Menu
RSS

სისხლიანი ვენდეტა „მაგნოლიასთვის“

რას ამბობდა დოდო გუგეშაშვილი სამეგრელოში "მხედრიონის" ლაშქრობაზე, რა კავშირი ჰქონდა უკარინის ქართულ ბატალიონთან და რეალურად რას შეეწირა ნოდარ გუგეშაშვილი

ვერ ვიტყვით, რომ 7 თებერვლის ტრაგედიით საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა, მაგრამ ხელაღებით ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ დიღმის მასივში დატრიალებულმა ტრაგედიამ უკვალოდ ჩაიაროს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ „მხედრიონის“ ყოფილ ლიდერი, დოდო გუგეშაშვილი და მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი დაქირავებულმა მკვლელმა ჩაცხრილა.
ისე, თავდაპირველად ანუ მაშინ, როგორც კი გუგეშაშვილებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ „მაგნოლია“ შესაძლოა, შურისძიების მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით, აწ განსვენებული ჯაბა იოსელიანის გარემოცვის უახლოეს წევრზე შურისძიების ვერსია გამოირიცხა და ითქვა, რომ მომხდარი პირდაპირ მის ვაჟს უკავშირდება. ამასთან, ქართულმა მედიამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, 10-15 წლის წინანდელი ამბავიც გაიხსენა და „გორდიას კვანძიც“ თითქოს შეიკრა. კერძოდ, იმ დრომდე, ვიდრე დაჭრილი გუგეშაშვილი გამოძიებას ჩვენებას მისცემდა, მუსირებდა ვარაუდი, რომ დანაშაული იმ პირმა ჩაიდინა, რომელმაც საპატიმრო ახლახან დატოვა და რომელსაც წარსულში ნოდარ გუგეშაშვილთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა „მაგნოლიას“ დაკითხვამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, ლამის დარწმუნებულია, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაქირავებული მკვლელი დაესხა.
ამასთან, ადვოკატის ცნობით, „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერი ქილერს იცნობდა. „მათ სხვა სახელითა და გვარით გაეცნო“, _ ამბობს ნიკოლაიშვილი.
რეალურად, რა მოხდა 7 თებერვალს დიღმის მასივში, რატომ გაითიშა ელექტროენერგია მკვლელობის დროს კორპუსში და თუკი დამნაშავე იდენტიფიცირებულია, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში მისი დაკავება? _ ეს ჯერჯერობით უპასუხო კითხვებია.
პარალელურად, საზოგადოებაში ის ხმაც ვრცელდება, რომ მკვლელმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, დაჭრილია, შესაძლოა, საქართველოს საზღვრები დატოვა(?!).
დედისთვის ყველაზე დიდი სასჯელი და ტრაგედია შვილის სიკვდილია. ჰოდა, ამ ფონზე წარსულის გახსენება შესაძლოა, არარელევანტურია, მაგრამ ადამიანებს, რომელთაც 90-იანი წლების ჯოჯოხეთი გამოიარეს, ჭრილობები დღემდე არ მოშუშებიათ. შესაბამისად, 7 თებერვლის ტრაგედიამაც ბევრს სწორედ „მხედრიონის“ სამეგრელოში „ლაშქრობა“ გაახსენა.
ასე, მაგალითად, სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზური კვარაცხელია გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ აცხადებს:
„მხედრიონელების დედოფალი დოდო ეროვნული გმირი? – სასაცილოა, ის იყო ჩვეულებრივი ბანდიტი ქალი, რომელმაც უდიდესი მონაწილეობა მიიღო საქართველოს აოხრება-განადგურებაში. არავის უნდა დაავიწყდეს სამეგრელოში, დარჩელის მაგალითზე მისი „საგმირო საქმეები“, სადაც მისი ბრძანებით 25 სახლი გადაწვეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანში, სადაც ყველაფერი გაუფასურებულია, სადაც ბანდიტი შეიძლება გმირად გამოცხადდეს. უნდა ჰკითხოთ ადამიანებს, ვინც მას გმირად რაცხავს, რომელი დამსახურების გამო?
სავსებით შესაძლებელია, რომ თავდასხმა კრიმინალთა შორის ურთიერთდაპირისპირების შედეგად მოხდა, რომელიც წარსულში გუგეშაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება, რასაც მისი უდანაშაულო ვაჟიშვილი შეეწირა. ძალიან სამწუხაროა, შვილები არ უნდა აგებდნენ მშობლის ცოდვებზე პასუხს.“
ამავე გამოცემასთან საუბრისას საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, პოლკოვნიკ ვახტანგ (ლოთი) ქობალია კი ამბობს:
„წაგებულ ომში გმირები არ არსებობენ, შესაბამისად, რისი ან რომელი ომის გმირია დოდო, არ ვიცი, მისი დანაშაულები სამეგრელოში კარგად იციან და მე არ დავუბრუნდები ამ საკითხს. მისი ვაჟის გარდაცვალება ტრაგედიაა და ამ დანაშაულის საზომი მართლმსაჯულება უნდა იყოს.“
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ანუ 1995 წელს, დოდო გუგეშაშვილს 10-წლიანი პატიმრობა სწორედ დარჩელის გადაწვისთვის მიუსაჯეს, თუმცა შვილმკვდარი დედა თავს დამნაშავედ არ სცნობდა. გუგეშაშვილმა ციხეში ხუთი წელი გაატარა და საპყრობილე 2000 წელს ანუ მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში ე.წ. ეროვნული შერიგების კომისია შეიქმნა. ამავე წელს გამოვიდა „სვაბოდაზე“ ჯაბა იოსელიანიც. ეს, სხვათა შორის, ის პერიოდია, როცა მაშინდელი მმართველი გუნდის, ესე იგი, მოქკავშირის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც მაშინდელი პოლიტიკის ისტორიაში „რეფორმატორთა“ სახელით შევიდა, პოლიტიკურ პროცესებს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა.
იმდროინდელ კულუარებში ამბობდნენ, რომ „მხედრიონელთა“ ციხიდან გამოშვება სწორედ „რეფორმატორების“ პოლიტიკური სვლა იყო ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სააკაშვილ-ჟვანიას ტანდემი ცდილობდა, ყველა, ვინც შევარდნაძეზე იყო განაწყენებული, თავისკენ „გადაექაჩა“. ამ მოსაზრებას მთლად ულოგიკო ნამდვილად არ ეთქმის, რამეთუ იმავე პერიოდში ციხიდან „ზვიადისტებიც“ გამოვიდნენ, რომლებიც მოგვიანებით, ნაცმოძრაობის აქტივისტებად მოგვევლინნენ.
კიდევ ერთი საიტერესო დეტალი: 2003 წლის „ვარდების მოვლენების“ დროს (ჯაბა იოსელიანი უკვე გარდაცვლილი იყო), დოდო გუგეშაშვილი მოქკავშირის მხარეს დადგა. ყოველ შემთხვევაში, მან რევოლუციონერებს მხარი არ დაუჭირა. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არც მუდმივი მეგობრები არსებობენ და არც _ მუდმივი მტრები, მაგრამ მოგვიანებით, საზოგადოება გუგეშაშვილის კიდევ ერთი ტრანსფორმაციის მომსწრე გახდა _ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა, „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერი სლავიანურ ქვეყანაში გაემგზავრა და, როგორც ამბობენ, მეომრებს წვრთვნიდა.
ამასთან, არსებობს მოარული ხმა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა უკრაინაში რუსების წინააღდეგ მებრძოლ ქართულ ბატალიონთანაც. ასევე, ცნობილია, რომ ამ ბატალიონის ფარული იდეოლოგი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ჩვენში დარჩეს და, ყოფილი ჩეკისტები პირად საუბრებში არც იმას გამორიცხავენ, რომ 7 თებერვლის კვალი, პირდაპირ თუ ირიბად, უკრაინამდე მიდიოდეს, თუმცა ეს, ალბათ, უფრო შეთქმულების თეორიაა, მაგრამ გამოძიება, შესაძლოა, ამ მიმართულებითც მუშაობს.
რაც შეეხება სამეგრელოში „მხედრიონის“ „ლაშქრობას“, ამის თობაზე იგივე ინტერნეტში საინტერესო მასალები მოიძებნება. ასე, მაგალითად, ქართული პრესის ონლაინ-არქივში დაცულია გაზეთ „ახალ 7 დღეში“ გამოქვეყნებული სტატია, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:
„ჯაბა იოსელიანი: სამეგრელო ტყუილია! სიცრუეა! ეგ არის სტერეოტიპი, რომელიც შექმნა გამსახურდიამ და შევარდნაძემაც გამოიყენა. ავიღოთ და ხალხს შევეკითხოთ. წადით, ნახეთ სენაკში, ხობში, ჩხოროწყუში. ხალხს შეეკითხეთ, ხალხს. იმათ კი არა, გაქცეული „ზვიადისტები“ რომ იყვნენ და გვესროდნენ. ერთი მაგალითი დამისახელონ, ერთი ფაქტი. თქვან, ვინ მოვკალით, რა გვარი იყო, ვინც მოვკალით. გაზეთებში წერდნენ, რომ მე 30 კაცი მოვკალი ჩემი ხელით, რომ ტანკზე, პირადად მე, გავაუპატიურე 14 წლის გოგო და ა. შ. ეს ყველაფერი ერთხელ კი არ თქვეს, 12 წელია, მაბრალებენ. აიღეთ 37 წლის გაზეთები და წაიკითხეთ. მაშინაც ასე ებრძოდნენ ადამიანებს. სამეგრელოში ჩვენ თუ ვისროდით, რა, „ზვიადისტები“ ყვავილებს გვესროდნენ? ისინი იხოცებოდნენ და ჩვენ არ ვიხოცებოდით? ჩვენ 800 კაცი დაგვეღუპა, აქედან 200 კაცი -სამოქალაქო ომში.
_ საერთოდ, ბატონო ჯაბა, ყველაზე უცნაური „მხედრიონის“ მთელ ისტორიაში მისი შექმნის ფაქტია. კომუნისტურმა რეჟიმმა, რატომღაც ნებაყოფლობით, დაუშვა „მხედრიონის“ სახით შეიარაღებული ფორმირების შექმნა...
_ როცა „მხედრიონი“ შეიქმნა, კომუნისტები უკვე იძირებოდნენ. დისიდენტებს მთავრობის ტელეფონები ედგათ სახლებში და გუმბარიძეს აძლევდნენ მითითებებს, ვინ სად დაენიშნა. „მხედრიონი“ ასე შეიქმნა: მე ვიყავი კაკო ბაქრაძის ნდობით აღჭურვილი პირი 1988 წელს, როცა იგი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იყრიდა კენჭს. ჩვენ, ბიჭებმა, 12 კაცმა, მისი მეურვეობა გადავწყვიტეთ. ვიცავდით, რომ არ მოეკლათ. ამის შემდეგ დაიწყო ქვემო ქართლში გარკვეული მოვლენები _ გამოაცხადეს ბორჩალოს რესპუბლიკა. ჩვენ მაშინ წავედით იქ და დავაწყნარეთ იქაურობა. სად იყვნენ მაშინ კომუნისტები და მილიცია?!
ამას მოჰყვა აფხაზეთი და ცხინვალი. ცხინვალში წავედით 40 ათასი კაცი. ვერ ვიტყვი, რომ იქ წასვლის წინააღმდეგი ვიყავი. მხოლოდ გია ჭანტურია და ზურა ჭავჭავაძე იყვნენ ამის წინააღმდეგები. ცხინვალში ვერ შევედით იმიტომ, რომ გამსახურდია მოელაპარაკა გუმბარიძეს და რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, ის ვერ გავაკეთეთ. გამსახურდია უკან გამობრუნდა. ხმა გავრცელდა, რომ ოსები ქართველებს ხოცავდნენ. ჩვენ მაინც შევედით -ფრისის, კეხვის, თამარაშენის გავლით. დავრწმუნდით, რომ ოსები ქართველებს არ ხოცავდნენ. მაინც ავიყვანეთ 100 ტყვე -ჯავიდან ჩამოსული ოსები. ხელწერილები დავადებინეთ. ამ დღეს დადგნენ ჩემს გვერდით ყველაზე გულადი ახალგაზრდები და ამ დღიდან უწოდეს მათ ჯაბას ბიჭები. მაშინ ,,მხედრიონი'' არ არსებობდა. როცა დავინახე, რომ ხალხს დამცველი არ ჰყავდა, რომ მილიცია იყო ბლეფი, რომ იგი განიარაღებული იყო (ქართველი მილიციელებისგან ამოღებული ორი ვაგონი ავტომატი გაგზავნეს რუსეთში) ამიტომ ავიღეთ ჩვენს თავზე ხალხის დამცველის ფუნქცია. არავითარი პოლიტიკური მიზნები არ გვქონდა.
სხვათა შორის, ბოლომდე შევინარჩუნე ეს პრინციპი. მე შემეძლო, არჩევნების დროს პარლამენტში 50 მხედრიონელი მაინც შემეყვანა, მაგრამ სულ ორნი გავხდით დეპუტატი: ერთი აფხაზეთის ომში დაიღუპა და მეორე -მე. ბევრნი რომ ვყოფილიყავით, მაშინ ყველა მხარს დაგვიჭერდა, მაშინ სულ სხვაგვარად წავიდოდა ჩვენი საქმე.
დავუბრუნდეთ ,,მხედრიონის'' ისტორიას: 1990 წლის მარტში შეიქმნა ეროვნული ფორუმი, რომელშიც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გავწევრიანდით ჩვენც. აპრილში მოხდა განხეთქილება. იმელის შენობასთან გაისმა გასროლა. ამ გასროლას გვაბრალებდნენ ჩვენ. შედგა კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ გაისროლეს ძმებმა მანაგაძეებმა. ისინი ყოფილი მხედრიონელები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გამსახურდიას მომხრე ,,თეთრი გიორგის'' წევრები გახდნენ, მაგრამ ამ გასროლას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. მნიშვნელობა სხვა რამეს ჰქონდა: ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი. ამ დროს ჩემთან მოვიდნენ ოსები. რატომ მოვიდნენ ჩემთან? იმიტომ, რომ იქ ჩვენ წესრიგი დავამყარეთ და ამით ისინიც კმაყოფილები იყვნენ. მადლობის ნიშნად, სურდათ 9 აპრილის მემორიალის დადგმა თბილისში. მე ვუთხარი: აგაშენათ ღმერთმა, მაგრამ მაინც ჯობია, ჰკითხოთ გამსახურდიას, ჭანტურიას, წერეთელს, რომ მერე არ მითხრან, შენ ვინ გეკითხებოდაო. ისინი ყოველდღე მიტინგებს ატარებენ, მე არ ვატარებ მიტინგებს-მეთქი. ზვიად გამსახურდიამ ისინი არ მიიღო. წერეთელმა თანხმობა განუცხადა. ასე წავიდნენ ოსები თბილისიდან. მეორე დღეს გაირკვა, რომ გამსახურდიას დაურეკავს ჰელსინკის ჯგუფის წევრებთან და უთქვამს, რომ ოსები ქართველებზე თავდასხმას აპირებდნენ და სასწრაფოდ დაეტოვებინათ ცხინვალი. 250-მა ოჯახმა, მართლაც, დატოვა ქალაქი. მე გამსახურდიას საქციელს პროვოკაცია ვუწოდე. მან ეს საბაბად გამოიყენა და ფორუმი დატოვა. სინამდვილეში მის მიერ ფორუმის დატოვების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მას სურდა კომუნისტების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ფორუმის სხვა წევრებს არ სურდათ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ეს იყო ფორუმის დაშლის მიზეზი.
გამსახურდიამ იძულებული გამხადა, შევარდნაძე ჩამომეყვანა. მე ეს უიარაღოდ მინდოდა გამეკეთებინა. გაიხსენეთ 1990 წლის დეკემბრის დასაწყისი. ჩვენ მაშინ კბილებამდე ვიყავით შეიარაღებულები. 700 შეიარაღებული „მხედრიონელი“ მყავდა, სამი ტანკი მარტო თბილისში მეყენა, ოთხი _ რუსთავში? და ამ დროს ოპერის ბაღში ვწვებით ეს შეიარაღებული ხალხი შუა ზამთარში და ომს კი არ ვიწყებთ, ვიწყებთ შიმშილობას. „მხედრიონს“ რომ ომი სდომებოდა, რა შეუშლიდა ხელს?! ვამბობდით: მოდით, ხალხო, მოვილაპარაკოთ. ასათიანი მოვიდა ჩვენთან. შეგვპირდა, რომ დიალოგი შედგებოდა. მოგვატყუეს. შიმშილობა შევწყვიტეთ და შავნაბადაზე წავედით. რუსის ჯარი დაგვასხეს თავს. ორი ბიჭი მოგვიკლეს. მე და ჩემი შვილი ძლივს გადავრჩით.
მერე დამიჭირეს და 1 წელი ციხეში გავატარე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა, ვისაც შეეძლო შეწინააღმდეგებოდა გამსახურდიას, ,,მხედრიონი'' იყო. ჩვენს გვერდით იყო მთელი კონგრესი, რომელიც გამსახურდიამ მოღალატედ გამოაცხადა, არადა, ისიც ხალხის არჩეული იყო. გამსახურდია რომ ჩვენთან დამჯდარიყო, მოლაპარაკებაზე წამოსულიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. გამსახურდიას 1975 წლიდან ვიცნობ. მის არჩევამდე ჩვენ, ყველანი, მისი მეგობრები ვიყავით. მე ყველაზე კარგად ვიცოდი, ვინც იყო გამსახურდია. ვიცნობდი მის ოჯახსაც. მე ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვისაც შეეძლო, გამსახურდიასთვის თავიც კი გაეწირა, მაგრამ განა შეიძლებოდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერს პატიება ეთხოვა და ამის შემდეგ ისევ ლიდერად დარჩენილიყო? ეს ზნეობრივია? გამსახურდიას მონანიებამ მაიძულა, მეთქვა მის შესახებ, რომ ის აღარ უნდა ყოფილიყო ეროვნული მოძრაობის ლიდერი. კი ბატონო, ყოფილიყო ეროვნული მოძრაობის რიგითი წევრი, მაგრამ მისი ლიდერობა უზნეობად მიმაჩნდა. სხვათა შორის, მაშინ გამსახურდია ჭანტურიამ დაიცვა. გამსახურდიას მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მისი მონანიება ფორმალური იყო, თამაშის წესებისადმი მორჩილების ნიშანი. მე კი მიმაჩნდა, რომ არსებობს თამაშის ერთადერთი წესი -ზნეობა. უზნეობას რომ ჩადიხარ და ამას ტაქტიკურ უკან დახევას უწოდებ, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. თავის დროზე ასეთი ,,ტაქტიკური უკან დახევა'' განახორციელა ჩვენი დღევანდელი დიალოგის მონაწილემ, დათო ბერძენიშვილმაც, როცა კონსტიტუციას დაუჭირა მხარი. დიახ, შენ საქართველო დაღუპე, დათო! შენმა უკან დახევამ და დღევანდელი კონსტიტუციისთვის ხმის მიცემამ მაიძულა, მეც შემეწყვიტა პროტესტი. სად გაგონილა ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხუთი წლით პრეზიდენტის არჩევა, ოთხი წლით -პარლამენტის. ჩვენზე დიდი ქვეყნები ვერ ბედავენ ამის დაშვებას -რუსეთი, ამერიკა. გამოვიდა დათო წინა დღეს და თქვა, ეს რა კონსტიტუციააო. მეორე დღეს კი ხმა მისცა. მე ამათი იმედი მქონდა. წინა დღეს კონსტიტუციის წინააღმდეგ რომ არ გამოსულიყვნენ მე დავწვებოდი არ გავატანინებდი ამ კონსტიტუციას. ეს კონსტიტუცია რომ არ მიეღოთ, შევარდნაძე წავიდოდა. მშვენიერი იყო 1921 წლის კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია რომ არ მიეღოთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი რომ არ დაეკანონებინათ, შევარდნაძე საქართველოში არ დარჩებოდა. პრეზიდენტობა უნდოდა გამსახურდიასაც და შევარდნაძესაც. ორივეს უნდოდა, რომ ხალხს ემღერა: ისინი ჩონგურები არიან, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. მე არც გამსახურდია მინდოდა, არც შევარდნაძე მინდა. არ მინდა პრეზიდენტი. ამიტომ ჩამსვეს ციხეში გამსახურდიამაც და შევარდნაძემაც. შევარდნაძისთვის ერთხელაც რომ გამეღიმა, ყველაფერზე თავი რომ დამექნია, სხვებივით მეც ავიშენებდი სასახლეებს და მანქანებიც მეყოლებოდა. ისევ ძველ, წყალჩამოქცეულ სახლში ვცხოვრობ...
_ ბატონო ჯაბა, შევარდნაძეს ძალაუფლების გადამეტებაში (რასაც ახლა აპროტესტებს) ყველაზე მეტად თქვენ უწყობდით ხელს. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ სამეგრელო _ შევარდნაძის ძალაუფლებას არ ამტკიცებდით იქ?
_ მე არ ვიბრძოდი შევარდნაძის ძალაუფლების განმტკიცებისთვის. მე იმისთვის ვიბრძოდი, რომ გამსახურდია არ დაბრუნებულიყო უკან. ეს რომ მომხდარიყო, თბილისში სახრჩობელები აღიმართებოდა. რა, არ დაიწყეს ტერორი გამსახურდიას გარეშე? მე ვინ ამაფეთქა? ხიდებს ვინ აფეთქებდა? პირადად ვეკითხები ზვიად ძიძიგურს: რამდენჯერ შემოგითვალე შენი დის პირით, გამოდი, არავინ გერჩის-მეთქი. ვყვიროდი, გამოდით, ყველას მინუს ერთი, მინუს გამსახურდია, თქვენ არავინ გაგებინებთ პასუხს-მეთქი.
_ ბატონო ჯაბა, მაშინ როგორ წავიდნენ ე. წ. ზვიადისტები ომში, მაშინ, როცა თქვენ, “მხედრიონს”, მეორე ფრონტი გქონდათ გახსნილი ცხენისწყალზე, ზვიადისტების და მთელი სამეგრელოს წინააღმდეგ...
_ მერე, ვინ გახსნა ეს ფრონტი? მე გავხსენი?
_ შევარდნაძის ხელისუფლებამ გახსნა, ბატონო ჯაბა, ეს ფრონტი და ,,მხედრიონის'' ერთი ნაწილი თუ აფხაზეთში იბრძოდა, მეორე ნაწილი, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდა სამეგრელოში.
_ ფაქტები მითხარით. რა სამეგრელოს გაიძახით, რა ზუგდიდს და სენაკს?! ზუგდიდში სულ რაღაც ორი დღე ვიყავი.
_ ორი დღე არ არის საკმარისი სადამსჯელო ოპერაციის ჩასატარებლად? დარჩელის ტრაგედია მოგონილია? არ ფიქრობთ, ბატონო ჯაბა, რომ ,,მხედრიონის'' მიმართ ამხელა შეურიგებლობა, ამხელა პროტესტი მისი რეალური წარსულის გამო არსებობს საზოგადოებაში?!
_ დარჩელი არ არის მოგონილი, მაგრამ რა, რატომ გადავწვით დარჩელში 27 სახლი? მათ ჩვენ სამი „მხედრიონელი“ წამებით მოგვიკლეს თეკლათში.
_ მაგრამ რა შუაში იყო მშვიდობიანი მოსახლეობა?! თქვენ მხოლოდ მათ დაუწვით სახლები, ვინც მხედრიონელები აწამა?!
_ არა, 27 სახლი დავწვით. მაგრამ ეს სახლები გამწარებულმა მხედრიონელებმა დაწვეს. ომი როცაა, ვეღარ არჩევ, ვინ არის დამნაშავე და ვინ _ არა. როცა ჩემი გასამართლება მოხდა, 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ 700 კაცი დაკითხა და აქედან 5 კაცი ცემით მოკლა. მაინც ვერ დაგვიმტკიცა, რომ სამეგრელოში რაიმე ჩავიდინეთ. როგორ ფიქრობთ, რამე რომ ჩაგვედინა, შევარდნაძეს გაუჭირდებოდა ამის დამტკიცება?! ასე რომ, როცა ,,მხედრიონის'' დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობთ, ფაქტები დამისახელეთ, ფაქტები...“
უცნობია, როგორ, სად და როგორ დაუახლოვდა ჯაბა იოსელიანს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ თბილისის ომამდე დოდო გუგეშაშვილს სამხედრო საქმესთან შეხება არ ჰქონდა.
„ადრეულ წლებში მუსიკით იყო გატაცებული, დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით, დადიოდა გასტროლებზეც. მოგვიანებით, გუგეშაშვილმა პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგაც, გარკვეული პერიოდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა... მასწავლებლობის შემდეგ, მან იურისტობა გადაწყვიტა. 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა თბილისის სამოქალაქო ომი დაიწყო, მან ხელში იარაღი აიღო და სამხედრო დაჯგუფება „მხედრიონს“ შეუერთდა. როგორც თავად იხსენებს, იმ დროს მოხიბლული იყო „მხედრიონის“ ლიდერის, ჯაბა იოსელიანის პიროვნებით... „მხედრიონი“ იბრძოდნენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ამ ომებში გუგეშაშვილი არაერთხელ დაიჭრა,“ _ იუწყება ქართული ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“.
1994 წლის მაისის ბოლოს, სწორედ ომში მიღებული ჭრილობებითა და ტრავმებით, გუგეშაშვილი კოდორის ხეობას, სადაც ექვსი თვის განმავლობაში პარტიზანულ ომში მონაწილეობდა, ტოვებს.
თბილისში დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „მაგნოლიას“, ბანდიტიზმისა და ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში სახლების გადაწვის ბრალდებით აპატიმრებენ.
ომამდე, კერძოდ, 80-იანი წლების ბოლოს ანუ მაშინ, როცა საქართელოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა პიკს აღწევს, დოდო გუგეშაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ხდება. მოგვიანებით, 9 აპრილის აქციების ორგანიზებაშიც მონაწილეობს და, როგორც ერთ-ერთ ორგანიზატორსა და აქტივისტს, აკავებენ.
რამდენიმე წლის წინ, დოდო გუგეშაშვილს კითხვა დარჩელის ტრაგდიაზე დაუსვეს, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:
„მაშინ, როდესაც დასავლეთში ზვიადისტების შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ჩაბუდებული და ხოცავდნენ ადგილობრივ გამგებლებსა და ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რამდენიმე ათასი ჯარისკაცი კონსტიტუციის აღსადგენად შევიდა იქ, მათ შორის იყო ოთხასი მხედრიონელი. სამწუხაროდ, ყველა დანაშაული მხედრიონს დაბრალდა. ბუნებაში არ არსებობს მდიდარი მხედრიონელი. სად წავიდა ის ფული და ოქრო? ამის შემდგომ, რა, დალაგებულია დასავლეთ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება? გაცილებით მეტი ამაზრზენი დანაშაული ხდება, ვიდრე სამოქალაქო ომის დროს მოხდა.''
სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციამდე“ „მხედრიონი“ პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმაციას ცდილობდა, რაც კრახით დასრულდა _ შესაბამისმა უწყებებმა ორგანიზაციას ამის უფლება არ მისცეს. მართალია, ბოლო წლებში მაინცდამაინც აღარ აქტიურობდა, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი ვეტერანთა საქმეებითაა დაკავებული. კერძოდ, ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის _ „პატრიოტი“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. „მაგნოლია“ კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას _ „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ ხელმძღვანელობს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციის ინიციატივით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა, გასულ წელს ერთ ვეტერანს ეტლი აჩუქა. ამასთან ცნობილია, რომ გუგეშაშვილი ვეტერანთა სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ირაკლი შიხიაშვილთნ მეგობრობს.
ასეა თუ ისე, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო: დედას შვილი თვალწინ ჩაუცხრილეს! მკვლელი კი ჯერაც არაა დაკავებული. არავინ ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილი ანგელოზია და, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულს არ აღიარებდა, სასჯელი მაინც მოიხადა. შესაბამისად, სისხლიანი ვენდეტა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებისა და ოჯახის კი არა, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, ქვეყნისა, რომელიც ცდილობს, დემოკრატიულ ღირებულებებს ეზიაროს და ცივილიზებული ევროპის ნაწილი გახდეს!
ასე რომ, სისხლის აღებით ვერც სამართლიანობა აღდგება და ვინმე ვერც წარსულს დაივიწყებს! ალბათ, დროა, სამართალმა პური კანონის ფარგლებში ჭამოს!
ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში