Menu
RSS

ადვოკატ მიხეილ რამიშვილს საეკლესიო სასჯელი ელოდება?!

საპატრიარქოს იურისტის – ედიშერ ქარჩავას სკანდალური განცხადება


რამდენიმე თვეა, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობ იაკობაშვილის მიერ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების შესახებ საეკლესიო და საერო სასამართლოების გამართვას უშედეგოდ ითხოვს. ,,ვერსია'' წერდა, რომ მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს დათა ახალაიას აგენტ-პროვოკატორი უწოდა და ეს განცხადება რამიშვილმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცილისწამებად მიიჩნია. ამიტომ საეკლესიო და სამოქალაქო სასამართლოებს მიმართა, განიხილონ აღნიშნული საკითხი და თუ მეუფე იაკობი ნათქვამს ვერ დაამტკიცებს, სათანადო ზომები მიიღონ. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, საქალაქო სასამართლოში საჩივარი 5 თვის წინ შეიტანა, თუმცა ამ საკითხის განხილვა დღემდე არ დაუწყიათ. რაც შეეხება, საეკლესიო სასამართლოს მოწყობას, ადვოკატმა ოფიციალური წერილი საპატრიარქოსგან რამდენიმე დღის წინ მიიღო.
წერილში წერია, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კანონიკური სამართლის ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საპატრიარქოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საეკლესიო და სამოქალაქო ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ერთსა და იმავე საკითხზე, მითუმეტეს ერთდროულად ორი სასამართლო განხილვა და პირის მსჯავრდება ან გამართლება. საპატრიარქო ელოდება სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე და ამის შემდეგ მოახდენს რეაგირებას.
 
რამიშვილის თქმით, არც სამოქალაქო და არც კანონიკური სამართლის ნორმებით არ არსებობს პრინციპი, რომ ერთი ადამიანი ორმა სასამართლომ არ უნდა განსაჯოს: ,,კანონიკურ სამართალში ამგვარი რამ არ წერია. სამოქალაქო კანონმდებლობით, საეკლესიო სასამართლო არაა სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაცია. თუ ასეა, მაშინ განაჩენი არ იყო ,,ციანიდის საქმეზე'' გამოტანილი, როცა საპატრიარქომ, მეუფე იაკობმა ეპიტამია დაადო მამა გიორგი მამალაძეს, აუკრძალა ზიარება, ანუ დასაჯა. როგორც ვხედავთ, შერჩევითი სამართალი აქვთ. თუ სამოქალაქო სასამართლოში მე ვარ ვალდებული, დავუმტკიცო მეუფე იაკობს, რომ მან უსაფუძვლოდ დამწამა ცილი, კანონიკურ სამართალში პირდაპირ წერია, რომ საეკლესიო სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპი არ არსებობს. იქ რომ ადამიანი სიტყვას იტყვის, უნდა დაამტკიცოს.''
როგორც რამიშვილი განმარტავს, საქალაქო სასამართლოზე საპატრიარქოსგან ერთგვარი ზეწოლა ხორციელდება, რადგან 5 თვეა, მისი საჩივრის განხილვა მეუფე იაკობის წინააღმდეგ ჯერაც არ დაწყებულა: ,,საინტერესოა, რომელი ნორმითაა ვალდებული საპატრიარქო, დაელოდოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან რომელი ნორმა კრძალავს კანონიკურ და სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობაში, რომ ორმა სასამართლომ არ უნდა განიხილოს ერთი და იგივე საკითხი? საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ შეიძლება გაასაჩივრო და საპატრიარქოს გადაწყვეტილება სად გავასაჩივრო, ღმერთთან?''.
წერილში წერია, რომ საპატრიარქოს აღნიშნული პოზიცია შეჯერებულია წმინდა სინოდის წევრებთან. რამიშვილი კი აცხადებს, რომ ეს არაა სიმართლე. რამდენიმე მეუფესთან გადაამოწმა და აღნიშნულ საკითხზე ისინი ინფორმაციას არ ფლობენ: ,,ტელეფონის, ელ. ფოსტის საშუალებით, ყველას ვუგზავნი ამ წერილს და ვეკითხები, ეს გადაწყვეტილება მათთან იყო შეჯერებული და გააცნეს ჩემი განცხადება თუ _ არა? ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი და საპატრიარქოში ზნეობის კომისიის თავმჯდომარეა. წარმოიდგინეთ ჩემი მიმართვა სწორედ ზნეობის კომისიამ უნდა განიხილოს და გამოდის, მეუფე იაკობმა უნდა განიხილოს თავის წინააღმდეგ არსებული საქმე?!''
ადვოკატი საქალაქო სასამართლოში ითხოვს, თუ მეუფე იაკობი ვერ დაამტკიცებს ბრალდებას აგენტ-პროვოკატორობის შესახებ, საკუთარი სიტყვები უკან უნდა წაიღოს. რაც შეეხება საეკლესიო სასამართლოს: ,,როცა ვინმე ადამიანს უწოდებს აგენტ-პროვოკატორს, თუ ვერ დაამტკიცებს ამას, იმ სახელისა და ჯვრის მატარებელი თავად ხდება კანონიკური სამართლიდან გამომდინარე. ამის თავიდან არიდება უნდათ, ეს მათთვის კატასტროფა იქნება, რადგან ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც დაამტკიცებს იაკობის სიტყვებს.
პატრიარქი საქმის კურსშიც არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მასთან შეხვედრას ვერ ვახერხებ, ყველანაირად მბლოკავენ. მიქაელ ბოტკოველს ვწერ და გამცეს პასუხი, იაკობი თუ იღებდა მონაწილეობას შეჯერებულ პოზიციებთან დაკავშირებით და რომელმა, რამდენმა კომისიამ, სად და როდის განიხილა ჩემი მიმართვა? _ ვალდებული არიან, მიუთითონ შესაბამისი ნორმა, რის შესახებაც ამ წერილში საუბრობენ.''
შემოდგომაზე, როცა წმინდა სინოდი პატრიარქმა მოულოდნელად შეკრიბა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში უნდა შექმნილიყო კომისია, დეკანოზ მამალაძის საქმის განსახილველად. მაშინ ,,ციანიდის საქმე'' საქალაქო სასამართლოში დასრულებული არ იყო. მაშასადამე, რამიშვილი აცხადებს, რომ საეკლესიო და საერო სასამართლოების განხილვა ერთმანეთთან კავშირში არაა და საეკლესიო და სამოქალაქო სასჯელებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ადვოკატის თქმით, საპატრიარქოს დამოკიდებულებას მის მიმართ სწორედ ,,ციანიდის საქმე'' განსაზღვრავს: ,,ამ განცხადებით მოსამართლეს აძლევენ გაფრთხილებას, რომ თუ განიხილავს ამ საკითხს, მეუფე იაკობი გაამართლოს.''

,,ვერსია'' საპატრიარქოს იურისტს, ედიშერ ქარჩავას დაუკავშირდა და ყველა ის კითხვა დაუსვა, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გააჟღერა:
_ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გაწერილია, რომ ერთსა და იმავე საკითხზე ორი სასამართლოს გამართვა არ შეიძლება. მე და წმინდა სინოდის ზოგიერთ წევრსაც მიგვაჩნია, რომ საპატრიარქომ შედარებით ,,რბილი'' პასუხი გასცა ბატონ მიხეილს. თუ კანონიკურ სამართალსა და რჯულის კანონზე მიდგება საქმე, ეკლესიის წევრს არ აქვს უფლება, ჯერ საერო სასამართლოს მიმართოს. მან ეკლესიას უნდა მიმართოს, სხვა შემთხვევაში მას დაედება საეკლესიო სასჯელი. რამიშვილმა ეკლესიის ნაცვლად პირველად საერო სასამართლოს მიმართა, ამიტომაც ჩვენთან ამ საკითხის განხილვა შეჩერდა. წმინდა სინოდმა გიორგი მამალაძის შესახებ დაადგინა, რომ საერო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისი საკითხის განხილვა შეჩერდა. ეკლესია ვალდებული არაა, გაიზიაროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა შეუძლია იმსჯელოს მასზე.
_ რამიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს შერჩევითი სამართალი აქვს, რადგან დეკანოზ მამალაძეს ზიარების უფლება აუკრძალეს, დასაჯეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მის საკითხზე კი საერო სასამართლოს გააწყვეტილებას ელოდებიან.
_ სამოქალაქო სამართალში არსებობს ჩანაწერი _ როცა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება, მას შეუჩერდება უფლებამოსილება. მამა გიორგი მამალაძის შემთხვევაში, მას შეუჩერდა უფლებამოსილება, მაგრამ არ გათავისუფლებულა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. კანონიკური სამართლით, მისი მღვდელთმსახურების მოქმედება უნდა შეჩერდეს.
_ ბატონო ედიშერ, ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეკანოზის საქმეზე და წმინდა სინოდი რატომ არ განიხილავს მის საქმეს?
_ წმინდა სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი იყო ამ სხდომის მდივანი, სადაც ოქმში გარკვევით ჩაიწერა, რომ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს ამ საკითხის განხილვა.
_ რამიშვილი აცხადებს, რომ წმინდა სინოდის წევრებთან წერილში არსებული პოზიცია არ შეჯერებულა. ამაზე რას იტყვით?
_ ჩვენი მხრიდან შესრულდა ყველა მოქმედება, ელექტრონულად აბსოლუტურად ყველას გადაეგზავნა ბატონი მიხეილის განცხადება და ვინ რა რეაგირება მოახდინა ან არ მოახდინა, ეს არ შედის საპატრიარქოს კომპეტენციის ფარგლებში. ზოგმა წერილობითაც მოგვმართა, ზოგმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა ბატონი მიხეილის მიმართ, რომ ეკლესიის წევრი არ უნდა იქცეოდეს ასე და ის დასჯის ღირსია საეკლესიო სასჯელის თვალსაზრისით.
_ და, რას გულისხმობს საეკლესიო სასჯელი?
_ მას, როგორც ეკლესიის წევრს, თუნდაც უზიარებლობა დაედოს.
_ თავად მუეფე იაკობს რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე?
_ მეუფე იაკობს პირადად ვესაუბრე და რამიშვილის მიმართ, ადამიანური თვალსაზრისით, ნორმალური დამოკიდებულება აქვს, არ ითხოვს მის დასჯას. უბრალოდ, მისი პოზიციით, ბატონი მიხიელი გაუგებრობაშია მოყოლილი, რადგან არ იცის, რომ თავისი ქმედებით მისდაუნებურად აზიანებს როგორც თავის თავს, ასევე ეკლესიის ინტერესებს.
_ რას გულისხმობთ?
_ როცა ეკლესიასთან შემოდის დაპისპირებაში, ადვოკატი სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.
_ თუმცა, ის მიიჩენს, რომ აგენტ-პროვოკატორის წოდებით მეუფე იაკობმა მისი ღირსება შეალახა...
_ არ დავიწყებ დავასა და განხილვას, ვისი მოქმედება, სიტყვა უსწრებდა წინ. ამას საზოგადოება და ეკლესია შეაფასებს. მეუფე იაკობს ვერ შევამჩნიე განსაკურებული ინტერესი, რომ დაისაჯოს ბატონი მიხეილი. კატეგორიულად დაგიდასტურებთ, რომ ამ წერილის შედგენაში მეუფე იაკობს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
ედიშერ ქარჩავას ნათქვამს, თითქოს რამიშვილის საეკლესიო დასჯას წმინდა სინოდის ზოგი წევრი ითხოვდა, თავად მიხეილ რამიშვილი მისი დაშინების მცდელობად მიიჩნევს, რომ გაჩუმდეს: ,,მე თუ პასუხს ვაგებ, ეს ღმერთის წინაშე მოხდება, როცა დრო მოვა და არ მეშინია, რადგან ვიცი, ღმერთთან მართალი ვარ. ღმერთი იყოს ჩემი მსაჯული! კითხვა მაქვს, კონკრეტულად რომელმა მეუფემ თქვა ეს? _ ჩემი დაშინება უნდათ, მაგრამ ღმერთის წინაშე მე ჩემს ღირსებას დავიცავ. მათ საკუთარი სულიერი ძმა და სულიერი შვილი, მამა გიორგი გაწირეს, არ დაინდეს სიმართლისა და ღირსების გამო და უნდათ იაკობი განტევების ვაცად გამოიყვანონ, ხელი დააფარონ, მაგრამ ვერ გამაჩუმებენ! ღმერთის უარყოფა მაგათ გამოსდით, როცა კანონიკურ სამართალს იგნორირებას უკეთებენ. მე, მიხეილ რამიშვილი, მზად ვარ, ეკლესიამ, საპატრიარქოს მღვდელთმსახურებმა ყველაზე მკაცრი სასჯელი დამადონ, ოღონდ ერთი პირობით _ მისცენ უფლება სასამართლოს, გაამართლონ მამა გიორგი და გამოუშვან სამართლიანად ისე, როგორც ეკუთვნის.''
იმის გასარკვევად, რას ნიშნავს სამოქალაქო პირისადმი საეკლესიო სასჯელი, უზიარებლობის დადება, მამა კახაბერ გოგატიშვილს დავუკავშირდით:
,,აღვნიშნავ, რომ არ მაქვს ინფორმაცია, ვინ და რის საფუძველზე მოითხოვა მსგავსი სასჯელი. მხოლოდ განვმარტავს, ზოგადად რას გულისხმობს ეს სასჯელი _ ეს გახლავთ ეკლესიის მიერ დადებული მძიმე სასჯელი ადამიანზე, როცა ის მძიმე შეცოდებას სჩადის, მკვლელობას, მრუშობას, მძიმე ცილისწამებას და რაც მთავარია, როცა ადამიანი სინანულს არ გამოხატავს, მას შეიძლება, ეკლესიამ აუკრძალოს ზიარება გარკვეული დროით. ეს არის ეპიტამია, იგივე საეკლესიო სასჯელი, რომელსაც იყენებს ეკლესია ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანს სინანსულისკენ მოუწოდოს!''
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში