Menu
RSS

როგორ აწამებდნენ პატიმრებს „ნინძა“ და „ჯეკი ჩანი“!

ბათუმის ციხის ყოფილი პატიმრები ალაპარაკდნენ. უფრო სწორედ, ისინი დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ რეალურად არავინ უსმენს. სასამართლომ ვერ მოიცალა იმისთვის, რომ 116 მოწმე დაეკითხა და დაედგინა, მართლა აწამებდნენ თუ არა ადამიანებს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსი გიორგი ვეკუა და რეჟიმის უფროსი ზაზა ჯიქია, თუ ამ 116-მა ადამიანმა კონკრეტულად ამ ორი კაცის წინააღმდეგ პირი შეკრა?!

რაღა თქმა უნდა, ძალიან დიდი ალბათობით, ყოფილი პატიმრები სიმართლეს ამბობენ, მაგრამ მათთვის არ სცალიათ. არავის სცალია იმისთვის, რომ „ნინძასა“ და „ჯეკი ჩანის“ საგმირო საქმეები მოისმინოს. საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელთა სახელებს ხშირად პატიმრები არქმევდნენ ზედამხედველებს, რადგან ისინი ბავშვობაში ნასწავლ ილეთებს სწორედ პატიმრებზე ხვეწდნენ და ის, რაც ბავშვობაში ვერ შეძლეს, თანამდებობის გამოყენებით, დიდობაში ახორციელებდნენ. 

მე ბათუმის ციხეში არ ვმჯდარვარ და ამიტომ ვერ გეტყვით, რას სჩადიოდნენ ვეკუა და ჯიქია, მაგრამ თავის „ნინძა“ რუსთავის #17 დაწესებულებასაც ჰყავდა რეჟიმის უფროსის, ლევან პაჭკორიას სახით. სხვათა შორის, პაჭკორიასა და რუსთავის #17 ზონის მაშინდელ უფროსზე, ლაშა ბრეგვაძეზე ათეულობით საჩივარი შევიდა, თუმცა სასამართლომ ვერც ამ შემთხვევაში მოიცალა. არადა, ბაჩანა ახალაიას უახლოესი მეგობარი ბრეგვაძე თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა... 

_ ამას ერიდე, „ნინძაა“, სადაც არ ელოდები, იქ დაგეხატება და რამე თუ არ მოეწონა, დაგლეწავს!“,_ უთხრა პატიმარ #0578-ს მეგობარმა, როდესაც რუსთავის #17 დაწესებულებაში მიიყვანეს. 

_ „ნინძა რატომ ჰქვია?_ გაუკვირდა #0578-ს. 

_ იმიტომ, რომ ღამე, როცა პატიმრები საკნებში არიან, ანუ როცა ზონა დაკეტილია, ნაძვზე ადის და იქიდან უსმენს მეორე სართულის პატიმრები რას ლაპარაკობენ. მერე ნაძვიდან ნაძვზე ხტება და სხვა საკანს უსმენს და ასე. აბა, ღამეში, თან ნაძვს ვინ დაუწყებს ყურებას და შეიძლება პატიმრებს ისეთი რამ წამოსცდეთ, რაც „ნინძას“ აინტერესებს და მერე ლეწავს რა. ამის გამო შეარქვეს პატიმრებმა „ნინძა“,_ აუხსნეს #0578-ს, მაგრამ... 

_ სისულელეს ამბობ. აქ ნაძვები იმდენად შორს დგას ერთმანეთისგან, რომ „ნინძა“ კი არა, ინდური ფილმის გმირი ვერ გადახტება ყველაზე მაგარ ფანტასტიკურ ჟანრში... 

_ ეგ აქ, თორემ მანამდე ქსანში იყო, იქ მუშაობდა. იქ კიდევ ახლო-ახლოს დგას ნაძვები, იქ შეარქვეს „ნინძა“. აქ კიდევ თითო ნაძვზე აცოცებით კმაყოფილდება. თან ბავშვობაში კარატეზე დავდიოდიო, მწვანე ქამარი მაქვსო და ვარჯიშობს, რა. ისე, მინახავს ფეხებს როგორ იქნევს და მართლა მაგარი ნავარჯიშევია ეს ახვარი!,_ დაასრულა მეგობარმა. 

ლევან პაჭკორია, იგივე „ნინძა“ ზონაზე ისე დადიოდა, თითქოს ერთი რიგითი ზედამხედველი იყო. ხბოს თვალებით ათვალიერებდა ახალ პატიმრებს და თუ რომელიმე არ მოეწონებოდა, სახელს ჰკითხავდა და მიდიოდა. ზუსტად 10 წუთში, აღნიშნულ პატიმართან უკვე სხვა ზემდეგი ჩნდებოდა, საქმიანად ეუბნებოდა, ადმინისტრაციაში გიბარებენო და... 

_ არანაირი ადმინისტრაცია. კარცერში მიყავთ, მერე ლეწავენ, მერე კრიტში უშვებენ და ეგ არის მთელი ფილოსოფია. ბრეგვაძეს ახალაიასგან აქვს გამწვანებული, ამას _ ბრეგვაძესგან და არიან ასე შეხმატკბილებულად. შენ უნდა ნახო, როცა გაგა მკურნალიძე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დავით ჭაკუას ყოფილი მოადგილე, ამჟამად სასჯელს იხდის) მოდის, მაშინ რა ხდება. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მალე გათიშავს პატიმარს, _ #0578-ს ზონის წესებს ნელ-ნელა აცნობდნენ. 

ამ საუბრიდან 2 დღეში პატიმარ #0578-თან ზედამხედველი მივიდა და უთხრა, ადმინისტრაციაში გიბარებენო. პატიმარმა მეგობრებს გადახედა, იმათ მხრები აიჩეჩეს, მთელი დღე ერთად იყვნენ და არც „ნინძა“ გამოჩენილა, არც ბრეგვაძე... #0578 ზემდეგს გაჰყვა. ადმინისტრაციის კორპუსის წინ ორი კაცი საუბრობდა. ერთი ასაკიანი, სამხედრო ფორმით, მეორე _ სამოქალაქო ფორმაში და ძალიან ახალგაზრდა. #0578 მათთან მიიყვანეს და უცნობი ადამიანები პატიმარმა ინტერესით შეათვალიერა. 

_ ყურადღებით მომისმინე. ეს ბატონი გაგა მკურნალიძეა, საქმე აქვს და გეტყვის,_ უთხრა ასაკიანმა. 

_ უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით?! _ ჰკითხა #0578- მა.

_ როგორ, ამას არ იცნობ?!_ საუბარში მკურნალიძე ჩაერია. 

_ პირველად ვხედავ,_ გაიოცა #0578-მა. 

_ ზონის უფროსის მოადგილე ვარ, ბაბუ არ გაგიგია, ბაბუ?!_ ჰკითხა ასაკიანმა და #0578-მაც მშვიდად აუხსნა, რამდენიმე დღის მოსული ვარ და ჯერ ყველას არ ვიცნობო. შემდეგ კი გაგას მიუბრუნდა და უხმოდ ანიშნა, გისმენო. 

_ ორი დღის წინ, შენ რუსთავის #16 ზონაში ესაუბრე პატიმარს. კონფერენცია გქონდათ რა. რა თემაზე საუბრობდით და მე რატომ მახსენეთ?!_ მკაცრად ჰკითხა მკურნალიძემ. 

_ არავისთან არ მისაუბრია და, სიმართლე გითხრათ, თქვენი სახელი მეორედ გავიგე დღეს. ორი დღით ადრე თქვეს პატიმრებმა, მკურნალიძე ხალხს ლეწავსო და პირველად მაშინ. თქვენც ხომ აღიარებთ, რომ პირველად მხედავთ და რატომ უნდა მესაუბრა ვინმესთან თქვენზე, მითუმეტეს რუსთავის #16 დაწესებულებაში?!_ იკითხა #0578-მა. 

_ მომისმინე, შე სირო, ზუსტად ვიცი, რასაც გეკითხები და მიპასუხე, თორემ..._ აღარ დაამთავრა მკურნალიძემ. 

_ თორემ რა?! კარცერში ჩამიყვან, მცემ, მერე გამკრიტავ და ეგ არის. თავად დაფიქრდი, პირველად ვხვდებით ერთმანეთს, რაზე უნდა მესაუბრა?! და თუ ვინმე ისმენდა ტელეფონს, ის არ გითხრეს, რა კონტექსტში გახსენე? კი არ გითხრეს, ვერ გითხრეს იმიტომ, რომ არც ეს საუბარი ყოფილა და არც მიხსენებიხარ სადმე. ვიღაცას ადმინისტრაციაში არ მოვეწონე და შენთან რაღაც ჩაჩორტა. ჩანაწერები ხომ ინახება, ამოიღე, მოუსმინე და თუ რამეს ვამბობ საერთოდ გაგა მკურნალიძეზე, მაშინ მომთხოვე პასუხი, _ არ დაუთმო #0578-მა. 

_ არ ისმის ჩანაწერში გარკვევით, გაგა ისმის, მეტი არაფერი. კამერა გადავახვიეთ და შენ იდექი მაგ დროს ტელეფონთან,_ კბილებში გამოსცრა მკურნალიძემ. 

_ ბატონო გაგა, შეგიძლიათ ახლავე გამოხვიდეთ ტელეფონებთან და ნახოთ, რომ იქ კამერა არ აყენია. მოძვრა და არ გაუკეთებიათ. ანუ, ჩანაწერი კი არ განახეს, გითხრეს, ტელეფონთან #0578 იდგაო და დაიჯერეთ,_ თქვენობითზე გადავიდა #0578, რადგან შეატყო, რომ მკურნალიძე საცემრად ემზადებოდა. 

გაგამ დირექტორის მოადგილეს შეხედა, იმანაც თავი დაუქნია და ერთადერთი სიტყვა გადმოაგდო _ „წაათრიეთ!“. #0578 ზონის ეზოში დააბრუნეს და ისიც მეგობრებს მომხდარს მოუყვა. 

_ „ნინძას“ თავებია... სავარაუდოდ, მკურნალიძის წამოკიდება უნდოდა, იცის, შენ აყვირდები რომ გცემონ და... ახლა უკვე ნინძას უნდა ერიდო,_ ურჩიეს მეგობრებმა. 

მეორე დღეს კამერაში #0578-ს უკვე ლევან პაჭკორია ეახლა. უხმოდ უყურა, შემდეგ ჩუმად თქვა, „შენ რა მაგრად დაგერხა!“ და კამერიდან გავიდა. პატიმარი #0578მაინც გააკარცერეს 2011 წლის ივლისში. თუმცა მას შემდეგ, რაც მან სოციალური სამსახური და ექიმი მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობა შეემოწმებინათ და ეღიარებინათ, რომ ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა, „ნინძამ“ აღარ გარისკა და, სამი დღის შემდეგ, პატიმარი საკანში დააბრუნა. სამაგიეროდ, გაგა მკურნალიძემ და ლევან პაჭკორიამ იმავე დღეს სხვა ზემდეგებთან ერთად უსასტიკესად სცემეს ირაკლი პ., გიორგი ქ. და შალვა ჩ. გიორგი ქ-ს სამი ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული და ამის მიუხედავად, ექიმი არ მიუყვანეს.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში