Menu
RSS

გამოუძიებელი დანაშაული _ რას მალავს მოწმე?

„დანის დარტყმა ვერ ვიგრძენი, შემდეგ ვიგრძენი წვა და ტკივილი, რა დროსაც ვნახე, რომ მომდიოდა სისხლი!“

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის საქმის არსებითი განხილვა მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა – ბრალდების მხარემ ე.წ. ოქროს მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. მოწმე გ.მ. ერთადერთი იყო ვინც 26 მარტს გამართულ სხდომაზე დაიკითხა, თუმცა მისი დაკითხვა ბრალდებულთა ადვოკატებმა დროის სიმცირის გამო ვერ შეძლეს. ე. წ. ოქროს მოწმის დაკითხვას ადვოკატები 30 მარტის სხდომაზე შეძლებენ.

თუმცა მანამდე „ვერსიის“ მკითხველს მოვუთხრობთ, რით არის გამორჩეული აღნიშნული მოწმე და, სხვა მოწმეთა მსგავსად, შეცვალა თუ არა მან სასამართლოში დაკითხვისას წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. 

მაშ ასე – ვინ არის პროკურატურის მიერ გამოძახებული ნომერ პირველი ოქროს მოწმე გ.მ? 

„ვერსიის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი გ.მ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და, 2017 წლის 1 დეკემბერს, მეგობრის თხოვნით მივიდა 51– ე სკოლასთან, რათა გარკვეულიყვნენ ამავე მეგობრის დეიდაშვილის გარშემო არსებულ პრობლემებში. წინასწარ გამოძიებაში გ.მ რამდენჯერმე დაიკითხა, მათ შორის გამოძიებამ ფარულადაც (კანონის დაცვით) განახორციელა მისი ჩაწერა. გ.მ–ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც. 

,,ვერსიის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გ.მ.–ს მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების პირველი ნაწილი არსებითად არ მოდის წინააღმდეგობაში მის მიერვე წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან. თუმცა უშუალოდ ჩხუბის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო დაკითხვისას, მისი მონათხრობი სრულიად სხვადასხვა შინაარსს შეიცავს. 

კერძოდ, წინასწარ გამოძიებაში გ.მ.–მ გამოძიებას უთხრა, რომ როცა დავით სარალიძემ გ.ჯ. ფარდულისკენ მოისროლა და ცემა დაუწყო, მას თან შეყვა მ.კ., რომელიც ცდილობდა დავით სარალიძის დამორჩილებას. სასამართლო დაკითხვისას კი ოქროს მოწმემ მ.კ–ს აქტიურობა სრულად გამორიცხა და განაცხადა, რომ ის ფარდულში მიმდინარე ჩხუბს უმოქმედოდ მდგარი აკვირდებოდა. 

რით არის საყურადღებო ოქროს მოწმის მიერ ჩვენების ამგვარი შეცვლა? ჩხუბის მონაწილე მ.კ., რომელიც ამჟამად დანაშაულის დაფარვაზეა ბრალდებული, სწორედ ის მოზარდია, რომლის შესახებაც დაზარალებული ზაზა სარალიძე ბოლო დროს არაერთ, მათ შორის ,,ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ერთ–ერთი შესაძლო დამნაშავეა: ,,მ.კ.-სთან დაკავშირებით, რომელზეც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთი რაღაცეები მითხრეს, რაც პირდაპირ ეჭვს მიჩენს, რომ დანა მაგასაც ჰქონდა,“ – განაცხადა 21 მარტს ,,ვერსიასთან“ ზაზა სარალიძემ. 

მოწმის მიერ სასამართლოზე დაკითხვისას შეცვლილ ჩვენებებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაზუსტებასა და დეტალიზაციას უწოდებს. ფხაკაძე ადვოკატების მიერ მოწმეთა ჩვენებების შეცვლაზე აპელირებას დაცვის მხარის ტაქტიკას არქმევს, თუმცა არ ითვალისწინებს იმას, რომ დაზარალებულიც ხმამაღლა საუბრობს დამუშავებულ და ,,ნამეცადინებ“ მოწმეებზე. ბრალდების მხარე იგივე პოზიციაზე დარჩა მოწმე გ.მ.–ს დაკითხვის შემდეგაც. 

თუმცა სწორედ არასრულწლოვანი გ.მ. იყო ერთ–ერთი პირველი უხერხულობა, რომელსაც ბრალდების მხარე წააწყდა ხორავას ქუჩის დანაშაულის საქმის სასამართლო განხილვის დაწყებისას. პროკურორი ზვიად ფხაკაძე იძულებული გახდა, საქმეში არსებული კიდევ ერთი დაჭრილის შესახებ განეცხადებინა. იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა გარდა, ხორავას ქუჩაზე სხვა მოზარდიც დაიჭრა, პირველად რუსთავი2–ის სიუჟეტში 17 დეკემბერს გაჟღერდა. მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე, დაიჭრა თუ არა ხორავას ქუჩაზე სხვა მოზარდი ან მოზარდებიც, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დადებითი პასუხი გასცა. თუმცა ,,ვერსიის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მიმართულებით გამოძიებას, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. 

დანაშაულიდან ოთხი თვის შემდეგაც პროკურორი კვლავ მშრალი ფრაზით შემოიფარგლება – „ამ ეპიზოდზე მიმდინარეობს გამოძიება“. თუმცა გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ცალკე წარმოებად გამოყოფილი ეს საქმე და თუ კი – რატომ? 

,,ვერსიის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაჭრილი არის სწორედ პროკურატურის ოქროს მოწმე გ.მ. და ის რომ ნამდვილად ჩხუბში დაიჭრა საქმის მასალებში რამდენიმე მოწმის ჩვენებით დასტურდება. 

„შეძლებისდაგვარად დავიმუშავე ზურგზე არსებული დაზიანება, რომელიც მომადგა ჩხუბის დაწყებისთანავე მოწინააღმდეგე მხრიდან, მაგრამ კონკრეტულად ვინ დამარტყა დანა, არ დამინახავს. თავდაპირველად დანის დარტყმა ვერ ვიგრძენი, ხოლო შემდეგ კი ვიგრძენი წვა და ტკივილი, რა დროსაც ვნახე, რომ მომდიოდა სისხლი“, – ეს არის თავად მოწმე გ.მ–ს მიერ წინაწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ფრაგმენტი. გ.მ.– ს ზურგზე არსებულ ჭრილობაზე საუბრობენ თავიანთ ჩვენებებში, სისხლიანი გარჩევის მონაწილე სხვა არასრულწლოვნებიც. 

მიუხედავად ამისა, ბრალდებას ამ დრომდე ოფიციალურად მხოლოდ ორი ბრალდებული და ორი დაზარალებული ჰყავს. სახეზეა მოცემულობა, როცა გამოძიებას მინიმუმ კიდევ ერთი დაზარალებული და კიდევ ერთი ბრალდებული უნდა ჰყავდეს. საქმეში უნდა ფიგურირებდეს მინიმუმ კიდევ ერთი დანა, თუმცა გამოძიება ამ საკითხზე ამ დრომდე პრაქტიკულად დუმს. 

უცნაურად ჩანს ისიც, რომ არც თავად პროკურატურის არასრულწლოვანი ოქროს მოწმე და არც მისი ოჯახი გამოთქვამს პროტესტს მიყენებული ჭრილობის გამო, არ ეძებს დამნაშავეს და არ ითხოვს მის დასჯას!! 

ჩნდება გონივრული ეჭვი – ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე ტიპის გარიგებასთან? მით უმეტეს, რომ სწორედ ჩხუბში დაჭრილი მოზარდი ითვლება პროკურატურის ერთ–ერთ ე.წ. ოქროს მოწმედ. რას მალავს და რატომ დუმს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე არასრულწლოვანი და მისი ოჯახი? 

როგორც გავარკვიეთ, ჩხუბში არც თავად გ.მ. იყო უმოქმედოდ. ფრაგმენტი მისივე ჩვენებიდან: ,,ხელჩართული ჩხუბის დროს გ.ჯ. წაიქცა და ზემოდან ურტყამდა მსუქანი ბიჭი, ხოლო მსუქანი ბიჭის დამორჩილებას ცდილობდა მ.კ. ამ დროს მეც შევედი ფარდულში და ჩხუბში მონაწილე ერთ–ერთი მოწინააღმდეგე ხელის მოკიდებით გამოვაგდე ფარდულიდან, რომელიც ურტყამდა გ.ჯ–ს.“ გამოძიებისთვის მიცემული ამ ჩვენებიდან კარგად ჩანს, რომ ე.წ. ოქროს მოწმე თავადაც საკმაოდ აქტიურობდა, თუმცა რა ვითარებაში და ვის მიერ დაიჭრა გ.მ? ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება. 

30 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან მოწმეს დაცვის მხარის ბევრ უხერხულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

დაჩი შალიკაშვილი

დაბრუნება დასაწყისში