Menu
RSS

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს პატიმართან შეხვედრის უფლება უნდა მისცეს!

ელენე თევდორაძის რეკომენდაციები პატიმართა შეწყალების მექანიზმზე

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობით საზოგადოება შეძრწუნებულია. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკვლელი, ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა საპატიმროდან, საზოგადოება პასუხს სწორედ ქვეყნის პირველ პირს სთხოვს. ეს არაა პირველი ,,შავი ლაქა'' გიორგი მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკაში. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მან შეიწყალა მკვლელები, ნარკოტიკის გამსაღებლები და სხვა მძიმე დანაშაულის მუხლით დაკავებული პირები. საზოგადოების აზრი იყოფა _ ზოგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით უფლებები უნდა შეეზღუდოს და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით არ შეეძლოს ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ერთპიროვნულად გამოყენება. ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემა შეწყალების მექანიზმის გაუმართავობაშია... სად არის პრობლემა და როგორ უნდა მუშაობდეს შეწყალების მექანიზმი ისე, რომ ამ სიკეთით მხოლოდ იმ ადამიანებმა ისარგებლონ, ვისაც საპატიმროდან დროზე ადრე განთავისუფლება სამართლიანად ეკუთვნით?_ ,,ვერსია'' ამ საკითხზე ელენე თევდორაძეს ესაუბრა, რომელსაც შეწყალების კომისიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

_ 20 წელი შეწყალების კომისაში ვმუშაობდი, აქედან 10 წელი კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. გავიარე შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდები და მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც მიუთითებს პრეზიდენტს, როგორ იმოქმედოს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. თუ საუბარია შეზღუდვებზე ან მუშაობის სტილის შეცვლაზე, ეს მხოლოდ პრეზიდენტის დებულებაში უნდა ჩაიწეროს. სხვა დოკუმენტი, რითაც შეწყალების კომისია სარგებლობს, არ არსებობს. არსებობს დებულება და შინაგანი მიდგომა ყოველი კომისიის წევრისა, სხვა რეკომენდაციები არ არსებობს. შევარდნაძის დროს დებულებაში განსაზღვრული იყო, რომელი მუხლებისთვის არ უნდა მიგვეცა რეკომენდაცია, რადგან მათ არ შეიწყალებდა - ეს იყო მკვლელობა, ნარკოტიების გაყიდვა-გასაღება და ადამიანის გატაცება. სააკაშვილის დებულებაში არ იყო მითითება რომელიმე მუხლზე, იქ უბრალოდ გაწერილი იყო პროცედურული მომენტები. ახლა არ ვიცი, დებულებაში რა სიახლე შევიდა. ერთადერთი რაც მოვისმინე, სამუდამო პატიმრობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვეწერა დებულებაში, რომ სასჯელის 25 წლის მოხდის შემდეგ შესაძლებელი იყო, კომისიას განეხილა შეწყალების საკითხი. როგორც ვიცი, ახლა ამ ზღვარმა 15 წლამდე ჩამოიწია და მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებდა. ჩემთან ძალიან ბევრი დაზარალებული მოდიოდა და როცა მკვლელობა ხდებოდა, მეუბნებოდნენ, რატომ არ გვაქვს სიკვდილით დასჯაო. როცა ვუხსნიდი, რას ნიშნავს უვადო პატიმრობა, დაზარალებული წყნარდება. 

_ როგორ ფიქრობთ, მძიმე დანაშაულის მუხლით გასამართლებულებს შეწყალება უნდა ეხებოდეს? 

_ ეს ისევ და ისევ პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუ ჩათვლის, რომ მკვლელი უნდა შეიწყალოს, შეიწყალებს. არ ვიცი, ამ შემთხვევაში კომისია როგორ მუშაობს. ჩემი მუშაობის დროს, არც ერთ მკვლელს არ ვაძლევდით რეკომენდაციას. მკვლელობა, ნარკოტიკების გაყიდვა და ადამიანის გატაცება ტაბუდადებული იყო. სამძიმარს ვუცხადებ თქვენი გაზეთის მეშვეობით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახს, საზარელი ამბავი მოხდა ბავშვების თვალწინ, ამ ყველაფრის ჩამდენი მეორედ გასამართლდა. პირველად იჯდა ძალადობის გამო და ახლა ადამიანი მოკლა. ჩვენ მეორედ ნასამართლევი პატიმრის საქმეზე ასეთი პოზიცია გვქონდა, თუ იყო რეციდივი (ანუ პირველი და მეორე დანაშაული ერთნაირი იყო) არასდროს ვაძლევდით პრეზიდენტს რეკომენდაციას. თუ ორჯერ იყო ნასამართლევი, მაგრამ სხვადასხვა მუხლებით, მაგალითად, ხულიგნობისთვის და მეორედ იმის გამო, რომ ჯიბეში აღმოუჩნდა ,,ლიმონკა''. ჩანდა, რომ ჩადებული იყო, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის დროს, როცა მან გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა, ხშირად მხვდებოდა საქმეები, სადაც ჩანდა, რომ პირველი დანაშაულის გამო ცდილობდნენ, ისევ ციხეში დაებრუნებინათ, ან ნარკოტიკებს უდებდნენ, ან იარაღს და ა.შ. 

მე პირადად მქონდა საპატიმროში შესვლის უფლება, რომ წავიკითხავდი საქმეს და ვგრძნობდი, რომ რაღაც ბოლომდე არ მჯეროდა, საპატიმროში ვხვდებოდი პატიმარს, რადგან პირდაპირი საუბარი მეტ ინფორმაციას გაძლევს, ასევე ვხვდებოდი მის ოჯახის წევრებს, დაზარალებულებს. ჩემს გარდა, სახალხო დაცველიც შედიოდა, მასაც ჰქონდა ინფორმაცია. კომისიაში კენჭისყრაზე ვაყენებდით საქმეს და ხმების უმრავლესობა წყვეტდა. 

_ არის მოსაზრება, რომ შეწყალების მექანიზმია მოშლილი. თავად პრეიზდენტიც აცხადებს დადებითი რეკომენდაციების საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილებაო. როგორ ფიქრობთ, ახლა რეკომენდაციების გამცემები სათანადოდ საფუძვლიანად არ იკვლევენ საქმეს? 

_ ვერ გეტყვით, თვალს არ ვადევნებ ახლა რა ხდება. ჩვენი მუშაობის ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრ პატიმარს სააკაშვილი ჩვენი რეკომენდაციის გარეშე იწყალებდა. მაგალითად, გირგვლიანთან დაკავშირებით, ამ ბიჭებისგან კომისიაში განცხადებაც კი არ შემოსულა. მთხოვეს და შევხვდი მათ კოლონიაში. მაშინ გავაფრთხილე, არც ეფიქრათ განცხადების დაწერა, რადგან პრეზიდენტს რეკომენდაციას არ მივცემდით. აღმოჩნდა, რომ მაინც შეიწყალა და ასეთი იყო ბევრი... უბრალოდ, სააკაშვილის ბედი იყო, რომ მათ აღარ გაიმეორეს დანაშაული. 

რა თქმა უნდა, ბეწვის ხიდზე გადიხარ, შეიძლება, ჩვენს კომისიასაც ჰქონდა რაღაც აცდენა, მაგრამ ყოველი წლის ბოლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ვითხოვდი ცნობას, რა რაოდენობით ბრუნდებოდნენ შეწყალების შემდეგ ციხეში. ბოლო პერიოდში ასეთი 0.04% იყო. 

_ ანუ მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტს კომისიის გვერდის ავლით უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება? 

_ ყველა ქვეყანაში ექსკლუზიური უფლება ეძლევა პრეზიდენტს და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს. აშშ-ში, დანიაში, ჰააგაში, ლონდონში ვიყავი ციხეებში, პროკურატურას, სასჯელაღსრულების თანამშრომლებს ვხვდებოდი და შეწყალება მთელ მსოფლიოში ეკუთვნის პრეზიდენტს. აშშ-ში შეწყალება ხდება ძალიან იშვიათად, შეიძლება, წელიწადში ერთი ადამიანი შეიწყალონ. გული მწყდება, რომ მსჯელობის საგანი გახდა, აპატიო თუ არა პატიმარს და მისცე შანსი, დაიწყოს ახალი ცხოვრება. ყოველთვის მიხარია, როცა ქუჩაში მხვდებიან ყოფილი პატიმრები და მეუბნებიან, რომ შექმნეს ოჯახი, სწავლობენ, მუშაობენ და ცხოვრება აიწყვეს. 

უბრალოდ, პრეზიდენტი როცა ადგენს დებულებას, დაფიქრდეს, რას ითხოვს კომისიისგან. ყველაზე კარგია, როცა პირადად ხვდები პატიმარს და თავმჯდომარეს უნდა მისცეს პრეზიდენტმა ამის უფლება. ერთი ერთზე შეხვედრა ბევრს ნიშნავს. სააკაშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, ვუთხარი, რომ ციხის საავადმყოფოში იყვნენ ძალიან მძიმედ დაავადებული პატიმრები, რომლებსაც არ ჰქონდათ მოხდილი ნახევარი, მაგრამ ვთხოვე, მათთვის ცალკე გაგვეკეთებინა სია. დამთანხმდა, შევედი საავადმყოფოში, ყველაზე მძიმე ავადმყოფებს შევხვდი და წარმოიდგინეთ, იქიდან ისე გამოვედი, რომ ნახევარს მაინც არ მივცემდი რეკომენდაციას, რადგან არ ინანიებდნენ ამ დანაშაულს. თუ არ ინანიებ, არ უნდა გამოხვიდე.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში