რა სიახლეები ინერგება მართვის მოწმობის ასაღებად - ექსკლუზიური ინტერვიუ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წლის 1 სექტემბრიდან, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხი ვიზუალურად უნდა გასცეს - ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად. გამომცდელმა, შეიძლება, მძღოლობის კანდიდატს შერჩევითად - 20-კითხვიანი დავალებებიდან ნებისმიერი ორი დავალება მისცეს.

ასევე, 2022 წლის 25 აპრილიდან, B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი  გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, მეორე ეტაპი კი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე კი - პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 დღის განმავლობაში. თავდაპირველად, აღნიშნულ ცვლილებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილი აღნიშნავდა, რომ გამოცდის ქალაქში ჩაბარება კარგია და მძღოლობის კანდიდატს მეტ გამოცდილებას შესძენს, ნაწილის აზრით კი, მეორე ეტაპის დამატება ზედმეტი იყო და გამოცდა გართულება არ სჭირებდა.

როგორ აფასებენ მოქალაქეები რვა თვის შემდეგ, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს და რას ფიქრობენ ახალ კანონზე, რომელიც 2023 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდება? - ვერსიამისინი გამოკითხა, რომლებიც გამოცდაზე გასასვლელად ემზადებიან, ან ბოლო რვა თვის განმავლობაში აიღეს მართვის მოწმობა.

ხათუნა: - არ იყო საჭირო ახალი კითხვების დამატება, გაუმართავ მანქანაზე არავინ დაჯდება, ისევ ფულის შოვნის გზაა.

მარიამი:  - უაზრობა... ყველა ხელოსანი ვერ იქნეა... რაც შეეხება ქალაქის გამოცდას, სრული არეულობაა. ბათუმში ვცხოვრობ და ისეთი საშინელი მოძრაობაა, ვინ საიდან გამოგიხტება, ვერ გაიგებ, სხვის გამო, შენ გჭრიან... ჯერ უნდა მოეწესრიგებინათ საგამოცდო ლოკაციები და შემდეგ დაეშვათ გამოცდა... ქუჩაში სრული განუკითხაობაა.

მადონა: - მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ჩავიჭერი და ჯერ ისევ ვიბრძვი მოწმობისთვის, ვიტყოდი, რომ მესამე ეტაპი კარგია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანად ჩატარდება და ფასები ადეკვატური იქნება. ყველაფერს იმდენი თანხა სჭირდება, ერთი მანქანის ფული დავხარჯე უკვე. კარგი ისაა, რომ აღარ მეშინია საჭის და მარტივად შემიძლია ვმართო, ადრე კი მოწმობას აიღებდნენ და ვერ სხდებოდნენ საჭესთან. ახალი პრაქტიკული კითხვების დამატება ძალიან მეზედმეტება.

თამუნა: - სექტემბრიდან რაც ემატება, ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ისედაც ძალიან ელემენტარულ საკითხებზე ჭრიან, რომელსაც მძღოლების 90% არ ასრულებს. გზა მოუწესრიგებელია, არ არის დახაზული და აწყობთ კიდეც, ჭრიან და აკეთებენ ფულს. ამას პლუსიც აქვს - მართვას სწავლობ, მაგრამ რა ფასად, შეამცირონ ფასები.

დავითი: - ზოგი ქალაქი საშინელებაა გამოცდისთვის, მაგრამ მოწესრიგებული რომ იყოს და ყველა საკითხზე არ ჭრიდნენ, რაღაც მხრივ, კარგია. ცალკე - მასწავლებლებთან, ცალკე - გამოცდებზე გასასვლელად უამრავი ფული იხარჯება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, თან ამ გამოცდებით წესრიგს ვერ დაამყარებთ.

ნინო: - მძღოლი თუ თავხედია, რა მნიშვბელობა აქვს, როგორ აიღო მართვის მოწმობა. რასაც ვუყურებ, ქალაქში საშინელი მოძრაობაა, ქვეითებს არ გვითმობენ გზას, რომ გავიაროთ მშვიდად, არადა, თეორიაში აქვთ ნასწავლი, რომ ქვეითს გზა უნდა დაუთმონ, რასაც100-დან 10% თუ ასრულებს. სწავლის გართულება არ მოაგვარებს იმ საგზაო პრობლემებს, რაც დღეს ხდება. კანონი უნდა გამკაცრდეს,  მარტო ჯარიმებს კი არ უნდა იხდიდენ, არამედ, ჩამოერთვას მართვის მოწმობა, ვინც არ ემორჩილება საგზაო წესებს. მაშინ იქნება უსაფრთხო მოძრაობა მანქანისთვისაც და  ქვეითებითვისაც.

ხატია: - ჩემი აზრით, მესამე ეტაპი იმისთვისაა, რომ ძალიან დიდი თანხები შევიდეს ბიუჯეტში. იმდენად დიდი ქაოსია, ვერც რეგისტრირდები და შემდეგ იძულებული ხარ, გადაიხადო 250 ლარი და გახვიდე არაგეგმიურზე. მოუწესრიგებელია გზის მარშუტები და ახლა რა კანონის შემოღებაც უნდათ, მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

მამუკა: - საჭირო იყო ნამდვილად, ელემენტარული საკითხები მძღოლობის ყველა კანდიდატმა უნდა იცოდეს. რანაირი მანქანა გყავს, აზრზე უნდა იყო. ხელოსანთან ხომ არ ივლი ყოველ დილით? ბენზინი გეყოფა გზაზე? მუხრუჭები გამართულია? ციმციმები, ავარიული, შორი და ახლო განათების ფარები და ა.შ. თუ მძღოლი გქვია, ყველაფერი უნდა იცოდე, მაინც მოგვიწევს ამ საკითხების ცოდნა, უცოდინარი საჭესთან - არ შეიძლება!

ლილე: - მესამე ეტაპი არის ფულის მახე, ისეთ რაამეებზე ჩამჭრეს ორჯერ გორში, სრულიად უსამართლო იყო. ხალხის აზრი რომ გაითვალისწინონ, კარგი იქნება და მოხსნან ეს ეტაპი ან დაუკლონ ფასს, მართლაც, ბევრი ამის გამო უარს ამბობს მოწმობაზე, რომ არ აქვს საშუალება.  

შოთა: - ვფიქრობ, მესამე ეტაპის დამატება კარგია და საჭიროც იყო, თუმცა საგამოცდო ქალაქების უმეტესობა არ არის მზად ამისთვის და არც ფასია საქართველოს ფონზე შესაფერისი.

თიკა: - ვფიქრობ, რაც შემოიღეს, ყველაფერი საჭიროა, უბრალოდ, მკაცრი წესები აქვთ და მარტივად ჭრიან ყველაფერზე, თორემ მე პირადად, რომ ავიღებ მართვის მოწმობას, მერე ეგრევე გავალ ქალაქში, უპრობლემოდ. მანქანის შემოწმებაც უნდა იცოდნენ მძღოლებმა უსაფრთხოებისთვისვე, უბრალოდ, უნდა გაამარტივონ წესები და პატარა შეცდომაზე შანსი ჰქონდეთ გამოსწორების, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლაც, ფულის მახედ ითვლება... ორი წუთი რომ შემოიღეს მოედანზე, ეგაა ყველაზე უაზრობა და ვრწმუნდები, ამით ჩაჭრაზე არიან ორიენტირებულნი, რადგან ამ დროს ჩქარობს გამოსაცდელი და სიჩქარეში ადამიანების უმეტესობა იჭრება. ამხელა ფასი არ უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდის გეგმიურ მეორე ეტაპს, ან თუ ექნება, არაგეგმიური არ უნდა იყოს გასსამმაგებული ფასით.

გიორგი: - სწავლა ძალიან კარგია და მივესალმები ყველაფერ ამას, მაგრამ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბიუჯეტის შევსების ძალიან კარგ საშუალებას მიაგნეს.

ვიქტორია: - მთავარი პრობლემა მაღალი ფასებია, ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით, ამას მოაქვს მთელი რიგი უკმაყოფილება, მაგრამ ფასებს არავინ დაუწევს, ამიტომაც დაამატეს ეს მესამე ეტაპი.

 

***

გამოკითხვიგამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომლებსაც მოქალაქეები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე აწყდებიან. ასევე, საინტერესოა, 25 აპრილს შემოღებული ცვლილებიდან, როგორია სტატისტიკა ანუ რამდენმა ადამიანმა აიღო მოწმობა და გამოსწორდება თუ არა სხვადასხვა ხარვეზი? - ვერსია“  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილს ესაუბრა.

 

- ბატონო იმედა, თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი გავიდა მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის მეორე ეტაპის გამოცდაზე, რამდენმა ჩააბარა (აიღო მოწმობა) და რამდენი ჩაიჭრა პირველივე ცდაზე?

- დღეის მდგომარეობით, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გამსვლელთა, დაახლოებით, 18-20%-მა მიიღო დადებითი შესაფება. რა თქმა უნდა, ეს დიდი მაჩვენებელი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდის ჩაბარების ეს ეტაპი სიახლეა. ვიმედოვნებთ, მომავალში კანდიდატებიც უფრო მომზადებულები მოვლენ.

- მართვის მოწმობის აღების მსურველებს უჭირთ პრაქტიკული ნაწილის დაჯავშნა, რადგან ბაზების გახსნისთანავე, ადგილები ივსება, განსაკუთრებით, რუსთავში. როგორ შეიძლება, ეს პრობლემა მოგვარდეს და ხომ არ იგეგმება გამომცდელების დამატება?

- პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ყველა სტრუქტურულ ერთეულში დაემატა საგამოცდო ავტომობილები, ასევე, ნოემბრიდან, ზუგდიდში შესაძლებელი გახდა გამოცდის ჩაბარება, რაც აქამდე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე ვერ ხორციელდებოდა. რუსთავში, გამოცდაზე გასვლის მსურველთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება, შესაბამისად, სხვა ქალაქებთან შედარებით, დროის ყველაზე მოკლე მონაკვეთში ხდება თავისუფალი ადგილების დაჯავშნა, თუმცა მსურველს შესაძლებელობა აქვს, სხვა ქალაქში ჩააბაროს გამოცდის ეს ეტაპი.

2023 წელს, იგეგმება სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და თანამშრომლების დამატება, რომლებიც მოემსახურებიან პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს.

- როგორც მოქალაქეების უმეტესობა აღნიშნავს, პრაქტიკული ნაწილის გამოცდაზე რეგისტრაცია ზემდეტად ძვირია, ხომ არ არის შესაძლებელი გადაიხედოს ფასები და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს?

- 2022 წლის 26 აპრილამდე, კანდიდატებს, რომელთაც სურდათ პრაქტიკული გამოცდა დახურულ მოედანზე ჩაებარებინათ ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან სატრანსპორტო საშუალებაზე, დამატებით უწევდათ 40 ლარის გადახდა თითოეულ გასვლაზე. ჩვენ ეს საფასური გავაუქმეთ, 26 აპრილიდან, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური სრულად მოიცავს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს. ამჟამად, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საფასური შეადგენს 90 ლარს, თუმცა არსებობს შეღავათები არსრულწლოვანი და სოციალურად დაუცველი კანდიდატების შემთხვევაში.

- ქუჩებში მოუწესრიგებელია გადაადგილება, მაგალითად, ბათუმში, რიგითი მძღოლები მუდმივად არღვევენ წესებს და ხელს უშლიან გამოცდაზე მყოფ პირებს, ითვალისწინებს თუ არა ამ პრობლემას შსს- მომსახურების სააგენტო და მუშაობთ თუ არა ამ საკითხის მოგვარებაზე?

- პრაქტიკული გამოცდის მიზანია, რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში შემოწმდეს კანდიდატის უნარები, თუ რამდენად სწორად რეაგირებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ. რაც შეეხება მძღოლების მხრიდან წესებს დარღვევას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

- 2023 წლის სექტემბრიდან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო გახდება. რამდენად აუცილებელი და საჭირო იყო მსგავსი კითხვების დამატება?

- პირველ რიგში, მსურს, აღვნიშნო, რომ აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საქართველომ მართვის მოწმობების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების მეორე და მესამე დანართების მოთხოვნათა შესრულება იკისრა.

სატრანსპორტო საშუალების B კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და შესაბამისი კითხვები, პასუხებთან ერთად, მოცემულია შს მინისტრის 598-ე ბრძანების 38-ე მუხლის მეშვიდე პუნქტში. სულ არის 20 კითხვა, გამომცდელი კანდიდატს დაუსვამს მხოლოდ ორ კითხვას.

აღნიშნული ცვლილებით, მომავალში გვეყოლება მძღოლები, რომლებსაც მეტი ცოდნა ექნებათ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით. ყველა მძღოლს უნდა ჰყავდეს მოწესრიგებული ავტომობილი და ზრუნავდეს თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე. კითხვები არის ორი სახის, კანდიდატს შეუძლია ზეპირად უპასუხოს, ან ვიზუალურად აჩვენოს და ახსნას ესა თუ ის დეტალი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ანუ მოედანზე ერთი მანევრის შესრულების დრო 2 წუთამდე შეიზღუდა, ეს სიმართლეს შეესაბამება?

- მართვის უფლების მისაღებ, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) ყველა კატეგორიისთვის დაწესებულია ელემენტის შესრულების დრო, რომელიც აითვლება მანევრის შესრულებიდან. B კატეგორიის თითოეული ელემენტისთვის დაწესებულია 2 წუთი, C, D, C1 და D1 კატეგორია/ქვეკატეგორიებისთვის - 4 წუთი, ხოლო BE, CE, DE, C1E და D1E კატეგორია/ქვეკატეგორიებისთვის - 7 წუთი.

- აწვდით თუ არა ლიცენზირებულ ავტოსკოლებს ინფორმაციას სიახლეების შესახებ?

- დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე, ყველა მნიშვნელოვანი სიახლე ქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, ქვეყნდება ნორმატიული აქტი, სადაც მიმდინარე თუ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია, მისი ძალაში შესვლის თარიღით.   

ავტორი: ია გრიგალაშვილი