Menu
RSS

ვერაზე მოკლული „კოჭო გოგია“ კანონიერი ქურდის ,,დედ ჰასანის'' ნათესავია!

11 მარტს, თბილისში, ვერაზე გოგი რატიანი იგივე გოგი ხატოევი, „კოჭო გოგია“_ ყოფილი კანონიერი ქურდი მოკლეს. მას თავში ერთადერთი ტყვია ესროლეს და იმის მიუხედავად, რომ გვერდით ოთახში გარდაცვლილის დისშვილს ეძინა. მას გასროლის ხმა არ გაუგია. სროლის ხმა არ გაუგიათ მეზობლებსაც და ეს იმის მიუხედავად, რომ გასროლა, როგორც გაირკვა, გადაჭრილი სანადირო თოფით, ე.წ. „აბრეზით“ განხორციელდა. არადა, აბრეზს ისეთი ხმა აქვს, გვერდით ოთახში კი არა, ნახევარი ვერა გაიგებდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იარაღს მკვლელმა პოლიეთილენის ცარიელი ბოთლი გაუკეთა, რამაც მაყუჩის როლი შეასრულა.
ვინ არის გოგი ხატოევი და რატომ მოკლეს იგი? პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ბოლო წლებში, იგი ცოლის გვარზე იყო და რატიანად ამიტომ ირიცხებოდა. რაც შეეხება მის გვარს, ის იეზიდი და ცნობილი კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“, იგივე ასლან უსოიანის ნათესავია.
„გოგიას მამა ცნობილი თაღლითი იყო, კოჭო მას ერქვა და მერე გოგიასაც შერჩა ეს სახელი. რომ არა უსოიანი, ქურდი ვერ გახდებოდა, მაგრამ როცა „დედ ჰასანი“ ცოცხალი იყო, მისი გავლენითა და ნათესაობით, გოგია ქურდად მონათლეს, თუმცა ვერ შეძლო ქურდობა და ამიტომ, ისევე უმტკივნეულოდ ჩამოართვეს ქურდის სტატუსი, როგორც მისცეს. ერთი ეგ იყო, ელიტაში სერიოზულად გახლდათ გარეული, აი, ქურდების რომანტიზმის ეპოქა რომ იდგა, მაშინ. ის მეგობრობდა ბუბა კიკაბიძესთან, როგორც ვიცი, მათ ნათელმირონობაც აკავშირებდათ. მერე, როცა კანონიერ ქურდებზე კანონი გაამკაცრეს, გოგიასაც დაადგნენ, მაგრამ ხმამაღლა თქვა, ქურდი არ ვარო. ამის მიუხედავად, უბნის „ბლატატა“ ხშირად იკრიბებოდა მასთან, რაღაცეებს ეკითხებოდნენ, ციხის ამბებს აყოლებდნენ. ბევრი ჰქონდა ნანახი.
2007 წელს ყაჩაღობა რომ მოხდა და გოგიაზე თქვეს გარეულიაო, მეც მახსოვს, მაგრამ ცოტა სხვანაირად მახსოვს. როგორც მე ვიცი, რაღაც ფული ვერ გაიყვეს მაგან და იმ წივწივაძემ და მაგის მერე მიადგა სახლში. მარტო რომ ვერ იყაჩაღებდა, ეგეც ხომ ფაქტია და ისიც, რომ ამდენ ხალხს მარტო რომ ვერ გაუმკლავდებოდა?! მოკლედ, იმ ყაჩაღობის დროს, ვარლამას დედას თავში იარაღის ტარი მოხვდა და მაგას აბრალებდნენ, გოგიამ ჩაარტყაო. ის ქალი ორ თვეში გარდაიცვალა. იმის მერე ეგ საქმე გაირჩა, მტყუან-მართალი ქურდულად გაარკვიეს და წივწივაძე გამტყუნდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ვარლამმა ამასთან სიარული დაიწყო და მაყუთს აწერდა, თუ არ გადამიხდი, გავბოზდები და დაგიჭერენო ანუ ყაჩა-ღობის მუხლით გოგიას „სროკზე“ წასვლა სიკვდილი იყო, ასაკში გახლდათ, ავადმყოფობდა. ვერ გეტყვი, რაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გოგიამ არაერთხელ მისცა წივწივაძეს ფული და არაერთხელ მოიშორა. ახლა კიდევ ეს მოხდა, მაინც მგონია, რომ შესაშინებლად წაიღო „აბრეზი“ და მერე, გოგიამ არ „დაუზადნა“ და იმანაც ესროლა“, _ ეს ისტორია ვერაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა პიროვნებამ მოგვიყვა.
„ვერსია“ არაფერს ამტკიცებს, თუმცა ის რომ 2007 წელს, თემქაზე, ვარლამ წივწივაძის ბინა მართლაც დააყაჩაღეს და ამ ამბიდან ორ თვეში დედამისი გარდაიცვალა, ეს შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა. მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა და დანაშაულის მოტივად შურისძიება დასახელდა. „პრაიმ ტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 2007 წელს, ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, ვარლამ წივწივაძემ ხატოევზე შურისძიება რამდენჯერმე სცადა, ჰქონდა მისი სახლის დაწვის მცდელობაც კი. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბრალდებულის მეუღლე მალვინა წივწივაძე ადასტურებს, რომ 2007 წელს გოგი ხატოევმა მისი ოჯახი ნამდვილად დააყაჩაღა, რასაც მისი დედამთილის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა იქვე ამბობს, რომ მის მეუღლეს დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
დაჩი შალიკაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში