Menu
RSS

გიორგი მარგველაშვილი: „პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებს თავიანთი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ!“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-I დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

გიორგი მარგველაშვილმა „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზე 2 აპრილს ისაუბრა და განაცხადა: 

„საქართველოს პარლამენტმა 2012 წელ დაადგინა პოლიტიკური დევნის ფაქტები და დაადგინა სია იმ ადამიანების, რომელებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში საქმე მნიშვნელოვნად წინ ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. არაერთხელ გავუსვით ხაზი ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის საჭიროებას, თუმცა სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მეტსაც ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად უკან მიმავალი პროცესი დავინახეთ, როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად (რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება), ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ისეთი დანიშვნები, რომელთაც გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ამ წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ინიციატივა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელებისა, რომელსაც ბუნებრივია მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზე შევძლებთ საუბარს, ჩვენს ხელთ არ არის”. 

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს: 

„აუცილებელია, ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც თვითონ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც ის პოლიტპატიმრების სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, ვისაც ჩვენ კანონით მივეცით სტატუსი პოლიტპატიმრების, ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლის მტკიცების. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ სერიოზული ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათი გათავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრ შემთხვევაში ის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც ჩვენვე დავარქვით პოლიტიკური დევნა, დღეს ძალაშია. შესაბამისად, პოლიტიკური განცხადებების და პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველი არის, რომ მოვიწვიეთ გაერო-ს წარმომადგენელი, რომ დაგვეხმაროს ამ რთული ვითარების გადასალახად და მოგვცეს რჩევა ამ მიმართულებით. იმ პირებს, ვინც არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ვაძლევთ ხელში რეალურ მექანიზმს თავისი უფლებების აღდგენისათვის. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაცია დაეხმარება იმ პირებს, ვისაც უნდათ, თავიანთი უდანაშაულობა სასამართლოში ამტკიცონ და მოხდება მეტი ინფორმაციის შეგროვება, თუ ვინ იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელდებდნენ ადამიანების ციხეში ჩასმას პოლიტიკური ნიშნით”. 

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებულ მემორანდუმს „გირგვლიანის შესწორებებთან“ არავითარი კავშირი არ აქვს: 

„მემორანდუმთან, რომელიც შეეხება 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვას, არაფერ შუაშია “გირგვლიანის შესწორებები”. რატომ თქვა ასე პრეზიდენტმა, თავად მას უნდა ჰკითხოთ. ფაქტია, რომ საუბარია სხვადასხვა თემაზე. თავის მხრივ, გირგვლიანის შესწორებები, რომელიც უკვე დაარეგისტრირა ჩვენმა ფრაქციამ და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულების პრევენციას და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორე მხრივ, ის არის მართლმსაჯულების ხელშეუვალობის ძალიან მაღალი გარანტია. იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში