Menu
RSS

თურქეთში, „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ, მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმება!

ვინ არიან ძმები არმაიზ და გიორგი გრიგორიანები

ქართველმა სამართალდამცავებმა მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარეს და თბილისში ძმები, არმაიზ და გიორგი გრიგორიანები დააკავეს. საინტერესოა, რომ არმაიზ გრიგორიანი ციხიდან ორი დღის გათავისუფლებული გახლდათ, ხოლო გიორგი პირობითი მსჯავრის ქვეში იმყოფებოდა. ძმებს მოქალაქისთვის ათი ათასი დოლარის გამოძალვა ედებათ ბრალად და მათ ბრალდება უკვე ოფიციალურადაც წაუყენეს.

ის, რომ შსს ოპერატიულად მოქმედებს, ძალიან კარგია. მითუმეტეს, ძალოვნებმა, გასულ კვირას, თბილისის აეროპორტში კანონიერი ქურდი, სულიკო შარიქაძე დააკავეს, რომელიც ბელორუსიიდან გამოადეპორტეს. ბოროტი ენები ამბობენ, შსს-ს შარიქაძის დაკავება არ სურდა და მზად იყო, მისთვის თურქეთის რეისზე გადაჯდომა ეცლია, მაგრამ იმის გამო, რომ ქურდის თბილისის აეროპორტში ჩამოფრენა ოპოზიციურმა პარტიებმაც გაიგეს და მათი წარმომადგენლები ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებდნენ, დაკავება მოხდა და ოპოზიციაც ვერ აყვირდა, ქვეყნიდან მორიგი ქურდი გააპარესო, თუმცა... 

ყველა პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებობს ჟურნალი, სადაც დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჩამონათვალი და სტატუსია მითითებული. სწორედ რომ სტატუსი, რადგან ზოგი მაყურებელია, ზოგი _ კაი ბიჭი, ზოგი _ „მუჟიკი“, „კაზიოლი“, ქათამი... ჰო, ჟურნალში სპეციალური აღნიშვნებია და როცა ესა თუ ის პატიმარი ზონიდან ზონაზე გადაჰყავთ, მას შესაბამისი სტატუსი თან მიჰყვება და სისტემის შეფებმაც იციან, კონკრეტული პატიმარი რომელ კამერაში უნდა შეუშვან. 

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მინისტრად გახდომამდე კახი კახიშვილმა არაერთხელ განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაყურებლების პრობლემა არსებობსო. საბედნიეროდ, იმავე კახიშვილმა არც მინისტრად გახდომის შემდეგ უარყო თავისი განცხადება, ანუ პრობლემა არ დამალა და ისიც თქვა, ამ პრობლემას ეტაპობრივად, მაგრამ მაინც მოვაგვარებთო. მაშინ იყო, პატიმრებმა ხმაური რომ ატეხეს, მაყურებლობის დასჯას აპირებენ, ანუ, ვინც მაყურებელი იქნება, იმას „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის შვიდ წელს დაუმატებენო. კახიშვილის ჩანაფიქრი ადვილი მისახვედრი იყო _ შვიდწლიანი „სროკის“ შიშით, მაყურებლობაზე უარი არა ერთ და ორ „კაი ბიჭს“ უნდა ეთქვა, მაგრამ ასე არ მოხდა და ჯერ-ჯერობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაყურებლის ინსტიტუტი ისევ არის და ისევ საკმაოდ მძლავრია, რასაც არავინ უარყოფს. 

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევით, რომ თავისუფლებაზე გამოსული არმაიზ გრიგორიანი სამკურნალო დაწესებულების მაყურებელი იყო. ეს უბრალო საქმე არ გეგონოთ, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ნამდვილი ავადმყოფების გარდა, პრივილეგირებული პატიმრებიც ხვდებიან. ე.წ. ბლატატა იქ დასასვენებლად მიდის, ძალებს იღდგენს და შემდეგ ზონაზე ბრუნდება. შესაბამისად, „ბლატატას“ შორის რჩეული პოზიცია ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩნდება კითხვა, რატომ გამოუშვეს ციხიდან ადამიანი, რომლისთვისაც მარტივად შეეძლოთ მაყურებლობის ნიადაგზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდება წარედგინათ და რამდენიმე წელი დაემატებინათ?! მითუმეტეს, მასზე მიყურადება ოფიციალურად მიმდინარეობდა, ანუ სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ გრიგორიანი ციხიდან რეკავდა და კონკრეტულ მოქალაქეს აშანტაჟებდა. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ ძმები შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ამიტომ სპეცოპერაცია მაშინ ჩაატარეს, როცა ისინი ერთად არ იყვნენ. 

ამის პარალელურად, მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდების დევნა გრძელდება. ამჯერად რუსმა სამართალდამცავებმა, გიორგი გუგუშვილი, იგივე „გოგა ფოთინსკი“ დააკავეს. მას ბრალად 2013 წელს, ბიზნესმენ ალექსანდრ ხარჩენკოს მკვლელობაში მონაწილეობა ედება. ხარჩენკო 2013 წლის ზაფხულში, მოსკოვში საჩვენებლად დაკლეს და, სავარაუდოდ, ქართველ ქურდს გრძელვადიანი სასჯელი ელის. 

იმავე რუსი ძალოვნების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, რუსეთში არცერთი კანონიერი ქურდი აღარ იქნება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2016 წელს, ზამთრის ოლიმპიადაზე, ქურდებმა ძალიან დიდი ფული იშოვეს და ეს ყველაფერი ქვეყნის პირველმა პირებმა კარგად იციან. ამიტომ მათ სურთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ჩასულმა ტურისტებმა სიმშვიდეზე ისაუბრონ და არა იმაზე, რომ ტელეფონები დაკარგეს, ფული ამოაცალეს და სასტუმროს ნომრები გასუფთავებული დახვდათ. საყოველთაო სანქციების ფონზე, რუსეთი ამოსუნთქვას სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატით აპირებს და იმედი აქვს, რომ ტურისტების ხარჯზე, ქვეყანის ბიუჯეტში რამდენიმე მილიადრი დოლარი შევა. 

„უშიშროების ძალა იგრძნობა ყველგან. საკმარისია ვინმემ მინიშნებით მაინც თქვას, რომ მისი მეზობელი ან ნაცნობი კრიმინალია, რამდენიმე საათში სამართალდამცავები ადგებიან, საბუთებს უმოწმებენ და თუ რამე წესრიგში არ არის, ან ციხეში მიჰყავთ, ან ადეპორტებენ. ასეთი სიმკაცრე დიდი ხანია აღარ გვახსოვს“, _ გვითხრა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა. 

დასასრულ _ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, უფრო კონკრეტულად კი ზაფხულში, თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმება, რომლის მიზანი მეზობელი ქვეყნიდან ქართველი კანონიერი ქურდების ჩამოყვანაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მათზე ნადირობა გამოაცხადა, ქურდების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ თურქეთს აფარებს თავს და ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ვიზიტიც ამას უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, სოილუმ ქართულ მხარესთან დასაჭერი ქურდების სია შეათანხმა და ამ სიაში მისი მოთხოვნით, ყველაზე გავლენიანი ქურდი, ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ და მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“ არ მოხვდნენ. როგორც ამბობენ, ორივე მათგანი პირადად რეჯებ ტაიპ ერდოღანის მფარველობით სარგებლობს და თურქეთის მთელი კრიმინალური სამყარო ხელში უჭირავთ, ანუ ამ ორი ადამიანის მეშვეობით, ერდოღანი კრიმინალს პრაქტიკულად აკონტროლებს. მეორეს მხრივ, სალიფოვისა და გორაძის დაჭერა-ექსტრადიცია არც ქართული მხარის ინტერესებში შედის.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში