Menu
RSS

უკავშირდება თუ არა ვარკეთილის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელის, ნუგზარ კახიძის მკვლელობა ბიზნეს-პარტნიორებს შორის არსებულ დავას?

21 მარტს, თბილისის ცენტრში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენი შპს ,,ვარკეთილი 96''-ის 15%-იანი წილის მფლობელი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის თებერვლის მონაცემები, შპს „ვარკეთილი 96“-ის დირექტორი გურამ ქაცანაშვილია, რომელიც ამავე შპს-ში 20%-იან წილს ფლობს, ხოლო დანარჩენ პარტნიორებს შორის, წილები ასეა გადანაწილებული: ნუგზარ კახიძე _ 15%, იათამზე ქავთარაძე _ 5%, თემური პირველი _ 30%, პაატა ნუცუბიძე _ 7.5%, ნესტან თოდუა _ 5%, გენრიხ ხერგიანი _ 2.5%, მზევინარი ხერგიანი _ 15%. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გარდაცვლილ ბიზნესმენს წილები სხვა კომპანიებშიც ჰქონდა. მათ შორის, შპს ,,ნავთლუღი ჯგუფში'', შპს ,,არწივი 08''-სა და შპს ,,ლასთინგში''. 

ნუგზარ კახიძის ახლობლების განცხადებით, 21 მარტს, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ბიზნესმენის სახლში მივიდა, კარზე დააკაკუნა და თქვა, რომ ,,საქართველოს ბანკიდან'' იყო, რომელსაც სახლის მფლობელისთვის წერილი უნდა გადაეცა. კარი ნუგზარ კახიძის დამხმარე ქალბატონმა გააღო, ამის შემდეგ, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი მოიმარჯვა და კახიძეს 7 ტყვია ესროლა, ბიზნესმენი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დამხმარე ქალბატონი დაიჭრა. 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „მკვლელს ხელთათმანები ეკეთა, ფეხზე ბახილები ეცვა და ორი იარაღიდან ისროდა, საიდანაც ერთი მაყუჩიანი იყო“. არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელს სახლში მყოფი ქალბატონის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ტყვიები დაუმთავრდა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ნუგზარ კახიძეს, ბიზნესთან დაკავშირებით, „საქმიანი გარჩევაც“ კი ჰქონდა. სხვათა შორის, ბიზნეს-პარტნიორებს შორის შესაძლო დავა, რუსთავის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელის, ყოფილი გენერლის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. მეტიც, ქუთათელაძისა და კახიძის მკვლელობის ხელწერა თითქოს, ერთნაირია, რადგან ორივე შემთხვევაში, წინასწარი, დაუდასტურებელი ვერსიით, მკვლელობა შეკვეთილი, ხოლო მკვლელი _ პროფესიონალი იყო. 

2015 წელს, გაზეთში ,,ქრონიკა პლიუსი'' გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შპს ,,ვარკეთილი 96''-ის ბიზნესპარტნიორებს შორის დავა 2009 წლიდან დაიწყო. იმ პერიოდში, ზანდა მსხვილიძე, იათამზე ქავთარაძე, ნესტან თოდუა და ნუგზარ კახიძე, რომლებიც მთლიანობაში 35%-იან წილს ფლობდნენ, შპს-ს ყოფილ დირექტორებს, მათ შორის, გურამ ქაცანაშვილს, პაატა ნუცუბიძესა და ოთარ პირველს, რომელიც იმ დროს შპს-ს დირექტორი იყო, ბრალს იმაში სდებდნენ, რომ გარკვეულ თანხებს უმალავდნენ, როგორც მცირე წილის მფლობელებს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტსაც. 35%-იანი წილის მფლობელებმა ამის გამო ფინანსურ პოლიციასაც კი მიმართეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, შემოწმების შედეგად, შპს ,,ვარკეთილი 96''-ის დირექტორებს 254 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა... 

გამოძიების ფარგლებში, ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე, მისი ბიზნეს-პარტნიორი, გურამ ქაცანაშვილიც დაკითხეს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, ქაცანაშვილის დაკითხვა ხუთ საათს გაგრძელდა. ბიზნეს-პარტნიორებს შორის არსებული დავა ქაცანაშვილის ადვოკატმაც არ უარყო, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობის მოტივის შესახებ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ ფლობს. ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, პარტნიორებს შორის უთანხმოება არსებობდა, თუმცა ეს მწვავე არ ყოფილა. მისი განმარტებით, დაკითხვაზე გარდაცვლილი ბიზნესმენის სხვა პარტნიორებიც დაიბარეს: 

,,ბუნებრივია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც დაიბარეს დაკითხვაზე. მან განმარტება მისცა ყველა იმ დეტალთან დაკავშირებით, რაც საქმიან ურთიერთობას ეხებოდა. სამწუხაროდ, ბიზნეს-პარტნიორებს შორის სამართლებრივი დავები იშვიათი არაა, ამ შემთხვევაშიც იყო პარტნიორებს შორის დავა, მაგრამ ეს არასდროს გასცდენია სამართლებრივ ჩარჩოებს'', _ განაცხადა კახა წერეთელმა. 

გამოძიებას ჩვენება მისცა შემთხვევის ერთადერთმა თვითმხილველმა ქალბატონმაც, რომელიც ნუგზარ კახიძის მკლელობის დროს, ბინაში იმყოფებოდა და თვითონაც დაზარალდა. კახიძის დამხმარე ქალბატონის დაკითხვა 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამომძიებლებს, ამ ეტაპზე, უცნობია. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში