Menu
RSS

„კაგებეს“ პროვოკაცია და ევროპაში გადახვეწილი ქართველი „კანონიერი ქურდები“

გარდა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვლადიმირ პუტინმა იარაღი ააჟღარუნა, აქაოდა მსოფლიოში საუკეთესო საბრძოლო ტექნიკა ჩვენ გვყავსო, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთის პირველი პირის ბრძანებით, ქვეყანაში კრიმინალს აქტიურად ებრძვიან.
ქართველი საქმოსნები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ, არ მალავენ, რომ ძალაუფლება ხელში ძალოვნებმა აიღეს და ე.წ. შავი სალაროს გადასახდელის უდიდესი ნაწილი ახლა სწორედ მათთან მიდის. თუ აქამდე „ხარკის“ მთავარი ამკრეფები „კანონიერი ქურდები“ იყვნენ, ახლა ფორმიანებმა ყველა გააფრთხილეს, რომ ქურდებს არ უნდა უხადონ და მთელი გადასახადი „ერთი ფანჯრის პრონციპით“ კაგებე-ში უნდა წავიდეს.
„თუ ქურდებს აქამდე ასი მეწარმედან ასი უხდიდა, ახლა ათი თუ უხდის და ისიც ცოტას, ზოგი შიშის და ზოგიც ხათრის გამო. სხვებმა, უბრალოდ, უშიშროებას დაურეკეს და ფულზე მისული ქურდები დააჭერინეს. დაკავებულ კანონიერ ქურდებს ან ციხეში უშვებენ, ან ქვეყნიდან აძევებენ და ისინი მეწარმეებისთვის საშიშები აღარ არიან“,_ გვითხრა ერთ-ერთმა იქაურმა ქართველმა საქმოსანმა, რომელსაც მოსკოვში ქართული პურის საცხობი აქვს.
პარალელურად, უშიშროება მაქსიმუმს აკეთებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა კანონიერმა ქურდებმა ერთმანეთი რომ „დაჭამონ“ _ საქმის გარჩევა გარეთ მყოფ მომხრეებს შორისაც გაგრძელდეს და აიტაკქვეშეთში წასული ქურდები იოლად დააკავონ. ამბობენ, პუტინმა პირობა დადო, რომ 2019 წელს ქვეყანაში არცერთი კანონიერი ქურდი აღარ იქნება და თუ ასე გაგრძელდა მათი შევიწროვება, ეგებ დანაპირები აასრულოს კიდეც.
სწორედ უშიშროების მოწყობილი ჰგონიათ ის, რაც ცოტა ხნის წინ, მოსკოვის ოლქში, ნოგინსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. დაწესებულების მაყურებელმა „ვალერა ბაღდათსკიმ“ თანასაკნელი, „ირაკლი აფხაზი“ დაჭრა _ დანა სახეზე დაუსვა და ე.წ. „ბოზური შრამი“ დაადო.
„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქურდებისგან წაქეზებულმა ირაკლიმ მაყურებლობა მოინდომა. სიტუაცია რომ დაიძაბა, ქურდებთან ვალერამ დარეკა, მათი მითითებითვე აიღო დანა და ირაკლის სახეზე ისეთი იარა დაადო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოიცილებს. არადა, ირაკლი აფხაზი მეგრული კლანის წარმომადგენელია და ძმები ქარდავებისა და მერაბ მზარეულას მფარველობით სარგებლობს. თავის მხრივ, ვალერას მხარს მერაბ ჯანგველაძე და ტარიელ ონიანი უჭერენ. შედეგად, ახლა ეს ქურდები დაეტაკებიან ერთმანეთს, რაც რუსულ სპეცსამსახურებს ძალიან აწყობს. მართალია, ზემოთჩამოთვლილი არცერთი კანონიერი ქურდი რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება, მაგრამ მათი მომხრეები როგორც ციხეებში, ისე მის გარეთ მრავლად არიან და მათი ომი რუს ძალოვნებს აწყობთ“, _ გვითხრა რუსეთში მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა ქართველმა კრიმინალმა.
რუსეთში შევიწროებული ქართველი კანონიერი ქურდები ერთმანეთის ჭამას რომ დაიწყებდნენ, ადვილად პროგნოზირებადი იყო. მეორდება იგივე ისტორია, რაც საქართველოში კანონიერი ქურდების დასჯადობას მოჰყვა, თუმცა მაშინ ქართველებმა სათარეშოთ რუსეთი აირჩიეს და შედარებით იოლადაც გადაიტანეს მიგრაცია. ამ ყველაფერს მაშინ ტარიელ ონიანის თავისუფლება შეეწირა. ახლა კი ქართველი კანონიერი ქურდები დამკვიდრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ, თუმცა იქ ადრე წასულ ქურდებს გავლენის სფეროები გადანაწილებული აქვთ და მათ დათმობას ასე ადვილად არ აპირებენ.
„ეს იქნება ომი ტერიტორიებისთვის, რასაც არაერთი ქურდი შეეწირება. თურქეთი ნადირ სალიფოვს, იგივე გულის და მინდია გორაძეს, იგივე ლავას ოღლის უჭირავთ, საბერძნეთს და ესპანეთს ლაშა შუშანაშვილი აკონტროლებს, იტალიაში მერაბ ჯანგველაძეა დამკვიდრებული, ჩეხეთში _ გია ხმელიძე, იგივე ხმელო და ასეა, სულ ნაჭერ-ნაჭერ აქვთ მთელი ევროპა დანაწილებული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ევროპაში მიგრაცია 300-მდე ქურდს მოუწევს და ყველა შეეცდება, თავისი წილი მიიღოს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოსავალი ერთია _ ამდენი ქურდის ადგილი ევროპაში არ არის და ისინი ერთმანეთს დაერევიან. გაიმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი იარაღი აქვს და მეტი ხალხი ჰყავს“, _ გვეუბნება რუსეთში მცხოვრები კრიმინალი.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში