Menu
RSS

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ზღაპრებს ვყვები, მაგრამ გადაამოწმეთ!“

რა ინფორმაციას აწვდის „ვერსიას“ ყოფილი პატიმარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. დანაშაულის მატების ფაქტს არც შს უარყოფს და თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად გრძნობს. შს სამინისტრომ უკვე გააკეთა პირველი განაცხადი კანონის გამკაცრების შესახებ.
პატიმრები ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეჟიმი საკმაოდ მკაცრია, ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის დაჭერას, თუმცა რამდენად ახერხებს ამას, ეს სხვა საკითხია. „ვერსია“ ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ პატიმარს შეხვდა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრული 9 წელი გაატარა. მას კარგად ახსოვს წინა ხელისუფლების დროც და იცის, რა ხდება დღეს.
„ერთი შეხედვით, ყველაფერი ძველებურადაა, ძველი აკრძალვები, არანაირი შეღავათი, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ციხეშიც ვგრძნობთ, რომ სიტუაცია გარეთ აირია. „კაი ბიჭები“ და ზონის მაყურებლები ამბობენ, ჩვენი დრო ბრუნდებაო. აქამდე არ ყოფილა, რომ გარედან საქმის გასარჩევად ზონას დაკავშირებოდნენ. ახლა კი საქმეების გარჩევა ტელეფონით მიდის. ეს მანამდე, სანამ ადმინისტრაცია მიხვდება, რომ ტელეფონში „რაზბორკაა“ და გათიშავს. გამორიცხულია დღესასწაული, რომ ზონაზე გარედან „გრევი“ არ შემოვიდეს. „ობშიაკს“ კრეფენ გარეთ, მერე ნაწილი ტანსაცმელის, სიგარეტისა და საკვების სახით აქ მოდის, ნაწილი კი ქეშად უცხოეთში ქურდების ანგარიშზე ირიცხება...“
არაერთხელ დაგვიწერია, რომ „ობშიაკის“ შეგროვების საგანგაშო სტატისტიკა გაიზარდა. თუმცა ხმამაღლა არავინ ამბობს, რომ თვეში ერთხელ ბავშვს სახლიდან 5 ლარი მიაქვს. ერთი შეხედვით, მცირე თანხა საბოლოოდ დიდ ფულს „ურტყამს“, რადგან სკოლაში, სადაც 800 მოსწავლეა, 3-დან 4 ათას ლარამდე გროვდება, რამდენიმე სკოლა ერთიანდება და ჯამში ბავშვების ხელში ათეულ ათასობით ლარი იყრის თავს.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებაც ფულს უკავშირდება. ვიღაცამ რაღაც არ გადაიხადა, დაიწყო კონფლიქტი და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ყოველ შემთხვევაში, ზონაზე ასე ჰყვებიან და ამბობენ, რომ ყველაფერი „ობშიაკის“ გამო მოხდა. არ გეგონოთ, რომ მომხდარმა ვინმეს ჭკუა ასწავლა, პირიქით ხორავას ქუჩაზე მომხდარის შემდეგ, „ურჩი“ მოსწავლეები უკვე თავის ნებით იხდიან „საწევროს“. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ზღაპრებს ვყვები, მაგრამ გადაამოწმეთ _ ხომ იცის ადმინისტრაციამ, ვინ არის ზონის მაყურებელი? ჰოდა, ნახოს, თვეში ერთხელ, ვინ უგზავნის მსუყე „პერედაჩს“, საიდან და ვინ ურიცხავს ბარათზე ასეულობით ლარს ყოველ თვე და მიხვდებით, რომ ის ქსელი, რომელიც ადრე იყო აწყობილი, ნელ-ნელა იქოქება...“
ნამდვილად ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა „ობშიაკის“ შეგროვებას, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც არასრულწლოვნებში, ისე ზრდასრულებში, დანაშაული აშკარად მომატებულია. სამართალდამცავები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ დანაშაული კატასტროფულად გაიზარდა და ხელმძღვანელ პირებს ისევ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებას სთხოვენ, მაგრამ ახალი რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეების შიშით, ხელისუფლება ნულოვან ტოლერანტობაზე არ მიდის.
„ასე გაგრძელება, უბრალოდ, აღარ შეიძლება. უბნები პლანის სუნად ყარს, წვრილ-წვრილი ქურდობა გახშირდა. წინა ხელისუფლების დროს, იყო პერიოდი, როცა ერთი თვის განმავლობაში, 2-3 დანაშაული ხდებოდა. ახლა 200 და 300 ლარის გამო ყაჩაღობენ, სოფლებში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა და თანხის სიმცირის გამო, ბევრი არ ჩივის. სოფელში იციან, ვინ არის ამის გამკეთებელი და შიში აქვთ. ეს დაუსჯელობის ბრალია“, _ გვითხრა პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ისიც დაამატა, რომ ქვედა რგოლი უკვე შიშით მორიგეობს, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ რომელიმე „კაი ბიჭი“ ქუჩაში დანას არ გაუყრის და მერე არასამთავრობოებით თავს არ გაიმართლებს. ზოგადად, პოლიცია რომ დათრგუნულია, ყველა აღიარებს. ეს განსაკუთრებით რეგიონებში შემიჩნევა.
„მე მაშინაც ვმუშაობდი საპატრულოში, როცა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო და ახლაც ვმუშაობ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მახსოვს, როგორ მირეკავდა დაბადების დღეზე ვანო და როგორ მილოცავდა. ასე ურეკავდა ყველას და ვითომ ხომ არაფერია, მაინც გვიხაროდა, ყურადღებას ვგრძნობდით. ახლა, დაბადების დღე კი არა, გაჩენის დღეს ვიწყევლი. ერთი სული მაქვს, საპენსიო ასაკამდე მივიდე, რომ ყველაფერს შევეშვა. შეურაცხყოფას მივეჩვიეთ უკვე, ახლა იმას ვფიქრობთ, ქვების სროლა არ დაგვიწყონ. პირდაპირი მითითება გვაქვს, რომ მოქალაქესთან კონფლიქტში არ შევიდეთ. ეს იცის ყველამ და არც გინებას გვაკლებენ და არც ფურთხებას. მთელი საქართველო ხედავს, რომ პოლიციის მუნდირი ყოველდღიურად ფეხქვეშ ითელება და პატრონი არ ჩანს“, _ ეს კი რიგითმა პოლიციელმა გვითხრა. ფაქტი ერთია _ დღეს პოლიცია ურთულესი გამოწვევის წინაშეა და ამ გამოწვევას თუ არ გაუძლებს, 90-იანია წლები დაგვიბრუნდება.
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში