Menu
RSS

„სად არიან ჟურნალისტები და მედია? სამ თვეზე მეტია გასული და არავის არაფერი აინტერესებს!“

ილია ტუღუშის მეუღლეს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს!

2017 წლის 6 დეკემბერს, მალთაყვის ტყეში, ფეხბურთის მსაჯი ილია ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ეს ტრაგედია ტუღუშის საქმიანობასა და გარიგებულ თამაშებს დაუკავშირეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა დღემდე ბოლომდე გამოძიებული არაა. ,,ვერსიას'' ილია ტუღუშის მეუღლემ წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სად არიან ჟურნალისტები და მედია? სამ თვეზე მეტია გასული, რაც მსაჯი ილია ტუღუში გარდაიცვალა და საერთოდ არავის არაფერი აინტერესებს. რატომ შეიწირეს 34 წლის ახალგაზრდა, ვისთვის ან რისთვის? არანაირი გაჭირვება არ ჰქონდა, თავი მოეკლა. 

ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს თავისი ნებით გააკეთა. სისულელეა, თავის ადგილებს შესწირეს სამი შვილის მამა, რომელსაც სიცოცხლე უხაროდა. არც ფედერაცია დაინტერესებულა, თავის სფეროდან კაცი გარდაიცვალა... ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვინ გამიცოცხლებს მეუღლეს, მაგრამ მისი მკვლელები რატომ არ უნდა ისჯებოდნენ?! ისინი ხომ მოვიდნენ და დაგვემუქრნენ, რომ ჩემს მეუღლეს მოუვლიდნენ. მოგვადგნენ, ფული მივეცით 5 ათასი, ,,გურიის'' გადარჩენა გვინდოდაო და რა ქნა, გვაინტერესებსო. მერე ჩხაიძემ მითხრა, ხმადაბლაო, ეს არ გახმაურდესო. ინაიშვილმა მკითხა, თავის მანქანით მოძრაობსო? _ კი-მეთქი. მე ხვალ მივფრინავ და მიხედავენ ჩემი ძმაკაცები, მე ისეთ ხალხს ვტოვებო, მიპასუხა. ეს არაა მუქარა?! რა დაუშავა მაგ ნაგვებს, რომ ასე გაწირეს?! 

ვიცი, რომ მუქარა ისჯება კანონით, რომელიც სიკვდილით დასრულდა და არავინ დაუპატიმრებიათ, კიდევ არხეინად დასეირნობენ და ინიშნებიან თანამდებობებზე. რატომ არ მოვიდნენ სამძიმარზე, თუ არ მიუძღვით დანაშაულში წვლილი? არ მოვიდნენ კი არა _ ვერ მოვიდნენ და ვერც გაბედავდნენ მოსვლას! ვერ გაიხარებს ვერც ერთი მათგანი მარტო სამი ბავშვის ცოდვით, ყველაზე პატარა ორწლინახევრისაა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ილიას გადაწყვეტილებით მოხდა, ეს მათი დანაშაულია. არაფერი გასაჭირი არ ჰქონდა, რომ ეს გაეკეთებინა, მე მისი ყველა ნაბიჯი ვიცოდი. 

უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო, ჩვენს ქვეყანაზეა ნათქვამი. არც ერთი დანაშაულის საქმე არაა ბოლომდე მიყვანილი, არც ერთი გამოძიებაა დასრულებული. თურმე, გიორგი ინაიშვილი არ იცნობდა ჩემს მეუღლეს და ფული ასესხა. ასე უცნობებს თუ აძლევს, მერე რატომ იმეტებს სასიკვდილოდ? იმიტომ, რომ ილიათი გამდიდრება მოუნდათ. 

ტელევიზია თავზე გვახტებოდა, როცა მიცვალებული გვყავდა და ახლა არაა აქტუალური თემა?! ვისაც კი მიუძღვის 3 დეკემბრის თამაშში წვლილი, არ გაახარებს ღმერთი. ისე მოიტეხენ კისერს, ვერც კი მიხვდებიან, ჩაძაღლდებიან. გურიის საფეხბურთო გუნდი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ფულით გადადიან ტურში. ყველაზე მკვდარი გუნდი მთელს საქართველოში ,,გურიაა''. შეწირეს კაცი რისთვის, რომ გურია გადასულიყო შემდეგ ტურში, რა იტალია და რა _ გურია. ყველაფერი ფულით რომ კეთდება დღემდე იმიტომ ვიცი, რომ არაფერი იქნება შედეგიანი, სხვებსაც შეიწირავენ. 

ილია იყო დამთმობი, თავმოყვარე, კეთილი, გამგებიანი და ამით გამოიყენეს. იმიტომ არ ვამბობ, რომ გარდაცვლილია. ნებისმიერი ადამიანი ასე დაახასიათებს ილიას, მთელმა საქართველომ იგლოვა, დღემდე გლოვობს მისი კუთხე. ესაა ჩემი პრეტენზია ყველასთან და ყველაფერთან... ნუგზარ ჩხაიძე გამოდის და ნადირობაზე ითხოვს უფლებას, კითხვა მაქვს მასთან, რაზე თუ ვისზე ითხოვს ნადირობას, ადამიანებზე თუ ცხოველ-ფრინველზე? როგორ არ ეშინიათ, ნუთუ, არ ჰყავთ სახლში ახალგაზრდები? მათ პატრონებს ჰგონიათ, ეგენი ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებენო. 

რა უნდა ვქნათ მე და სამმა პატარამ უმამოდ? ილიას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ცხოვრების მხრივ. სამსახურიც ჰქონდა, სახლიც, მანქანაც... თურმე, 5000-ს კი არა, 100 ათას დოლარს სთხოვდნენ. 5 ათასი რომ ყოფილიყო, თავის მანქანას გაყიდდა, რომელიც ათი ათასზე მეტი ღირს... სიმართლეს არავინ დაადგენს, ამაში დარწმუნებული ვარ. მან სიმართლე მიწაში წაიღო. ამ საქმის უკან მათ მოვიაზრებ, ვინც მომაკითხა ჭიშკართან ღამე და ეძებდნენ, თუ მოძრაობდა მანქანით. ვფიქრობ, აქედან წასულებს შენახვედრია ჩემი მეუღლე და იქ რაღაც მოხდა. ესენი იყვნენ გიორგი ინაიშვილი, ნუგზარ ჩხაიძე და ირაკლი ბახტაძე. ირაკლი ამბობდა, თითქოს გზა არ იცოდნენ, სასაცილოა მაგათი ქცევა. ვასახელებ ვინ იყო, რაზე იყვნენ, რას ითხოვდნენ, რას მემუქრებოდნენ და ხალხი არხეინად დადის კიდევ. კანონით, პატიმრობა უნდა ჰქონდეთ შეფარდებული, მაგრამ როგორ, ისინი ხომ ფულიანები არიან?! 

ჩემი ინფორმაციით, ჩხაიძე მაშინ სატყეოს უფროსი ყოფილა, ბახტაძე არაფერს წარმოადგენდა, ძველი ფეხბურთელია. ინაიშვილმა თქვა ბიზნესმენი ვარო, ალბათ ასეთი საქმეებისა და ვიცი, კიდე ბევრი შეეწირება. ახლა არც სატყეოს უფროსია ჩხაიძე, არც ფეხბურთელია ბახტაძე და ინაიშვილზე ამბობენ, ფოთის გუნდს კურირებსო. ვიცი, სიმართლეს არ დაადგენენ, ადვოკატიც არ ავიყვანე იმიტომ, რომ ვიცი, ვერ მოვიგებ ამ საქმეს და იმ ფულს ჩემს ობლებს მოვახმარ. 

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თამაშის მოსყიდვის მუხლით დაიწყო. თვითმკვლელობამდე მიყვანა თუა, მათი ბრალი არაა? არ მაღირსეს პასუხი ექსპერტიზის დასკვნაზე. მეუბნებიან, ექსპერტიზები დასრულებულია და დასკვნას ველოდებითო. ეს ადამიანები თანხას რომ თხოვდნენ, მათი მოსვლით დავამტკიცეთ. თანხა მივეცითო და სხვაზე უნდა გადაეცაო ,,გურიის'' გადარჩენა'' გვინდოდაო. აქ რომ მოვიდნენ ჯერ თქვა, ფედერაციის უფროსი ვარო, მერე ბიზნესმენიო, თვითონ არ იცოდა, ვინ იყო. მათი ნათქვამიდან გამომდინარე თამაშის მოსყიდვა იყო და ამ მუხლით მიდის გამოძიება. საერთოდ მოაცილონ ფეხბურთის სფეროს ის ადამიანები, ვისაც ჩემი ქმრის სიკვდილში მიუძღვის წვლილი!'' 

,,ვერსია'' ილია ტუღუშის საქმეზე საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად, მათ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში