რეგულაციები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით წელს ამოქმედდება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წლიდან გარემოს დაცვის მიმართულებით რამდენიმე რეგულაცია შევა ძალაში. კერძოდ, წლევანდელი წლიდან, სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ. ამას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 ივნისიდან შევა. საწარმოებს უჩნდებათ ვალდებულება გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ან შესაბამისი პოლისი იყიდოს სადაზღვევო ინდუსტრიიდან, ან საბანკო გარანტია წარმოადგინოს. რა მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოუწევს კერძო სექტორს, ეს მათი მთავრობის დადგენილებით საწარმოს ზომიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„კანონმა შემოიტანა ახალი ვალდებულება მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევის სისტემას. ეს ეხება მსხვილ საწარმოებს და ძირითადად ეხება ისეთ საწარმოებს, რომლებიც გარემოსდაცვით ნებართვებს ფლობენ სახელმწიფოსგან, მათ თავიანთი საქმიანობა უნდა დააზღვიონ გარემოს რისკებისადმი, ანუ თუ პირობითად მათი საქმიანობის შედეგად გარემოს ზიანი მიადგა, ეს საკითხი წინსწრებით უნდა იყოს დაზღვეული და საწარმოს უნდა ჰქონდეს სათანადო ფინანსური რესურსი მობილიზებული იმისთვის, რომ მყისიერად დაიწყოს გარემოს მდგომარეობის გამოსწორება, დაზიანებული გარემოს აღდგენისთვის ზომების გატარება და ამისთვის მას წლები არ უნდა დასჭირდეს“, - აცხადებს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ამავე კანონით, წელსვე შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი, სადაც გარემოსთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საწარმოების მიერ გადახდილი თანხების აკუმულირება მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფონდის სახსრები გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

„როდესაც პირი, გარემოს ზიანს აყენებს, მას ჯარიმასთან ერთად გარკვეულ შემთხვევებში უწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდა, ანუ ერთი არის ის, რომ ჯარიმას იხდის კონკრეტული დარღვევისთვის, მეორეა, რაც ზიანი მიაყენა რიგ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ მონეტარულ პასუხისმგებლობას, ანუ ფინანსური პასუხისმგებლობის მექანიზმს. სწორედ წარმოქმნილი ზიანის თანხები ჩაირიცხება ფონდში და შემდგომ გარემოსდაცვის პროექტებს მოხმარდება“, - აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

გარემოს დაბინძურების ხარისხის შესამცირებლად 2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში დღეიდან შედის.

„დიზელისათვის ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ასევე დაწესდეს ევრო 5 სტანდარტი, და, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო მუდმივ კონტროლს ახორციელებს საწვავის ხარისხზე. შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს, დიზელთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული გადაცდომები ანუ არის შემთხვევები, როდესაც დიზელი არ აკმაყოფილებს დღეს არსებულ სტანდარტსაც და რა თქმა უნდა აქ გვაქვს საკმაოდ მკაცრი სანქციები“, - ამბობს თანდილაშვილი.

გარემოზე ზიანის შესამცირებლად მომავალი წლიდან კიდევ ერთი ცვლილებები შევა ძალაში. უკვე მომზადებულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალურ კონტროლს ითვალისწინებს.

წყარო: bm.ge