Menu
RSS

რა კავშირი აქვს ბიზნესმენების მკვლელობას თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან

საქართველოს შეკვეთილი მკვლელობების ტალღამ გადაუარა _ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე შსს გვპირდება, რომ დანაშაულს ცხელ კვალზე გახსნის, შედეგი არ ჩანს, უკანასკნელი წლების მანძილზე, არ არსებობს გახმაურებული საქმის გახსნის პრეცედენტი. მეტიც _ ბოლოს როდის თქვეს თუნდაც ერთი სიტყვა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე? როდის ახსენეს ბოლოს დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა? აღარავის ახსოვს, იძებნებიან თუ არა, ან სად არიან ბესიკ ხარძიანის მკვლელები. არც ის ახსოვს ვინმეს, რა ეტაპზეა ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის მარტში, აბანოთუბანში სასტიკად მოკლული ებრაელი ბიზნესმენი.

ამ სიას, გასულ კვირას, კიდევ ერთი ბიზნესმენი, ნუგზარ კახიძე დაემატა. ვარკეთილის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე ქილერმა სახლში ჩაცხრილა და მიიმალა. 

 

„ეს არ იყო პროფესიონალი ქილერი, მან დატოვა ანაბეჭდები, რამდენიმე ადამიანმა დაინახა მისი სახე, კამერებმაც დააფიქსირეს და მჯერა, მალე დაიჭერენ“,_ ეს განცხადება კახიძის მკვლელობის შემდეგ ბიზნესმენმა და კახიძის ქვისლმა მამუკა გამყრელიძემ გააკეთა, თუმცა სამართალდამცავებზე მეტად, ინფორმაციას ჟურნალისტებისგან იგებს საზოგადოება. 

რასთან გვაქვს საქმე?! მაღალჩინოსანი პოლიციელები საუბრობენ, რომ საქმე არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. 2012 წლიდან მოყოლებული, შეიცვალა ყველა პოლიციის უფროსი და თითოეულ რაიონში პოლიციის უფროსი შეიცვალა მინიმუმ ოთხჯერ, რაც ძალიან ბევრია. 

„პოლიციის უფროსი რაც უფრო დიდ ხანს არის ერთ ადგილზე, მით ნაკლებია იმ რაიონში დანაშაული იმიტომ, რომ ყველას ეცნობა, იცის, ვინ რისი გამკეთებელი ან გამფუჭებელია. ვარაუდი იმისა, რომ ერთსა და იმავე ადგილზე პოლიციის უფროსის დიდ ხანს დაყოვნება კორუფციის საშიშროებას ქმნის, აბსურდია. დღეს გაუხსნელი დანაშაულების საქაღალდეები თაროებზე აღარ ეტევა.“ გვითხრა პოლიციის მაღალჩინოსანმა და გვთხოვა გაგვეხსენებინა, ვის ანდეს ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და რამ მოიტანა დამანგრეველი შედეგები. პოლიციამ ავტორიტეტი დაკარგა, მისი რიდი (და არა შიში) აღარ აქვთ და უფრო მეტიც, არიან ადამიანები, რომლებიც ავტომობილით წესებს სპეციალურად არღვევენ, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ეტლიკინებიან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და სოციალურ ქსელებში ვიდეოებს ტვირთავენ. ასეთი რამ წინა ხელისუფლების დროს არ ხდებოდა, ვერ ხდებოდა იმიტომ, რომ პოლიციის რიდი არსებობდა, რაც შემდეგ შიშში გადაიზარდა, რადგან ხელისუფლებამ ოქროს შუალედის დაჭერა ვერ შეძლო. ახლა კი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით _ დამნაშავეს ხელბორკილი ზომაზე მეტად თუ მოუჭირეს, საზოგადოებას წამებულად გამოჰყავს და, მის გათავისუფლებასთან ერთად, პოლიციელების დასჯასაც ითხოვს. სამსახურის დაკარგვა კი არავის სურს. 

სამართალდამცავები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში კრიმინალის გახშირებას ხელი თურქეთში არსებულმა ქურდულმა დაგჯგუფებებმა შეუწყვეს. მოგეხსენებათ, რუსეთიდან და უკრაინიდან გამოძევებული ქართველი კანონიერი ქურდების აბსოლუტური უმრავლესობა თავშესაფარს თურქეთში პოულობს. შესაბამისად, საქართველოდან თურქეთში გადასვლა ძალიან იოლია. 

„ე.წ. კაი ბიჭები გადადიან თურქეთში, ხვდებიან ქურდებს და მათგან დამუხტულები ბრუნდებიან საქართველოში. მერე მათ დანაშაულის ჩადენა აღარ უჭირთ, რადგან ქურდის სახელით იპარავენ, ატერორებენ, ძარცვავენ და ზუსტად იციან, რომ ციხეში შესვლის შემთხვევაში, კარგ „პალაჟენიაში“ მოხვდებიან“,_ გვეუბნებიან სამართალდამცავები. 

თუმცა მთავარი ეს არ გახლავთ, ქართველი პოლიციელები ეჭვობენ, რომ ბიზნესმენებზე ბოლო დროს გახშირებული ზეწოლა და ფულის გამოძალვის მცდელობა, სწორედ თურქეთში მცხოვრები კანონიერი ქურდების დავალებაა. აი, რა ვერსია აქვს მაღალჩინოსან პოლიციელს: 

„ბიზნესმენებზე ზეწოლა და თანხის გამოძალვის მცდელობა საეჭვოდ ემთხვევა იმ პერიოდს, როცა თურქეთში ბინა ნადირ სალიფოვმა, იგივე „გულუმ“ დაიდო. აზერბაიჯანელი ქურდი არ მალავს, რომ მისი მთავარი შემოსავალი რეკეტია და სწორედ რეკეტის მეშვეობით შედის მის სალაროში მილიონობით დოლარი. სავარაუდოდ, „გულუმ“ ახლა საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დამორჩილება გადაწყვიტა და ისიც ფაქტია, რომ რამდენიმე აზერბაიჯანელიც დავაკავეთ, რომელიც ბიზნესმენს ფულს სძალავდა. აი, არის თუ არა კავშირში ბიზნესმენების მკვლელობა თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამ მიმართულებით ჯერჯერობით ვმუშაობთ.“ 

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, უკრაინიდან ქართველი კანონიერი ქურდი, გიგა პეტრიაშვილი, მეტსახელად „პროფესორი“ თურქეთში გააძევეს. საინტერესოა, რომ გიგა ექვსი თვის წინაც დაიჭირეს უკრაინაში, მაშინაც თურქეთში გააძევეს და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აუკრძალეს, თუმცა პეტრიაშვილმა ზღვით მაინც მოახერხა უკრაინაში დაბრუნება და... მას ქვეყანაში შესვლა კვლავ სამი წლით აეკრძალა. 

ევროპის ქვეყნებში კი საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობის სეზონი კვლავ არ დახურულა და კარგა ხანს არც დაიხურება. ამჯერად სპეცოპერაცია ისევ ესპანეთში ჩატარდა და ისევ ქართული დაჯგუფება დაიჭირეს. ოთხკაციან ბანდაში ორი ძმა, მათი ბიძაშვილი და ერთიც ძმაკაცი შედიოდა. პრინციპში, რაღა ძმაკაცი, ლევან ჯოხაძე მალხაზ და ოთარ ბოლქვაძეებთან ერთად იხდიდა სასჯელს. შესაბამისად, ციხის მეგობრობა თავისუფლებაზეც გაგრძელდა და დიდი ალბათობით, ისევ ციხით დასრულდება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დაკავებულები მაქსიმალურად შეეცდებიან, საქართველოში მათი ექსტრადიცია არ მოხდეს, რამეთუ ესპანური ციხისგან განსხვავებით, აქ „სროკიც“ მეტია და პირობებიც ბევრად უარესი.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში