Menu
RSS

მიხეილ რამიშვილი: „სიცოცხლის ფასად მივაღწევ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, რწმენას არავის გავათელინებ _ არც სასულიერო პირს და არც საეროს!“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხიელ რამიშვილმა 23 მარტს კვლავ საპატრიარქოს მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა, წმინდა სინოდმა საეკლესიო სასამართლოზე განიხილოს ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის მიერ ტელევიზიით მის მიმართ გაჟღერებული ცილისწამება, როცა მეუფე იაკობმა დეკანოზის ადვოკატს აგენტ-პროვოკატორი უწოდა. ,,ვერსია'' წერდა, რომ ადვოკატს საპატრიარქომ ამ საკითხის განხილვაზე უარი უთხრა, რადგან, მათი განმარტებით, ერთი და იმავე საკითხის განხილვა საეკლესიო და საერო სასამართლოების მიერ დაუშვებელია. ,,ვერსია'' ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრა:

_ როცა საპატრიარქოს სამდივნოსგან მივიღე პასუხი ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თურმე ერთსა და იმავე საკითხს ორი სასამართლო არ განიხილავს, სინოდის თითქმის ყველა წევრს მივწერე, გამოეგზავნათ წერილობითი პასუხი შემდეგ კითხვებზე: გაეცნენ თუ არა, ჩემ მიერ საპატრიარქოში შეტანილ განცხადებას, ფაქტებსა და მოთხოვნას და არის თუ არა მათი პოზიცია, რომ საქმის შესწავლა და განხილვა არ მოხდეს წმინდა სინოდის მიერ? ვცადე, გადამემოწმებინა, რამდენად იყვნენ საქმის კურსში სინოდის წევრები და მიაწოდეს თუ არა მათ სრული ინფორმაცია ედიშერ ქარჩავამ ან მიქაელ ბოტკოველმა. პასუხი მხოლოდ ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა მომწერა, რომ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, სატელეფონო საუბარში მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომზადებულია გიორგი მამალაძის ადვოკატის წერილის პასუხი, რომლის თანახმადაც საკითხის განხილვაზე საპატრიარქომ თავი შეიკავა საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვამდე. მეუფე გრიგოლმა ასევე მომწერა, რომ თუ თანმიმდევრობას დავიცავდი და უპირველესად საეკლესიო ინსტანციას მივმართავდი საჩივრით, ჩემს მოქმედებას უფრო მართებულად ჩათვლიდნენ. მეუფე გრიგოლის წერილიდან ირკვევა, რომ ედიშერ ქარჩავამ სინოდის წევრებს განუცხადა, ჩვენ უარს ვეუბნებით მიხეილ რამიშვილს და უბრალოდ იცოდეთო. მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს მხრიდან ჩემი მოთხოვნილი საკითხის არგანხილვა მიზანმიმართულად ხდება, ამიტომ მეუფე გრიგოლს საპასუხოდ დეტალურად მივწერე, რჯულის კანონის რომელ კანონებს არ ემორჩილებიან და უხეშად არღვევენ სინოდის წევრები. მეუფე გრიგოლისგან პასუხი აღარ მიმიღია. 

_ ბატონო მიხეილ, სანამ უჩივლებდით, მეუფე იაკობთან შეხვედრა თუ სცადეთ? 

_ არაერთხელ ვცადე დაკავშირება, თუმცა მან არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. სოციალურ ქსელში საჯაროდაც მოვუწოდე, მიბრძანებულიყო ტელევიზიაში და რადგანაც ცილი დამწამა, განეცხადებინა, რომ სიცრუე თქვა, მაგრამ არც ამას გამოეხმაურა. ამის შემდეგ შევიტანე სარჩელი სასამართლოში და მე-6 თვეა, სასამართლო დღემდე არ იწყებს ამ საკითხის განხილვას. ვფიქრობ, საპატრიარქოსგან საქალაქო სასამართლოს ერთგვარი მითითება აქვს, რომ ეს საკითხი როგორმე გააჭიანუროს. 

_ საპატრიარქოს ამჯერად რა მოთხოვნით მიმართეთ? 

_ მაინტერესებს, რომელი საეკლესიო და სამოქალაქო ნორმებითაა დაშვებული, თუ სასულიერო პირი საჯარო პირს საჯაროდ ცილს სწამებს, საპატრიარქომ უარი უთხრას საკითხის განხილვაზე, როდესაც აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა არ მიმდინარეობს? ასეთი ნორმა არც სამოქალაქო კოდექსში არსებობს და არც _ საეკლესიოში. სამოქალაქო კოდექსში არის მითითებული, რომ ერთი და იგივე დავა არ შეიძლება, განიხილოს ორმა სამოქალაქო სასამართლომ. ეკლესიური სამართალი არაა კავშირში სამოქალაქო კოდექსიდან. ასევე მაინტერესებს, რომელი ნორმებითაა ვალდებული საპატრიარქო, დაელოდოს სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას?.კანონიკურ სამართალში არ არსებობს ნორმა, რომელიც ავალებს წმინდა სინოდს, სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს. 

_ ბატონო მიხეილ, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ზოგი მეუფე თქვენ მიმართ მკაცრი საეკლესიო სასჯელის გამოყენებას ითხოვს, ეს არ გაბრკოლებთ? 

_ ნება მათია, რაც უნდათ, ის გააკეთონ, ამით ვერ გამაჩერებენ. იაკობისგან არ ვითხოვ იმაზე მეტს, რაც არ მეკუთვნის. შეუძლია, ჩათვალოს, რომ შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ არ შეიძლება, ასე გამოხვიდე და ადამიანს ცილი დასწამო. მითუმეტეს, როცა ქორეპისკოპოსი ხარ და შენმა ნათქვამმა შეიძლება, საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს _ ჩათვალონ, რომ ქორეპისკოპოსმა ბრძანა და რამიშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ამის უფლებას არავის მივცემ! 

_ საპატრიარქომ ამ საკითხის განხილვაზე უარი უკვე გითხრათ, რის მიღწევას ცდილობთ? 

_ როდესაც მაღალი ამბიონიდან ქადაგებ და მასწავლი, როგორ უნდა ვიცხოვრო და რას უნდა ვემორჩილო, ვალდებული ხარ, უსიტყვოდ დაემორჩილო წმინდა მოციქულების წერილებს, კანონიკურ სამართალს. როდესაც ჩემს სულიერებაზე უნდა იზრუნო, არ უნდა დავკარგო რწმენა... ღმერთმა თუ გაგიკვალა გზა, მისი სახელით იქადაგო და მთხოვ მორჩილებას, მაშინ შენც უნდა დაემორჩილო რჯულის კანონს... 

_ განაცხადეთ, რომ საპატრიარქომ ერთგვარი მესიჯი გაუგზავნა საქალაქო სასამართლოს, არ განიხილოს თქვენ მიერ შეტანილი სარჩელი. რას გულისხმობთ, საპატრიარქო ამგვარ ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო სტრუქტურებზე? 

_ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ. ,,ციანიდის საქმეში'' ფაქტია, ისინი შეხმატკბილებულები არიან. არ ჩანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედების არეალი, ძალიან კარგად ცვლიან ინფორმაციას და ათანხმებენ ერთმანეთთან. ვიმეორებ, ჩემს საქმიან რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი ადგება, არავისთან არ მჭირდება იმის მტკიცება, რომ არ ვარ აგენტი, თუმცა ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი იმიჯი შელახონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. დაუსჯელობის სინდრომი როცა არსებობს ქვეყანაში, არასდროს არაფერი გვეშველება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, საკუთარ შვილს არ ვაპატიებ და დავსჯი, თუ იმ ზნეობისა და მორალის ნორმებს დაარღვევს, რომლითაც ჩვენ _ ქართველები ვარსებობთ. 

_ შეგიძლიათ თქვათ, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სტატუსი ერთგვარი ,,იმუნიტეტია'' საქართველოში? 

_ დიახ, იმ თვალსაზრისით, რომ პასუხს არავინ არაფერზე სთხოვს. ეს რომ რიგით ადამიანს ეთქვა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცემდნენ, სასულიერო პირი კი ხელშეუხებელი სუბიექტია. 

_ რომ არ იყოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი და ,,ციანიდის საქმის'' ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, საპატრიარქო თქვენს განცხადებას დათანხმდებოდა? 

_ არა, „ციანიდის საქმე“ ამ შემთხვევაში არანაირ როლს არ თამაშობს. ამ საქმეს გარედან რომ ვუყურებდე, იგივე წარმოდგენა მექნებოდა გარკვეულ ადამიანებზე, რაც დღეს მაქვს. რადგან როგორც მართლმადიდებელი, დავსვამდი კითხვას, ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ არ ნახეს დეკანოზი, რომელიც დაახლოებული იყო პატრიარქთან და დიდი თანამდებობა ეკავა საპატრიარქოში, რატომ იყო მისი ზიარება-აღსარება პრობლემა? გამოვიდა ქორეპისკოპოსი თითის ქნევით და განაცხადა, ესენი თუ არ გამოიძიებენ, მე გამოვიძიებო. რატომ უნდა გამოიძიოს მან ან თუ ამის სურვილი ჰქონდა, მოეწყოთ წმინდა სინოდის წევრებს სასამართლო და თავად გაერკვიათ ყველაფერი. გიორგი მამალაძეს მოუწყვეს სიბინძურე და თავად გაისვარნენ. 

_ საპატრიარქოში არსებული მდგომარეობა ,,ციანიდის საქმემ'' ,,გააშიშვლა'', თქვენც ერთგვარ როლს თამაშობთ ამ ,,ლუსტრაციაში'', როცა მეუფე იაკობის გასამართლებას ითხოვთ, ეს ჯანსაღი პროცესია? 

_ ამით იცით, რა მინდა, გავაკეთო? ის რწმენა, რაც დღეს ხალხს ეკლესიის მიმართ დაკარგული აქვს, ისევ დაბრუნდეს. სასულიერო პირი თავის საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა წარმართავდეს და ყველამ დაინახოს, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობს. ადამიანი, რომელიც შენზე მაღლა დგას და მას შეჰხარი, იცი, რომ მან დააშავა და არ დასაჯეს, ეს იგივეა, მამა მაძღარი იყოს და შვილები _ მშივრები. სანატრელი რატომ უნდა ჰქონდეს რიგით მოქალაქეს, მეუფემ მას ხელი დაადოს და დალოცოს? _ ძალიან დაშორდა ეს იერარქია საზოგადოებას. სიცოცხლის ფასად მივაღწევ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ეკლესიას, რწმენას არავის გავათელინებ ფეხქვეშ, გინდა სასულიერო პირი იყოს, გინდა _ საერო. 

_ ისე, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფიც იყო მოძღვარი, მის მაგალითსაც იღებდნენ ადამიანები და ძალიან ცუდი რამ გავიგეთ, რომ არ საუბრობს ისე, როგორც მოძღვარს შეეფერება... მასთან არ გაქვთ პრეტენზია? 

_ დიახ, მქონდა, მაგრამ ის ამას ნანობს. ადამიანები ვართ და პირად საუბრებში ზოგჯერ ყველა სხვაგვარად ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რაც მევალება, იმას ვუღალატო. როცა სულიერი მამა და მოძღვარი ხდები, არის დაუშვებელი რამ, რასაც არ უნდა განუდგე. ვაჟკაცობასა და კაცობაზე როცაა ლაპარაკი, ნუთუ არ შეუძლია იაკობს, თქვას რომ შეეშალა? დაინახოს ყველამ, რომ არ უნდა თქვა ადამიანზე ისეთი რამ, რაც არ ეკუთვნის და რომ ის, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებ, მიიღებს შენს გამოწვდილ ხელს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში