლიათ ადამიანებს ნახონ ეს რუკა? სად არის ხელმისაწვდომი?

_ ჩვენ დავბეჭდეთ გარკვეული ტირაჟები თავის დროზე, განსაკუთებით საქპატენტის დაკვეთა, რომელიც იყო, დაახლოებით 2000 მეტი დაიბეჭდა. პერიოდულს ვბეჭდავთ 1000 – 2000 ცალს და ვარიგებთ საჩუქრებად, ეს რუკები არ იყიდება. ვიყენებთ ღონისძიებებზე. რა საკვირველია ინტერნეტით სარგებლობს ყველა, ეს ინფორმაცია საჯაროა და არ არის აკრძალული მისი გამოყენება, არავითარი საავტორო უფლება ამ რუკაზე ჩვენ არ გვიდევს, იმიტომ, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩემი კვლევის ფარგლებში, რაც კი რამე გამიკეთებია და მიპოვია რაიმეს საავტორო უფლება დავადო, რადგან სამეურნეო კულტურა არის მთელი ქვეყნის საკუთრება, მისი მოსახლეობის, ამიტომ გამოიყენოს ნებისმიერმა, ვისაც უნდა, უბრალოდ არ დაავიწყდეთ, რომ ანა მიქაძემ, ნინო კუნჭულიამ და სოსო გალუმაშვილისის იდეაამ შექმნა ეს ყველის რუკა და ხანდახან სადმე მიუთითონ ხოლმე.

_ საინტერესოა, ინგლისურ ენაზე თუ არის წარმოდგენილი ეს რუკა, ტურისტებისთვის რომ იყოს ხელმისაწვდომი?

_ დიახ, არის. გოგა ჩანადირმა, საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დადო ქართული რუკა და მაშინვე გაჩნდა კითხვები: რატომ არ არის ინგლისურ ენაზე? რატომ არის ეს ასეთი ზოგადი და ა.შ. ყველა შეცდომა და ყველა კითხვა, რომელიც იბადება ასეთი საჯარო განხილვების დროს, ჩემთვის პირადად არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ნათია ფოფხაძემ, რომელიც არის საქპატენტის წარმომადგენელი, თქვა, რომ  გვაქვს ინგლისურად და განათავსა საქპატენტის მიერ გაკეთებული ინგლისური რუკა. ჩვენ გვაქვს ინგლისურ ენაზე ეს რუკა და ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ფრანგულადაც მომავალში, ასევე სხვადასხვა ენებზე, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და საინტერესო.

_ ამ რუკის მეშვეობით უამრავმა ადამიანმა გაიგო სხვადასხვა სახეობის ყველის შესახებ, რამდენად მოთხოვნადი გახდა ყველის ეს სახეობები?

_ ნებისმიერი წერილობითი და გრაფიკული ინფორმაცია, სამეურნეო პროდუქტის შესახებ, კიდევ ერთი ნაბიჯია პოპულარიზაციის. 22 წელია, რაც ვმუშაობ და 10 წელიწადია, რაც უკვე გამოვიტანე ეს პროექტი ქართული ყველის შესახებ, პოპულარიზაცია მიუხედავად ამ ფესტივალებისა, დეგუსტაციებისა, სატელევიზიო გამოსვლებისა, რომელიც ძალიან უხვად დამიგროვდა და ზედმეტადაც კი, რომ ხანდახან შეიძლება ვაღიზიანებ კიდეც ერთი და იგივეს მოყოლით საზოგადოებას, საკმარისი მაინც არ არის. სხვა სიახლეები ბევრი არის, მაგრამ არ გაგვისაჯაროებია, რუკაც ამავე კატეგორიის ინფორმაციაა. რამდენად შეუწყო ხელი პოპულარიზაციას ვერ გეტყვით. ორი-სამი დღის წინ საშინლად მძიმე კამათი მქონდა, ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე, ექსპერტობის მოსურვე ადამიანმა ვერ გაარჩია ერთმანეთისგან, ტენილის და ჩეჩილის ყველის სახეობა და აურია ერთმანეთში, აღწერა ტენილის სახეობა ძალიან დამახინჯებულად, რეალურად სულ სხვანაირად კეთდება ამ სახეობის ყველი, მან კი დააწერა, რომ ეს იყო ჩეჩილის ყველი. ბევრს ერევა, ხანდახან ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ხოლმე, როცა ტენილს, რომელიც არის მსოფლიო მარგალიტი, ნუ მე ასე ვთვლი, ეძახიან დაწეწილ ყველს, ეს არის რთული და პერფომანსული ყველის სახეობა. ადამიანი დგას 4 საათი, ჭიმავს ყველის თოკებს, თმის ღერამდე დაყავს და შემდეგ ამას ნაღებში ამუშავებს, ტენის ქოთნებში ( ამიტომ ჰქვია ტენილი) და ამას ექსპერტი ურევს ჩეჩილში, რომელიც აბსოლუტურად სხვა ყველია. ნუ ეს ყველაფერი ხდება ხოლმე, რუკებიც, ფესტივალებიც და ჩემი სტატიებიც კი არ არის საკმარისი, რომ გაარჩიო ერთმანეთისგან სხვადასხვა სახეობები. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პოპულარიზაცია მართალია ხელს უწყობს და ჩვენ ვიბრძვით ამისთვის, რომ როგორმე მივიტანოთ მოსახლეობამდე და მომხმარებლამდე, მაგრამ ამას ჭირდება წარმოების გაზრდა, მაგალითად, რუკაზე დატანილი, განსაკუთრებით არამატერიალური კულტურის სტატუსის მქონე ყველი, ნარჩვი, დამბალხაჭო, ტენილი და ჩეჩილი უნდა იყოს იმდენი, რომ ყველა რესტორანში და მაღაზიაში იყოს, ან უნდა არსებობდეს სპეციალური დახლები. ეს წარმოებაში უნდა გადაიზარდოს, მაშინ უკვე პოპულარიზაციას ექნება შედეგი.

_ და ბოლოს... ფესტივალები ახსენეთ, როდის ჩატარდა და კიდევ როდის იქნება ყველის ფესტივალები?

_ წელს, ჩვენ ჩავატარეთ პატარა ფესტივალი, პანდემიის დროს, ბინა დაიდო მთაწმინდის პარკში. პანდემიის დროსაც, ყოველგვარი წესების დაცვით ჩავატარეთ ეს ფესტივალი, თუმცა ეს არ იყო ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორსაც ვატარებდით 10 წლის მანძილზე, რიყეზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რესპუბლიკის მოედანზე და სხვა... 20 იანვარს, იყო მსოფლიო ყველის დღე. ჩვენ არ გვაქვს ასეთი გამოკვეთილი ყველის დღე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ საერთაშორისო თარიღს შევუერთდეთ. თქვენი სტატიის საშუალებითაც ვულოცავ მსოფლიო მეყველეების.