Menu
RSS

საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა _ ვინ იქნება შემდეგი?

ირაკლი ქორიძეს ორთვიანი, გიორგი გიორგანაშვილს 30 წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება!

შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ გიორგი გახარიასა და ახალი გუნდის პირობებში საკმაოდ გააქტიურდა, ამას ხელისუფლების „ჩასაფრებული“ ოპონენტებიც კი აღიარებენ. ფაქტია, რომ დაპირება, რომელიც ახალმა მინისტრმა ავანსად გასცა _ ნარკოდანაშაულთან თუ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ეტაპობრივად სრულდება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის იმდენად კანონმორჩილი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, რომ „მეგობარ-ნათესაობისა“ თუ „პრივილეგირებული მოქალაქეების“ წლების მანძილზე დამკვიდრებული ინსტიტუტი დაამსხვრიოს და გაიაზროს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია _ მსახიობი, პედაგოგი, ექიმი, პრეზიდენტიცა და პარლამენტის წევრიც. ამჯერად არ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა საზოგადოებას ექიმების, მსახიობების, მომღერლების, პრივილეგირებული ,,მოქალაქეების'' მიერ ჩადენილი არაერთი დაუსჯელი დანაშაული ახსოვს. როგორც ჩანს, შსს-ს ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესვას ამ ქვეყანაში პრივილეგირებული და ელიტური დანაშაულებრივი ჯგუფების არსებობას. 

ეს ყველაფერი კი ორი საქმის სკანდალურმა ტელეანონსებმა გამახსენა _ ირაკლი ქორიძისა და „ბახალას“ სასამართლო პროცესებს რომ უკავშირდება. მართალია, „ბახალა“ _ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, 23 იანვარს სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 აპრილს მას ახალი ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით _ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის დამძიმება კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გადაზიდვაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე დააკავა. 

ვინ არის ირაკლი ქორიძე და რა კავშირი აქვს ,,ბახალასთან'' 

ირაკლი ქორიძე შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია. ის და კიდევ ერთი მოქალაქე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, 2011 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იმდროინდელი გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ პირებს საფრანგეთიდან გერმანიის, კერძოდ ფრანქფურტის აეროპორტის გავლით, საქართველოში დიდი ოდენობით „სუბოტექსი“ შემოჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანის, ირაკლი ქორიძის პირადი ჩხრეკისას მაშინ 300 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს, მეორე დაკავებულს, ზაზა ბაკურაძეს კი 14 აბი „სუბოტექსი“ აღმოაჩნდა. ორივე ბრალდებული სასამართლომ სს კოდექსის 260-ე მუხლით დამნაშავედ სცნო და 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასჯელის ეს ვადა უცვლელი დატოვა. 2013 წლის „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე, ირაკლი ქორიძეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი და 6 თვე. ეს ვადაც გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ უცვლელი დარჩა. 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა პატიმრობისგან. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს. 

„მაშინ იყო საუბრები იმაზე, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი მისი ოჯახის წევრი. ახლა საზოგადოებას გარკვეული კითხვები გაუჩნდა. მე არ მინდა ჭორაობა და რაღაც ფაქტებზე საუბარი, თუმცა, სოციალურ ქსელეში მუსირებს ის აზრი, თითქოს ირაკლი ქორიძის პირველი მეუღლე ნატალია ჩიჩუა გახლავთ პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნათესავი, ბიძაშვილი. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება ძალიან სამწუხარო გარემოება.“ 

ირაკლი ქორიძის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაციონალების რეპრესიების მსხვერპლია. როგორც კორკოტაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ირაკლი ქორიძე ფლობდა იშვიათი მოდელის „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რის გამოც მას სთხოვეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის ეთხოვებინა ავტომობილი, რაც დააკმაყოფილა. აღნიშნული ავტომობილით მიხეილ სააკაშვილმა გახსნა გომბორის გზა. მოგვიანებით, მას მოსთხოვეს აღნიშნული ავტომობილი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოსთვის, რაზეც ქორიძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ქორიძეზე ზეწოლა დაიწყო _ შევიდნენ მის საკუთრებაში არსებულ ტოტალიზატორ „აზია ბეტში“ და ითხოვდნენ მისგან 2 მილიონ 500 ათას ლარს. მოგვიანებით კი, ქორიძე 300 აბი სუბუტექსის საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს, რომელიც ადვოკატის განცხადებით, მას პოლიციამ ჩაუდო. კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ ქორიძე წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ორგანიზებას უწევდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში კონკრეტული პირების მონაწილეობის საკითხს. 

ასეა თუ ისე, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სწორედ ციხეში გაიცნო ირაკლი ქორიძემ ჯაბა ხულორდავა, რომელიც იმ პერიოდში გლდანის #8-ე დაწესებულებაში მუშაობდა. 2014 წელს სასჯელაღსრულების სისტემიდან გათავისუფლების შემდეგ ირაკლი ქორიძემ იგი ჯერ მის მფლობელობაში არსებულ წიგნის მაღაზიაში დაასაქმა, შემდეგ კი მისი ოჯახის კუთვნილ „კატასტროფის ცენტრში“ მძღოლად მოაწყო. გამოძიება ირწმუნება, რომ სწორედ ირაკლი ქორიძე იდგა 2017 წლის იანვარში ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის უკან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ისევე როგორც 2011 წელს, „სუბოტექსი“ ამჯერადაც საფრანგეთიდან შემოიტანეს, თუმცა ახლა უკვე თურქეთის, კერძოდ, ტრაპზონის გავლით. „სუბოტექსის“ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად იყიდება და არც საზღვარზე მისი გადატანაა პრობლემა. საფრანგეთში ერთი აბი „სუბოტექსი“ 2-3 ევრო ღირს, საქართველოში კი შავ ბაზარზე 800 ლარად იყიდება. ქორიძე-გიორგანაშვილის საქმეში 720 ათასი ლარის ნარკოტიკზეა საუბარი, რომელიც ერთჯერადად 7 ათასზე მეტ ადამიანს შეეძლო მოეხმარა. 

ბრალდების მხარის ვერსია ასეთია: ვინაიდან ირაკლი ქორიძის ნარკოტიკებთან კავშირის შესახებ ცნობილი იყო და გარკვეულ რისკებს შეიცავდა, მან 2017 წლის 18 იანვარს საფრანგეთში „სუბოტექსის“ შესაძენად მისივე მეგობარი, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი გაგზავნა. მას 900 აბი „სუბოტექსი“ თურქეთის ქალაქ ტრაპზონში უნდა ჩაეტანა, სადაც იმავე პერიოდში რეანომობილით ჩავიდოდა ჯაბა ხულორდავა, რომელსაც საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებებს გადასცემდა. 

ჩვენი ინფორმაციით, საზღვრის კვეთის ჩანაწერებით პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგანაშვილი და ხულორდავა, მართლაც, ერთ პერიოდში იმყოფებოდნენ თურქეთში, რასაც „ბახალას“ ადვოკატიც არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ იგი ტრაპიზონში სულ სხვა საქმეზე იყო. ხულორდავამ რეანიმობილით თურქეთის საზღვარზე ლანჩხუთში მცხოვრები ერთ-ერთი პაციენტი კი გადაიყვანა, მაგრამ თურქეთში კატასტროფის ცენტრის რეანომობილით გადაყვანილ პაციენტს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მკურნალობის გაგრძელება არ დასჭირვებია და ის საკუთარი ფეხით მივიდა სახლში. აქედან გამომდინარე, გამოძიება ვარაუდობს, რომ ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოსატანად შეგნებულად შეირჩა სამედიცინო ავტომობილი, რადგან საზღვარზე ურიგოდ ატარებენ და არც მისი შემოწმება ხდება. 

გიორგანაშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური კვალი არ ფიქსირდება და შესაბამისად, საქმე მხოლოდ ერთი მოწმის, ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე „შეიკერა“, თუმცა თავად ჯაბა ხულორდავას ჩვენებით ცნობილი ხდება, რომ გიორგი გიორგანაშვილს ეკეთა რეზინის ხელთათმანები, როდესაც ტრაპზონში დიდი ოდენობით „სუბოტექსი“ გადასცა, შესაბამისად ამოღებულ ნარკოტიკებზე დნმ-ს კვალიც ვერ იქნებოდაო. 

რეანომობილით საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტი სამართალდამცავებისთვის ცნობილი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა, რის შემდეგაც მათ 25 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე გააჩერეს ჯაბა ხულორდავა. Mმისი პირადი ჩხრეკისას 22 აბი, ხოლო რეანიმობილში მოთავსებული სამედიცინო ყუთიდან 843 აბი და ორი ცალი აბის ნატეხი „სუბოტექსი“ ამოიღეს. სწორედ ამის შემდეგ ჩნდება საქმეში გიორგი გიორგანაშვილის გვარი. დაკავებულმა ხულორდავამ გამოძიებას უამბო, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილმა გადასცა, საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით. გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, ხულორდავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უვადო პატიმრობის ნაცვლად, შვიდწლიანი სასჯელი აკმარეს. მის მიერ მხილებულ გიორგი გიორგანაშვილს კი, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას 45 აბამდე „სუბოტექსი“ ამოუღეს, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა 2 აპრილს საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისა და ორგანიზებული დანაშაულის მუხლით გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს და ამჯერად მას უკვე უვადო პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცავებმა იმავე ბრალდებით ხელბორკილები დაადეს ირაკლი ქორიძესაც, რომელიც გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტია. 

როგორც გიორგი გიორგანაშვილის, ისე ირაკლი ქორიძის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმე მთლიანად „შეკერილია“ და ის მხოლოდ ერთი მოწმის, ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზეა აგებული. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ მრავალტომიან საქმეში ჯაბა ხულროდავას გარდა დევს სხვა არაერთი პირდაპირი, თუ ირიბი მოწმის ჩვენება, ასევე სამხილები, რომელიც ბრალდებულთა დანაშაულებრივ კავშირებზე მიუთითებს. გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი, გიორგი მახარაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, თუმცა რა ინტერესი ჰქონდა გამოძიებას თავად ქორიძესთან, მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ირაკლი ქორიძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხულორდავამ თავის გადასარჩენად უდანაშაულო ადამიანები დაასმინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება, შესაბამისად არ არის გამორიცხული, სხვა, ამ საქმეში სხვა ფიგურანტებიც გამოიკვეთოს: „საქართველო აქტიურად არის ჩართული ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში. ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან, ევროპოლთან, ჩართულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო ფორმატებში. საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა.''

დაჩი შალიკაშვილი

დაბრუნება დასაწყისში