Menu
RSS

პრეზიდენტს შეწყალების საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის უფლება უნდა ჩამოერთვას!

პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა

პარტია ,,მემარცხენე ალიანსმა'' პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხს ეხება. პარტიაში ითხოვენ, რომ პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების უფლება შეწყალების კომისიის რეკომენდაციის გარეშე არ ჰქონდეს.

ამ ინიციატივით, იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შედეგად სასჯელის სახედ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის 2/3 არ აქვს მოხდილი, კომისია არ განიხილავს შეწყალების საქმეს ანუ შეწყალება არ გამოიყენება. ,,ვერსია'' პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, სოსო შატბერაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა: ,,ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, პრეზიდენტს ჩამოერთმევა უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს შეწყალების საკითხი. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალს რომ ყელი გამოჭრეს, გაირკვა, რომ პრეზიდენტმა ისე შეიწყალა, არც იცოდა საქმის ვითარება და ახლა რაღა დროს თავის მართლებაა?!'' 

პარტიამ იგივე შინაარსის საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს რამდენიმე თვის წინაც მიმართეს, მაგრამ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი თაროზე შემოდო და არც კი განიხილა: ,,როცა უკვე ურემი გადაბრუნდა და ასეთი საზარელი ტრაგედია მოხდა, იქნებ ახლა მაინც განიხილოს პარლამენტმა ეს წინადადება. თან, ზოგი დეპუტატი უმრავლესობიდან თავად ამბობს, რომ კანონი შესაცვლელია.'' 

შატბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში და საქართველოშიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების ექსკლუზიური უფლება, ამას ერთპიროვნულად არ უნდა აკეთებდეს. ,,მემარცხენე ალიანსის'' ლიდერი იხსენებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ ოჯახთან დაახლოებული პირი შეიწყალა, ანუ მიკერძოებულად მიიღო ეს გადაწყვეტილება და შეწყალების კომისიას არც დაეკითხა. შატბერაშვილი სხვა მსგავს შემთხვევებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ რადგან საქართველოში კრიმინოგენური სიტუაცია მძიმეა, თვით პრეზიდენტსაც კი არ უნდა ჰქონდეს ერთპიროვნულად შეწყალების უფლება: ,,ახლა მოხდა შემთხვევა, რომ კონკრეტული პირი ისე შეიწყალა პრეზიდენტმა, მის საქმეზე სასამართლო დასრულებული არ იყო. ძალიან მძიმე ამბავია, რომ პრეზიდენტს დაუდებენ საბუთს და ხელს აწერს ჰაიჰარად, უპასუხისმგებლოდ და ამას მოყვება უბედურება. წინა პრეიზდენტიც ასე იწყალებდა, გირგვლიანის საქმე გავიხსენოთ, მკვლელები გამოუშვეს გარეთ. შემდეგ ,,ოცნება'' და საააკაშვილი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ მეტს შეიწყალებდა და ძალიან ბევრი კრიმინალი გამოვიდა გარეთ. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს გაგახსენებთ, საზოგადოება გაგებით უნდა შეხვდეს ამასო. იმ ტრაგედიას შევხვდეთ გაგებით, 25 წლის ქალს რომ ყელი გამოჭრეს?! მრავალი კრიმინალის ჩამდენი აღმოჩნდა, რომ შეწყალებული იყო. აქედან გამომდინარე, შეწყალება უნდა იყოს ძალიან რთული პროცესი და მხოლოდ ის ადამიანები უნდა იქნან შეწყალებულნი, რომელზეც დარწმუნებული იქნება კომისია, რომ აღარ ჩაიდენენ დანაშაულს.'' 

შატბერაშვილი აცხადებს, რომ თუ რეკომენდატორები, კომისია და პრეზიდენტი ერთად შეცდება, ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა იქნება და ყველა აგებს პასუხს. პასუხი იმ რეკომენდატორებმაც უნდა აგონ, ვინც პრეზიდენტს დადებითი დახასიათება მიუტანა, რადგან, შატბერაშვილის თქმით, საზოგადოება ზარალობს, მკველობა ხდება, სისხლი იღვრება: ,,იმიტომ მოხდა ეს ტრაგედია, რომ ჩვენი ინიციატივა აქამდე არც განიხილეს. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წინა და ახლანდელი პრეზიდენტები და ,,ოცნება'', მსჯავრდებულთა გათავისუფლებით მათი და მათი ოჯახის წევრების ქულები მოეპოვებინათ. ეს იწვევს უბედურებას და უნდა აღიკვეთოს კანონმდებლობით. იმსჯელონ ინიციატივაზე და ჩვენც ჩავერთვებით, ჩართონ ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი.'' 

შატბერაშვილის აზრით, ხშირად ლმობიერი კანონი ხელს უწყობს მკვლელს მკვლელობის ჩადენისას: ,,ბევრი მკვლელი იფიქრებს, ვიჯდები 15-20 წელი, მერე გამინახევრდება სასჯელი, მთავრობა შეიცვლება და გამოვალო, ამიტომ კანონის სიმკაცრე მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით აუცილებელია. უბედურება ისაა, რომ შეწყალება მძიმე დანაშაულის ჩამდენებზეც ვრცელდება და ისინი კიდევ სჩადიან დანაშაულს. ასეთი ადამიანი იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან. დიდი სიხარულით შევხვდი როცა გავიგე, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საბერძნეთისა და საფრანგეთის სამართალდამცველებთან ერთად უამრავი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავეს. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სახელს არცხვენენ, კრიმინალს სჩადიან უცხოეთში. მძიმე დანაშაული უნდა აღიკვეთოს კანონის სიმკაცრით, თორემ საგზაო მოძრაობის დარღვევა და ქრთამი და ა.შ. მსუბუქი დანაშაულია და ასეთ მუხლებზე უნდა ვრცელდებოდეს შეწყალება.'' 

პრეზიდენტის ადმნისტრაცია მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი ვნებათაღელვა პრეზიდენტის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებული ,,შავი პიარია''. ამ ვერსიას არ ეთანხმება სოსო შატბერაშვილი და აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულსქვემოთაა: ,,ესაა უპრეცედენტოდ არჩეული პრეზიდენტი. ყველამ იცის, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩია ხალხმა. მას არანაირი შანსი არ აქვს და ამიტომ ,,შავი პიარი'' როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, არ სჭირდება.'' მარგველაშვილის ყველა დასახელებულ კანიდიდატზე იმავეს ამბობს და განმარტავს, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთს აქვს, შანსი 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახოს: ,,მოქმედ პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად არ დაუსახელებია. მას ასახელებენ პარტიები, განიხილავენ მედიაში, მაგრამ მას არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების. პრეზიდენტი, რომელიც ერის სახე და მეთაურია, მხოლოდ სამშობლოსთვის თავდადებით უნდა ცხოვრობდეს, არ უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრების უფლება.'' 

რაც შეხება ნინო ბურჯანაძისა და შალვა ნათელაშვილის კანდიდატებს, შატბერაშვილის თქმით, მართალია, ორივეს საკუთარი კანდიდატურა უკონკურენტო და საუკეთესოდ მიაჩნია, მაგრამ ,,მემარცხენე ალიანსის'' ლიდერი წინა არჩევნების შედეგებს იხსენებს და აცხადებს, რომ ამ ორმა პოლიტიკოსმა 3%-ც კი ვერ მიიღეს წინა არჩევნებში და მათი გამარჯვების შანსი მომავალ არჩევნებში ამ მაჩვენებლით განისაზღვრება. 

დაასახელებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი კანიდიდატურას? _ ამ ყველაზე აქტუალურ საკითხს შატბერაშვილი სკეპტიკურად, მაგრამ იმედიანად უყურებს: ,,რაც ახლა ხდება, ამის შანსი არაა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა გვიან და მოვუწოდებ ოპოზიციას, გვერდით გადავდოთ პარტიული ამბიციები და გავერთიანდეთ, დავსხდეთ და შევჯერდეთ ერთიან, ძლიერ, სამშობლოსთვის თავდადებულ კანდიდატზე. სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ერთადერთი გზა ესაა.'' როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, მათი პარტია ელოდება ყველა პარტიის მიერ კანდიდატების დაასახელებას და თუ რომელიმე მათგანი მათთვის და ქართველი ხალხისთვის მისაღები იქნება, მას დაუჭერენ მხარს თუ არადა, საკუთარ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები, ერისთვის თავდადებული უპარტიო ადამიანი იქნება.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში