Menu
RSS

მაია ნიკოლეიშვილი: „შეიძლება 20 მოწმე ამბობდეს ერთს, რეალობა იყოს სხვა და ეს მტკიცდება ექსპერტიზით!“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე სასამართლო განხილვა ისე მიმდინარეობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. არადა, არასრულწოვანთა კოდექსის შესაბამისად პირველი ინსტანციის განაჩენი 3 ივნისამდე უნდა დადგეს. როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, მკვლელობაში ბრალდებულ ორივე მოზარდის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტი ჰყავს, რომლებიც საბოლოო დასკვნისთვის პროკურატურისგან ნივთმტკიცებების _ ტანსაცმლისა და დანების გადაცემას ელოდება გამოსაკვლევად. ბრალდებული გ.ბ.-ს საქმეზე ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მუშაობს, რომელსაც ,,ვერსია'' სწორედ ექსპერტიზის დასკვნის გაჭიანურების შესახებ ესაუბრა.

_ ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და მეც მოუთმენლად ველოდები. ექსპერტიზა შეჩერებული მაქვს, დასკვნას ვერ ვწერ, რადგან შედეგი უნდა დაიდოს. ხელთ გვაქვს მხოლოდ გარდაცვლილთა გვამის ექსპერტიზები და შეესაბამება თუ არა ტანსაცმელს და არის თუ არა ეს ერთი ტიპის დაზიანებები, უნდა დადგინდეს საბოლოო დასკვნით. მართალია, სხეული ძალიან ინფორმატიულია, მაგრამ როცა მტკიცებულებად ტანსაცმელიც არსებობს, მხოლოდ სხეულზე არ უნდა გაკეთდეს დაზიანებების შესახებ დასკვნა. ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება, ტანსაცმელთან ერთად, არის დანები, რომელთა პარამეტრებიც ჩვენთვის უცნობია. ამიტომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ექსპერტიზა გააკეთო მხოლოდ ჭრილობების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებული იყო. სხვათაშორის, ჭრილობების ზომები იდეალურად, უზუსტესადაა აღწერილი, მაგრამ ტანსაცმლისა და დანების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. ამასთან, რაც დრო გადის, ტანსაცმლის გადმოცემის ალბათობა უფრო მცირეა, რადგან ვადებში ვართ შეზღუდული. ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დამოუკიდებლად პარალელურად ორი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, ჩემგან და მეორე ბრალდებულის გ.ჯ-ს მხრიდან, ამისათვის კი დრო გვჭირდება. 

_ ივნისამდე პირველი ინსტანციის განაჩენი უნდა დადგეს. თუ ვერ მოესწრო ექსპერტიზის დასკვნის დადება, სააპელაციო სასამარტლოში მისი წარდგენა შეგიძლიათ? 

_ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ვადები ვიცი, ზოგჯერ წლებიც გრძელდება, როცა საპატიმრო საქმე არაა, მაგრამ საპატიმრო საქმეზე ჯერ მსგავსი პრაქტიკა არ ყოფილა. ასეთი რამ პირველად ხდება. 

_ ეს ეჭვს გიჩენთ, რომ ექსპერტიზა განგებ ჭიანურდება? 

_ ეჭვი მიჩნდება. თუ მე რასაც ვვარაუდობ, იგივეს ვარაუდობენ სახელმწიფო ექსპერტიზის ექსპერტები, შეიძლება, საქმე ამან გაართულა. 

_ და რას ვარაუდობთ, საქმეში მეტი დანაა? 

_ დიახ, ვვარაუდობ, რომ მეტი დანა იყო, თან ექსპერტებს ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება, ტანსაცმელი და დანები აქვთ მტკიცებულებების სახით, წარმომიდგენია, რა მდგომარეობაშიც იქნებიან, მაგრამ ასეა თუ ისე, უნდა დაასრულონ და მოგვცენ საშუალება, დავეთანხმოთ ან საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოვადგინოთ და დავასაბუთოთ. თუ არ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურამ, შეიძლება, აპელაციაში გაგრძელდეს. 

_ განაჩენის გამოცხადების წინა დღეებში რომ მოიტანოს დასკვნა პროკურატურამ? 

_ მაშინ აპელაციაში გაგრძელდება და ეს გასაჩივრების პირველი საფუძველი იქნება. თუ პროკურატურამ დასკვნა განაჩენის დადგომამდე ერთი დღით ადრე მოიტანა, გამოკვლევისთვის დრო არ გვექნება და ეს იქნება პრეცედენტი, რადგან მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. 

_ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნისთვის პროკურატურისგან მხოლოდ ტანსაცმლისა და დანების გადმოცემას ელოდებით? 

_ დიახ, სხვა ექსპერტიზების პასუხი მოსულია _ მიკრონაწილაკებზე, ბოჭკოებზე, დნმ-ზე, მაგრამ ძირითადი დატვირთვა დანებსა და ტანსაცმელს აქვს. ისე, როგორც წესი, ყველაზე გვიან დნმ-ის პასუხი მოდის ხოლმე, მაგრამ ეს პასუხი დიდი ხანია, მოვიდა და ნივთმტკიცებების გამოკვლევა გვიანდება. ოთხი თვე რაში უნდა სჭირდებოდეს, ვერ ვიგებ. 

_ ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში კიდევ ერთი დაჭრილი, გ.მ. ფიგურირებს. ეს კიდევ ერთი დანისა და ბრალდებულის არსებობაზე მიუთითებს? 

_ როგორც ვიცი, ეს საქმე გამოყოფილია, რაც ქალაქის პროკურორმა ინტერვიუში თქვა. ამის მიზეზი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი უნდა იყოს. მსგავსი მასშტაბის საქმეზე არ შეიძლება ასეთი მოკლე ვადა იყოს, ამიტომ პროკურატურა სწორად მოიქცა, როცა ეს საქმე გამოყო, ამით თავს იცავს - თუ ახალი რამ გაირკვევა, იქ გააგრძელებს გამოძიებას, რადგან ვადა ექნება. ამ კოდექსმა გამოძიება დროში ძალიან შეზღუდა. წარმოიდგინეთ, პროცესი მიდის და ექსპერტიზის დასკვნა არ დევს, კითხავენ მოწმეებს და არავინ იცის, რამდენ დანაზე ვსაუბრობთ, თვით პროკურატურამაც კი. მხოლოდ ჩვენებებიდან აქვს ბრალდების მხარეს ინფორმაცია ორ დანაზე. ყველა ,,თვალახვეულია''. ამიტომ დიდი ალბათობაა, მოხდეს გარკვეული ზემოქმედება, რომ ვინმეს ბრალი არ გაცუდდეს. ექსპერტიზა საჭიროა იმისთვის, რომ რეალობა ობიექტურად დამტკიცდეს. მქონდა იდეა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელებულიყო მსჯელობა, რომ ამ კონკრეტული საქმისთვის ვადა გაზრდილიყო. ჩემი მთავარი პრინციპი მართლმსაჯულებაში ობიექტური მტკიცებულებებია. ყველა იმაზე საუბრობს, რომ ჩვენებები იცვლება და ამ დროს არ გვაქვს ობიექტური მტკიცებულება. შეიძლება, 20 მოწმე ამბობდეს ერთს, მაგრამ რეალობა იყოს სხვა და ეს მტკიცდება ექსპერტიზით. კითხვები რომ დასვას ადვოკატმა, დასკვნა უნდა ეკავოს და მას შეადაროს მოწმის ჩვენება. მოწმეს შეიძლება ეშლებოდეს, სუბიექტური იყოს, ფანტაზიის ნაწილი ჩართოს თავისდაუნებურად ან უბრალოდ ცრუობდეს. წარმოიდგინეთ, დაკითხვებიც არასრულფასოვანია და სასამართლო გამოძიება ხომ სრულფასოვანი ვერაფრით იქნება. 

_ გვაქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ადვოკატების მიმართვის შემდეგ მიიჩნია პროკურატურამ ახალ გარემოებად დანებისა და ჭრილობების შეუსაბამობა, ასეა? 

_ როცა დასკვნებს გავეცანით, დაცვის მხარემ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და დასვა კითხვები, რომლებიც გაგვიჩნდა. ასევე მოითხოვა ჩემი მონაწილეობა ექსპერტიზაში, რადგან ვვარაუდობდი, შეიძლება გაჭიანურებულიყო პროცესი და ჩემი თვალით ვნახავდი ყველაფერს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ყველა კითხვა გაიზიარა შუამდგომლობად, დანიშნა ექსპერტიზა, ოღონდ ჩემს ჩართვაზე უარი განაცხადა, რადგან გაქვთ საშუალება, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროთო. აბა, როგორ გვაქვს საშუალება, როცა ამდენი თვეა, იწელება ექსპერტიზა და დროში შეზღუდვის გამო შეიძლება, ორივე ბრალდებულის მხარეს ხარვეზი გვქონდეს დასკვნებში. 

_ ექსპერტიზის დაგვიანებით ჩატარება პრობლემას ხომ არ შექმნის იმ თვალსაზრისით, რომ მტკიცებულებების, მაგალითად, ტანსაცმლის გამოკვლევა გაჭირდეს, ხომ არ დაზიანდება ტანსაცმელი ან გაქრება კვალი, რაც დრო გადის? 

_ კარგი კითხვაა, თუ ტანსაცმელს სათანადო მოვლა არ აქვს, სისხლითაა დასვრილი, სისხლი ლპობას განიცდის და ზოგჯერ ისე ფუჭდება, საერთოდ შეუძლებელია მასზე მუშაობა, უბრალოდ, ქსოვილი ლპება, ამიტომ სისხლიანი ტანსაცმელი უნდა გაშრეს და ისე იქნას შენახული, იმედია, ასეც მოხდა და წესის დაცვით არის შენახული მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზრდასრული ადამიანისა და არასრულწლოვნის განზრახვა სხვანაირად ფორმირდება. ფსიქოლოგიურ შიშსა და განზრახვას შორის დიფერენცირებას სერიოზული ფსიქოლოგიური კვლევა სჭირდება. უნდა გაირკვეს, მოზარდებს შიში აკეთებინებდათ ამას თუ განზრახ ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქმეში ფსიქოლოგიც უნდა იყოს ჩართული, რასაც ვერ ვხედავ.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში