Menu
RSS

ვინ არის თურქეთში მოკლული „გია კუტაისკი“ და ვინ იქნებ შემდეგი?!

8 აპრილს, თურქეთში, ქართველი კანონიერი ქურდი, გაიოზ ზვიადაძე ჩაცხრილეს. ზვიადაძე, იგივე „გია კუტაისკი“, კრიმინალურ სამყაროში არათუ კარგად იყო ცნობილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდიც გახლდათ და, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს „მოღვაწე“ კანონიერი ქურდების სამეულში შედიოდა.

ზვიადაძესთან ერთად ესროლეს მის თანხმლებ პირს, ასევე კანონიერ ქურდს, გიგა პეტრიაშვილს, რომელიც ფეხში დაიჭრა, თუმცა გადარჩა. მართალია, ქართველმა სამართალდამცავებმა ამ ამბავს დიდი ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო და აღნიშნულ საქმეზე ექვსი პირი დააკავა. მათ შორის პეტრიაშვილიც და დანარჩენი ხუთი საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეა. საინტერესოა, რომ თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და მათ ამოცნობას თვითმხილველები ვერ შეძლებენ, თუმცა... 

„გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. ჩვენ დაკავებული გვყავს ექვსი პირი და უახლოეს მომავალში, დეტალურად გამცნობ, თუ ვინ დაგეგმა და ვინ შეასრულა ზვიადაძის მკვლელობა“,_ ნათქვამია თურქი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საინტერესოა, რომ სომხეთის მოქალაქეების დაკავება კრიმინალურ სამყაროში არავის გაკვირვებია. საქმე ის გახლავთ, რომ ზვიადაძის მკვლელობის გახმაურებისთანავე ითქვა, რომ მას ნოდარ ასოიანი, იგივე „ნოდარ რუსტავსკი“ ემტერებოდა და მისი მოკვლაც ყველაზე მეტად სწორედ ასოიანს აწყობდა. იმის მიუხედავად, რომ სომეხი ქურდი საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი, სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირშია და შესაბამისად, თუ ქილერის მოძებნას გადაწყვეტდა, სწორედ ისტორიულ სამშობლოში დაძებნიდა და არა საქართველოს მოქალაქეებს შორის, რადგან ნებისმიერ ქართველ კრიმინალს, ზვიადაძეზე სროლა უბრალოდ გაუჭირდებოდა. სხვა თუ არაფერი, „გია კუტაისკი“ ერთ-ერთი ბოლო ქურდი იყო, რომელიც ძველი თაობის ქურდებს ეკუთვნოდა და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 

მეორეს მხრივ, თავის დროზე, ზვიადაძეს კონფლიქტი მოუვიდა ტარიელ ონიანთან, რის შემდეგაც ასლან უსოიანის (დედ ჰასანი), შაქრო კალაშოვისა და ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკი) მხარეს დადგა. რაღა თქმა უნდა, შესაძლოა ვინმემ ხელი ონიანისკენაც გაიშვიროს, როგორც ეს იაპონჩიკისა და დედ ჰასანის მკვლელობის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ... 

„ონიანს სასჯელის 10-წლიანი ვადა 2019 წლის 10 ივნისს ეწურება. შესაბამისად, მას არ სცალია გარეთ ხალხის დასახოცად. ის უბრალოდ ცდილობს გადარჩეს. ონიანი განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშ ჰყავთ ციხე „შავ დელფინში“. ის „ადინოჩკაში“ ზის, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოველდღიურად ხორციელდება, მას არ აქვს კომუნიკაციის საშუალება და შეიძლება ითქვას. რომ ბოლო ერთი წლის გატარება უბრალოდ ჯოჯოხეთში მოუწევს. ამის გათვალისწინებით, ონიანი ზვიადაძისთვის არ და ვერ მოიცლიდა, მითუმეტეს, რომ მათ შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ იყო და პრაქტიკულად ამოწურული გახლდათ“,_ გვითხრა რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთმა კრიმინალმა. 

რაც შეეხება „ნოდარ რუსტავსკისთან“ დაპირისპირებას, საქმე კრასნოდარის მხარეში გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხებოდა. ზვიადაძე თურქეთში სწორედ ასოიანის სანახავად ჩავიდა. მათი შეხვედრის ორგანიზება თურქეთში მყოფ გავლენიან ქურდებს, მინდია გორაძეს (იგივე ლავას ოღლი) და ნადირ სალიფოვს (იგივე გულუ) უნდა მოეხდინათ, მაგრამ შეხვედრა არ შედგა _ ზვიადაძე ქუჩაში დაცხრილეს. 

„ასოიანმა იცოდა, რომ გიას ვერც სიტყვით აჯობებდა და ვერც საქმით. ამასთან ერთად, მან ისიც იცოდა, რომ მტყუანი იყო და დიდი ალბათობით, ამ შეხვედრის შემდეგ, ქურდის ტიტულსაც დაემშვიდობებოდა. რჩებოდა ერთადერთი გზა, ზვიადაძე უნდა მომკვდარიყო და აკი მოკლეს კიდეც. როგორც მე ვიცი, თურქეთში ჩასული ზვიადაძე მეგობრებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, მაგრამ მან არ თუ ვერ დაიჯერა ის, რომ ასოიანი ამდენს გაბედავდა“,_ გვითხრა იგივე წყარომ. 

ფაქტი კი ის არის, რომ ზვიადაძე მკვდარია, თურქეთის პოლიციას ექვსი კაცი ჰყავს დაკავებული და მათ შორის სომხეთის მოქალაქეები. წესით, მათ საქმის გახსნა არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, დაკავება ცხელ კვალზე მოხდა და დამნაშავეებმს ქვეყნიდან გასვლა ვერ მოასწრეს. სხვათა შორის, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ზვიადაძეს არანაკლები გავლენა საქართველოშიც ჰქონდა. ის იყო ერთადერთი კანონიერი ქურდი, რომელმაც გაბედა და ქურდული ვარსკვლავის ფორმის სახლი ააშენა. დიახ, მისი სახლისთვის ზემოდან რომ დაგეხედათ, ქურდული რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმა ჰქონდათ. ჰოდა, როცა წინა ხელისუფლებამ კანონიერ ქურდებს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, ზვიადაძე სამაგალითოდ „დასაჯეს“. მას სახლი ჩამოართვეს და რვაქიმიან საცხოვრებელში პოლიციის შენობა გახსნეს. მაშინ ამით ძალიან ამაყობდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ისე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. 

 

საგულისხმოა, რომ ზვიადაძის გავლენა მოსვენებას არც რუს სამართალდამცავებს აძლევდა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გაიოზ ზვიადაძის საქმე იყო პირველი, რომელიც ქართველმა და რუსმა სამართალდამცავებმა ერთობლივად დაძრეს, კანონიერი ქურდი მოსკოვში დააკავეს და მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა, სადაც მას კანონიერი ქურდობისთვის და იარაღის უკანონო შენახვისთვის უკვე მისჯილი ჰქონდა ათი წელი. ხელისუფლების ცვლილებისა და საყოველთაო ამნისტიის შემდეგ, ზვიადაძემ საპყრობილე და საქართველო დატოვა, კრასნოდარს მიაშურა და, როგორც ამბობენ, ნახევარი წელიც კი არ დასჭირდა იმისთვის, რომ ეს მხარე მთლიანად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. 

„ზვიადაძეს ქურდულ ობშიაკში უზარმაზარი თანხები შეჰქონდა, იმდენად დიდი თანხები, რომ ბევრ კანონიერ ქურდს აეშალა საღერღელი კრასნოდარის მხარეზე. მათ შორის იყო ასოიანიც, რომელმაც ჯერ მცირე ტერიტორია მოითხოვა, შემდეგ ნახევარი კრასნოდარი, ბოლოს კი გადაწყვიტა, რომ ზვიადაძე მას ხელს უშლიდა და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. ჩემი აზრით, ასოიანს ტიტულის გარეშე დატოვებენ და ძალიან მეეჭვება, ქუთაისელმა ქურდებმა მას ზვიადაძის სისხლი შეარჩინონ. ეს მათი ღირსების საქმეა და ასოიანი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, გიას მკვლელს აუცილებლად დასჯიან“,_ გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა. 

ნამდვილად ვერ გეტყვით, ექნება თუ არა ამ ამბავს ასეთი გაგრძელება, როგორც კრიმინალები ვარაუდობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ზვიადაძის მკვლელობა ყველაზე მეტად სწორედ „ნოდარ რუსტავსკის“ აწყობდა. კრიმინალურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ ასოიანს კიდევ ერთი რუსთაველი კანონიერი ქურდის, ბავშვობის მეგობრის, ლაშა შუშანაშვილის იმედად არის და ფიქრობს, რომ საფრთხის შემთხვევაში, სწორედ შუშანაშვილი დაიფარავს. თუმცა, თუ მას ზვიადაძის მკვლელობა დაუმტკიცდა, შუშანაშვილი კი არა, ვერავინ დაიფარავს, რადგან ქურდის მკვლელობა კრიმინალურ კარაბადინში უპატიებელი შეცდომაა და სიკვდილით ისჯება. ეჭვი გვაქვს, გაგრძელება იქნება და ვინძლო ამ ამბავს მხოლოდ ერთი ქურდი არ გადაჰყვეს.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში