Menu
RSS

რომელი მართვის მოწმობები უნდა შეიცვალოს 2018 წლის 1 აპრილამდე

საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ ფლობს მართვის მოწმობას, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აქვთ აღებული და არ განაახლეს, მართვის უფლების არ მქონედ ჩაითვლებიან და საკმაოდ სოლიდური საჯარიმო სანქციაც კი დაეკისრებათ.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში 2014 წლის 1 მარტს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობა გარკვეული ვადით გაიცემა. ამავე კანონმა განსაზღვრა უკვე გაცემული მართვის მოწმობები მოქმედების ვადები და მართვის მოწმობის შეცვლის პროცედურები.
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 აპრილამდე. თავდაპირველად ეს თარიღი კანონმა 2018 წლის პირველი იანვარით განსაზღვრა, თუმცა მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვადა კიდევ სამი თვით, 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის 1 აპრილამდე 120 ათასამდე მართვის მოწმობაა გაცემული. აქედან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაახლოებით 50 000-ია ისეთი, ვისაც მართვის მოწმობა ამ დრომდე არ განუახლებია. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ამ რიცხვში შეიძლება ბევრი ემიგრანტია ან კიდევ ისეთიც, ვინც მანქანის მართვას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო აღარ აპირებს.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
 
მოქალაქეები მართვის მოწმობის შესაცვლელად არც ახლა და არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ არ ჩააბარებენ არც თეორიულ და არც პრაქტიკულ გამოცდას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მოქალაქემ მართვის მოწმობა 2006 წლის პირველ აპრილამდე აიღო, თუმცა შეცვალა 2006 წლის შემდეგ, მას იურიდიული ძალა უნარჩუნდება და არ არის საჭირო მისი გამოცვლა.
რაც შეეხება, სხვა მართვის მოწმობებს. 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ის, რომ 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის საფუძველზე. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია.
2014 წლის 1 მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „A“, „B“, „BE“, ,,T'', „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), იქნება 15 წელი; ხოლო იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), იქნება 5 წელი.
ასე რომ, 1 აპრილამდე არცთუ ისე ბევრი დროა დარჩენილი და როგორც მომსახურების სააგენტოში აცხადებენ სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მზადაა მოქალაქეების მისაღებად, პროცედურის განხორციელებას კი სულ რამდენიმე წუთი ჭირდება.
დაჩი შალიკაშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში