Menu
RSS

შაქრო კალაშოვი „კარიერის“ დასასრული

ვინ არის ოლეგ შიშკანოვი, რომელიც „ქურდულ ობშიაკს“ გააკონტროლებს?!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური სამყარო თავის გარეშე დარჩა. 27 მარტს მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს განაჩენი გამოუტანა და ციხეში 9 წლითა და 10 თვით გაისტუმრა, რაც 65 წლის კალაშოვისთვის კარიერის დასრულების ტოლფასია.

იმის მიუხედავად, რომ ქურდული სამყაროს რამდენიმე წევრი გაიძახის, ჩვენს ლიდერს ციხეში არ დავტოვებთ, მის წონა ფულს გადავიხდით და გამოვიყვანთო, ნაკლებად სარწმუნოა, რომ კალაშოვი სასჯელის ბოლომდე მოხდის გარეშე გამოუშვან. ამის თქმის საფუძველს კი ექსპერტებს ტარიელ ონიანის მაგალითი აძლევს _ ონიანსაც, როცა მას სასჯელი მისცეს, უწინასწარმეტყველეს, რომ ციხეს მალევე დატოვებდა, მაგრამ დღემდე ციხეშია და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა. 

 

ის რომ კალაშოვზე ქურდული სამყაროს დიდმა ნაწილმა ხელი ჩაიქნია, იქიდანაც ჩანს, რომ მის მიერ კონტროლირებადი „ობშიაკი“ უკვე სხვას გადააბარეს. უფრო კონკრეტულად კი, კალაშოვისთვის სასჯელის გამოცხადებიდან მეორე დღეს, ქურდების დიდი ნაწილი (ას კაცზე მეტი), ერთმანეთს დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ „სალაროს“ ამიერიდან ოლეგ შიშკანოვი გააკონტროლებს. მას ამ საქმეში ვასილი ქრისტოფოროვი და მერაბ გოგია (იგივე მელია) დაეხმარებიან. 

ვინ არის ოლეგ შიშკანოვი? კაცი, რომელიც თითქოს არსად ჩანდა და უცებ კრიმინალური სამყაროს სათავეში მოექცა. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, შიშკანოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდია. ის რამენსკოეშია დაბადებული და შესაბამისად, მოსკოვში მიღებული კაცია. გარდა იმისა, რომ მას კრიმინალურ სამყაროში აქვს გავლენა, არაერთ პოლიტიკოსთან მეგობრობს, გიჟდება ფეხბურთზე და ასე განსაჯეთ, საქველმოქმედო შეხვედრებშიც კი მონაწილეობს. მის უახლოეს მეგობრად თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი, ვალერი გაზაევი ითვლება და დადასტურებულად შეიძლება იმის თქმა, რომ როგორც მოსკოვში, ისე ვლადიკავკაზში, შიშკანოვსა და გაზაევს საერთო ბიზნესი აქვთ. 

რაც შეეხება ქართველებთან დამოკიდებულებას _ შიშკანოვი საქართველოდან გადახვეწილ ქურდებს პატივს სცემდა და ყველაზე მჭიდროდ ასლან უსოიანთან (დედ ჰასანი) და შაქრო კალაშოვთან მეგობრობდა. უფრო მეტიც, კრიმინალურ წრეებში ამბობენ, რომ შიშკანოვი იყო ერთადერთი, რომელსაც უსოიანი და კალაშოვი ბოლომდე ენდობოდნენ და როცა სადმე თავის შეფარება სურდათ, სწორედ შიშკანოვის აგარაკზე მიდიოდნენ. ფეხბურთის გარდა, ქურდული სამყაროს ახალ ლიდერს ძვირფასი ნივთებიც უყვარს. მის მფლობელობაშია კერძო იახტა, თვითმფრინავი და ღამის რამდენიმე კლუბი, სადაც მხოლოდ კაცები დაიშვებიან, ვისკის წრუპავენ და სიგარას ეწევიან. 

პარალელურად, შიშკანოვის წამოწევა პირდაპირ გულისხმობს თურქეთში მყოფ ნადირ სალიფოვზე (იგივე გულუ) დარტყმას. საქმე ისაა, რომ „გულუ“ კრიმინალური სამყაროს ლიდერად საკუთარ თავს მოიაზრებდა, მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე დადგა და რაც მთავარია, შიშკანოვის წინააღმდეგ წასვლა მას ძალიან გაუჭირდება. ჯერ ერთი, რომ ახალ ბოსს უკან ორასზე მეტი კანონიერი ქურდი უდგას და მეორეც, შიშკანოვთან ომის დაწყება აზერბაიჯანელ ქურდს ფიზიკურად არ შეუძლია, რადგან თურქეთიდან მისი გასვლა სიცოცხლის ხელყოფის რისკთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიმინალური სამყაროს ორი ცენტრი გაკეთდება _ ერთი თურქეთში და მეორე რუსეთში, თუმცა საინტერესო ის არის, როცა შიშკანოვი თურქეთში მყოფი „გულუსგან“ და მინდია გორაძისგან (ლავას ოღლი) „ობშიაკში“ წილის შეტანას მოითხოვს და დიდი ალბათობით უარს მიიღებს. 

რა მოხდება ამის მერე? _ ექსპერტების ვარაუდით, შიშკანოვი ღია კონფლიქტში არცერთ შემთხვევაში არ შევა და შეეცდება, საქმე მოლაპარაკებით მოაგვაროს, თუმცა პირისპირ მათი შეხვედრა, პრაქტიკულად, გამორიცხულია _ „გულუ“ და „ლავას ოღლი“ მოსკოვში არ ჩავლენ, შიშკანოვი კი მგლის ბუნაგადქცეულ თურქეთს არ გაეკარება. 

ამ ყველაფრის პარალელურად, რუსეთსა და უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდების დევნა გრძელდება. რუსეთში რუსლან გეგეჭკორი დააკავეს და ქვეყნიდან გამოაძევეს, უკრაინაში კი _ გიორგი ლობჟანიძე (მეტსახელად ქუცუ) და რამაზ ციკორიძე (მეტსახელად რამაზ ბაღდათსკი). როგორც უკრაინული წყაროები იუწყებიან, ლობჟანიძესაც და ციკორიძესაც ქვეყნიდან გაძევება ემუქრებათ, თუმცა ადვოკატები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ისინი თურქეთში და არა საქართველოში გამოაძევონ. 

პარალელურად, ქურდებთან მიმართებაში კანონს ამკაცრებს საქართველოს ხელისუფლებაც. ერთი ეგაა, ამ კანონის გამკაცრებას იურიდიულ კომიტეტზე ხმაური მოჰყვა, რადგან დეპუტატების ნაწილს დახურულ ფორმატში სურდა საუბარი, ნაწილს კი _ ღია ფორმატში. საბოლოო ჯამში, კანონპროექტს აუცილებლად განიხილავენ დახურულ ფორმატში, რადგან, როგორც ამბობენ, ქურდებს პარლამენტში ლობისტები მრავლად ჰყავთ და ასე მარტივად კანონის გამკაცრებას არ დაანებებენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში