Menu
RSS

რუსეთი „ასლან ბათუმსკის“ საქართველოში დეპორტაციას ითხოვს

დაუპირისპირდება თუ არა ტარიელ ონიანი გული სალიფოვს?!

დღევანდელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კრიმინალს დაუნდობლად ებრძვის და ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრებული აქვს, ამას მოწმობს არაერთი სპეცოპერაცია თუ კანონიერი ქურდების ხმაურიანი დაკავების ფაქტიც. მეტიც უკვე გამოცხადდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება აპირებს, კიდევ უფრო გაამკაცროს არსებული კანონმდებლობა და სადამსჯელო სანქციები.
ძალოვნები აცხადებენ, რომ ქურდებს არ უშვებენ ქვეყანაში, თუმცა არაერთხელ დაფიქსირდა ფაქტი, როცა ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ საქართველო ტრანზიტად გამოიყენეს, შემოვიდნენ და შემდეგ სხვა ქვეყანაში გაემგზავრნენ. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებმა საქართველოს საზღვარი საკუთარი გვარითა და სახელით გადმოკვეთეს, მაგრამ პრობლემა რომ დღემდე გადაუჭრელია, ფაქტია.
გასულ კვირას, მოსკოვის ციხიდან კანონიერი ქურდი, ასლან ქობულაძე გათავისუფლდა. თუმცა ამ ყველაფერს გათავისუფლებას პირობითად თუ დავარქმევთ, რადგან „ასლან ბატუმსკი“ გათავისუფლებისთანავე დააკავეს.
„კანონიერ ქურდს, ასლან ქობულაძეს, დარღვეული აქვს რუსეთის სასაზღვრო კანონმდებლობა. იგი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა და სასჯელის მოხდის შემდეგ, მას ავუხსენით, რომ ვერ გავუშვებდით, რადგან დეპორტაციას ექვემდებარება. 16 თებერვალს, საქართველოს შესაბამის ორგანოებს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი, რომ გადმოაგზავნონ დოკუმენტაცია და ქობულაძეს ექსტრადირებას მოვახდენთ. ჯერ ერთი, ის საქართველოს მოქალაქეა და მეორეც, ის საქართველოს მიერ ძებნილია, როგორც კანონიერი ქურდი“,- ნათქვამია რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა მსვლელობა მისცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსების მიერ გამოგზავნილ წერილს, ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, კრიმინალის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, უდიდესი ალბათობით, „ასლან ბატუმსკის“ დეპორტაცია თურქეთში მოხდება. თურქეთი ქართველი კანონიერი ქურდების მიღებაზე უარს არც მანამდე ამბობდა, ხოლო მას შემდეგ კი, რაც სტამბოლში ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ დასახლდა, ჩვენი მეზობელი ქვეყანა ქურდებისთვის ნამდვილ სავანედ იქცა.
თუმცა, ბოლო ერთი კვირაა, სალიფოვს თურქეთი ჯოჯოხეთად ექცა. მოგეხსენებათ, სალიფოვს ძალიან ბევრი კრიმინალი დაუპირისპირდა და დაუპირისპირდა იმის გამო, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, უკვე გადანაწილებული გავლენის სფეროები „გულიმ“ ახლიდან გადაანაწილა. ამას გადანაწილებაც არ ჰქვია, ყველაფერი თავისთვის მოინდომა და მიიღო კიდეც. შედეგად, ამ ყველაფერს არაერთი „კანონიერი ქურდის“ ინტერესი და მისი მხარდამჭერის სიცოცხლეც შეეწირა. ქურდების უმრავლესობამ დუმილი და ბედთან შეგუება არჩია, რადგან ისედაც დასუსტებული კრიმინალური სამყარო ახალი ომისთვის მზად არ აღმოჩნდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც „გულის“ თარეშთან შეგუებას არ აპირებენ.
როგორც ამბობენ, სალიფოვთან დაპირისპირებულმა მხარეებმა მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს და ეს საქმე სომეხ „კანონიერ ქურდს“, ანდრანიკ სოღოიანს დაავალეს. სოღოიანს ამის გამოცდილება ნამდვილად აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, 22 დეკემბერს, თურქეთში ჩაცხრილული დავით ალხანაშვილი, იგივე დათო პანკისელი სწორედ სოღოიანის ხელით არის ლიკვიდირებული.
სავარაუდოდ, სოღოიანის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება თავად სალიფოვს და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მან საცხოვრებელი შეიცვალა.
„ახალი სახლი, სადაც სალიფოვი გადავიდა საცხოვრებლად, ციხე-სიმაგრეს ჰგავს, მისი მფლობელი სახლის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა „გულის“ ხალხი ესაუბრა და იმდენად დიდი თანხა გადაუხადეს, რომ მან უარი ვეღარ თქვა. ახლა სალიფოვს პირადი დაცვის გარდა, გარეპერიმეტრზე სახელმწიფოს ოფიციალური დაცვა იცავს. ისინი სალიფოვმა დაიქირავა და მხოლოდ დაცვაში დღეში აზერბაიჯანელი ქურდი 25 ათას დოლარს იხდის. თურქეთის პოლიციაში კი დღეში რამდენიმე შეტყობინება შედის იმის თაობაზე, რომ სალიფოვის სახლში აურაცხელი იარაღი ინახება, თუმცა პოლიციამ ეს ინფორმაცია მხოლოდ ერთხელ გადაამოწმა და მას შემდეგ ზარებს უყურადღებოდ ტოვებს, რადგან „გულის“ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გავლენიანი მეგობრები ჰყავს'',- წერს თურქული პრესა.
მოგეხსენებათ, მთელი ქურდული სამყარო ახლა იმისთვის იბრძვის, რომ როგორმე მოახერხონ და შაქრო კალაშოვი ციხიდან დაიხსნან. საამისოდ ათეულ მილიონობით დოლარის მობილიზებაც მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მეორეს მხრივ, იმასაც ამბობენ, რომ თავად ნადირ სალიფოვი არანაკლებ თანხას იხდის იმისათვის, რომ კალაშოვი ციხიდან არ გაუშვან და რაც შეიძლება დიდი „სროკი“ მისცენ. კალაშოვის გამოსვლა რამდენიმე თვეში მოოქროვილ და მყარად დადგმულ ტახტს შეარყევს და „გულის“ ეს არ უნდა.
„რეალურად, კალაშოვი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია სალიფოვის თავგასულობას ბოლო მოუღოს, თუმცა ციხიდან მისი გამოსვლის შანსი მცირეა. სამაგიეროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს ტარიელ ონიანი, თუმცა ძალიან საეჭვოა, ტარო „გულის“ დაეჯახოს. უფრო პირიქით, ის მისი თანამოაზრე გახდება კალაშოვის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანაც, ონიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მას რუსეთში არავინ გააჩერებს და ევროპისკენ მოუწევს გეზის აღება, სადაც ძალიან მყარად არის კალაშოვის მარჯვენა ხელი ლაშა შუშანაშვილი. შესაბამისად, ონიანს სალიფოვის დარი ადამიანი ჰაერივით სჭირდება და ამიტომ მის წინააღმდეგ არ წავა.
პარალელურად, სალიფოვის მხარეს დგას მინდია გორაძე, ლავას ოღლი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს აჭარაში და სწორედ აჭარის გამო, თურქებმა მასაც სასათბურე პირობები შეუქმნეს. რა იქნება მომავალში, არავინ იცის, მაგრამ თავად გული და მისი გარემოცვა, სერიოზულ თავდასხმას ელიან და საამისოდ მზად არიან“,-ეს კი თურქეთში მყოფმა ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გვითხრა.
ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ფაქტია, დღეს საქართველოს ხელისუფლება თუ პრევენციულ ზომებს არ მიიღებს, „კანონიერი ქურდების“ ომის „ნაღმებმა“ კრიმინალური ვითარება, შესაძლოა, საქართველოშიც ააფეთქოს.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში