Menu
RSS

კომერციული ბანკები _ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მუხრუჭი?!

რას ნიშნავს სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის პროგრამა

,,კომერციულ ბანკებში სესხებზე იმდენად მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის სესხებზე წვდომა შეუძლებელია. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ეკონომიკის მუხრუჭი იყოს'', _ ეს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვებია. სწორედ იმ მინისტრის, რომელმაც თებერვლიდან დღემდე, თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და ფართო აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები გააცნო, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა. ,,ვერსიაში'' დეტალურად განვიხილეთ ეს ცვლილებები და ვწერდით, რომ ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ინიციატივა, რასაც მთავრობა საგადასახადო შეღავათების ნაწილში გეგმავს, მცირე და საშუალო ბიზნესს რეალურად წაახალისებს. საუბარია საშემოსავლო გადასახადის 5%-დან, 1%-მდე შემცირებაზე, დღგ-ს დაბრუნებაზე... თუმცა ის, რაც გასულ კვირას, მამუკა ბახტაძემ კომერციული ბანკების მისამართით განაცხადა, თავისი შინაარსითა და არსით, რბილად რომ ვთქვათ, პოპულისტური იყო! კვირის ბოლოს, ფინანსთა მინისტრი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შეხვდა, შეხვედრის ბოლოს კი ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში კომერციულ ბანკებს უდიდესი წვლილი შეაქვთ!

 

,,იმედის კვირისთვის'' მიცემულ ინტერვიუში, მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ მისი თავდაპირველი განცხადება კომერციულ ბანკებზე შეტევა არ ყოფილა და იქვე დააზუსტა, რომ ფინანსთა მინისტრი ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობს. სინამდვილეში, მთავრობა ისეთი ფინანსური მექანიზმების შემუშავებას აპირებს, რომელმაც ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ შემთხვევაში, მამუკა ბახტაძე სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც, ახალგაზრდა სტარტაპერებს ანუ დამწყებ მეწარმეებს, სასტარტო კაპიტალი ნულოვანი განაკვეთით მიეწოდებათ. თავის თავში, ეს რეფორმა უამრავი პროგრამის განხორციელებას მოიცავს. 

სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში უკვე დაანონსდა ერთ-ერთი, პირველი პროგრამა _ ,,ახალგაზრდა მეწარმე''. ესაა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც დანიის მთავრობის (DANIDA) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ უნდა განახორციელოს. ამ პროგრამის ბიუჯეტი 4 110 000 აშშ დოლარით ანუ 10 000 000 ლარით განისაზღვრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა _ „ახალგაზრდა მეწარმე“, განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებსა და უფრო კონკრეტულად, სოფლად, ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურთ. 

ოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები _ 18-დან 35 წლამდე მამაკაცები და 18-დან 40 წლამდე ქალბატონები, ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა მხოლოდ ახალი ბიზნესის _ სტარტაპის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის _ ,,ახალგაზრდა მეწარმე'' ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს პროექტის ღირებულების 40%-ს დაუფინანსებს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა; დარჩენილი 60% კი ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. შესაძლოა, თანამონაწილეობის თანხა მოძიებულ იქნას, როგორც ბენეფიციარის საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით. ცნობილია ისიც, რომ პროგრამა ითვალისწინებს, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს-მიმართულებების დაფინანსებას. ამ პროგრამის მთლიანი დაფინანსების პორტფელში, არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი 20%-ს არ აღემატება. 

პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო მიმართულება დაფინანსდება, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით უკვე ფინანსდება. სააგენტოში განაცხადებისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონულად, ვებ-გვერდების _ www.apma.ge  და www.danida.apma.ge საშუალებით განხორციელდება. 

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის დამტკიცების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია, ბენეფიციარს პროექტის წარმატებით განსახორციელებლად ყველა საჭირო ღონისძიებაში დაეხმარება, რაც გულისხმობს: თანადაფინანსების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას; წარდგენილი ბიზნეს-იდეის განხორციელების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შედგენას; პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფულადი სახსრების მიზნობრივად გახარჯვის აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის დახარისხებას; სააღრიცხვო პროგრამის/სისტემის დანერგვასა და ბიზნესის მართვისათვის საჭირო ტრენინგების ჩატარებას. 

პროგრამა _ „ახალგაზრდა მეწარმე“, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდება. რაც შეეხება პროგრამას „ერთიანი აგროპროექტი“, ის გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი. ამ პროგრამის მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს... 

განცხადება, რომელმაც საბანკო სექტორი შოკში ჩააგდო, ფინანსთა მინისტრმა სწორედ ამ პროგრამის პრეზენტაციის დროს გააკეთა. რეალურად, მამუკა ბახტაძე იმას გულისხმობდა, რომ სტარტაპების დაფინანსება ბანკებისთვის რისკის შემცველია. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არაა ასე და ცხადია, ფინანსთა მინისტრმა კარგად იცის, რომ სტარტაპების დაფინანსებას ევროპის წამყვანი კომერციული ბანკებიც ერიდებიან. ამისთვის სხვადასხვა, კერძო ფინანსური ჯგუფები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არსებობენ. ამ ფონზე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა _ ამუხრუჭებს თუ არა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს საბანკო სექტორი და რას გულისხმობს მთავრობის ახალი, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა: 

,,ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მთავარი რესურსი და სიმდიდრე ჩვენი მოქალაქეები და ის შემოქმედებითი ჯგუფები არიან, რომლებსაც ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, ეკონომიკურად კონკურენტული იდეები და პროექტები აქვთ, მაგრამ სხვადასხვა ბარიერების გამო, ამ პროექტებს ვერ ახორციელებენ. თუ ამას მაკროეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა, მთავარი ბარიერი სასტარტო ფულისა და სასტარტო კაპიტალის მკვეთრი დეფიციტია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეს სურს დაიწყოს ბიზნესი, მაგრამ იძულებულია, ეს საკრედიტო რესურსით გააკეთოს. იმ მაღალი პროცენტებით, რაც ასეთ შემთხვევაში, საკრედიტო რესურსს მოჰყვება, ასე დაწყებული ბიზნესის განხორციელება ფიზიკურად წარმოუდგენელია. სწორედ ესაა სასტარტო კაპიტალის რეფორმის ამოცანა, რომ ფინანსური რეფორმის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად, ისეთი მექანიზმები შევქმნათ, რაც საშუალებას მოგვცემს, რათა ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი სიცოცხლე მივცეთ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან პროექტებს ანუ ისეთ პროექტებს, რომლებიც დღეს ვერ ხორციელდება. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში, ეკონომიკურად გამართლებული პროექტები არ ხორციელდებოდეს. სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე პროგრამის განხორციელებას ვგულისხმობთ. ეს პროგრამები კი ძირითადად, ჩვენს ახალგაზრდა სტარტაპერებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე იქნება გათვლილი, მათ შორის, რეგიონებში'', _ განმარტა მამუკა ბახტაძემ. 

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 50%, დაახლოებით, 300 კომპანიიდან მიღებული შემოსავლებით ფორმირდება. მისი თქმით, ეს ძალიამ ცოტაა და რაც მთავარია, უმძიმესი მემკვიდრეობაა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ახსნა, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გვაქვს ისეთი სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის დიდი რისკი არსებობს. არადა, საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები ნაკლებ ეფექტურობას, კონკურენციის დაბალ დონეს, გაზრდილ ხარჯებს და ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს ნიშნავს. 

,,როდესაც ბარიერებზე ვსაუბრობ, დამერწმუნეთ, ამაში მხოლოდ კერძო სექტორს არ ვგულისხმობ, აქ სახელმწიფო სექტორიც შედის. ბარიერების მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში უპრეცენდენტო რეფორმა, რომელსაც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან განვახორციელებთ. ყველა მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გადაიხდის სიმბოლურ, 1%-იან გადასახადს. საგადასახადო სტიმულირების თვალსაზრისით, ამაზე მეტი დახმარება მცირე ბიზნესისთვის, თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დაბალი გადასახადები, გამარტივებული საგადასახადო პროცედურები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რათა ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს შეეხება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს!'' 

სასტარტო კაპიტალითYუზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საბანკო სექტორი მზადაა, მთავრობასთან ითანამშრომლოს. თუმცა ახალი ამაშიც არაფერია, წამყვანი ქართული ბანკები აქამდეც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მთავრობის მიერ დაანონსებულ სხვადასხვა პროგრამებში, მათ შორის, ,,იაფი კრედიტის'', ,,შეღავათიანი აგროსესხისა'', თუ ,,აწარმოე საქართველოში'' ფარგლებში, თანაც სადაზღვევო კომპანიებთან ერთად!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში