როგორ მოწამლა მზარეულის თანაშემწემ რესტორნის დირექტორი - სისხლიანი შურისძიების დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო მედიცინის მიღწევების მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტი ბოლომდე დღესაც არ იკურნება. დიაბეტიან ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ არა მარტო მკაცრი დიეტის დაცვა, არამედ, ზოგჯერ ინსულინის შპრიცით სიარული, რათა საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოზა მიიღონ და სისხლში შაქრის დონე დაირეგულირონ, თუმცა ინსულინი, შესაძლოა, საწამლავად იქცეს, თუ მას განუსაზღვრელი დოზით შევიყვანთ ორგანიზმში. სწორედ ასეთი ვერსია გავრცელდა მაშინ, როცა საკუტარ კაბინეტში, ერთ-ერთი რესტორნის შეფი გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ რესტორნის დირექტორობა, მინისტრობას თუ არა, მის მოადგილეობას მაინც უდრიდა და ამიტომ, მაღალჩინოსნებმა ერთი ამბავი ატეხეს, თუმცა ყველა მშვიდად იყო - მას დიაბეტი აწუხებდა, ინსულინს თავად იკეთებდა და იმის გათვალისწინებით, რომ შპრიცი და ამპულა კაბინეტში მაგიდაზე იდო, ყველას ეგონა, რომ კაცს დოზა შეეშალა.

 

„სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ იმიტომ გამომიძახეს, რომ ხალხის თვალში საქმისთვის სერიოზული ელფერი მიეცათ, თორემ მინისტრის მოადგილემაც მითხრა, არაფერია საგანგაშო, არც ძალადობის კვალია, არც აურზაური გაუგია ვინმეს. მეტიც, იმ დროს, მისი ცოლიც რესტორანში იყო და გვამიც მან აღმოაჩინაო. ამიტომ, ადგილზე არხეინად მივედი, ექსპერტებს უკვე წაღებული ჰქონდათ გვამიც და ნივთმტკიცებაც, ამიტომ იქაურობას, უბრალოდ, თვალი მოვავლე და სამსახურში დავბრუნდი“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ყველაფერი თავდაყირა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგა, რომლის ცნობითაც, მამაკაცი ორგანიზმში საწამლავის დიდი დოზის მოხვედრის შემდეგ გარდაიცვალა, საწამლავი კი... ინსულინის შპრიცით იყო შეყვანილი. ინსულინის ამპულები ახალი ნაყიდი იყო და ცოლმაც დაადასტურა, რომ ქმარმა დაურეკა და ამპულების მიტანა სთხოვა, მანაც იყიდა და მიიტანა. შემდეგ სამზარაულოში გავიდა, სურდა, რამე ტკბილი ეჭამა, შეჭამა კიდეც, შემდეგ კი, როცა ქმრის კაბინეტში დაბრუნდა, ის გარდაცვლილი დახვდა ანუ არ დაელოდა, როდის გაიკეთებდა ქმარი ნემსს, რადგან მეუღლე ყველაფერ ამას ყოველთვის მარტო და ძალიან მარტივად აკეთებდა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიებამ მალევე დაადგინა, რესტორნის დირექტორს ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდაო, ცოლს მისი მოკვლის მოტივი ნამდვილად არ ჰქონდა, რადგან უდიდეს ფუფუნებაში ცხოვრობდა - არსად მუშაობდა, მინისტრების ცოლებთან მეგობრობდა, მათთან ერთად დადიოდა სხვადასხვა კურორტებზე და შესაბამისად, ქმარი თუ სადმე „თვალს წყალს დაალევინებდა“, დიდად არ ადარდებდა. იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტებმა ყველა ამპულა წაიღეს, ექსპერტიზა ჩაუტარეს და... აღმოჩნდა, რომ საწამლავი ერთ მათგანშიც არ იყო.

„შპრიცი - მკვლელმა საწამლავი სწორედ იქ ჩაასხა. სწორედ რომ ჩაასხა, რადგან, ექსპერტების მტკიცებით, მკვლელი გადასარევად ერკვეოდა ქიმიაში, რომელმაც შპრიცის შიდა კედლებზე საწამლავი რამდენჯერმე დაასხა და გააშრო. შემდეგ კი, როცა შპრიცში სითხე შევიდა, საწამლავი კედლებიდან მარტივად შეერია და სიკვდილიც ამან გამოიწვია. კითხვა, ვის შეიძლებოდა მოეკლა რესტორნის დირექტორი, უპასუხოდ დარჩა, რადგან მოკვლის მოტივი არავის ჰქონდა, მოტივი კი, ასეთი დანაშაულის დროს, მთავარია“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

რა თქმა უნდა, დაკითხვაზე დაიბარეს ახალგაზრდა ქალბატონიც, რომელთანაც გარდაცვლილს ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ფორმალურად დაკითხეს, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მარჩენალის მოკვლა არ აწყობდა და მხოლოდ იმას მოთქვამდა, მანქანის ყიდვას დამპირდა მომავალ კვირაში და, ნეტავ, მოესწროო. ჰო, ძალოვნებმა ოქმში არ შეიტანეს, რომ კაბინეტის სეიფიდან, დაახლოებით, 30 ათასი მანეთი ამოიღეს, მაშინ ძიება სხვა მიმართულებითაც უნდა წასულიყო, ეს არავის აწყობდა და გარდაცვლილზეც ხელების შეწმენდას აზრი არ ჰქონდა. მის სამეგობროში მოიკითხეს, ხომ არ ჰქონდა ვინმესთან გარდაცვლილს კონფლიქტი, ასევე, სანათესაოში, ან შვილებს ხომ არ ემუქრებოდა ვინმე, მაგრამ არაფერი ამდაგვარი. დარჩა ერთი, მთავარი ვერსია - ვიღაცას სურდა მისი ადგილი და ცოცხალ კაცს გვერდით ვერ სწევდა, მკვდარი კი... ამ საქმეში უკვე მინისტრის მოადგილე ჩაერთო და შესაბამის სტრუქტურებში მოიკითხა, ვინმე ხომ არ იყო ისეთი, ვინც გარდაცვლილის ადგილს უმიზნებდა, მაგრამ ყველამ ხელები გაასავსავა, არავინ მოსულა, ან ვინ მობედავდა, როცა ასეთი, ყველასთვის მისაღები პიროვნება იყო რესტორნის დირექტორადო.

რესტორნის მომსახურე პერსონალი გულდასმით შეამოწმეს და ამ შემთხვევაშიც, სიახლე ვერ აღმოაჩინეს. ყველა პატიოსანი, კანონმორჩილი მოქალაქე იყო და რაც მთავარია, ერთ მათგანსაც კი არ ჰქონია დირექტორის მკვლელობის მოტივი, რადგან თანამშრომლებს მამაშვილურად ექცეოდა და ფულს, პრაქტიკულად, ყველას აკეთებინებდა. ცალკე - სამართალდამცავები და ცალკე - ოჯახის წევრები, გაოცებულნი იყვნენ მომხდარით. ის, რომ კონკრეტულად დირექტორის მოკვლა სურდათ და არა სხვა ვინმესი, ცხადი იყო, რადგან სწორედ მისი შპრიცი მოწამლეს. მოტივის გარეშე კი ასეთი მკვლელობა წარმოუდგენელი ჩანდა, თანაც სამი დღე გავიდა მისი გარდაცვალებიდან და რესტორნის დირექტორობაზე ღიად პრეტენზიას არავინ აცხადებდა, ეჭვი ამ მიმართულებით მაინც რომ მიეტანათ.

„ისევ რესტორნის თანამშრომლების სიას ჩავუჯექი. პრაქტიკულად, ყველა მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდა რესტორანში, მხოლოდ ერთი, მზარეულის დამხმარე იყო ახალი, 8 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, მაგრამ ბიჭს ყველა დადებითად ახასიათებდა და ამბობდა, რომ ძალიან მონდომებული იყო, დირექტორიც კი მამაშვილურად ექცეოდა. რეალურად, მოტივი მასაც არ უნდა ჰქონოდა და ხელი ჩავიქნიე, თუმცა დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ, სამინისტროში დამიბარეს და ხელში ძაფის ის ბოლო მომცეს, რომელსაც ეს აბლაბუდა უნდა გაეხსნა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

როგორც გაირკვა, დაახლოებით, ერთი წლის წინ, რესტორნის დირექტორს ავარია მოუხდა. მართალია, საქმე მალევე ჩაიფარცხა და ჩაიფარცხა ისე, რომ ეს საქმე აღარავის ახსოვდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ამბავი მსხვერპლით დასრულდა. მანქანაში, რომელსაც დირექტორის „ვოლგა“ დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ისხდნენ, ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამომძიებლებმა მამაკაცი მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ დირექტორის მკვლელობის დროს, მივლინებით, სომხეთში იმყოფებოდა.

„რეალურად, ამ საქმეში რესტორნის დირექტორის ბრალეულობა არ იკვეთებოდა, რადგან ავარია მისი ბრალი არ იყო, თუმცა საქმე ის გახლდათ, რომ ის მუდმივად მძღოლთან ერთად დადიოდა, იმ დღეს კი საჭეს თავად მართავდა. წინა მანქანა მოცურდა, დირექტორმა კი დამუხრუჭება ვერ მოახერხა და მის გზაზე გადმოსული ავტომობილი პრაქტიკულად, შუაზე გაჭრა. გარდაცვლილის გვარს დავხედე, არ მეცნო და ის იყო, ხელი უნდა ჩამექნია, რომ მისი საბუთების შესწავლისას აღმოვაჩინე - გარდაცვლილ გოგონას ნახევარძმა ჰყავდა და ის... რესტორანში, მზარეულის ახალი თანაშემწე იყო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბიჭის დასაკავებლად ოპერჯგუფი გავიდა, მაგრამ მითითებულ მისამართზე არ დახვდათ. მასზე ძებნა გამოცხადდა, სახლთან, მის მეგობრებთან ოპერები მორიგეობდნენ, მაგრამ ამაოდ - არსად ჩანდა. გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან, ბიჭს აუცილებლად დაიჭერდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, განყოფილებაში თავად გამოცხადდა და აღიარა დირექტორის მკვლელობა.

„რესტორანში სწორედ შურისძიების მიზნით მოვეწყვე და ჩემს დროს ვუცდიდი. ახლა იტყვით, რომ დირექტორი ავარიაში დამნაშავე არ იყო და ეგებ, არც იყო, მაგრამ იმას რატომ არავინ ამბობს, რომ შემთხვევის ადგილი მიატოვა და გაიქცა. არადა, მის ავტომობილს გადაადგილება შეეძლო და როგორც ექიმებმა თქვეს, ჩემი და მალე რომ მიეყვანათ საავადმყოფოში, გადარჩენის შანსი იქნებოდა. ის კი გაიქცა და სასიკვდილოდ გაწირა. საიდან მოვიტანე საწამლავი, მნიშვნელობა არ აქვს, შპრიცს მე ვამუშავებდი და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, იმ შპრიცს გამოიყენებდა და ასეც მოხდა. ჩადენილს არ ვნანობ, მაგრა, არ ვარ კრიმინალი, არ ვარ მოწოდებით დამნაშავე და მაწუხებს ის, რაც ჩავიდინე. ამიტომ, მინდა სასჯელი მოვიხადო“, - განაცხადა ეჭვმიტანილმა.

სასამართლო სხდომები დიდხანს არ გაგრძელებულა და მილიციაში საკუთარი ნებით გამოცხადებულ ახალგაზრდას 12 წელი მიუსაჯეს. ადვოკატმა აფექტი ვერ დაამტკიცა და სასამართლომ ბრალი კარგად მოფიქრებული, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენა.

 

ბათო ჯაფარიძე