Menu
RSS

„ვერ დავიჯერებ, რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა!“

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

17 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, თელეთში დააკავეს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობები სრულად დააკმაყოფილა, შესაბამისად მკვლელობაში ბრალდებულსა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილს _ თეიმურაზ ბაქრაძეს პატიმრობა შეუფარდა.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალდება ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული თეიმურაზ ბაქრაძე და ვეფხია ბაქრაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. 

როგორც სასამართლოზე გაირკვა, ბრალდებული გარდაცვლილის ყოფილი მამინაცვალი გახლდათ. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ვეფხია ბაქრაძე მასზე სასტიკად ძალადობდა და ამიტომ მისი შვილი ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა. სავარაუდოდ, ამ კონფლიქტის საფუძველზე მოკლა ბრალდებულმა 25 წლის გამრეკელაშვილი ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ბრალდებული ბაქრაძე ადრეც იყო დაკავებული ოჯახური ძალადობის საფუძველზე გამრეკელაშვილის დედის საჩივრის გამო, თუმცა, როგორც გაირკვა, ვეფხია ბაქრაძის შესაწყალებლად პრეზიდენტს თავად გარდაცვლილის დედამ მიმართა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის დედამ რამდენიმე დღის წინ ბრალდებულ ბაქრაძეზე იქორწინა კიდეც, რაც თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს. 

ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა, ლევან მარსაგაშვილმა თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, „ვეფხია ბაქრაძე აღიარებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას”. 

ვეფხია ბაქრაძის შვილი მომხდარით შეძრწუნებულია და ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს: „რა სასჯელს იმსახურებს, როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია თავის თავსაც და შვილებსაც და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს.“ მისი თქმით, მის მამას მოკლულთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია: „ბევრი კითხვა მაქვს. მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ვიქორწინე-მეთქი. ზუსტად ის მაინტერესებს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მათ პირადში მე არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ. ახლა ბოლომდე ჩავერევი, რომ გავიგო, რა მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? ამას გავარკვევ იმიტომ, რომ თაკოს წინაშე მართალი ვიყო, თაკოს მკვლელი მამაჩემია, თაკო კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო. ამ ცოლთან კონფლიქტს არ შევსწრებივარ, ფიზიკურს მით უმეტეს, შეიძლება სიტყვიერი იყო. გარდაცვლილთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია, მხოლოდ ამ ურთიერთობის, დედის გამო ხდებოდა კონფლიქტები. თაკოს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ყოველთვის წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა ერთად ყოფილიყვნენ. მე და თაკოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამაზე არც ვლაპარაკობდით. უბრალოდ ვიცოდი, რომ თაკოს არ უნდოდა. შეიძლება მოტივი ესეც გამხდარიყო, ვერ გეტყვით. იმ დროს ის ადამიანი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია. მე ამას ვერ დავიჯერებ, რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა. არანაირი გამართლება არ აქვს ამ დანაშაულს. თაკოს რაც არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, მით უმეტეს, ბავშვებიც იქ იყვნენ. თუ რამის დაშავება უნდოდა, დაეშავებინა იმისთვის, ვინც ამას იმსახურებდა”, -განაცხადა ლიკა ბაქრაძემ. 

საქმის პროკურორმა, იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, რომ ჩადენილია საზარელი დანაშაული. ბრალდებულმა 3 და 6 წლის შვილების თანდასწრებით, თამარ გამრეკელაშვილს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა: „ბრალდებული ამბობს, რომ ბავშვები მკვლელობის ფაქტს არ შესწრებიან და მას მკვლელობა მათი თანდასწრებით არ ჩაუდენია. რა თქმა უნდა, ბრალდებულს მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ვედავებით, რაც ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მკვლელობის ადგილზე მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, რადგან ზუსტად ქალისა და ბავშვების კივილზე გაიგეს მეზობლებმა აღნიშნულის შესახებ და ამიტომ მივიდნენ იმ კართან“.. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულ, ვეფხია ბაქრაძეს თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობა წინა საღამოს ჰქონდა დაგეგმილი: „წინა საღამოს გარდაცვლილს დაემუქრა, მათ შორის სატელეფონო კომინიკაცია შედგა. დაძაბულობა იყო მათ შორის, რადგან გარდაცვლილი ხელს უშლიდა მათ ურთიერთობას, დედამისს ეუბნებოდა, მოძალადეს არ შერიგებოდა. გარდაცვლილს თან ჰქონდა დედამისის ტელეფონი და როცა დედამ თავისივე ტელეფონზე დარეკა, ბრალდებულმა უპასუხა, რომ თაკო მიწაშია უკვეო“. 

რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ბენზინს, ბრალდებული აცხადებს, რომ მას გარდაცვლილის დედის სამოსის დაწვა სურდა. მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს გაიმართება.

 

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში