Menu
RSS

„არ მაინტერესებს, ვინ ხარ, ენას შემომიბრუნებ და მოგკლავ!“

რა რეაქცია აქვთ პატიმრებს გლდანის ციხის „ჯალათების“ განაჩენზე

გასულ კვირას, პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები, გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
მალხაზ ღვინიაშვილი და ოლეგ ფაცაცია პატიმრების წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში სცნეს დამნაშავედ. ღვნიაშვილს ექვსი წელი და ცხრა თვე პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ ფაცაციას _ შვიდი წელი და ექვსი თვე. ამასთან, ფაცაციას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ცხრა წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. რაც შეეხებათ ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, დავით ჩიხლაძე, დავით ნოზაძე და ვახტანგ გუგუციძე, მოსამართლემ ისინიც პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში სცნო დამნაშავედ და ხუთივეს სამი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. სხვათა შორის, მოსამართლემ ისიც თქვა, ღვინიაშვილს მეტს მივუსჯიდი, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გავითვალისწინეო...
სწორედ ამის შემდეგ არ გაჩერებულა ტელეფონი. ათეულობით პატიმარი რეკავდა და ამბობდა, რომ სასამართლომ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და ციხის ჯალათებს ძალიან მცირე სასჯელი შეუფარდა. განსაკუთრებულ აგრესიას პატიმრები ფაცაციას, ღვინიაშვილის, მარღიასა და ხარაიშვილის გვარის ხსენებისას ავლენდნენ.
„ლისი“ როგორ დაინდეს, რა შვიდი წელი? დააინვალიდა პატიმრები მაგ პირსისხლიანმა. ფაცაციასთვის სამუდამო პატიმრობაც ცოტაა, უნდა დახვრიტო“,-ასეთი იყო პატიმრების პათოსი.
„ლისი“ ღვინიაშვილის მეტსახელია, მას ე.წ. „კოლინას დაავადება“ სჭირს, ანუ თმა აქვს გაცვენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თმისცვენა მისთვის განაჩენია, რადგან ამ დაავადებით ადამიანები (იგივე კოლინა) ცხოვრების აქტიურ რიტმს ეწევა. სხვათა შორის, მოსამართლეს არ უხსენებია ის, რომ ღვინიაშვილი შავი ქამრის მფლობელია კარატეში და საბრძოლო ხელოვნებას პატიმრებზე ხშირად „ხვეწდა“.
„ღვინიაშვილი ჩვენს კორპუსზე იყო. შავი ქამრის გამო, თავი კიტრად მოჰქონდა და ამბობდა, ჯერ არ დაბადებულა პატიმარი, რომელსაც ერთი დარტყმით ვერ წავაქცევო. სხვა ოფიცრები, როცა თავის კორპუსზე ჯანიან პატიმარს ნახავდნენ, მაშინვე ღვინიაშვილს ეძახდნენ, აბა ესეც წააქციე ერთი დარტყმითო. სანაძლეო ძირითადად ერთი ღერი სიგარეტი იყო. ღვინიაშვილიც მთელი ძალით ჩააზელდა ხოლმე პატიმარს წიხლს და ისიც ტკივილისგან გათანგული ბეტონის იატაკზე ეცემოდა. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა პატიმრები პირველივე დარტყმისას არ ეცემოდნენ, რაც სხვა ოფიცრებში სიხარულს იწვევდა და ისინი „ლისის“ ეუბნებოდნენ, დაბერდიო. გაცოფებული ღვინიაშვილიც პატიმარს იმდენს სცემდა, სანამ გონებას არ დააკარგვინებდა. და მოსამართლემ ამ კაცზე თქვა, ჯანმრთელობის მდგომარეობას ვითვალისწინებო?! ეგ იყო გამორჩეული ჯალათი, კაცი, რომელსაც არავის ჯანმრთელობა არ აინტერესებდა და ახლა თურმე უნდა ვეფეროთ“,_ გვითხრა ერთ-ერთმა პატიმარმა გოჩა ზ-მ.
ძნელია, პატიმრებს არ დაეთანხმო, მითუმეტეს, როცა ზუსტად იცი, რომ ყველა გასამართლებული პატიმრებს არათუ სცემდა, არამედ ამ ყველაფრისგან სიამოვნებასაც იღებდა. ისინი პატიმრების ტკივილზე იცინოდნენ და თუ პატიმარი არ ყვიროდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ _ „იყვირე, იყვირე!..“ და ეს იმიტომ, რომ პატიმრის განწირული ყვირილი სხვებსაც გაეგოთ და ფსიქოლოგიურად ბოლომდე მოშლილიყვნენ.
„ფაცაციას ყველაზე სისხლისმსმელი ჯალათის სახელი ჰქონდა და ამ სახელს ძალიან უფრთხილდებოდა. სულ რომ არაფერი მომხდარიყო, დღეში ერთხელ, ყველა კორპუსზე, ნებისმიერ კამერაში შედიოდა ფაცაცია თავის ჯალათებთან ერთად და მთელ კამერას ლეწავდა. ეს იმიტომ, რომ შიში მუდმივი ყოფილიყო, პატიმრებს არ ჰგონებოდათ, რომ რეჟიმი მოეშვა და ცოტა თავისუფლება ეგრძნოთ. ფაცაციას პირადი მითითებით, კარანტინს არ შლიდნენ მაშინაც კი, როცა 12 კვადრატული მეტრის ოთახში 40 კაცზე მეტი იყო შეყრილი და დასაწოლი კი არა, დასადგომი ადგილიც პრობლემა გახლდათ.
პატიმრები საკუთარ ოფლში იხრჩობოდნენ, სველი ტანსაცმელი ტანზე ეტმასნებოდათ და მერე, როცა ამ ჯოჯოხეთის ოხშივრის კარებს აღებდნენ და იქიდან ორთქლი გამოდიოდა, ფაცაცია ბოლო ხმაზე ღრიალებდა _ რა სუნი გიდით, ბომჟები ხართ?! ფაცაციას დამკვიდრებულია მიმართვა პატიმრებისადმი საკნიდან გამოსვლისას _ „გამოეთესლე“ და საკანში შესვლისას _ „შეენძრიე“. ეს იყო მათი ცხოვრების წესი, ეს იყო მათი პრინციპები და ახლა თურმე 9 წელი კმარა ოლეგასთვის. თუ ნახეთ, ფაცაცია ბოლო სხდომაზე არ იყო, მას ეშინია სახის გამოჩენის, ის ცდილობს, მისი სახე არ დაფიქსირდეს, რადგან ერმა არ იცოდეს ყველაზე პირსისხლიანი ჯალათის სახე, მაგრამ პატიმრებმა ხომ იციან?! ყველა პატიმარმა იცის, ვინ არის ფაცაცია, ვინ არის ღვინიაშვილი, ვინ არიან დანარჩენები...“
ეს რაც შეეხება მონაყოლს. ახლა კი პირადად ნანახსაც გიამბობთ. 2011 წლის 4 იანვარი, გლდანის ციხე, პატრიარქის დაბადების დღე... ძველი პატიმრები ამბობენ, შეიძლება პატრიარქი ციხეში მოვიდეს, ყოფილა შემთხვევა, როცა მოულოდნელად გვწვევიაო. ახლებს ამის ნაკლებად სჯერათ, რადგან გლდანის ციხე ჯოჯოხეთადაა ქცეული, არაამქვეყნიური სამყაროა. გარეთ სხვა რამ ხდება, ციხეში _ სხვა. კორპუსის ოფიცერი გია მოდის, კამერის კარს აღებს და ჩუმად ამბობს _ რეჟიმი დადის კორპუსებზე, ჩუმად იყავით, შეიძლება აქცა შემოვიდნენ. პატიმრები გასუსულები სხედან და დაახლოებით ნახევარ საათში საკნის კარი იღება. წინ ფაცაცია, უკან ღვინიაშვილი, მარღია, ბუთლიაშვილი, ყაჭეიშვილი, ყალიჩავა (ყველა ცნობილი ჯალათი) და სხვები... პატიმრები ფეხზე დგებიან, ხელებს ზურგსუკან იწყობენ და თავებს ხრიან. პატიმარი #0578 ახალი მისულია ციხეში, ამიტომ მოსულებს ინტერესით ათვალიერებს.
„რას მიყურებ, რამე არ მოგწონს?“ _ იღრიალა ფაცაციამ. #0578-ს გაეღიმა და ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ თქვა _ „ყველაფერი მომწონს, უბრალოდ, ახალ გარემოს ვეცნობი...“ ფაცაცია მიტრიალდა, თუმცა წამის მეასედში ცალ ფეხზე დატრიალდა და პატიმარ #0578 ხელი მოწყვეტით გაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ #0578 გვერდით მდგომ პატიმარს დაეჯახა, ის პატიმარი მეორეს და სამივე იატაკზე დაეცა.
„ფორმაში ვარ!“,_ გადაიხარხარა ფაცაციამ და საკნიდან გასვლა დააპირა, თუმცა #0578-ის ხმამ შეაჩერა _ „სად გაიზარდე, ვინ ხარ?!“ რეჟიმის უფროსი გაფითრებული მობრუნდა, #0578-თან მივიდა და ჩაუსისინა _ „ახალი მოსული ხარ, ხო? ფაცაცია არ გაგიგია, ხო? ახლავე გაგაგებინებ!“ _ ეს თქვა და ქურთუკი გაიხადა. #0578 წვალებით ადგა და ფაცაციას ჩუმად უთხრა _ „არ შემეხო, მე პატიმარი #0578 ვარ!...“ _ ოლეგამ დანარჩენებს გადახედა, ყველამ მხრები აიჩეჩა და ამის შემდეგ რაცია მოიმარჯვა _ „ვინ არის პატიმარი #0578?!“ ცოტა ხანში იქიდან მკაფიო ხმა გაისმა _ „შეეშვი!“ ფაცაცია უფრო გაფითრდა, თუმცა მალე მოვიდა აზრზე, #0578-თან მივიდა და ყველას გასაგონად უთხრა: „არ მაინტერესებს, ვინ ხარ, შემდეგში ენას შემომიბრუნებ და მოგკლავ. პირობას გაძლევ, მოგკლავ და მე პირობას ყოველთვის ვასრულებ!“
* * *
ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ათასიდან, რომელსაც ფაცაცია და მისი ხელქვეითები გლდანის ციხეში ყოველდღიურად ჩადიოდნენ...
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში