Menu
RSS

„კანონიერი ქურდების“ „სხადნიაკი“ თურქეთში _ „ლავას ოღლიმ“ და „გულუმ“ საქართველოში გავლენის სფეროები გადაინაწილეს!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად “ჩიკი”, “ბუბა”, “ამბერგუნა” და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად დააკავა.
 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ „ლავას ოღლისთან“, „კაკო ტბილისკისთან“, „ტოტორინისთან“, „ენცოსთან“ და სხვა.
„ვერსიის“ ინფორმაციით, გასულ კვირას თურქეთში კანონიერი ქურდების მორიგი „სხადნიაკი“ გაიმართა. მას საქართველოში დაბადებული ორი კანონიერი ქურდი _ მინდია გორაძე (იგივე ლავას ოღლლავასი) და ნადირ სალიფოვი (იგივე გულუ) ხელმძღვანელობდნენ. გაგიკვირდებათ და, მთავარი სასაუბრო თემა საქართველოში სფეროების გადანაწილება გახლდათ. უფრო კონკრეტულად კი, გორაძესა და სალიფოვს საქართველოს გაყოფა სურთ და გაიყვეს კიდეც _ აღმოსავლეთი აზერბაიჯანელ ქურდს ერგო, დასავლეთი _ გორაძეს. შესაბამისად, ბიზნესის დატერორება, გარჩევები და ყველა ქურდული დავა სწორედ ამ პრინციპით გადაწყდება _ აღმოსავლეთს სალიფოვის ხალხი მიხედავს და მათ გარეშე ბევრი რამ აღარ მოხდება, დასავლეთში კი ისედაც არსებულ გავლენას კიდევ უფრო განიმტკიცებს ლავას ოღლი...
„ვინ იქნება პირველი, ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებად იქნება ისეთი, ვინც აყვირდება და იტყვის, რომ ბიზნესიდან წილს ქურდები სთხოვენ. მსხვილ ბიზნესმენებს უკვე მიაკითხეს, მაგრამ არა ისეთებს, ზვიგენებად რომ ითვლებიან. აი, დაახლოებით, იმ გაქანების ბიზნესს აწვებიან ჯერ, წლიურად 2-3 მილიონ მოგებას რომ ნახულობენ. ზუსტად გეუბნებით, რომ როცა ბიზნესმენებს ზედმეტი თავისტკივილი არ სჭირდება, მზადაა ცოტა მაყუთი მიუგდოს ქურდებს, ვიდრე პრობლემები შეიქმნას.
დაინტერესდა ვინმე, სად არის ახლა ის აზერბაიჯანელი ბიჭი, ცოტა ხნის წინ რომ დაიჭირეს და ბიზნესმენს აკაჩავებდა, მე ძველი ქურდული ოჯახიდან ვარო? ჩემი ინფორმაციით, მას ექსტრადირებისთვის ამზადებენ აზერბაიჯანში და პირდაპირ საზღვრიდან გაუშვებენ. ვინმემ ნახა ის ბიზნესმენი, რომლის გამოც ეს ბიჭი დაიჭირეს? მას არაერთი მუქარის შეტყობინება მიუვიდა და უკვე აღარ ჩივის, ურჩევნია ამ საქმიდან მშრალად გამოძვრეს და ამბობენ, რომ ამაში სამართალდამცავებიც ეხმარებიან(?!).
რაც შეეხება „სხადნიაკს“, გადაწყდა, რომ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაამყარებენ „ქურდულ წყობილებას“. ზუსტად ისე, როგორც ადრე იყო. უბანში თუ რამე მოხდებოდა, ქურდთან რომ გარბოდნენ. გაიკითხეთ აბა ახლა, თბილისში, ქუთაისში, მივარდნილ რეგიონებში არიან თუ არა ტიპები, რომლებიც ამბობენ, რომ ქურდებთან არიან გათანაბრებულები და არჩევენ თუ არა საქმეებს?! გაიკითხეთ, გროვდება თუ არა ობშიაკი სკოლებში, სასწავლებლებში, უბნებში... ჰყავთ თუ არა სოფლებს ე.წ. მაყურებელი და უგზავნიან თუ არა ზონებზე „პალაჟენეცებს“ ,,პერედაჩებს“?!
გაიკითხეთ და ნახავთ, რომ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ქურდული სინდიკატი უკვე მოქმედებს. შავი სამყარო უკვე ისე მომძლავრდა, მათთან გამკლავება პრობლემა გახდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კრიმინალები უკვე იმუქრებიან, არეულობას მოვაწყობთ ქვეყანაში, სახელმწიფო სამოქალაქო ომის რეჟიმში გადავაო. ის რომ იარაღის შოვნა პრობლემა არ არის, თუნდაც ტერორისტებთან მომხდარი ინციდენტიც ადასტურებს. იარაღი არის და იყიდება ყველგან, სადაც კი მოგესურვებათ. ინტერნეტით იყიდება ყველაფერი _ პისტოლეტიდან და ხელყუმბარიდან დაწყებული, ხელის ტყვიამფრქვევითა და „გრანატამიოტით“ დამთავრებული“,_ გვითხრა ადამიანმა, რომელიც თურქეთი ცხოვრობს, საქართველოში ბიზნესი აქვს და... რომელიც თავადაც იძულებულია, ქურდებს წილი უხადოს.
მის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმება რთული არ გახლავთ. „ობშიაკის“ შეგროვების თემა ყველგან აქტუალურია და ამის შესახებ სამართალდამცავებმა რომ იციან, ორი დღის წინ, გამოძალვისა და ბიზნესმენებზე ზეწოლის ბრალდებით კანონიერი ქურდების დაკავების ფაქტიც ადასტურებს. რაც შეეხებათ გორაძესა და სალიფოვს...
„უმარტივესია. მიდით, ნებისმიერ აზერბაიჯანულ სოფელში, გნებავთ კახეთის რეგიონში, გნებავთ ქვემო ქართლში და „გულუ“ ახსენეთ. ახალგაზრდები შიშითა და რიდით მიგასწავლიან ამ კანონიერი ქურდის ახლობლებს და დახმარებასაც ასევე შიშითა და კრძალვით შემოგთავაზებენ. ანალოგიური მდგომარეობაა აჭარის რეგიონში ლავას ოღლის სახელის ხსენებაზე!“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება უკვე დააანონსა. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით,
„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიური ღონისძიებების განხორციელებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის”.
პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში