Menu
RSS

„დღეს გოგოს მშობლები, ფულის ნაცვლად, სხვა რამეს ითხოვენ...“

რას გვიამბობს არასრულწლოვანი გოგონების გათხოვებაზე აზერბაიჯანელი უხუცესი

ორიოდ კვირის წინ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 14 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა, როგორც სხვა შემთხვევებში, დიდი ალბათობით, არც ამ შემთხვევაში დააკავებენ ვინმეს. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ გოგონას გათხოვებას უპირებდნენ და ამის გამო მივიდა თვითმკვლელობამდე, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გოგონას არ ათხოვებდნენ და მიზეზი სხვა რამ არის.
ეს ამ შემთხვევაში, თორემ საქართველოს მასშტაბით, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, იძულებით გათხოვების თემა ისევ აქტუალურია და ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოცა და არასამთავრობოებიც ცდილობენ არასრულწლოვანთა გათხოვებას ხელი შეუშალონ, თუმცა მათი მცდელობა არაეფექტურია. სახელმწიფომ კანონიც კი მიიღო და იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი გოგო ბავშვის გასაჩენად მიდის, ბავშვის მამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ეჭვმიტანილს, თუმცა...
„გამოსავალი ესეც არ არის. აზერბაიჯანელები არასრულწლოვნებზე ქორწინდებიან მაშინ, როცა ის ბავშვის გაჩენის დროს სრულწლოვანი გახდება და პრობლემაც მოხსნილია. მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ძირითად შემთხვევებში, აზერბაიჯანელი გოგონები მომავალ ქმარს კარგ შემთხვევაში ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე იცნობენ, ცუდ შემთხვევაში კი ქორწილის დღეს“,-გვითხრა ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა უხუცესმა, რომელიც რეალურად დიდად არ ეწინააღმდეგება ამ ტრადიციას, მაგრამ ბოლო დროს გახშირებული სუიციდის შემთხვევები ან მცდელობები აშფოთებს.
„გოგო უნდა გათხოვდეს, ეს ფაქტია, თუმცა... ჩვენს დროსაც ასე იყო, მთავარი კაცის სურვილი გახლდათ, ქალს ნაკლებად ეკითხებოდნენ, ვის უნდა გაჰყოლოდა და ოჯახი წყეტდა, რა იქნებოდა მათი შვილისთვის უკეთესი. მაშინ ამდენი არასამთავრობო არ იყო და შესაბამისად, სუიციდის შემთხვევებიც ნაკლები გახლდათ. ახლა დაიწყეს ბავშვებმა თავის უფლებებზე საუბარი და ეს ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ უფროსები მათ მაინც არ უსმენენ და ტრაგიკული შემთხვევები მატულობს“, -გვითხრა უხუცესმა.
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რის გამო და რის ფასად ათხოვებენ არასრულწლოვანებს ოჯახები და როგორ ხდება სრულწლოვანებას მიუღწეველი საცოლის შერჩევა ზრდასრული მამაკაცების მიერ.
„ჩვენი ბიჭები ისევე, როგორც ქართველები, სიდუხჭირის გამო, საქართველოდან გასულებია არიან. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ჩვენები ძირითადად თურქეთში ან რუსეთში მიდიან, თქვენები -ევროპას ამჯობინებენ. რუსეთში ხომ იცით, როგორც ხდება -საბჭოთადროინდელი მახსოვრობა ისევ აქვს ხალხს და იმის შეგრძნება, რომ კავკასიელი მამაკაცები მაგრები არიან და ფული მუდმივად აქვთ, ახლაც ძვალ-რბილშია გამჯდარი. მეგობარი ქალის პოვნა პრობლემა არ არის. ჰოდა, ჩვენი ბიჭებიც „გულაობენ“, ერთობიან, ფულს შოულობენ, აქეთ უგზავნიან მშობლებს და სულ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ოჯახი უნდა შექმნან.
აი, საქართველოში მყოფი მშობლები კი მუდმივად ეუბნებიან, რომ ცოლის მოყვანა აუცილებელია და როგორც კი კაცი 30 წლის ხდება, საქმეში უკვე მოლები ერთვებიან და ოჯახის აუცილებლობაზე მთელი სოფელი ესაუბრება. ისიც იძულებულია სოფლის ნებას დაჰყვეს და ოჯახს ეუბნება, რომ მზად არის ცოლის მოსაყვანად, ოღონდ საცოლის შესარჩევად დრო არ აქვს და ეს მისია მშობლებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. ასეთ დროს საქმეში ძირითადად დედები ერთვებიან და საკუთარ თუ ახლო-მახლო სოფლებში შესაფერის კანდიდატს ეძებს. ესეც ჩვენი ტრადიციაა, რომ თუ ცოლი ქმარზე 10-12 წლით პატარაა, პრობლემა არ არის, პირიქით კარგია, ასაკში ქმარს მოუვლის. ასე პოულობენ პატარა გოგოებს, ოჯახს ურიგდებიან და ისე რომ გოგომ არაფერი იცის, ქორწილის დღესაც კი ნიშნავენ. აი, ბოლოს რომ შემთხვევა იყო, 15 წლის გოგო 32 წლის ბიჭს გააყოლეს. ის ქორწილის წინა დღეს ჩამოვიდა სოფელში, სამი დღე დარჩა და შემდეგ, მშობლების ხელწერილის საფუძველზე, თავისი 15 წლის ცოლი რუსეთში წაიყვანა“,-გვითხრა უხუცესმა. ბიჭის მშობლების პოზიცია ისე თუ ასე გასაგებია, რადგან მათ შვილისთვის რაც შეიძლება ახალგაზრდა ცოლი სურთ, აი გოგოს მშობლებისა კი რთული აღსაქმელია, როცა ისინი მზად არიან არასრულწლოვანი შვილი „ვიღაცას“ საზღვარგარეთ გაატანონ, თუმცა უხუცესი ამასაც მარტივად გვიხსნის:
„გარდა იმისა, რომ ბიჭის მშობლები ქორწილის დეტალებზე თანხმდებიან, ისინი გოგოს მშობლებს იმასაც ეუბნებიან, რომ მათ შვილს ბევრი ფული აქვს და გოგოს ოჯახს დაეხმარება. ადრე კონკრეტული თანხის მოთხოვნა იყო, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ეს თითქოს სირცხვილია, ამიტომ გოგოს მშობლები ფულის ნაცვლად სხვა რამეს ითხოვენ -მაგალითად, სახლთან ახლოს პატარა მაღაზიის ყიდვას ან აშენებას. თუმცა, ძირითადად, ყველაფერი ცხვრით გვარდება. სასიმამრო სიძეს ეუბნება, რომ მთელი დღე სახლში უქმად ზის და ცხვარი რომ ჰყავდეს, მოუვლიდა, მოაშენებდა და სარჩო გაუჩნდებოდა, ამიტომ რუსეთიდან ჩამოსული სიძე სიმამრს 50-დან 80 ცხვარს ყიდულობს და ჩუქნის, რაც დაახლოებით 15-20 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. 20 ათასი ლარი რუსეთში წლების განმავლობაში მყოფი კაცისთვის არაფერია და ბოლოს ისე გამოდის, რომ კაცი საცოლეს ყიდულობს...“
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, ეს პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. საბოლოო კი ვიღებთ 15-16 წლის დედებს, რომლებიც ჯერ ჯანმრთელობას ინგრევენ და ბავშვის აღზრდისაც არაფერი გაეგებათ. გოგონათა უმრავლესობარეალობას ვერ ეწინააღმდეგება და თანახმაა, მთელი ცხოვრება გაატარონ იმ ადამიანის გვერდით, პირველად საკუთარ ქორწილში რომ ნახა. საინტერსოა, რამდენად მყარია ასეთი ოჯახი და რას ფიქრობ ამაზე უხუცესი:
„იყო შემთხვევა -ასე გათხოვილი ქალი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მამას და ძმას საკუთარი სატკივარი შესჩივლა, ისიც იცის, რომ ქმარი ღალატობს. როცა ეს ამბავი მას პირში მიახალა და განმარტებებიც მოსთხოვა, მან უბრალოდ სცემა. ოჯახში უკან მობრუნებული ქალი არავის უნდა, რადგან ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ძმამ და მამამ იმ ქალს ჯერ მშვიდად აუხსნეს, რომ ქმარს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ როცა ვერაფერი გააგებინეს, ამათაც სცემეს, დასვეს თვითმფრინავზე და რუსეთში გააბრუნეს. ეს კაცებმაც იციან და ამიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. ქალთა უფლებები დაცული შეიძლება არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენი ქალები საქართველოში გარყვნილები არ არიან. გადახედეთ აზერბაიჯანს, იქ თავისუფლება იგრძნეს თუ არა, ყირაზე გადადიან. ეს პრობლემაა და უკვე აღიარებენ. ჩვენთან ეს არ მოხდება!..“
ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში