SOS! ანტონ ფეიქრიშვილი დახმარებას ითხოვს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ფრანგული გამოცემა RugbyRama ავრცელებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ და იმედია, კონკრეტული ადამიაანები და ანტონის მეგობრები ამ ყველაფერს უყურადღებოდ არ დატოვებენ:

„ვცდილობ, გადმოგცეთ ის ცოდნა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტოპ-14-ში, ან კარდიფში, „სელტიკში“ თამაშის დროს დავაგროვე. ახლა შერკინების წევრებს ვავარჯიშებ დ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში გარკვეული ცოდნა მაქვს, თუმცა...

შვიდი თვეა, დეპრესია მჭამს. როგორც კი თვალებს ვხუჭავ, თავში გამუდმებით ჩამესმის ხმა: შეხედე საკუთარ თავს, შენ არაფრის მაქნისი არარაობა ხარ... ამ ხმას ვერ ვაჩუმებ, აღარ შემიძლია...

ვიცი, რომ ბევრ მოთამაშეს აწუხებს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ისინი ამაზე საუბარს ვერ ბედავენ. არადა, ადრე თუ გვიან, ამაზე აუცილებლად უნდა ილაპარაკონ. როდესაც პოლ ალო-ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა - ჩვენ ერთ ნავში ვართ, ჩემო პატარა ძმაო. პროფესიონალურ კლუბში უპირატესობას ყოველთვის თავიანთ ვარჯიშებს ანიჭებენ. მათ ჰყავთ ანალიტიკოსები, ისინი კისერზე GPS-ს გვიკეთებენ, მაგრამ არ გვეხმარებიან მაშინ, როდესაც თავშ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. კარიერის შემდგომი ცხოვრებისათვის არავინ მამზადებდა, არავის უთქვამს, რომ ეს შესაძლოა რთული ყოფილიყო. ერთ დღეს, „სტად დე ფრენსზე“ მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი აღარაფერს წარმოადგენ...

პროფესიონალი მორაგბის სამყარო ხანდახან ძალიან ძნელია. ჩვენ რობოტებივით გვექცევიან. გასახდელში ძალადობენ, როდესაც მწვრთნელი გეუბნება, რომ შენ უსუსური ხარ, რადგან ბოჭვა ვერ შეასრულე, ყველაფერი შენ გბრალდება. ბევრჯერ მქონია უძილო ღამე მწვრთნელი კრიტიკის შემდეგ, რომელიც ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი, რადგან სამი კილომეტრი ვერ ვირბინე. გეფიცებით, მინახავს მატჩის შემდეგ ატირებული მოთამაშეები, მაგრამ თუ ამაზე ისაუბრებ, მაშინ სუსტი ხარ...

ჭამის წინ, რაღაც აბებს გვაძლევდნენ, თმცა აზრადაც არავის მოგვდიოდა გაგვეგო, ამას რატომ აკეთებდნენ, ან რას შეიცავდა ის აბები. მათ რამე სარგებლობა მოჰქონდათ? არ ვიცი... ალბათ, არც მინდა ვიცოდე. უბრალოდ, მინდა ვინმე დამეხმაროს, რადგან უარესის თავიდან აცილება მსურს... არ მინდა, ჩემი პატარა გოგონა მარტო გაიზარდოს...“

იმედია, ფეიქრიშვილის მეგობრები განსაკუთრებით ბოლო წინადადებას ყურადღებით წაიკითხავენ. შეგახსენებთ, რომ ანტონს საქართველოს ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი კი ფრანგულ „კასტრსა“ და „ბრივში“ გაატარა.