Menu
RSS

რა არის „გაუთქმელობის ხელწერილი“ და რა სასჯელი ეკისრებათ მხარეებს გამოძიების მასალების გახმაურებისთვის

დღეს, საქართველოში, თითქმის ყველა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმე ან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს ან დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილის გამო სისხლის სამართლის საქმეების დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს – ამის მაგალითად ,,ციანიდის სკანდალიცა'' და ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეც კმარა. შესაბამისად, მედია კულუარულად იღებს და ავრცელებს ინფორმაციას, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს. ის კი არადა, რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის საქმეზეც კი ადვოკატმა განაცხადა, გაუთქმლობის ხელწერილი მაქვს დადებული და საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებო. მოკლედ, ,,გაუთქმელობის ვალდებულება'' დღეს თითქოს ,,აქილევსის ქუსლად'' იქცა და უკვე გაუგებარი გახდა, როგორ არეგულირებს კანონი ამ პროცედურას, კონკრეტულად, რა შემთხვევაში აკისრებს ბრალდების მხარე გაუთქმელობის ვალდებულებას ადვოკატს ან მოწმეს და ხომ არ იქცა ეს ვალდებულება ერთგვარ შირმად იმისათვის, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავეებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს ხელი დააფარონ? ,,ვერსია'' დეტალების გასარკვევად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს გოგა ხატიაშვილს დაუკავშირდა.
 
_ რა შემთხვევაში დებს ადვოკატი ან მოწმე გაუთქმელობის ხელწერილს?
_ კონკრეტული შემთხვევა განსაზღვრული არაა. ზოგადად არის მითითება კანონში, რომ გამოძიების მსვლელობისას პროკურორი ან გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიების ფარგლებში არსებული ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით არის უფლებამოსილი, დაავალდებულოს პროცესში მონაწილე, რომ მისი ნებართვის გარეშე, ეს ინფორმაცია არ გაამჟღავნოს, ასევე ვალდებულია, გააფრთხილოს იგი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ანუ ერთის მხრივ, კანონმდებლობა ვალდებულებას უწესებს პროკურორსაც და გამომძიებელსაც, ხოლო მეორეს მხრივ, თავად პროკურორს/გამომძიებელს სთავაზობს, დაავალდებულოს პროცესის მონაწილე, მათ შორის ადვოკატიც, რომ ინფორმაცია საჯარო არ გახადოს. ზოგ შემთხვევებში იყენებენ ამ ნორმას პრაქტიკაში, ზოგ შემთხვევაში _ არა.
_ ეს არის სავალდებულო ნორმა თუ ადვოკატს ან მოწმეს შეუძლია, ამ ხელწერილს ხელი არ მოაწეროს?
_ ამის უფლება არ აქვს, რადგან ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს. ამ კანონის მიზანი რომელიმე მხარის შეზღუდვა კი არა, არამედ ისაა, რომ ინფორმაციის გასაჯაროვებით საფრთხე არ შეექმნას გამოძიების ინტერესებს. ერთი შემთხვევა მახსენდება _ რამდენიმე ხნის წინ, როცა გამოძიება მიმდინარეობდა სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს და გაგრძელდა გამოძიება. ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატი არ იყო გაფრთხილებული, ანუ ხელწერილის ვალდებულება არ ჰქონდა ჩამორთმეული და მან ინფორმაცია, საქმის მასალები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. იმ უბანში გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ სხვა არასრულწლოვანსაც მიუძღვოდა ბრალი, რომელიც ჯერ არ ჰყავდა პროკურატურას გამოკვეთილი და მან ამის შედეგად თავი მოიკლა, შეეშინდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის....
_ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით გაუთქმელობის იგივე ნორმა მოქმედებს თუ სხვა კანონით რეგულირდება?
_ იგივე ნორმა მოქმედებს. ეს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. რა თქმა უნდა, ყველა სისხლის სამართლის საქმეში მოქმედებს.
_ ყველა არასრულწლოვნის საქმეზე ვრცელდება?
_ ყველა არასრულწლოვნის საქმე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ეს პროკურორის ან გამომძიებლის დისკრეციაა, შეუძლია დაავალდებულოს ან _ არა ადვოკატი/ მოწმე, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. სრულწლოვნისგან განსხვავებით, არასრულწლოვნის პროცესი იმით გამოირჩევა, რომ ის ავტომატურად იხურება.
_ ადვოკატი ან მოწმე თუ მოაწერს ხელს გაუთქმელობის ხელწერილს და შემდეგ დაარღვევს მას, რა სახის სასჯელი ეკისრება?
_ სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემების გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე. მაგალითად ,,ციანიდის საქმე'' გავიხსენოთ, იქაც იყო გამოყენებული გაუთქმელობის ვალდებულება და საქმის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით გამოძიება ისევ მიმდინარეობს. როგორც ვიცი, იდენტიფიცირებულები არ არიან პასუხისმგებელი პირები, ვინც საქმის მასალები გაასაჯაროვა.
_ ბოლო დროს, თითქმის ყველა რეზონანსულ საქმეზე ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილის გამო, დეტალებზე ვერ საუბრებენ. კანონის ამ ფორმას ერთგვარ შირმად ხომ არ იყენებენ, საზოგადოებას ინფორმაცია რომ არ მიეწოდოს?
_ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დაცული იყოს ბალანსი _ ერთის მხრივ, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზე მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია და გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება არ უნდა იყოს ამის შემაფერხებელი ფაქტორი. თუმცა, მეორეს მხრივ, დგას გამოძიების ინტერესები, რომ მოკვლევის შედეგების გამჟღავნებით, საფრთხე არ შეექმნას შემდგომ პროცესებს და მტკიცებულებათა მოპოვებას. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ეს ბალანსი დაცული არ იყო. ,,ციანიდის საქმეში'' ძალიან არაპროპორციული ღონისძიება იყო დაცვის მხარისთვის, რადგან მასალებს ამჟღავნდებდა პროკურატურა, დაცვის მხარეს კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
მეორე პრაქტიკული ხარვეზი ისაა, რომ როცა გაუთქმელობის ვალდებულებას აკისრებენ, ძალიან ზოგად ჩანაწერზე აწერინებენ ხელს. ბუნდოვანია, ეს მთელი პროცესის განმავლობაში მოქმედებს თუ – არა. მაგალითად, თუ ადვოკატს ექსპერტიზის ჩატარება დასჭირდა, ექსპერტიზას უნდა წარუდგინოს გარკვეული მასალები და მოუწევს ინფორმაციის გამჟღავნება. ბუნდოვანია, დაეკისრება თუ _ არა პასუხისმგებლობა ამის თაობაზე...
ბალანსიის დაცვასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელწერილი შეძლებისდაგვარად უფრო დეტალურად იყოს მოწესრიგებული _ კონკრეტულად, რა ვალდებულება ეკისრება, რა ინფორმაცია არ უნდა გაამჟღავნოს და რა მიზნებისთვის უნდა მოხდეს ეს, რათა უფრო განჭვრეტადი იყოს დაცვის მხარისთვის, რა მიზნისთვის ხდება ეს და კონკრეტულად, რა ნაწილში.
_ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ გაუთქმელობის ხელწერილს იყენებენ ისეთ საქმეებზეც, რომელიც მასალების გასაიდუმლოებას სულაც არ მოითხოვს და კონკრეტული პირების ხელის დაფარების მიზნით ხდება... არ შეიძლება, კანონში გაწერილი იყოს, კონკრეტულად, რა შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს ეს ნორმა?
_ შეიძლება კანონი მაღალ დონეზე დარეგულირდეს, თუმცა დეტალურმა მოწესრიგებამ შეიძლება შედეგი არ მოგვცეს, რადგან კანონი ბუნებაში არსებულ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ვერ გაითვალისწინებს. ალბათ, უფრო პრაქტიკის სახით უნდა მოწესრიგდეს, რათა მეტად იყოს განჭვრეტადი, რომელ კონკრეტულ საქმეში იქნება მოსალოდნელი ამ ვალდებულების დაკისრება.
_ დაცვის მხარეს შეუძლია, გაასაჩივროს პროკურატურის მიერ გაუთქმელობის ვალდებულების უსამართლოდ მოთხოვნა?
_ არა, ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კანონი ამას არ ითვალისწინებს. ამის მოწესრიგების ერთადერთი გზა იქნებოდა სწორედ ის დეტალური გაწერა დოკუმენტში, რაზეც ვისაუბრე. შესაძლოა, ამომწურავად ვერ დარეგულირდეს, თუმცა დაცვის მხარის ინტერესებიც რომ დაკმაყოფილდეს, მცირედი დასაბუთება მინც უნდა ჰქონდეს -რატომ არის მნიშვნელოვანი გაუთქმელობის ვალდებულება. მაგალითად, თუ მიმდინარეობს გამოძიება და კიდევაა დანაშაულის ჩამდენი პირები გამოსაკვეთი და თუ ინფორმაცია გამჟღავნდება, ამ ადამიანების მოძებნა, იდენტიფიცირება და სასამართლომდე მიყვანა პრობლემა გახდება და ა.შ. ეს უზრუნველყოფდა სამართლიანობის განცდას.
_ მოკლედ, კანონში დაზუსტებული არაა, რა ეტაპამდე მოქმედებს გაუთქმელობის ვალდებულება, არა?
_ დიახ, ასეა. გამოძიების ეტაპზე, პროკურორსა და გამომძიებელს აქვთ ეს ვალდებულება, ხოლო სასამართლოს ეტაპზე სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემები არ გახდეს საჯარო.
_ როცა განაჩენი დადგება, ადვოკატს ან მოწმეს შეუძლიათ საქმის მასალების გასაჯაროვება?
_ დიახ, მაშინ შესაძლებელია.
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში