Menu
RSS

„კანონიერი ქურდები“ კალაშოვი დასახსნელად 80 მილიონ დოლარს აგროვებენ!

აბსურდის თეატრი -ასე მარტივად შეიძლება შევაფასოთ ის, რაც დღეს საქართველოში, უფრო სწორედ, კრიმინალურ სამყაროში ხდება, თორემ ზოგადად, პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. მოკლედ, გასულ კვირას სამართალდამცავებმა საქართველოში დეპორტირებული კანონიერი ქურდი, პაპუნა უგრეხელიძე მას შემდეგ გაუშვეს, რაც ამ უკანასკნელმა დაკითხვისას განაცხადა, ქურდი არ ვარო. ეს მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, საკმარისი იყო, რუსულ სააგენტოებთან ქართველებს ეღიარებინათ, ქურდი ვარო და ეს სავსებით საკმარისი იყო მათ გასასამართლებლად. ანალოგიური აღიარება უგრეხელიძეზეც დევს ინტერნეტსივრცეში, სადაც ის ამბობს, რომ არ უარვყოფ კანონიერ ქურდობასო. თუ არ გჯერათ, ისილეთ ბმული (www.youtube.com/ watch?v=pPdY4SAcYxo)...  თუმცა მთავარი ეს არ გახლავთ, მთავარი სხვა რამაა...
გასულ კვირას, თურქეთში, კონკრეტულად კი, სტამბოლში საბერძნეთიდან ორი კანონიერი ქურდი ჩავიდა. გაიოზ ზვიადაძემ და ზაალ მახარობლიძემ, იგივე „გლეხოვიჩმა“, დღეისათვის ყველაზე გავლენიანი ქურდი, ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ მოინახულეს. არადა, ცოტა ხნის წინ, „გული“ საბერძნეთში უშუალოდ ლაშა შუშანაშვილმა მიიწვია, თუმცა საქართველოში დაბადებულმა აზერბაიჯანელმა ქურდმა მიწვევა არ მიიღო. სწორედ ამის შემდეგ მოხდა „ბერძნული დელეგაციის“ ჩასვლა სტამბოლში.
„საუბრის მთავარი თემა არსებული დაპირისპირებაა. „გულიმ“ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრი რამ ძალით წაიღო, მოსკოვს, პრაქტიკულად, ის აკონტროლებს და ეს მაშინ, როცა რუსეთის დედაქალაქიდან ქურდებს ადგილობრივი სამართალდამცავები ისედაც ყრიან. ვინც „გულის“ მშვიდად დამორჩილდა, არაფერი დამუქრებია, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, მისი ობიექტები დაარბიეს, ადამიანები დაჭრეს, გაიტაცეს... ქურდებმა თქვეს, რომ ომი უნდა დასრულდეს და ტერიტორიების გადანაწილება მშვიდად უნდა მოხდეს, რაზეც სალიფოვი დათანხმდა. ამის შემდეგ, საუბარი იმ გარემოცვაზე წავიდა, რომელიც „გულის“ თურქეთში ახვევია. აზერბაიჯანელ ავტორიტეტს სტამბოლში ძალიან ბევრმა ქურდმა ჩააკითხა და მისი ფრ-თის ქვეშ გაერთიანდა. მათ შორის არიან ნიკა დგებუაძე, იგივე „ნიკა გაგრინსკი“, გოჩა კევლიშვილი, იგივე „გოჩა რუსტავსკი“ და მერაბ მზარეულა, იგივე „დუიაქე“. ამ სამ ქურდთან ბერძნულ კლანს პრეტენზიები აქვს და „გულიმაც“ თქვა, რომ ამ პრეტენზიების განხილვა და მოსმენა მხოლოდ თურქეთში მოხდება. ამის შემდეგ, ზვიადაძე და მახარობლიძე საბერძნეთში წავიდნენ და თქვეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამ ქურდს სტატუსი დროებით შეუჩერეს“,-გვითხრა სტამბოლში მყოფმა ერთ-ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა.
ამ ყველაფერს „გულის“ გაცოფება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ მას ქართველმა ქურდებმა „შეუსრულეს“, რადგან დააფიქსირეს, რომ მისი გარემოცვის წევრებთან პრეტენზიები აქვთ და მერე თქვეს, რომ ისინი ქურდები არ არიან, რაც ქურდული „კარაბადინით“ სავსებით დასაშვებია. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ „გული“ სტატუსშეჩერებულ ქურდებს მფარველობს, რაც ქურდისთვის მომაკვდინებელი ცოდვაა.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ რუსული მართლმსაჯულება შაქრო კალაშოვისთვის ათწლიან სასჯელს მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაშოვის თავისუფლებაზე გამოსვლის პერსპექტივა ნულს გაუტოლდა. არადა, კანონიერი ქურდები დიდის ამბით აგროვებდნენ ფულს იმისათვის, რომ კალაშოვი დაეხსნათ და ამბობდნენ, კრიმინალური სამყაროს მეთაურის თავისუფლება 80 მილიონ დოლარამდე დაჯდებაო, თუმცა თანხის არსებობის მიუხედავად, როგორც ჩანს, რუსმა სამართალდამცავებმა კალაშოვის „გასროკვა“ ღირსების საქმედ მიიჩნიეს და ძალიან დიდი ალბათობით, პროკურატურას მოთხოვნილი 10-წლიანი სასჯელიდან, მოსამართლე 8 წელს დაუკმაყოფილებს, რაც კალაშოვის კრიმინალური საგას დასრულების დასაწყისი იქნება.
შაქროს ზუსტად ისეთი გავლენა ექნება მიმდინარე პროცესებზე, როგორიც ციხეი მყოფ ტარიელ ონიანს აქვს, ანუ პრაქტიკულად, არ ექნება და მისი სიტყვაც ძველებურად სამართებელივით ვეღარ გაჭრის.
ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოში კრიმინალური ფონი დამძიმებულია. თურქეთი ძალიან ახლოა საიმისოდ, რომ ქართველი „კაი ბიჭები“ გადავიდნენ და შემდეგ ახალი დავალებებით უკან დაბრუნდნენ. სწორედ თურქეთში, „გულისთან“ და „ლავას ოღლისთან“ დადიან ქართველი „მომავლები“ და ახალ მითითებებს იღებენ. 2005 წლიდან მიძინებული აზერბაიჯანული კლანიც ისევ გაძლიერდა და იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, ისევ გაიგონებთ „ბლატატა“ დაბრუნდას და „სოფლის სმატრიაში“- ს საუბარს.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ სამართალდამცავები მოჭარბებულ კრიმინალს პრაქტიკულად ვერაფერს უპირი-სპირებენ. არასამთავრობოებისა და პოლიტ-ოპოზიციისგან გათამამებული ახალგაზრდები მარიხუანას უკვე იმდენად ღიად მოიხმარენ, რომ მოწევას უბანშიც არ ერიდებიან. გახშირდა მძიმე დანაშაულებიც და რეგიონებში განსაკუთრებით მოიმატა ბინების ქურობამ, საქონლის ქურდობამ და ძარცვამ. დიახ, ძარცვამ, რადგან სოფლებში უკვე აღარავინ დადის ოქროს საყურითა და მძივით. მიზეზი მარტივია - არაერთ ადამიანს საყურეები პირდაპირ ყურიდან ჩამოგლიჯეს და ეს შუა ღამით კი არა, შებინდებისას მოხდა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქურდები საქართველოში სხვა სახელითა და გვარებით შემოდიან და კომუნიკაცია ხელისუფლების უმაღლეს პირებთან აქვთ, ისინი ვაჭრობენ, პრივილეგიებს ითხოვენ საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი ჩარჩოებში მოაქციონ და კრიმინალის დონემ დაიწიოს. ჰუმანური სასამართლოს ფონზე, ახალგაზრდები, რომლებსაც კრიმინალური სამყაროს ხიბლი აქვთ, არ ერიდებიან ქურდობასა და ძარცვას. პოლიცია კი უძლურია იმიტომ, რომ ადრე ვიღაცას წაუთაქებდი და იტყოდა, ახლა რომც არ წაუთაქო, თავად ურტყამს კედელს თავს და მერე ყვირის, მიშველეთ, მკლავენო. და რაც არ უნდა ვიდეო დავდოთ, რომ ჩვენ დამნაშავეები არ ვართ, ერთს იტყვიან, მონტაჟიაო და მორჩება მაგით. ასე არ და ვერ გაგრძელდება“, _ გვითხრა პოლიციის მაღალჩინოსანმა.
ვერ გეტყვით, რამდენ ხანს შეიძლება ამ ყველაფრის გაგრძელება, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ კრიმინალი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა და გარეთ 90-იანი წლების აჩრდილი უკვე საკმაოდ შესამჩნევად დადის.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში